3გ/ად-34-კ-01 27 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: ბინით სარგებლობის წესის დადგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბათუმში, ... განლაგებულია ორ ოთახიანი ბინა, რომელშიც ¹ 1 ოთახი არის 23.37 კვ.მ., ხოლო ¹ 2 – 13.58 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის. ტ. ი-ევას, ორ შვილთან ერთად დაკავებული აქვს ბინის ¹1 ოთახი, ხოლო ¹2 ოთახი უკავია მის დას ო. ი-ევას, მის შვილს რ. კ-კოს და მამას გ. ი-ევს. ბინის ¹ 2 ოთახში ძირითადად ცხოვრობენ ო. ი-ევა და რ. კ-კო, ვინაიდან გ. ი-ევი, მეუღლესთან ერთად, საცხოვრებლად გადასულია რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხარეში, თუმცა დღემდე ინარჩუნებს რეგისტრაციას სადავო ბინის მისამართზე. 1997 წელს ტ. ი-ევამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სამ სულზე კუთვნილი ფართის გამოყოფა. არაერთი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისა და გაუქმების შედეგად, საბოლოოდ ტ. ი-ევამ მიიღო ბინის 3/6 ფართის პრივატიზების უფლება. 27.11.98წ. ტ. ი-ევამ მოახდინა ბინის 3/6 ნაწილის პრივატიზება. 01.03.99 წ. ტ. ი-ევამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მის მიერ პრივატიზებულ 3/6 ანუ 18 კვ.მ. ფართის სარგებლობის წესის დადგენა. ქ. ბათუმის სასამართლომ 23.02.2000 წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაუდგინა ბინის ¹ 1 ოთახით ანუ 23.3 კვ.მ. სარგებლობის უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება 31.03.2000 წ. განჩინებით უცვლელად დატოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 20.09.2000 წ. განჩინებით გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 31.03.2000წ. განჩინება. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეს ისე გადაეცა სარგებლობაში 5 კვ.მ. კომუნალური საკუთრების ფართი, რომ საქმეში არ ყოფილა ჩართული ამ ფართის მესაკუთრე – ქ. ბათუმის მერია, რის გამო საქმე განხილვისათვის დაუბრუნდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას, რომელმაც საქმეში ჩართო ქ. ბათუმის მერია და ქვემდებარეობით საქმე განსახილველად გადასცა ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.01.01წ. გადაწყვეტილებით ო. ი-ევას, გ. ი-ევის, რ. კ-კოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქ. ბათუმის სასამართლოს 23.02.2000 წ. გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ იმ მიმართებით, რომ მოსარჩელე ტ. ი-ევას დაუდგინდა მის მიერ პრივატიზებული ¹1 ოთახის 3/6 ნაწილის ანუ – 18 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით სარგებლობის უფლება, ტ. ი-ევას ნება დაერთო მის ხარჯზე ¹1 ოთახში ააშენოს გამყოფი კაპიტალური კედელი, ისე რომ აღნიშნული ფართისაგან იზოლირებული იქნეს 5 კვ.მ. კომუნალური საკუთრების ფართი. ქ. ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ 18 კვ.მ. პრივატიზაცია განხორციელდა უკანონოდ და მიუთითა, რომ პრივატიზაციის კანონიერება დასტურდება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 11.11.98 წ. დადგენილებით. ვინაიდან ბინის ¹ 1 ოთახის 18 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი უკვე პრივატიზებულია და ტ. ი-ევა შვილებთან ერთად ამ ფართის მესაკუთრეა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, უსაფუძვლოა აპელანტის მოთხოვნა საერთო სარგებლობაში ფართის დატოვების შესახებ, კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული ტ. ი-ევას მოთხოვნა ¹ 1 ოთახის 3/6 ნაწილზე სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ. მიზანშეწონილად არ იქნა მიჩნეული აგრეთვე მხარეთა შორის ¹ 1 და ¹ 2 ოთახების გაცვლა, ვინაიდან გაცვლის შედეგად არ მოხდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება – ოჯახის სხვადასხვა სქესის წევრებს მაინც ერთად მოუწევთ ცხოვრება ერთ ოთახში. ამასთანავე, ვინაიდან გ. ი-ევი ძირითადად ბათუმში არ იმყოფება, ასეთი გაცვლის შედეგად ორი პირი შესახლდება უფრო მეტ ფართზე, ხოლო 3 სულისაგან შემდგარ ოჯახს მოუწევთ ნაკლები ფართის მქონე ¹ 2 ოთახში შესახლება. რადგანაც მოხდა 18 კვ.მ. პრივატიზება, ¹ 1 ოთახის დანარჩენი 5 კვ.მ. კომუნალური ფართი იმდაგვარად უნდა იქნეს იზოლირებული ოთახიდან, რომ ფართით სარგებლობის საშუალება მიეცეს მოწინააღმდეგე მხარეს. ტექნიკური ექსპერტიზის საფუძველზე, კედლის ამოყვანით შესაძლებელი შეიქმნება ამჟამად არსებულ კედელში გაჭრილი და შემდეგ ამოქოლილი კარების გახსნა, რითაც ¹ 1 ოთახის 5 კვ.მ. შეუერთდება ¹ 2 ოთახის 13 კვ. მ. ფართს, რაც გაათანაბრებს ორივე მხარის საცხოვრებელი ფართის ოდენობას, გამორიცხავს საცხოვრებელი ფართის მხარეთა საერთო სარგებლობაში არსებობას. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დამხმარე ფართი და სათავსოები, ქ. ბათუმის სასამართლოს 23.02.2000 წ. გადაწყვეტილების თანახმად, უნდა დარჩეს მხარეთა საერთო სარგებლობაში
ო. ი-ევამ, გ. ი-ევმა და რ. კ-კომ საკასაციო წესით გაასაჩივრეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 10.01.01წ. გადაწყვეტილება. კასატორები აღნიშნავენ, რომ ტიხარის აგებით არ ხდება ფართის იზოლირება, საერთო სარგებლობაში რჩება დამხმარე სათავსოები. მოწინააღმდეგე მხარეს მიზნად აქვს არა ფართის იზოლირება, არამედ მისთვის გამოყოფილი ქუჩის მხარეზე მდებარე ოთახის სარფიან ფასში გაყიდვა. კასატორები აღნიშნავენ, რომ ქუჩის მხარეზე პირველ სართულზე მდებარე ოთახები სუპერმარკეტებად არის გადაკეთებული, შესაბამისად გაზრდილია ამ ოთახების ფასი. კასატორებისათვის გამოყოფილი ოთახი მდებარეობს ეზოს მხარეს, ოთახში ძლივს აღწევს დღის სინათლე, ამასთანავე ერთ ოთახში უხდებათ სხვადასხვა სქესის პირებს ცხოვრება. ამოძრავებს რა ოთახის სარფიან ფასში გაყიდვის სურვილი, მოწინააღმდეგე მხარე არ თანხმდება სახლის ერთად გაყიდვის და მიღებული თანხის თანაბრად გაყოფის წინადადებას. კასატორები ითხოვენ 10.01.01 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, არსებითი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
დამატებით საკასაციო საჩივარში კასატორები აღნიშნავენ, რომ ტ. ი-ევა არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მას განზრახული აქვს მისთვის მიკუთვნილი ცენტრალურ ქუჩაზე გასასვლელის მქონე პრივატიზებული ოთახის მაღაზიად გაყიდვა, რის გამო ილახება კასატორების უფლებები, ვინაიდან მეორე ოთახის ფასი, რომელიც ეზოს ემიჯნება და მეორადი განათება აქვს, მცირეა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ გადაწყვეტილებაში იმის აღნიშვნას, რომ გაყიდვის შემთხვევაში, ბინა უნდა გაიყიდოს მთლიანად, თანხის თანაბარი გაყოფით.
მოწინააღმდეგე მხარე ტ. ი-ევა საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილ შეპასუხებაში საკასაციო საჩივარს არ ცნობს, ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და აღნიშნავს, რომ სადავო ბინაში რეგისტრირებულია ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ქ. ბათუმის სასამართლოს 21.01.98წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა, მას დაერთო ბინის პრივატიზების უფლება, რის საფუძველზე 27.11.98წ. მოახდინა ბინის პრივატიზება. ამ პერიოდიდან მის საკუთრებაში აღირიცხა ... არსებული ორთახიანი ბინის 3/6 ნაწილი ანუ 18 კვ.მ.; ტ. ი-ევა აღნიშნავს, რომ ის, თავის შვილებთან ერთად, ყოველთვის ცხოვრობდა ბინის ¹ 1 ოთახში, იგი არ არის წინააღმდეგი გ. ი-ევმა ქ. ბათუმში ჩამოსვლისას, იცხოვროს მასთან. სააპელაციო პალატის მოსაზრება კაპიტალური კედლის აგების თაობაზე ემყარება საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას, საკასაციო საჩივარი ვერ მიუთითებს თუ რომელი კანონი იქნა დარღვეული გადაწყვეტილების გამოტანისას. უსაფუძვლოა აგრეთვე კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ბინა მას საცხოვრებლად არ სჭირდება, ტ. ი-ევა აღნიშნავს, რომ სადავო ფართის გარდა მას სხვა საცხოვრებელი ფართი სადმე არ გააჩნია, დღემდე მუშაობს ქ. ბათუმში და უახლოეს მომავალში ქ. ბათუმიდან საცხოვრებლად გადასვლას არ აპირებს და რომც დააპიროს, აღნიშნული არ წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის გარემოებას.
ქ. ბათუმის მერიას შესაგებელი არ წარმოუდგენია და ითხოვა საქმის მისი წარმომადგენლის დასწრების გარეშე განხილვა, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.01.01 წ. გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელია. 10.01.01 წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას კანონმდებლობის არც ერთ ნორმაზე, რის გამო შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება. სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს კანონები, რომლითაც ხელმძღვანელობდა სასამართლო, ხოლო 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს 10.01.01 წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითება იმაზე, რომ ტ. ი-ევამ მოახდინა ¹ 1 ოთახის 3/6 ნაწილის ანუ 18 კვ.მ. პრივატიზება. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 11.11.98 წ. დადგენილების თანახმად, ტ. ი-ევას მიეცა ბინის და არა ¹1 ოთახის 3/6 ნაწილის პრივატიზაციის უფლება, 18 კვ.მ. შეადგენს ... ბინის და არა ¹ 1 ოთახის 3/6 ნაწილს. აღნიშნული დასტურდება აგრეთვე საქმეში დაცული 25.11.98 წ. პრივატიზაციის ხელშეკრულების ტექსტით, რომლის თანახმადაც ტ. ი-ევას უსასყიდლოდ გადაეცა ქ. ბათუმის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი ქ. ბათუმში, ... ბინის 3/6 ნაწილი. უსწოროა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს 10.01.01წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მითითება მოსარჩელისათვის სარგებლობის უფლების დადგენაზე. ფართით სარგებლობის უფლება მოსარჩელეს ისედაც გააჩნდა, სასამართლოს უნდა დაედგინა არა სარგებლობის უფლება, არამედ ფართით სარგებლობის წესი.
ქ. ბათუმის სასამართლოს 21.01.98წ. გადაწყვეტილებით ტ. ი-ევას უარი ეთქვა ბინიდან იზოლირებული წილის გამოყოფაზე და მიენიჭა ბინის მთელი ფართობის პრივატიზების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 13.02.98წ. განჩინებით. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს პრეზიდიუმის 11.11.98წ. დადგენილებით გაზიარებულ იქნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პროტესტი საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ნაწილობრვი შესწორების შეტანის შესახებ. ქ. ბათუმის სასამართლოს 21.01.98წ. გადაწყვეტილებასა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს საკასაციო კოლეგიის 13.02.98წ. განჩინებაში შეტანილ იქნა ცვლილება და ტ. ი-ევას მიენიჭა ბინის 3/6 პრივატიზაციის უფლება ნაცვლად მთლიანი ბინისა. ამდენად, უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის სასამართლოს 21.01.98 წ. გადაწყვეტილება ბინიდან წილის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. სწორედ ბინის იდეალური წილის პრივატიზების გამო, ტ. ი-ევამ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა კუთვნილი საცხოვრებელი ფართის იდეალური წილის სარგებლობის წესის დადგენა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე ადრე გამოტანილი გადაწყვეტილებით ტ. ი-ევას მიეცა ფართის 3/6 ანუ 18 კვ.მ. იდეალური წილის პრივატიზაციის უფლება, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა 10.01.01წ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ ტ. ი-ევას პრივატიზებული აქვს ბინის ¹ 1 ოთახის 18 კვ.მ., ამასთანავე, სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ადგენს საცხოვრებელი ფართით სარგებლობის უფლებას ტ. ი-ევას მიერ პრივატიზებული ¹ 1 ოთახის 18 კვ.მ., რითაც სააპელაციო პალატის 10.01.01წ. გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე ადრე გამოტანილი და უკვე ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან, რომელთა თანახმად ტ. ი-ევას წილი წარმოადგენს არა რეალურ, არამედ იდეალურ წილს, რომლის გამოყოფა იზოლირებულ წილად არ დაიშვება.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან ტ. ი-ევას რეალური წილის იზოლირებულად გამოყოფა ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით მიჩნეულია შეუძლებლად, თანამესაკუთრეთა – ტ. ი-ევას და ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ხოლო დანარჩენი ფართის კასატორების მიერ პრივატიზების შემთხვევაში, ტ. ი-ევას და კასატორებს შორის განისაზღვრება საზიარო უფლებების მარეგულირებელი ნორმებით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ბინით სარგებლობის წესის დადგენა კედლის აგებით, ¹1 ოთახის 5 კვ.მ. ფართის იმდაგვარად იზოლირებით, რომ ამ ფართით სარგებლობის საშუალება მიეცეთ მოპასუხეებს, _ სამართლიანია, საკითხის ამგვარი გადაწყვეტა საინჟინრო-ტექნიკური დასკვნის თანახმად ტექნიკურად შესაძლებელია, მას მხარს უჭერს მოპასუხე _ ქ. ბათუმის მერია და მოპასუხე _ ტ. ი-ევა, რომელიც თანახმაა გასწიოს კედლის აგების ხარჯები. კედლის აგებით არ იცვლება ფართის დანიშნულება, ბინაში მცხოვრებთ ეძლევათ ფართის თანაბარი რაოდენობით სარგებლობის საშუალება, საფუძველი ეცლება საყოფაცხოვრებო კონფლიქტებს. ამასთანავე, საკასაციო პალატა კასატორების ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კედლის აგებით არ ხდება სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლით გათვალისწინებული საზიარო ქონების ნატურით გაყოფა, არ უქმდება საზიარო უფლება, ფართით სარგებლობის წესის განსაზღვრა არ ნიშნავს იდეალური წილის რეალურ წილში გადასვლას. ვინაიდან ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ საზიარო საგანი არ არის გაყოფადი, სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია საზიარო ფართის გაყიდვით და ამონაგების განაწილებით.
საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ტ. ი-ევას, ფართის 3/6 წილის პრივატიზების უფლება მიენიჭა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 11.11.98 წ. დადგენილებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის 07.05.99წ. დადგენილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტი დადგენილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების შესახებ. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას კასატორების მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ ტ. ი-ევა არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინაიდან აღნიშნულს მნიშვნელობა აქვს არა სარგებლობის წესის დადგენის, არამედ პრივატიზაციის კანონიერებისათვის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 399-ე, 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 10.01.01 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. ტ. ი-ევას სარჩელი დაკმაყოფილდეს, დადგინდეს ბინით სარგებლობის წესი: ტ. ი-ევას, მის ორ შვილთან ერთად, სარგებლობისათვის გამოეყოს ქ. ბათუმში, ... ბინაში, ¹ 1 ოთახში 18 კვ.მ. ტ. ი-ევას დაეკისროს მის ხარჯზე ¹ 1 ოთახში ააშენოს გამყოფი კაპიტალური კედელი ისე, რომ აღნიშნული ფართისაგან იზოლირებულ იქნეს 5 კვ.მ. ფართი. დამხმარე სათავსოები დარჩეს საერთო სარგებლობაში.
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.