3გ/ად-37-კს-01 23 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: საქმის წარმოების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
კერძო საჩივრის ავტორმა, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს წარმომადგენელმა 2000 წლის 30 ივნისს სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხე _ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ «ს.-ის” 1999 წლის 3 აგვისტოს ¹01-6/60 ცნობის სიყალბის დადგენა, რომელსაც დაეფუძნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის სასამართლოს 1999 წ. 18 იანვრის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორის სარჩელი და ქუთაისში, ... მდებარე შპს «ო.-ის” მიერ დაკავებული შენობის პირველი სართული და სარდაფის ნახევარი აღდგენილ იქნა ქ. ქუთაისის მერიის «ქალაქ-მუზეუმის” მუნიციპალურ საკუთრებაში და შპს «ო.-ე” გამოსახლდა აღნიშნული ფართიდან. სააპელაციო პალატამ ცნობად მიიღო ის გარემოება, რომ შპს «ო.-ესა” და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ «ს.-ს” შორის, რომელიც არის გართიანება «ს.-ის” სამართალმემკვიდრე, მოქმედებს იჯარის ხელშეკრულება. კერძო საჩივრის ავტორი სარჩელში ასევე ითხოვდა გადაწყვეტილებაში მითითებული, დეპარტამენტ «ს.-სა” და შპს «ო.-ეს” შორის, საიჯარო ურთიერთობის არარსებობის დადგენას.
საქმეში ჩართულმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირმა შპს «ო.-ემ” მოითხოვა სასამართლოს დადგენილად ეცნო, რომ ქუთაისში ... მდენარე ქონებას, კერძოდ: პირველ სართულს, სარდაფსა და შიგ განთავსებულ მოძრავი ქონებას, შპს «ო.-ე” მართლზომირად ფლობდა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით კერძო საჩივრის ავტორის აღიარებითი სარჩელი საბუთის სიყალბისა და საიჯარო ურთიერთობების არასებობის დადგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო შპს ო.-ის” დამოუკიდებელი სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგენილად ჩაითვალა საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე შპს «ო.-ის” მიერ ზემოაღნიშნული ქონების კანონიერი ფლობა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა კერძო საჩივრის ავტორის მიერ.
2001 წლის 15 მაისს მესამე პირის წარმომადგენელმა _ «ო.-ის” დირექტორმა ნ. გ-ძემ იშუამდგომლა სააპელაციო პალატის მიმართ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე, 281-ე მუხლების საფუძველზე, მის გამოჯანმრთელებამდე მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება, რადგან 2001 წლის 26 აპრილს გაიკეთა აორტა-კორონალური შუნტირება და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ესაჭიროებოდა მკაცრი რეჟიმით მკურნალობა, რის დასადასტურებლადაც სასამართლოში წარმოადგინა შესაბამისი ცნობები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ივნისის განჩინებით შპს «ო.-ის” შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ნ. გ-ძის ავადმყოფობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის «გ” პუნქტის შესაბამისად შეჩერდა საქმის წარმოება მის გამოჯანმრთელებამდე, იმავდროულად ნ. გ-ძეს დაევალა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერიოდულად სასამართლოს ინფორმირება.
საქმის წარმოების შეჩერების განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელმა, მის გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ მოტივით, რომ ნ. გ-ძის მხრიდან ადგილი აქვს საქმის განხილვის გაჭიანურებას. მისი ავადმყოფობის შესახებ ცნობებიც მცდარია, რადგან მათი ინფორმაციით, ნ. გ-ძე ყოველდღიურად ცხადდებოდა სადავო ფართში, პირადად ხელმძღვანელობდა ობიექტის მუშაობას. ამასთან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტში თვითნებურად შეცვალა პროფილი და თევზის სპეციალიზებული მაღაზიის ნაცვლად, უნებართვოდ იქ ფუნქციონირება დაიწყო აგრარულმა ბაზარმა. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ დირექტორის, ნ. გ-ძის, პერსონალური მონაწილეობა საქმის განხილვაში არ არის სავალდებულო, ვინაიდან შპს «ო.-ე” იურიდიული პირია და შეუძლია მოავლინოს წარმომადგენელი, მით უფრო, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას ჰყავდა თავისი წარმომადგენელი და სხვა საქმეზეც უკვე განახლდა წარმოება. კერძო საჩივრის ავტორი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე აყენებს სააპელაციო პალატის ერთ-ერთი წევრის ი. შ.-ის აცილების საკითხს, რომელიც ადრე მონაწილეობდა ამ დავასთან დაკავშირებულ განხილვაში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 16 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ გაიზიარა და არსებითად განსახილველად გადააგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
შპს «ო.-ის” წარმომადგენელი ნ. გ-ძე კერძო საჩივრის შესაგებელში კვლავ მხარს უჭერს თავის შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და ითხოვს საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას, ვინაიდან გულის უმძიმესი ოპერაციის შემდგომ მკურნალობდა ინტენსიურად, იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე და სასამართლო პროცესზე მონაწილეობის შემთხვევაში, რაც, ბუნებრივია, მღელვარებასთან არის დაკავშირებული, არ არის გამორიცხული, რომ გაუმეორდეს გულის შეტევა და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. აღნიშნული საქმე სამი წელია მიმდინარეობს, მართალია, ჰყავდა ადვოკატი, მაგრამ დავის არსში უფრო მეტად თავად არის გაცნობიერებული და თავისი ინტერესების უკეთ დასაცავად საჭიროდ მიაჩნია პროცესში პირადი მონაწილეობა. მოსამართლე ი. შ.-ის აცილებას კი ნ. გ-ძე არ ეთანხმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, ნ. გ-ძის შუამდგომლობის, საოლქო სასამართლოს განჩინების კანონიერებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ივნისისა და 16 ივლისის განჩინებები, შემდეგ გარემობათა გამო:
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლის «გ” პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს სასამართლოში, რაც დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით. ავადმყოფობის დასადასტურებლად ნ. გ-ძემ, ქ. ერევნის სამედიცინო ცენტრ «ნ.-დან” წარმოადგინა ცნობა, რომ 2001 წლის 26 აპრილს გაუკეთდა აორტა-კორონალური შუტირება. საქმეში წარმოდგენილია, ასევე ქუთაისის ო. ჩ.-ის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკურ-რეგიონალური ცენტრის სამი ცნობა, გაცემული 2001 წლის 24 მაისს, 7 ივნისსა და 9 ივლისის ¹446; 449; 460 ცენტრში მისი გამოკვლევა-მკურნალობის შესახებ, ხოლო საკასაციო სასამართლოში ამავე ცენტრიდან წარმოადგინა 2001 წლის 10 მაისსა და 23 ივლისს გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რომლის მიხედვითაც ნ. გ-ძეს მკურნალობის კურსი დაუმთავრდა 2001 წლის 27 ივლისსა და მუშაობას შეუძლია შეუდგეს 28 ივლისიდან.
ამდენად, 2001 წლის 28 ივლისის შემდგომ აღარ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, რასაც ადასტურებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 7 მაისის განჩინება, რომლითაც სხვა სასამართლო დავაზე დაკმაყოფილდა შპს «ო.-ისა” და მ. ი-შვილის კერძო საჩივრები, გაუქმდა ამ სასამართლოს 19 აპრილის განჩინება შპს «ო.-ის” წარმომადგენლის ნ. გ-ძის გამოჯანმრთელებამდე საქმის შეჩერების შესახებ და განახლდა საქმის წარმოება.
2. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის არგუმენტს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იურიდიული პირები სასამართლოში საქმეს აწარმოებენ იმ თანამდებობის პირთა მეშვეობით, რომელსაც წესდებით შეუძლიათ ამ იურიდიული პირის სახელით მოქმედება. კონკრეტულ შემთხვევაში ნ. გ-ძე შპს «ო.-ის” წარმომადგებლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირია, საზოგადოების დირექტორია, რომელსაც თავის უფლებამოსილებაზე უარი არ განუცხადებია. ზემოაღნიშნული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს ასევე შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომდგენის მეშვეობით. ნ. გ-ძეს საქალაქო სასამართლოში შეუზღუდავად მიეცა მითითებული საპროცესო უფლებით სარგებლობის საშუალება და პირველ ინსტანციაში 2001 წლის 12 იანვარს გაფორმებული რწმუნების საფუძველზე, საქმეს აწარმოებდა წარმომადგენლის, ადვოკატ ე. კ.-ის მეშვეობით. მართალია, საქმის სასამართლო განხილვაში უშუალო, პირადი მონაწილეობა მხარის პროცესუალური უფლებაა, მაგრამ ადვოკატისათვის რწმუნებულების გაუქმება და საქმის წარმოების შეჩერებაზე შუამდგომლობის დაყენება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ და საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად მიაჩნია, ვინაიდან ადვოკატი ე. კ.-ე ნ. გ-ძესთან ერთად მონაწილეობდა საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვაში, რომელიც მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებით დამთავრდა, რაც, ბუნებრივია, ვერ მოხდებოდა ადვოკატის მიერ საქმის მასალების სათანადო შესწავლა მომზადების გარეშე. ამიტომ ნ. გ-ძის არგუმენტი, რომ დავის არსში მხოლოდ ისაა გარკვეული და მის გარეშე შპს «ო.-ის” ინტერესს სხვა პირი ვერ დაიცავს, საკასაციო პალატის აზრით უსაფუძვლოა.
ამდენად, სამკურნალო დაწესებულებაში 2001 წლის 23 ივლისს დახურული საავადმყოფოს ფურცლისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ა/წლის 7 მაისის განჩინების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს, ნ. გ-ძის შუამდგობლობა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობაა, ამიტომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 7 ივნისისა და 16 ივლისის განჩინებები და უნდა განახლდეს აღნიშნულ საქმეზე სასამართლო წარმოება, რაშიც ნ. გ-ძეს კვლავ შეუძლია პირადად მიიღოს მონაწილეობა ადვოკატთან ერთად, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლისა.
საკასაციო სასამართლო ამასთან შენიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია ზემდგომ სასამართლში კერძო საჩივრის გადაგზავნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული ვადა. განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მისი საკასაციო სასამართლოში გადაგზავნის შესახებ გამოტანილია 2001 წლის 16 ივლისს, ხოლო თავად კერძო საჩივარი საკასაციო სასამართლოში განსახილველად გადმოგზავნილია თითქმის ერთი თვის შემდეგ, 2001 წლის 17 აგვისტოს.
რაც შეეხება კერძო საჩივარში დაყენებულ მოსამართლე ი. შ.-ისათვის აცილების საკითხს, მასზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, ვინაიდან იგი უნდა გადაწყდეს სააპელაციო პალატის კოლეგიური შემადგნელობის დარჩენილი მოსამართლეების მიერ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-4 ნაწილისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 280-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 264-ე და 408-ე მუხლების მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 7 ივნისისა და 16 ივლისის განჩინება შპს «ო.-ის” დირექტორის, ნ. გ-ძის, გამოჯანმრთელებამდე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და აღნიშნულ საქმეზე განახლდეს საქმის წარმოება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.