¹ 3გ/ად-38-კ.ს-01 15 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
კერძო საჩივრის თხოვნა: სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევა.
აღწერილობითი ნაწილი:
1996 წლის 8 ივლისს ც. ლ-ავამ, ზ. მ-შიამ, ლ. შ-შვილმა, ვ. მ-ძემ, გ. ა-ოვმა, ვ. ზ-ოვმა, გ. თ-ძემ, ს. ხ-იანმა, ე. ბ-ძემ სარჩელი შეიტანეს კრწანისის რაიონის სასამართლოში მოპასუხე კრწანისის რაიონის გამგეობის, თანამოპასუხეების: ქ. თბილისის თბომეურნეობის სამმართველოსა და ქ. თბილისის მუნციპალური საწარმო «თბილწყალკანალის» მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1991 წელს ქ. თბილისში, ... ქუჩაზე დაიწყო ლოჯიების მიშენება სათანადო ნებართვითა და პროექტით. მშენებლობა დასრულდა 1992 წლის დასაწყისში. მშენებლობის დამთავრების დღიდან ლოჯიების საძირკველში დაზიანებული იყო მილები და ჩადიოდა წყალი, რის თაობაზეც მოსარჩელეებმა მიმართეს კრწანისის რაიონის გამგეობასა და ქ. თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს.
აღნიშნულის სალიკვიდაციოდ საჭირო გახდა გარე ქსელის შეცვლა, მაგრამ მოსარჩელეების განმარტებით, კრწანისის რაიონის გამგეობასა და ქ. თბილისის თბომეურნეობის სამმართველოს არანაირი ქმედება არ განუხორციელებიათ, რამაც გამოიწვია მიშენებული ლოჯიების გადაწევა 20-30 სმ-ით და შეიქმნა ჩამონგრევის საშიშროება.
მოსარჩელეებმა სარჩელში ითხოვეს, მოპასუხეებს დავალებოდათ თავიანთი ხარჯებით ჩაეტარებინათ აღდგენითი სამუშაოები კორპუსზე მიშენებულ სადავო ლოჯიებზე.
აღნიშნული საქმე რამდენჯერმე განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ. ბოლოს კრწანისის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 4 დეკემბრის განჩინებით საქმე დარჩა განუხილველად მხარეთა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
1998 წლის 1 მაისს კრწანისის რაიონის სასამართლოს იგივე სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს მოსარჩელეებმა იმავე მოპასუხეების მიმართ. აღსანიშნავია, რომ სასარჩელო განცხადებას ხელს აწერდნენ მხოლოდ ც. ლ-ავა, ზ. მ-ია და ს. ხ-იანი.
აღნიშნული საქმე კვლავ რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში და ბოლოს განსახილველად დაუბრუნდა ისევ კრწანისის რაიონის სასამართლოს.
ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (1997წ.) ამოქმედების შემდეგ კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელეებს: ც. ლ-ავას, ზ. მ-იას, ლ. შ-შვილს, ვ. მ-ძეს, გ. ა-ოვს, ვ. ზ-ოვს, გ. თ-ძეს, ს. ხ-იანს, ე. ბ-ძეს შეატყობინა, რომ წარედგინათ სასამართლოში სასარჩელო განცხადება, შედგენილი ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (1997წ.) 178-179-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით.
მოსარჩელეები გაეცნენ სასამართლოს შეტყობინებას და კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში იგივე მოპასუხეების მიმართ შეიტანეს დაზუსტებული სარჩელი ზიანით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელეებმა სარჩელში ითხოვეს, მათ სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ ქალაქპროექტის მიერ შედგენილი პროექტითა და ხარჯთაღრიცხვით დადგენილი თანხის გადხადა, რათა ამ თანხით დაფინანსებულიყო აღნიშნული პროექტი.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში შეტანილ სასარჩელო განცხადებას ხელს აწერდნენ მხოლოდ ზ. მ-ია, ს. ხ-იანი, ლ. გ-ძე და ც. ლ-ავა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის საწარმო «თ.-ა _ შპს»-სა და თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონის გამგეობას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელეების: ზ. მ-იას, ს. ხ-იანის, ც. ლ-ავასა და ლ. გ-ძის სასარგებლოდ 5528 ლარი, 1382 ლარი თითოეული მოსარჩელისათვის.
აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო საჩივრით, რომელსაც ხელს აწერენ ზ. მ-ია, ც. ლ-ავა, ს. ხ-იანი, ლ. გ-ძე, ვ. მ-ძე, გ. თ-ძე, ე. ბ-ძე, ვ. ზ-ოვი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 29 ივნისს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა აღნიშნული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და იმავე დღეს გამოიტანა ორი განჩინება.
სააპელაციო პალატამ ერთი განჩინებით მიიღო წარმოებაში ზ. მ-იას, ც. ლ-ავას, ს. ხ-იანის, ლ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი და დანიშნა საქმის ზეპირი განხილვა, ხოლო მეორე განჩინებით ვ. მ-ძის, ვ. ზ-ოვის, ე. ბ-ძის, გ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო იმ მოტივით, რომ ეს უკანასკნელნი მოცემულ საქმეში არც მოსარჩელეებად და არც მესამე პირებად ჩაბმულნი არ ყოფილან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად კი, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატაში.
სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 23 ივნისის განჩინება, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, გ. თ-ძემ, ე. ბ-ძემ, ვ. ზ-ოვმა, ვ. მ-ძემ და ბ. ი-შვილმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით, რომლითაც ითხოვეს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2001 წლის 29 ივნისის განჩინების გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
სააპელაციო სასამართლომ 2001 წლის 6 აგვისტოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კერძო საჩივარი, არ დააკმაყოფილა იგი და როგორც დაუსაბუთებელი განსახილველად გადაუგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის კრწანისის რაიონის სასამართლოში მოცემულ საქმესთან დაკავშირებით 1998 წლის 1 მაისს შეტანილ სასარჩელო განცხადებაზე ხელს აწერენ მოსარჩელეები: ც. ლ-ავა, ზ. მ-ია და ს. ხ-იანი. შემდგომში, 2000 წლის თებერვალში კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში იგივე საქმესთან დაკავშირებით შეტანილ სასარჩელო განცხადებაზე ხელს აწერენ მოსარჩელეები: ც. ლ-ავა, ზ. მ-ია, ს. ხ-იანი და ლ. გ-ძე. აღსანიშნავია, რომ ვ. მ-ძეს, გ. თ-ძეს, ე. ბ-ძეს, ვ. ზ-ოვს, ბ. ი-შვილს არც ერთ სასარჩელო განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ, ხოლო ბ. ი-შვილი სააპელაციო საჩივარზეც კი არ აწერს ხელს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილი, როდესაც განჩინებაში მიუთითა, რომ ვ. ზ-ოვს, გ. თ-ძეს, ე. ბ-ძეს და ვ. მ-ძეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება არ ჰქონდათ, რადგანაც მათ ხელი არ ჰქონდათ მოწერილი სასარჩელო განცხადებებზე და შესაბამისად საქმეში არ წარმოადგენენ მხარეებს ან მესამე პირებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 ივნისის განჩინება, ზ-ოვის, მ-ძის, ბ-ძისა და თ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, სამართლებრივად სწორია და მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვ. ზ-ოვს, გ. თ-ძეს, ვ. მ-ძეს, ე. ბ-ძესა და ბ. ი-შვილს უფლება რჩებათ ზემოთ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი სარჩელი აღძრან სასამართლოში.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. თ-ძის, ე. ბ-ძის, ვ. ზ-ოვის, ბ. ი-შვილის, ვ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 29 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.