გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-39-კ-01 18 მაისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ჯ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ 2000 წლის 3 მაისს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მისი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის – ჯ. ტ-ძის ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინიდან გამოსახლება მოითხოვა. საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოსარჩელეს სამართალმემკვიდრეობის სახით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ნაწილ ¹ 2016 სახელზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების ბინები და მათ შორის ამჟამად, ჯ. ტ-ძის სარგებლობაში არსებული სადავო ბინა, რომელიც მათ ბალანსზე ირიცხება. სადავო ბინა ჯ. ტ-ძეს გადაეცა სამსახურებრივი სარგებლობისათვის, მაგრამ იმის გამო, რომ იგი 2000 წლის მარტიდან პირადი განცხადებით განთავისუფლდა სამსახურიდან, საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველოს აზრით, ჯ. ტ-ძე უნდა გამოსახლდეს სადავო სამსახურებრივი ბინიდან.
მოპასუხე ჯ. ტ-ძემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1994 წლის თებერვლის თვიდან მსახურობდა რუსეთის სასაზღვრო სამხედრო ნაწილ ¹ ... ზემდეგად, 1999 წლის აპრილის თვეში სასაზღვრო სამხედრო ნაწილის მიერ მას გამოეყო სამსახურებრივი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე, სამ სულზე. ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ოჯახური პირობების გამო ის პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა სამსახურიდან. მიიჩნევს, რომ ითვლება ბინის კეთილსინდისიერ მფლობელად. მან ბინა მიიღო სარგებლობისათვის, სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას მისთვის არ განუსაზღვრავს სადავო ბინით სარგებლობის ვადა, ამდენად, მოპასუხის აზრით, მას უფლება აქვს სარგებლობის უფლებით იცხოვროს სადავო ბინაში, ხოლო მისი გამოსახლების შემთხვევაში მოსარჩელეს დაეკისროს 1166 ლარი მის მიერ ჩატარებული რემონტისათვის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ჯ. ტ-ძე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა ქ. ბათუმში, ... მდებარე ბინიდან. რაც შეეხება მოპასუხის მოთხოვნას გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, სასამართლოს არ განუხილავს, რადგან მოპასუხეს ასეთი მოთხოვნა შეგებებული სარჩელის სახით არ დაუყენებია.
ჯ. ტ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ შეამოწმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა და 2000 წლის 30 აგვისტოს განჩინებით ჯ. ტ-ძის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ისე გამოასახლა ჯ. ტ-ძის მეუღლე და შვილი სადავო ბინიდან, რომ საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სასარჩელო მოთხოვნა მათი გამოსახლების შესახებ არ ჰქონია, ამასთან, ისინი პროცესში არ მონაწილეობდნენ.
საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველოს დაზუსტებული სარჩელის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ საქმე ხელახლა განიხილა და 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, ჯ. ტ-ძე, მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად სადავო ბინიდან გამოასახლა.
ჯ. ტ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გადასინჯა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა არის საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე, წარმოადგენს მის საკუთრებას, რასაც ის იყენებს სამსახურებრივი დანიშნულებისათვის – მასთან მომუშავე სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების დასაკმაყოფილებლად. ამასთან, ჯ. ტ-ძეს არ გააჩნია სადავო ბინის მიღების საბინაო ორდერი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების თანახმად მესაკუთრეს უფლება აქვს არ დაუშვას სხვა პირის მიერ თავისი ქონებით სარგებლობა და მოსთხოვოს მისი ქონების მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება, მითუმეტეს, რომ ჯ. ტ-ძე აღარ მუშაობს სასაზღვრო ჯარებში და მას დაკარგული აქვს სადავო სამსახურებრივი ბინის სარგებლობის უფლება, ხოლო საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს ესაჭიროება მის ბალანსზე რიცხული ბინა სხვა სამხედრო მოსამსახურეთა საბინაო პირობების დასაკმაყოფილებლად.
ჯ. ტ-ძე არ დაეთანხმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს განჩინებას და საკასაციო წესით გაასაჩივრა იგი. კასატორი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 23 იანვრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ჯ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 23 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად სავალდებულოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ ჯ. ტ-ძეს და მისი ოჯახის წევრებს სამხედრო გარნიზონის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე 1999 წელს გადაეცა გამონთავისუფლებული სამსახურებრივი ბინა (და არა საუწყებო ბინა), რაც დამტკიცებულ იქნა 1999 წლის 6 აპრილს ¹ ... სამხედრო ნაწილის მეთაურის მიერ. საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ სადავო ბინა ირიცხება აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე და მისი გამოყენება ხდება სამსახურებრივი დანიშნულებით სამმართველოში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეების საბინაო პირობების დასაკმაყოფილებლად.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ჯ. ტ-ძის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹ 603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების 1-ლი თავის მე-2 პუნქტისა და მე-3 თავის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ჯ. ტ-ძეს, რომელიც არ წარმოადგენდა არც გენერალსა და არც ადმირალს, ბინა გადაეცა სამსახურებრივი დანიშნულებით დროებითი სარგებლობისათვის სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.
საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და თვლის, რომ დროებითი დებულების მე-5 თავის მე-18 და მე-20 პუნქტები ეხება არა სამსახურებრივ, არამედ საუწყებო ბინებს. სამსახურებრივი დანიშნულების ბინის პრივატიზაცია, დროებითი დებულების მე-5 თავის მე-17 პუნქტის თანახმად, დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურებრივი ბინის მიღებიდან და პირის სამხედრო ნაწილში სამსახურიდან გასულია სულ ცოტა ათი წელი. ამასთან, ორივე ეს პირობა ერთად უნდა არსებობდეს. მართალია, ჯ. ტ-ძე 11 წელი მსახურობდა სამხედრო სამსახურში, მაგრამ მას სამსახურებრივი ბინა გადაეცა 1999 წელს, რომლიდანაც გასულია მხოლოდ სამი წელი, რის გამოც მას სადავო ბინის პრივატიზაციის უფლება არ მოუპოვებია. სამსახურებრივი დანიშნულების ბინების პრივატიზაციას არ ითვალისწინებს არც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹ 107 დადგენილება.
საკასაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები და სწორად განმარტა, რომ საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალური სამმართველო კანონიერად ითხოვს სადავო ბინიდან ჯ. ტ-ძისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლებას.
საკასაციო პალატა, ამასთან, კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ჯ. ტ-ძე და მისი მეუღლე შ. ტ-ძე კანონით დადგენილი წესით იქნენ მიწვეულნი პროცესზე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით კი გაასაჩივრა მხოლოდ ჯ. ტ-ძემ, რადგან მას არ ჰქონია უფლებამოსილება შ. ტ-ძისაგან მის ნაცვლად სააპელაციო საჩივრის შეტანაზე.
საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ არც ერთ სასამართლოს არ განუხილავს მისი მოთხოვნა გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე, რადგან მის მიერ კანონით დადგენილი წესით არ ყოფილა აღძრული შეგებებული სარჩელი გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნით ჯ. ტ-ძეს შეუძლია ახალი სარჩელით მიმართოს რაიონულ სასამართლოს.
ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ჯ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ტ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 23 იანვრის განჩინება.
3. ჯ. ტ-ძე შეჭირვებული ქონებრივი მდგომარეობის გამო განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.