Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-38-კ-01 10 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ბ. კობერიძე

დავის საგანი: კოოპერატიული ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სანოტარო მოქმედების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ს. დ-შვილმა 02.05.2000 წ. ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინის პრივატიზაციის გაუქმება, ბინაზე მისი უფლების აღდგენა.

საქმის განხილვისას დადგენილად იქნა ცნობილი, რომ სადავო კოოპერატიულ ბინაზე საპაიო გადასახადი მოსარჩელეს ს. დ-შვილს აქვს გადახდილი. 08.10.98 წ. მოსარჩელის მეუღლემ გ. ნ-შვილმა, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე, მოახდინა ყალბი დოკუმენტების შედგენა, კერძოდ გამოიყენა ს. დ-შვილის პასპორტი, რომლითაც ს. დ-შვილის ნაცვლად ნოტარიუსთან წარადგინა მისი აწ გარდაცვლილი ძმა და ყალბი ხელწერილით გააფორმა თანხმობა ბინის პრივატიზაციაზე, საფინანსო კომპანიისაგან მიღებული სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთვა პრივატიზებული ბინა. მიღებული სესხი, 6000 აშშ დოლარის ოდენობით, გ. ნ-შვილმა დახარჯა ოჯახისა და მისი პირადი მიზნებისათვის. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.10.99 წ. გადაწყვეტილებით საფინანსო კომპანია «მტმ» სასარგებლოდ, გ. ნ-შვილს დაეკისრა 14400 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, რომლის უზრუნველსაყოფად გ. ნ-შვილის საკუთრებაში არსებული ბინა სარეალიზაციოდ გატანილ იქნა იძულებითი გადახდის წესით აუქციონზე. 27.01.2000 წ. ჩატარებული განმეორებითი აუქციონის შედეგად, სადავო ბინა შეისყიდა საფინანსო კომპანიამ «მტმ». მოპასუხე გ. ნ-შვილს უფლება ჰქონდა მიეღო დამქირავებლის სტატუსი და საბაზრო კურსით გადაეხადა საფინანსო ჯგუფისათვის ყოველთვიურად ბინის ქირა, მაგრამ მოპასუხემ უარი განაცხადა ქირის გადახდაზე, რის გამოც საფინანსო ჯგუფმა მოითხოვა მის სახელზე რიცხული ბინიდან გ. ნ-შვილის ოჯახის გამოსახლება. 13.03.2000 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ. ნ-შვილი, ს., მ. და ზ. დ-შვილები გამოსახლებულ იქნენ საფინანსო კომპანიის «მ.» სახელზე რიცხული ბინიდან მდებარე ... ქ. ბათუმი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 13.11.2000 წ. გადაწყვეტილებით ს. დ-შვილის სარჩელს 08.10.98 წ. შემდგარი სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. ამასთანავე, ს. დ-შვილს განემარტა, რომ მას შეუძლია სასამართლოში აღძრას სარჩელი თანასაკუთრების ბინიდან თავის კუთვნილ წილზე უფლების განსაზღვრის შესახებ. გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით ს. დ-შვილის მიერ. აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.01.01 წ. განჩინებით ქ.ბათუმის სასამართლოს 13.11.2000 წ. გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო ს. დ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუკმაყოფილებელი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საფინანსო კომპანიამ «მტმ» არის ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი, რადგანაც კომპანია ენდო საჯარო რეესტრის უტყუარობას, რომლის მიხედვითაც ნივთის მესაკუთრედ გ. ნ-შვილი ითვლებოდა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 29.01.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ს. დ-შვილის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ ბათუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 22.01.75 წ. გადაწყვეტილებით გაწევრიანდა ¹ 18 კოოპერატივში, იყო ძირითადი მეპაიე. 1998 წ. პაი გამოსყიდული ჰქონდა მთლიანად, მაგრამ პრივატიზაცია არ მოუხდენია. 08.10.98 წ., მისი ქ.ბათუმში არყოფნის დროს, გ. ნ-შვილმა მოახდინა ბინის პრივატიზაცია და იპოთეკით დატვირთვა. ის, რომ მისი სახელით შესრულებული წერილობითი თანხმობა პრივატიზაციაზე მას არ ეკუთვნის დასტურდება გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით. კასატორი მოითხოვს ნოტარიუსის 08.10.98 წ. სანოტარო მოქმედების გაუქმებას და მისი უფლებების აღდგენას, რადგან მხოლოდ ის, როგორც მეპაიე, იყო უფლებამოსილი მოეხდინა აღნიშნული ბინის პრივატიზაცია. კასატორი ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 29.01.2000 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. ბათუმის სანოტარო კანტორის 08.10.98 წ. მოქმედების გაუქმებას. სასამართლო სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა შეცვალა საკასაციო მოთხოვნა და საქმის განხილვის განსჯადობის წესების დარღვევის გამო, მოითხოვა მისი დაბრუნება სააპელაციო სასამართლო ინსტანციაში.

მოწინააღმდეგე მხარემ გ. ნ-შვილმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის ნოტარიუსმა მ. ს-ძემ და მესამე პირმა საფინანსო კომპანია ,,მტმ-ის” პრეზიდენტმა ზ. მ-შვილმა საკასაციო საჩივარი არ სცნეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. ბათუმში ... მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზების შესახებ 08.10.98 წ. ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს დავის საგანს, დადებულია ქ. ბათუმის ¹ 18 ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლის და გ. ნ-შვილს შორის. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა რიცხვს განაკუთვნებს ადმინისტრაციული გარიგების დადებას ან შესრულებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაა. კოოპერატიული ბინის პრივატიზაციის შესახებ 08.10.98 წ. ხელშეკრულების არც ერთი მხარე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, დავა ეხება კერძო-სამართლებრივ და არა საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავა არც ერთ ნაწილში არ შეადგენს ადმინისტრაციული სამართალწარმოების საგანს. შესაბამისად, უმართებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა, ადმინისტრათიული საპროცესო კოდექსის მუხლების მოშველიება. განსახილველი ურთიერთობების სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათს არ ცვლის აგრეთვე ის გარემოება, რომ გასაჩივრებულია ნოტარიუსის მიერ შესრულებული მოქმედება. ნოტარიუსი არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ ორგანოთა რიცხვს, სანოტარო ორგანო ემსახურება სამოქალაქო-სამართლებრივი ბრუნვის სტაბილურობას, იგი არ ეწევა ადმინისტრირებას, ადმინისტრაციული აქტების მიღებას, მისი მოქმედების სამართლებრივი შინაარსი დეტერმინირებულია უფლების წარმომქმნელი დოკუმენტაციით. ამდენად, დავა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ უნდა განხილულიყო. «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლით განისაზღვრება საოლქო სასამართლოს და ა/რ უმაღლესი სასამართლოების კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის ფორმირების, მოსამართლის სხვა კოლეგიაში ან პალატაში მონაწილეობის წესი. აღნიშნული წესის დარღვევით ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ არაგანსჯადი საქმის განხილვა იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით, 394-ე მუხლის «ა» ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორ ს. დ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 29.01.01 წ. განჩინება.

2. საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.