Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-35-კ-01 22 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი - საიჯარო ქონების გამოსასყიდად ზედმეტად გადახდილი თანხის – 7345 დოლარის ექვივალენტი 14690 ლარის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

1991 წლის 1 ნოემბერს ბათუმის პრეფექტურის საბინაო ფონდის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოსა და კოოპერატივ «.. ..ეს» (ამჟამად შპს «.. ..» - მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება ბათუმში ... მდებარე არასაცხოვრებელი 1406,6 კვ.მ. ფართობისა და 2445,7 კვ.მ. მიმდებარე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის თაობაზე, 10 წლის ვადით. 1996 წლის 19 ივნისს შპს «.. ..ის» შრომითი კოლექტივის თხოვნით, იჯარით აღებული ობიექტი მოიხსნა აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული აუქციონიდან და აუქციონის გარეშე ამხანაობას უპირატესი უფლება მიეცა 10 წლით ქონების იჯარით აღებაზე, შემდგომში გამოსყიდვის უფლებით, რის შესაბამისად 1996 წლის 24 ივნისს დაიდო იჯარის ხელშეკრულება. აჭარის ა/რ ქონების მართვის სამინისტროს მიერ იჯარით აღებული ქონების გამოსაყიდი ღირებულება განისაზღვრა 87149 აშშ დოლარით, რასაც არ დაეთანხმა მოიჯარე - «.. ..», რის გამოც დაიწყო დავა. საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1997 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს «.. ..ის» სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი მხარეებს შორის 1996 წლის 24 ივნისს დადებული საიჯარო ხელშეკრულება იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდი თანხა განისაზღვრა 32485 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში, ხოლო აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა მხარეებს შორის 1991 წლის 1 ნოემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმება შპს «.. ..ის» მიერ გადახდილი გამოსასყიდი თანხის გათვალისწინებით.

უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1999 წლის 25 ივნისს გამოსცა ბრძანება ¹ 1-07/53 კოოპერატივ «.. ..-სა» და ქ. ბათუმის მერიის საბინაო ფონდის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს შორის 1991 წლის 1 ნოემბერს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმების შესახებ, რომლითაც ცნობად იქნა მიღებული სამინისტროს სამართლებრივი და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის განყოფილების დასკვნა, რომ შპს «.. ..ის» მიერ ქონების გამოსყიდვისათვის, ვაუჩერების ჩათვლით, იმ მომენტისათვის გადახდილი იყო 30230 აშშ დოლარის ექვივალენტი და დარჩენილი გამოსასყიდი თანხა განისაზღვრა 2255 აშშ დოლარით, რის თაობაზეც, ბრძანების საფუძველზე მხარეებს – აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (მეიჯარე) შპს «.. ..ეს» (მოიჯარე) შორის, იმავე დღეს, 1999 წლის 25 ივნისს დაიდო საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულებისა და ბრძანების შესაბამისად, საზოგადოებამ იჯარით აღებული ქონების დარჩენილი გამოსასყიდი თანხა 2255 აშშ დოლარის ექვივალენტი 4419,80 ლარი 1999 წლის 28 ივნისს გადარიცხა მეიჯარის ანგარიშზე.

1999 წლის 21 ოქტომბერს შპს «.. ..მ» სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის, 1995 წლის 8 იანვრის ¹ 20, 18 იანვრის ¹ 14 და 20 მაისის ¹ 267 დადგენილების საფუძველზე მოითხოვა საიჯარო ქონების გამოსასყიდად ზედმეტად გადახდილი 7345 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაბრუნება იმ მოტივით, რომ საპრივატიზაციო ბარათის ნომინალური ღირებულება, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 20 მაისის ¹ 267 დადგენილებით, განისაზღვრა 30 აშშ დოლარის ექვივალენტით. შპს «.. ..ემ» საიჯარო ქონების გამოსასყიდი თანხა ნაწილობრივ სწორედ საპრივატიზაციო ბარათებით დაფარა. კერძოდ, 1996 წლის 26 ივნისს სკბ «ს. ბ-ის» აჭარის სამმართველში შეიტანა 291 ცალი საპრივატიზაციო ბარათი (ვაუჩერი), რომლის ღირებულება საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹ 267 დადგენილების თანახმად შეადგენდა 8730 დოლარს, რაზეც შესაბამისად გაფორმდა აქტი, მაგრამ სამინისტრომ საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმების დროს საპრივატიზაციო ბარათის ღირებულება ნაცვლად 30 აშშ დოლარისა იანგარიშა 4,76 დოლარად და 291 საპრივატიზაციო ბარათში 8730 აშშ დოლარის ექვივალენტური თანხის ნაცვლად ჩაუთვალა 1387 აშშ დოლარი, რის გამოც შპს «.. ..ემ» საიჯარო ქონების გამოსასყიდად 32485 აშშ დოლარის ნაცვლად გადაიხადა 39830 აშშ დოლარის ექვივალენტი ე.ი. 7345 აშშ დოლარით მეტი.

მოპასუხე აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე დ. ო-შვილის 1998 წლის 14 მაისის ¹ 09-1661/12-3095 განმარტების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც: პრივატიზების პროცესში სახელმწიფო ქონების ან აქციების გაყიდვის ბათილად ცნობის შემთხვევაში, მყიდველს გადახდილი საპრივატიზაციო ბარათების ნაცვლად თანხა უნდა დაუბრუნდეს საპრივატიზაციო ბარათის რეალური საბაზრო ღირებულებით, რომელიც გააჩნდა ამ პერიოდისათვის.

შპს «.. ..ის» სარჩელი არაერთგზის იქნა განხილული ბათუმის საქალაქო სასამართლოსა და აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ. ბოლოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს «.. ..ის» სარჩელი მოპასუხისთვის ზედმეტად გადახდილი 7345 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხის – 14690 ლარის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, რაც უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინებით. სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და არ გაიზიარა აპელანტის – აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს არგუმენტი საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის წერილთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩათვალა, რომ წერილში განმარტებულ შემთხვევას ადგილი ამჟამად არ ჰქონია, რომ კონკრეტულ დავაში საარბიტრაჟო სასამართლომ ბათილად ცნო არა ქონების გაყიდვა, არამედ იჯარის ხელშეკრულება და იმავდროულად მხარეებს დაევალათ თავდაპირველი, 1991 წლის ხელშეკრულების გადაფორმება, შპს «.. ..ის» მიერ უკვე გადახდილი გამოსასყიდი თანხის გათვალისწინებით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვაუჩერის ღირებულების გადაანგარიშება უნდა მომხდარიყო 30 აშშ დოლარად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის ¹ 267 დადგენილების შესაბამისად, ნაცვლად 4,76 აშშ დოლარის. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს «.. ..ემ» იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის მიზნით 32485 აშშ დოლარის ნაცვლად გადაიხადა 39830 აშშ დოლარის ექვივალენტი და ზედმეტად გადახდილი 7345 დოლარის ექვივალენტი დაბრუნების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა უცვლელი.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგასადახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებას საკასაციო წესით ასაჩივრებს და მის გაუქმებას ითხოვს მოპასუხე – აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო შემდეგი მოტივით:

1. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბრძანება ¹ 1-07/53 25.06.1999 წ. რომლითაც მოხდა 1 ცალი საპრივატიზებო ბარათის 6 ლარად გადაანგარიშება. აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის საფუძველი იჯარა-გამოსყიდვის ახალი ხელშეკრულებისა, რომლის შესაბამისად საწარმომ გადაიხადა 2255 აშშ დოლარის ექვივალენტი. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – სამინისტროს ბრძანება ¹ 1-07/53 და 1999 წლის 25 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება ბათილად არ უცვნია, რადგან ამის თაობაზე არ იყო მოთხოვნა;

2. სააპელაციო პალატამ უმართებულოდ მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 20 მაისის ¹ 267 დადგენილების მე-2 პუნქტზე და არ გაითვალისწინა მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის ¹ 287 დადადგენილებით დამტკიცებული «საპრივატიზებო ბარათების შესახებ» დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საპრივატიზაციო ბარათი პრივატიზაციის პროცესში გადახდის საშუალებად მხოლოდ ერთხელ გამოიყენება.

3. ვაუჩერი წარმოადგენს ფასიან ქაღალდს, მისი საბაზრო ფასი საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო (1999 წლის 11 ოქტომბრის) მონაცემებით 6 ლარს შეადგენდა და შესაბამისად, 291 ცალი საპრივატიზაციო ბარათის ღირებულებაა 1746 ლარი - 1385 აშშ დოლარი, თანახმად საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის 1998 წლის 14 მაისის წერილისა.

საკასაციო საჩივარს არ ცნობს და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას ითხოვს მოწინააღმდეგე მხარე – შპს «.. ..» მისი განმარტებით 1991-92 წლებში გადახდილი რუსული რუბლი, 1996 წელს შეტანილი ლარი და საპრივატიზაციო ბარათი გადახდილია ერთი და იმავე ობიექტის გამოსასყიდად, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹ 287 დადგენილების შესაბამისად, საპრივატიზაციო ბარათი შპს «.. ..ემ» მიზნობრივი დანიშნულებით გამოიყენა მხოლოდ ერთხელ, ერთი ობიექტის საპრივატიზაციოდ. საპრივატიზაციო ბარათების ღირებულების გადაანგარიშება უნდა მოხდეს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის ¹ 267 დადგენილების შესაბამისად და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის წერილს ამ კონკრეტულ დავასთან კავშირი არ აქვს, რადგან ისინი არ ითხოვენ გარიგების ბათილობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის მოტივით დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. 1996 წლის 24 ივნისს ქ. ბათუმის მერიის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოსა და შპს «.. ..ის» ამხანაგობას შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება ბათუმში ... მდებარე არასაცხოვრებელი ფართის 1406,6 კვ.მ. და მიმდებარე 2445,7 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ოჯარით გადაცემის შესახებ 10 წლის ვადით, გამოსყიდვის უფლებით და გამოსასყიდი ქონების ღირებულება განისაზღვრა 87149 აშშ დოლარით. 1996 წლის 26 ივნისს შპს «.. ..ემ» აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ანგარიშზე შეიტანა 291 ცალი საპრივატიზაციო ბარათი საიჯარო ქონების გამოსყიდვის მიზნით, რაზეც სკბ «ს. ბ-ის» აჭარის სამმართლოსთან გაფორმდა აქტი 291 ცალი საპრივატიზებო ბარათის 8730 აშშ დოლარის გადაანგარიშებით ბანკში შეტანის შესახებ. შპს «.. ..» მიუხედავად დავისა, საიჯარო ქონების ნაწილობრივ გამოსყიდვას ახდენდა ნაღდი ფულითაც. 1997 წლის 2 ოქტომბრის საქართველოს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 1996 წლის 24 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება და კასატორს – აჭარის არ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაევალა შპს «.. ..ესა» და ქ. ბათუმის მერიის საბინაო ფონდის სარემონტო-საამშენებლო სამმართველოს შორის 1991 წლის 1 ნოემბერს დადებული თავდაპირველი საიჯარო ხელშეკრულების გადაფორმება საწარმოს მიერ საიჯარო ქონების გამოსასყიდად გადახდილი თანხის გათვალისწინებით, ხოლო საიჯარო ქონების გამოსასყიდი თანხა განისაზღვრა 32485 აშშ დოლარით.

ამდენად, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს «.. ..ეს» გადახდილად ჩაეთვალა საიჯარო ქონების გამოსასყიდად უკვე შეტანილი თანხა, მათ შორის 291 სადავო საპრივატიზებო ბარათიც. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და კასატორიც არ უარყოფს, რომ საიჯარო ქონების გამოსასყიდად შპს «.. ..ემ» 291 ცალი საპრივატიზაციო ბარათი ბანკში შეიტანა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 იანვრის «საქართველოს რესპუბლიკაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის სამოქმედოდ შემოღების ღონისძიებათა შესახებ» ¹ 14 დადგენილების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ საპრივატიზაციო ბარათების მოქმედების ვადაში, 1995 წლის 1 თებერვლიდან 1996 წლის ივლისამდე პერიოდში, კერძოდ 1996 წლის 26 ივნისს. ასევე უტყუარად დადგენილია და კასაციის ზეპირი განხილვის დროს კასატორმაც დაადასტურა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის ¹ 287 დადგენილებით დამტკიცებული «საპრივატიზაციო ბარათების შესახებ» დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს «.. ..ემ» 291 საპრივატიზაციო ბარათი პრივატიზაციის პროცესში გადახდის საშუალებად მხოლოდ ერთხელ გამოიყენა იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვის მიზნით. «საპრივატიზაციო ბარათების მიმოქცევისა და დაფარვის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 20 მაისის ¹ 267 დადგენილებით დამტკიცებული «საპრივატიზაციო ბარათების მიმოქცევისა და დაფარვის წესის» მე-2 პუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ «საპრივატიზაციო ბარათის ნომინალური ღირებულება განსაზღვრულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით და შეადგენს 30 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში».

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას, რომ შპს «.. ..ის» მიერ შეტანილ 291 ვაუჩერის ღირებულების გადაანგარიშება ზემოაღნიშნული ¹ 267 დადგენილების თანახმად, უნდა მომხდარიყო 30 აშშ დოლარად, ნაცვლად 4,76 აშშ დოლარისა, შესაბამისად 291 საპრივატიზებო ბარათის ღირებულება შეადგენდა 8730 აშშ დოლარს, ნაცვლად 1385 აშშ დოლარისა. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა და მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომ შპს «.. ..ემ» 32485 აშშ დოლარის ღირებულების საიჯარო ქონება ფაქტობრივად 1999 წელს გამოისყიდა 39830 აშშ დოლარად, ე.ი. გადაიხადა 7345 აშშ დოლარით მეტი, რაც სამართლებრივად წარმოადგენს უსაფუძვლო გამდიდრებას და კონდიქტური ვალდებულების წარმოშობის საფუძველია. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის I ნაწილის «ა» პუნქტის მიხედვით, კასატორმა აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ («ვითომ-კრედიტორი») შპს «.. ..ისაგან» საიჯარო ქონების გამოსასყიდად ზედმეტად გადახდილი თანხა – 7345 აშშ დოლარი მიიღო კანონიერი საფუძვლის გარეშე, ვალდებულების არარსებობის პირობებში, რაც იურიდიულად უსაფუძვლო გამდიდრებაა და დაუშვებელია. სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, «ვითომ კრედიტორი» აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ვალდებულია შპს «.. ..ეს» დაუბრუნოს უკანონო გამდიდრებით, უსაფუძვლოდ მიღებული 7345 აშშ დოლარის ექვივალენტი 14690 ლარი. ამრიგად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ზედმეტად გადახდილი 7345 აშშ დოლარის ექვივალენტი 14690 ლარის კასატორისათვის დაკისრების შესახებ და მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა ის ნორმატიული აქტები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, გამოიტანა კანონიერი განჩინება და უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის გამო დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას;

2. კასატორი შემდეგ არგუმენტად მიუთითებს იმ დარღვევაზე, რომ სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი ზედმეტად გახადილი თანხის დაბრუნების თაობაზე, რომ თავად ადმინისტრაციული გარიგება – 1999 წლის 25 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება და მისი იურიდიული საფუძველი ადმინისტრაციული აქტი – აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 25 ივნისის ¹ 1-07/53 ბრძანება ბათილად არ უცვნია, რადგან ამის თაობაზე არ იყო სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნულს საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ზედმიწევნით სრულად დაიცვა საქართველოს საპროცესო კოდექსის 248-ე და 384-ე მუხლის მოთხოვნები, არ გასცდა სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და მოსარჩელეს არ მიაკუთვნა იმაზე მეტი, რაც არ უთხოვია, კერძოდ, ბათილად არ უცვნია არც 1999 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება იჯარის შესახებ და არც სამინისტროს ¹ 1-07/53 ბრძანება.

საკასაციო პალატა, აგრეთვე, ვერ დაეთანხმება კასატორის პრეტენზიას, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება-ბრძანების ბათილობის ცნობის გარეშე ზედმეტად გადახდილი 7345 აშშ დოლარის ექვივალენტის შპს «.. ..ისათვის» დაბრუნების უსწორობის შესახებ. ვინაიდან ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი პირდაპირ მითითებებს; «ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს გამოთხოვილი». საკასაციო პალატის აზრით, შპს «.. ..ის» სარჩელიც სამართლებრივად სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 976-ე მუხლებით მინიჭებულ მატერიალური უფლების რეალიზაციას წარმოადგენს, კანონიერია და სწორად დაკმაყოფილდა.

3. დავის გადაწყვეტისას საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის 1998 წლის 14 მაისის ¹ 09-1661/12-3095 წერილით სავალდებულო ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით კასატორის არგუმენტს საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, სასამართლო დავის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით, კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით. საქართველოს პარლამენტის კომიტეტის ზემოაღნიშნული წერილი თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს სამართლის წყაროს, იგი არ არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, სავალდებულოც არ არის შესასრულებლად, ამიტომ სააპელაციო პალატამ მართებულად არ გამოიყენა წერილი და სწორად იხელმძღვანელა იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით - საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებებით.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით ა/რ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინება, ვინაიდან სააპელაციო პალატამ გამოიყენა ის კანონმდებლობა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორადაც განმარტა იგი და მის განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 16 იანვრის განჩინება.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.