Facebook Twitter

¹ 3გ/ად-36-01 31 ივლისი, 2001 წ., ქ .თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობიტ: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

განიხილა სს «ს.-ს» საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ი. ხ-ძემ საქმის ზეპირი მოსმენისას უარი განაცხადა საკასაციო საჩივრის განხილვაზე, რის გამოც წარმოებით შეწყდა ი. ხ-ძის საკასაციო საჩივრის განხილვა.

აღწერილობითი ნაწილი:

სააქციო საზოგადოება «მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა 1997 წლის 13 ოქტომბერს სარჩელით მიმართეს თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს და ს/გ «თ.-ის» ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ ყოფილ ს/გ «თ.-ის» შრომით კოლექტივს საქართველოს რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომიტეტის 1990 წლის 28 მაისის ¹ 2-274 ბრძანებით იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა საწარმოს შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები და მოწყობილობები, გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება და თბილისის პირველი მაისის აღმასკომის 1990 წლის 8 აგვისტოს ¹ 15/17-2254 გადაწყვეტილებით ს/გ «თ.-ი» გატარდა რეგისტრაციაში. 1993 წლის 7 ივლისის ¹ 195 საგადასახადო დავალებით საწარმოს მიერ კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ანგარიშზე გადარიცხული იქნა იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდი თანხა 10 597 000 მანეთი, რომელიც სამინისტროს ანგარიშზე გაჩერდა თითქმის ერთი წლის განმავლობაში და სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 1994 წლის 15 მარტს, 10 597 000 კუპონის სახით. ოთხი თვის შემდეგ, ისე, რომ არც თანხის ოდენობა გაუხდია ვინმეს სადავოდ და არც მის დაბრუნებაზე უფიქრია არავის, შრომით კოლექტივთან დადებული საიჯარო ხელშეკრულება ცალმხრივად იქნა მოშლილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1994 წლის 22 ივლისის ¹ 2-234 ბრძანებით და იმავე დღეს ს/გ «თ.-ის» ბაზაზე დაფუძნდა სს «მ.-ი» და დაიწყო პრივატიზაციის პროცესი, მაშინ, როცა, მოსარჩელის განმარტებით, ს/გ «თ.-ის» ქონება ერთხელ უკვე იყო გამოსყიდული. მოსარჩელემ მოითხოვა სააქციო საზოგადოების მთელ ქონებაზე ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ იფლანგებოდა სს «მ.-ის» ქონება.

1998 წლის 20 იანვარს მოსარჩელემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს, სადაც მიუთითა, რომ ძირითად სარჩელში გამორჩათ ის გარემოება, რომ ს/გ «თ.-ის» ბაზაზე შეიქმნა არა ერთი, არამედ ორი საზოგადოება: სს «მ.-ი» და სს «ს.-ო», რომ საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტით მთლიანად დადასტურებულია საწარმოს მიერ ქონების გამოსყიდვის ფაქტი, რის გამოც მოსარჩელემ უკანონოდ შექმნილი სს «მ.-ის» და სს «ს.-ს» გაუქმება და ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა.

თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 25 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს გადაეგზავნა იმ მოტივით, რომ ძირითად მოპასუხეს საქმეში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრო წარმოადგენდა, რომლის ადგილსამყოფელიც თბილისის მთაწმინდის რაიონში იმყოფებოდა.

თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1994 წლის 22 ივლისის ¹2-234 ბრძანება, აღდგენილ იქნა ს/გ «თ.-ის» საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კოლექტივის უფლებები და ბათილად იქნა ცნობილი სს «მ.-ის» და სს «ს.-ს» აქციონერების გზით «შ.-ისა» და «რ.-ის» ფაბრიკის პრივატიზაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს საკასაციო კოლეგიის 1998 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს «მ.-ის» და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ხელახალი განხილვისათვის იმავე რაიონის სასამართლოს დაუბრუნდა.

აღნიშნული საქმე წლების მანძილზე იხილებოდა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და საბოლოოდ განსჯადობის წესების დაცვით იგი განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ. კოლეგიაში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა:

1. საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ «თ.-ის» ქონების გამოსყიდვის ფაქტის და საიჯარო კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლების დადგენილად ცნობა ყოფილ ს/გ «თ.-ის» ქონებაზე (ამჟამად, სს «მ.-ის» და სს «ს.-ს» ქონება), რომლებიც 1993 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად.

2. შემდეგი ორგანოების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა: 1) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1994 წლის 22 ივლისის ¹2-234 ბრძანება; 2) ამავე სამინისტროს 1994 წლის 1 ივლისის ¹2-216 ბრძანება; 3) თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კოლეგიის 1994 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სს «მ.-ის» დაფუძნების შესახებ; 4) ს/გ «თ.-ის» მუშაკთა 1995 წლის 30 მარტით დათარიღებული საერთო კრების ¹ 2 ოქმში ასახული გადაწყვეტილებანი აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი შესყიდვის შესახებ; 5) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 23 ივლისის ¹ 1-3/370 ბრძანება; 6) საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 12 სექტემბრის ¹ 346 ბრძანებულება ... კლუბ «...-თვის» სს «მ.-ის» აქციების 35% საკუთრებაში გადაცემის შესახებ; 7) თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 20 აგვისტოს დადგენილება სს «მ.-ის” ხელახალი რეგისტრაციის შესახებ; 8) სს «ს.-ს” რეგისტრაციის შესახებ თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 აგვისტოს დადგენილება; 9) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის მიერ 1996 წლის 29 თებერვალს დამტკიცებული ¹ 7 საბარათო აუქციონის შედეგი იმ ნაწილში, რომლითაც მოქალაქე ი. ხ-ძემ შეიძინა სს «მ.-ის” აქციები, სულ 12 918 ერთეული.

3. ს/გ «თ.-ის” საიჯარო კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრებს მიეცეთ უფლება, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში, უზრუნველყონ საიჯარო კოლექტივის წევრთა საერთო კრების მოწვევა, მათ საკუთრებაში გადაცემული ქონების ბაზაზე შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს დაფუძნების მიზნით.

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა, რომ საიჯარო საწარმოს მუშა-მოსამსახურეებმა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოისყიდეს იჯარით აღებული ქონება, რის შედეგად მათ წარმოეშვათ საკუთრების უფლება გამოსყიდულ ქონებაზე, თუმცა ამ უფლების რეალიზაცია ვერ შეძლეს, რადგან საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1994 წლის 1 ივლისის ¹ 2-216 ბრძანებით ს/გ «თ.-ს” უკანონოდ გამოეყო რ.-ის ფაბრიკა «ს.-ო”, ხოლო ამავე სამინისტროს 1994 წლის 22 ივლისის ¹ 2-234 ბრძანებით უკანონოდ იქნა გაუქმებული ყოფილ საქსახაგრომრეწვსა და მოიჯარე ორგანიზაციას შორის 1990 წლის 28 მაისს დადებული საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო იმავე დღეს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველომ მიიღო გადაწყვეტილება ს/გ «თ.-ის” ბაზაზე სს «მ.-ის” დაფუძნების შესახებ. მოსარჩელეს უკანონოდ მიაჩნია გასაჩივრებული აქტები, ვინაიდან, მისი აზრით, ისინი ეწინააღმდეგება იმჟამად მოქმედ «იჯარის შესახებ” კანონს, რომლის თანახმადაც, საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება, თუ, მოიჯარემ მთლიანად გამოისყიდა ქონება. მოსარჩელეს, ასევე, უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიაჩნია სს «მ.-ის” დაფუძნების შესახებ თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს გადაწყვეტილება, რადგან, ქონება, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სააქციო საზოგადოება, უკვე აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება განეკარგა არასახელმწიფო ქონება.

მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონტროლის პალატის შემოწმების აქტზე, რომლითაც დადგენილ იქნა რიგი უკანონობები და რეკომენდაცია მიეცა შრომითი კოლექტივის წარმომადგენლებს სარჩელი შეეტანათ სასამართლოში დარღვეული უფლებების აღსადგენად (საქართველოს კონტროლის პალატის 1997 წლის 6 ნოემბრის ¹ 29/2 დადგენილება).

მოსარჩელემ, ასევე მიუთითა, რომ უფლების დარღვევის თაობაზე კოლექტივის წევრებისათვის ცნობილი გახდა 1996 წლის 5 სექტემბერს, საიჯარო საწარმოს მთავარი ბუღალტრის ლ. მ-შვილისაგან, რომელმაც მათ გადასცა იჯარა-გამოსყიდვის საბუთები, რომლის თანახმადაც 1993 წლის 7 ივლისს საიჯარო საწარმოს მიერ ქონების საფასური მთლიანად იქნა გადახდილი.

მოპასუხე სს «მ.-ის” დირექტორმა ა. შ-შვილმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შ. რ-იანმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ს/გ «თ.-ის” მიერ საიჯარო ხელშეკრულების დადება და შემდგომ ქონების გამოსყიდვა უკანონოდ განხორციელდა, ვინაიდან შრომითი კოლექტივის საერთო კრების 1990 წლის 14 მაისისა და 21 მაისის ოქმების მიხედვით, კრებას საიჯარო საწარმოს შექმნის შესახებ ესწრებოდა 1115 და 982 თანამშრომელი, მაშინ, როცა დარბაზში სულ 200-250 კაცი ეტეოდა, ე.ი. გადაწყვეტილება მიიღო არა 2/3-მა, არამედ 29,46%, რის გამოც არ შესრულებულა 1989 წლის 23 ნოემბრის «სსრკ და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების” 3-16 მუხლის მოთხოვნები. ამასთან, საწარმოს მიერ კვების მრეწველობის სამინისტროს ანგარიშზე საიჯარო ქირის გადახდა განხორციელდა მატერიალური წახალისების ფონდიდან და არა საწარმოს წევრთა შრომით შექმნილი თანხებიდან. მოპასუხის განმარტებით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 სექტემბრის ¹926 დადგენილების შესაბამისად საწარმოში მოხდა ქონების აფასება, რომლის დროსაც ქონება გაიზარდა 289 729 ათას მანეთამდე, თუმცა საიჯარო ხელშეკრულება არ გადასინჯულა და გამოსასყიდი თანხაც დარჩა უცვლელი. მოსარჩელემ, ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელეთა არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მათ თავიანთი უფლებების დარღვევის შესახებ შეიტყვეს 1996 წლის 5 სექტემბერს, უსაფუძვლოა, ვინაიდან საიჯარო ხელშეკრულება გაუქმდა 1994 წელს, ხოლო სარჩელი შეტანილ იქნა 1998 წელს, რის გამოც სარჩელი ხანდაზმულია.

მოპასუხე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გასაჩივრებული ბრძანებები კანონსაწინააღმდეგოა, ვინაიდან საიჯარო საწარმოს 1993 წლის 7 ივლისს უკვე გამოსყიდული ჰქონდა ქონება შესაბამისი თანხის სამინისტროს ანგარიშზე შეტანით, მაგრამ თანხა სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი წლის შემდეგ იქნა გადარიცხული. ამასთან, სამინისტროს მიერ უკანონოდ იქნა გაუქმებული საიჯარო ხელშეკრულება, რადგან საწარმო აღარ წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას.

მოპასუხეებმა: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, თუმცა მიუთითეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ბათილად ცნობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აქტებს, რომლის საფუძველზეც მიღებულია მათი უწყებების გასაჩივრებული აქტები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს გასაჩივრებული აქტებიც ავტომატურად გაბათილდება.

მოპასუხე სს «ს.-ს» დირექტორმა ვ. მ-შვილმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რ.-ის ფაბრიკა «ს.-ო» ს/გ «თ.-ის» ფილიალს წარმოადგენდა და 1994 წელს, შექმნილი ვითარების გამო, ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის საერთო კრების გადაწყვეტილებით გაიყო და ამ ხნის განმავლობაში ცალკე ფუნქციონირებდა. მოპასუხე, ასევე, მოსარჩელეთა მიერ ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე მიუთითებდა.

სარჩელი არ ცნეს ... კლუბ «...-სა» და ი. ხ-ძის წარმომადგენლებმაც. ი. ხ-ძის წარმომადგენლის განმარტებით, ვერ იქნება ბათილად ცნობილი ¹ 7 საბარათო აუქციონის შედეგები ი. ხ-ძის მიერ სს «მ.-ის» აქციების შესყიდვის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისი ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მესამე პირის – საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელმა სასამართლო კოლეგიას განუმარტა, რომ კონტროლის პალატის მიერ საწარმო «მ.-ში» ჩატარებული შემოწმების შედეგად, კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 1997 წლის 6 ნოემბრის ¹29/2 დადგენილებით, დაფიქსირებული იქნა მთელი რიგი დარღვევები და რეკომენდაცია მიეცა საიჯარო კოლექტივს სარჩელი აღეძრა სასამართლოში დარღვეული უფლებების აღსადგენად.

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:

1990 წლის 14 და 21 მაისს ს/გ «თ.-ში» ჩატარდა შრომითი კოლექტივის ორი კრება, რომლებზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ს/გ «თ.-ის» საიჯარო საწარმოდ გარდაქმნის თაობაზე.

საქართველოს რესპუბლიკის აგროსამრეწველო კომიტეტის 1990 წლის 28 მაისის ¹2/274 ბრძანებით ს/გ «თ.-ის» ბაზაზე შექმნილ მოიჯარე ორგანიზაციას იჯარით გადაეცა ამ გაერთიანების მთელი ქონება და ტერიტორია 1990 წლის 1 აპრილიდან 2000 წლის 31 დეკემბრამდე, მისთვის საიჯარო გადასახადის დაწესებით. აღნიშნული ბრძანებით გაფორმებულ იქნა საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც საწარმოს გამოსასყიდ თანხად განისაზღვრა 10 597 000 მანეთი. ს/გ «თ.-ის» მიერ 1993 წლის 7 ივლისს სოფლის მეურნეობის კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სამინისტროს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა იჯარით აღებული ქონების გამოსასყიდი თანხა 10 597 000 მანეთი. აღნიშნული თანხა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ერთი წლის შემდეგ, 1994 წლის 15 მარტს გადარიცხა, 10 597 000 კუპონის სახით.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს 1994 წლის 1 ივლისის ¹2-216 ბრძანებით ს/გაერთიანება «თ.-ს» გამოეყო და ცალკე დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბდა გაერთიანების ფილიალი «ს.-ო».

1994 წლის 22 ივლისის ¹2-234 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტრომ გააუქმა საიჯარო ხელშეკრულება.

იმავე დღეს, 1994 წლის 22 ივლისს თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს კოლეგიის ¹09.31.118 გადაწყვეტილებით ს/გ «თ.-ის» ბაზაზე დაფუძნებულ იქნა სააქციო საზოგადოება «მ.-ი».

1995 წლის 30 მარტს ჩატარებულ იქნა სს «მ.-ის» მუშა-მოსამსახურეთა საერთო კრება, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი შესყიდვის შესახებ.

... კლუბ «...-სათვის» სს «მ.-ის» სახელმწიფოს კუთვნილი აქციების გადაცემის შესახებ» საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 12 სექტემბრის ¹346 ბრძანებულებით, ... კლუბ «...-ს» უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში სს «მ.-ის» სახელმწიფოს კუთვნილი აქციები – 35%.

1996 წლის 13 აგვისტოს თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა სს «ს.-ო». თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა სს «მ.-ი».

1996 წლის 29 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის მიერ ¹ 05.04.92 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა ¹ 7 საბარათო აუქციონის შედეგი, რომლითაც მოქალაქე ი. ხ-ძემ შეიძინა სს «მ.-ის» აქციები, სულ 12 918 ერთეული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: დადასტურებულ იქნა საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ «თ.-ის» გამოსყიდვის ფაქტი და დადგენილ იქნა საიჯარო კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლება ს/გ «თ.-ის» ქონებაზე, რომლებიც 1993 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად. სასამართლო კოლეგიამ ბათილად ცნო მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციული აქტები და ადმინისტრაციული გარიგებანი. ასევე, სს «მ.-ისა» და სს «ს.-ს» რეგისტრაციის სასამართლო დადგენილებები. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა – საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებისათვის, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში, მათ საკუთრებაში გადაცემული ქონების ბაზაზე შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს დაფუძნების მიზნით, საერთო კრების მოწვევის უზრუნველსაყოფად მათთვის უფლების მინიჭების შესახებ, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი არ არის უფლებამოსილი დაავალდებულოს მესაკუთრე რაიმე ქმედება განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.

სასამართლო კოლეგიამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ ს/გ «თ.-ის» იჯარაზე გადასვლა განხორციელდა სსრკ უმაღლესი საბჭოს 1989 წლის 23 ნოემბრის «სსრკ-სა და მოკავშირე რესპუბლიკების იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების» შესაბამისად, რომლის მე-16 მუხლის თანახმად, ს/გ «თ.-ის» შრომითმა კოლექტივმა შექმნა საიჯარო საწარმო, ხოლო მე-19 მუხლით მინიჭებული უფლების საფუძველზე 1993 წლის 7 ივლისს მოახდინა იჯარით აღებული ქონების გამოსყიდვა.

სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა სს «ს.-ს» წარმომადგენლის მოსაზრება, რომ მოსარჩელეთა მიერ საიჯარო ხელშეკრულების დადება და ქონების გამოსყიდვა განხორციელდა კანონდარღვევით და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ვერ გასცდებოდა სარჩელის ფარგლებს და ვერ მიაკუთვნებდა მხარეს იმას, რაც მას არ უთხოვია. ვინაიდან მოპასუხის მიერ არ ყოფილა აღძრული შეგებებული სარჩელი საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლო კოლეგია ვერ იმსჯელებდა აღნიშნულის თაობაზე.

სასამართლო კოლეგიამ, ასევე არ გაიზიარა სს «ს.-ს» წარმომადგენლის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე და დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელეთათვის მათი უფლებების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 1996 წლის 5 სექტემბერს, საწარმოს მთავარი ბუღალტრის ი. მ-შვილისაგან, რომელმაც მათ გადასცა იჯარა-გამოსყიდვის საბუთები, სასამართლო კოლეგიამ, ამასთან, მიუთითა, რომ, ვინაიდან იჯარის კანონმდებლობის საფუძვლების მე-17 მუხლის თანახმად, «საიჯარო საწარმოს მართვა ხორციელდება... მისი საქმიანობის ყველა საკითხის გადაწყვეტაში შრომითი კოლექტივის თითოეული წევრის მონაწილეობის საფუძველზე», ამდენად, საწარმოს დირექტორი ჯ. კ-შვილისათვის ცნობილი ფაქტი ქონების გამოსყიდვის შესახებ, არ შეიძლება შრომითი კოლექტივის თითოეული წევრისათვის ცნობილ ფაქტად ყოფილიყო მიჩნეული.

ამდენად, სასამართლო კოლეგიამ აღუდგინა რა საკუთრების უფლება საწარმოს ქონებაზე ს/გ «თ.-ის» საიჯარო საწარმოს წევრებს (1993 წლის 7 ივლისის მდგომარეობით), ბათილად ცნო ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ არაუფლებამოსილების ფარგლებში მიღებული ადმინისტრაციული აქტები, რითაც განკარგულ იქნა არასახელმწიფოებრივი ქონება. სასამართლომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ბათილად ცნო ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე მიღებული ადმინისტრაციული გარიგებანი და სს «მ.-ისა» და სს «ს.-ს» რეგისტრაციის სასამართლო დადგენილებანი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სს «ს.-ო» და ი. ხ-ძე. ამასთან, ი. ხ-ძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება, ხოლო სს «ს.-ს» დირექტორმა ვ. მ-შვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს 1994 წლის ივლისის ¹ 2-16 ბრძანების ბათილად ცნობას ს/გ «თ.-იდან» რ.-ის ფაბრიკის გამოყოფის შესახებ და 2. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობას სს «ს.-ს» რეგისტრაციაში გატარების შესახებ». სს «ს.-ს» დირექტორის ვ. მ-შვილის მიერ წარდგენილ იქნა დამატებითი საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორმა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების მთლიანად გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში სს «ს.-სა» და ი. ხ-ძის საკასაციო საჩივრების განხილვისას ი. ხ-ძემ უარი განაცხადა თავის საკასაციო საჩივარზე, რითაც წარმოებით შეწყდა აღნიშნული საკასაციო საჩივრის განხილვა და საბოლოოდ განხილულ იქნა მხოლოდ სს «ს.-ს» დირექტორის ვ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცილი და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სს «ს.-ს» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყოველ პირს და მათ შორის სს «ს.-ს» შეუძლია მიმართოს სასამართლოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი (და არა სხვისი) უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა განიხილავს სს «ს.-ს» საკასაციო საჩივარს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება სს «ს.-ს» კანონიერ უფლებას და ინტერესს, მითუმეტეს, რომ სს «ს.-ო», სს «მ.-ი», ... კლუბი «...» და ი. ხ-ძე წარმოადგენენ ფაკულტატურ საპროცესო თანამონაწილეებს, რომელთაც, თითოეულს ცალ-ცალკე, კონკრეტული ინტერესი გააჩნიათ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ. ამდენად, საკასაციო პალატა განიხილავს სს «ს.-ს» თავდაპირველ საკასაციო საჩივარს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომელიც ეხება:

1) ს/გ «თ.-იდან» რ.-ის ფაბრიკის გამოყოფის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სამინისტროს 1994 წლის 1 ივლისის ¹2-216 ბრძანების ბათილად ცნობას, და 2) სს «ს.-ს» რეგისტრაციის შესახებ თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სს «ს.-ს» წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ სარჩელი ხანდაზმულია და მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, მითუმეტეს, რომ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დადგენილად ცნო, რომ ს/გ «თ.-ის შრომითი კოლექტივისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 1996 წლის 5 სექტემბერს რაზეც კასატორს დამატებითი საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს სს «ს.-ს» წარმომადგენლის მოსაზრებას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს 1994 წლის 1 ივლისის ¹2-216 ბრძანების კანონიერების თაობაზე და თვლის, რომ საოლქო სასამართლომ ამ ნაწილში სწორად გამოიყენა კანონი და სწორად განმარტა, რომ არაუფლებამოსილ ორგანოს არ ჰქონდა კომპეტენცია მიეღო გადაწყვეტილება შრომითი კოლექტივის კუთვნილი ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, რის გამოც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული ბრძანება გამოცემისთანავე ბათილია.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის მოსაზრებას ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის 1994 წლის 10 ივნისის საერთო კრების ¹5 ოქმის შეფასების ნაწილში და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კრებაზე გამოვლენილ იქნა ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის ნება ფილიალ «ს.-ს» დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად გამოყოფის შესახებ. კრების ოქმის გაცნობით თვალნათელი ხდება, რომ ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები უშვებდნენ იმ ფაქტს, რომ წარმოება შეიძლება გამოსყიდული ყოფილიყო და მიუხედავად ამისა, თვლიდნენ, რომ ფაბრიკა «ს.-ს» დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად გამოყოფა უფრო მომგებიანს გახდიდა ფილიალის საქმიანობას. საყურადღებოა ისიც, რომ ფაბრიკა «ს.-ს» გამოყოფას, ოქმის მიხედვით, საფუძვლად დაედო არა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 17 მარტის ¹323 დადგენილება, არამედ ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის ნება და ის მოტივები, რაც გამოთქმულ იქნა კრებაზე. ამასთან, კიდეც რომ არ ყოფილიყო მინისტრთა კაბინეტის დადგენილება, ს/გ «თ.-ის» შრომით კოლექტივს გააჩნდა უფლებამოსილება მიეღო გადაწყვეტილება ს/გაერთიანების გაყოფის შესახებ.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ს/გ «თ.-იდან» ფაბრიკა «ს.-ს» გამოყოფა გახორციელდა უშუალოდ ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის მიერ, რომელსაც გააჩნდა უფლებამოსილება გაეყო წარმოება, რაც განახორციელა კიდეც. საგულისხმოა ისიც, რომ სასარჩელო მოთხოვნა ფაბრიკა «ს.-ს» გამოყოფის შესახებ ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის 1994 წლის 10 ივნისის საერთო კრების ¹5 ოქმში ასახული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოსარჩელეს არ დაუყენებია. საკასაციო პალატა იმ გარემოებასაც ითვალისწინებს, რომ ფაბრიკა «ს.-» 1994 წლიდან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, ამ წლების მანძილზე მას არანაირი ერთობლივი სამეურნეო ურთიერთობა არ ჰქონია ფაბრიკა «მ.-თან», რასაც არ უარყოფენ სს «მ.-ის» შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეში, მოსარჩელეა არა ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივი, არამედ სს «მ.-ის» შრომითი კოლექტივი, ვინაიდან წარმოდგენილია არა ს/გ «თ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის კრების ოქმი (1997 წლის 10 ოქტომბერი), არამედ სს «მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის კრების ოქმი, რომელსაც შეეძლო უფლებამოსილება მიეცა წარმომადგენლებისათვის, ეწარმოებინათ საქმე სასამართლოში მხოლოდ და მხოლოდ სს «მ.-ის» სახელით. საყურადღებოა ისიც, რომ სარჩელი სასამართლოში ფაბრიკა «ს.-ს» შრომითი კოლექტივის არც ერთ წევრს არ შეუტანია, რის გამოც, საკასაცო პალატა თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად «მ.-ის» შრომითი კოლექტივი უფლებამოსილია იდავოს მხოლოდ თავისი დარღვეული უფლებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად, მითუმეტეს, რომ 1994 წლის 10 ივნისის მდგომარეობით ს/გაერთიანება გაყოფილია და ფაბრიკა «ს.-» დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად არსებობს.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სს «მ.-ის» შრომითი კოლექტივი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს სს «ს.-ს» რეგისტრაციის შესახებ თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობა იმდენად, რამდენადაც აღნიშნული დადგენილება პირდაპირ და უშუალოდ არ ეხება მის უფლებასა და კანონიერ ინტერსს.

საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 27 აპრილის ¹3გ/ად-4გ განჩინებით ყადაღა დაედო ს/გ «თ.-ის» ქონებას, მდებარეს ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹27 (სს «მ.-ის» ქონებას). რაც შეეხება ქ. თბილისში, სამგორის ქ. ¹6 მდებარე სს «ს.-ს» ქონებას, სასამართლოს მიერ ყადაღა არ დადებია, რადგან ასეთი მოთხოვნა მოსარჩელეს არ ჰქონია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹27 ს/გ «თ.-ის» (სს «მ.-ის») ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, რის გამოც საკასაციო პალატა უფლებამოსილია თავად მიიღოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. «ს.-ს» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სს «მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წევრების – ს. მ-ძისა და მ. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4. დადასტურებულ იქნეს საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის მიერ ს/გ «თ.-ის» ქონების გამოსყიდვის ფაქტი და დადგენილ იქნეს საიჯარო საწარმოს შრომითი კოლექტივის იმ წევრთა საკუთრების უფლება ს/გ «თ.-ის» ქონებაზე, რომლებიც 1993 წლის 7 ივლისის მდგომარეობით ითვლებოდნენ საიჯარო კოლექტივის წევრებად.

5. ბათილად იქნეს ცნობილი:

ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს 1994 წლის 1 ივლისის ¹ 2-216 ბრძანება;

ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს 1994 წლის 22 ივლისის ¹ 2-234 ბრძანება, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით;

გ) თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს 1994 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება სს «მ.-ის» დაფუძნების შესახებ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით;

დ) სს «მ.-ის» მუშაკთა 1995 წლის 30 მარტის საერთო კრების ¹ 2 ოქმში ასახული გადაწყვეტილებანი აქციათა საკონტროლო პაკეტის პირდაპირი შესყიდვის შესახებ, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით;

ე) საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 23 ივლისის ¹ 1-3/370 ბრძანება, მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით;

ვ) საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1995 წლის 12 სექტემბრის ¹ 346 ბრძანებულება «... კლუბ «...-ისათვის» ხელშეწყობის ღონისძიებათა შესახებ», მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით;

ზ) თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 20 აგვისტოს დადგენილება სს «მ.-ის» ხელახალი რეგისტრაციის შესახებ;

თ) 1996 წლის 29 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის მიერ დამტკიცებული ¹ 7 საბარათო აუქციონის შედეგი ი. ხ-ძის მიერ შეძენილი სს «მ.-ის» აქციების (სულ 12918 ერთეული) ნაწილში.

6. სს «მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების – მ. ჩ-შვილისა და ს. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა სს «ს.-ს» რეგისტრაციის შესახებ თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 13 აგვისტოს დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

7. სს «მ.-ის» შრომითი კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლების – მ. ჩ-შვილისა და ს. მ-ძის სასარჩელო მოთხოვნა – სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სს «მ.-ის» საინიაციტივო ჯგუფის წევრებისათვის 30 დღის განმავლობაში საწარმოს ახალი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით დაფუძნების უფლების მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

8. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელეთა სასარგებლოდ, მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 1350 და 810 ლარის, სულ 2160 ლარის, სოლიდარულად გადახდა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.