¹ 3გ/ად-39-კს-01 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი, ბ. კობერიძე
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბინაზე ყადაღის დადება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში, .. მდებარე კოოპერატიული ბინის მეპაიე იყო მ. მ-ძე, რომელმაც 1992 წლისთვის სრულად დაფარა კოოპერატიული ბინის საპაიო შესატანი. მ. მ-ძე გარდაიცვალა 1994 წლის 22 აპრილს. კოოპერატიულ ბინაში ასევე ცხოვრობდა მ. მ-ძის შვილიშვილი, მოსარჩელის ვაჟი _ გ. მ-ძე თავის ოჯახთან ერთად. 1999 წლის 30 ივნისს განხორციელდა სადავო ბინის პრივატიზება მოსარჩელის რძლის ლ. ბ-შვილის (მოპასუხე) სახელზე, რაც შესაბამისად დარეგისტრირდა თბილისის მერიის ტექინვენტარიზაციის ბიუროში, ხოლო 1999 წლის 6 ივლისს მოპასუხე ლ. ბ-შვილსა და მესამე პირს ლ. ა-ძეს შორის პრივატიზებულ ბინაზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
1999 წლის 24 ნოემბერს კერძო საჩივრის ავტორმა ო. მ-ძემ სარჩელი აღძრა მოწინააღმდეგე მხარეთა (მოპასუხეთა) და მესამე პირთა მიმართ ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის პრივატიზებისა და ლ. ა-ძეზე ბინის გასხვისების ხელშეკრულების გაუქმების, ასევე მისი მემკვიდრედ ცნობის შესახებ. 2000 წლის 4 აპრილს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის ადვოკატმა იშუამდგომლა ო. მ-ძის სარჩელიდან ადმინისტრაციული დავის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე და სამოქალაქო დავის (ლ. ბ-შვილისა და ლ. ა-ძეს შორის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, მემკვიდრედ ცნობა) განხილვის შეჩერებაზე, რაც დაკმაყოფილდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ, ცალკე წარმოებად გამოიყო ადმინისტრაციული დავა ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილობაზე, ხოლო სამოქალაქო დავის განხილვა შეჩერდა ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე. თბილისის ვაკე-საბურათლოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ო. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 30 ივნისს დადებული სადავო ბინის პრივატიზების ხელშეკრულება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხე ლ. ბ-შვილის მიერ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2001 წლის 30 ივნისს სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოსარჩელე ო. მ-ძემ და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა ... მდებარე ბინის დაყადაღება, რადგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ლ. ბ-შვილი ყიდდა სადავო ბინას, რაც მომავალში დიდ სიძნელეებს შეუქმნიდა მას. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ივლისის განჩინებით ო. მ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, განცხადება არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა” პუნქტზე, რომლის მიხედვითაც ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოპასუხის კუთვნილ ქონებას. საქმეში კი წარმოდგენილია ლ. ბ-შვილსა და ლ. ა-ძეს შორის 1999 წლის 6 ივლისს დადებული ხელშეკრულება სადავო ბინის ნასყიდობაზე, ხოლო სადავო ბინის საკუთრების შესახებ ცნობა საჯარო რეესტრიდან წარმოდგენილი არ არის და ამდენად, დაუდგენელია დღეისათვის ვის სახელზე ირიცხება ბინა.
სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ო. მ-ძემ, რომელშიც კვლავ მიუთითებს, რომ სადავო ბინა ლ. ბ-შვილის მიერ გასხვისებულია მესამე პირზე _ ლ. ა-ძეზე. კერძო საჩივრის ავტორი აღიარებს, რომ განცხადებაში შეცდომა დაუშვა და ნაცვლად ლ. ბ-შვილის კუთვნილი ბინისა, უნდა მოეთხოვა ლ. ა-ძის მიერ ნაყიდი სადავო ბინის დაყადაღება. იგი ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას, მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას და ლ. ა-ძის კუთვნილ ბინაზე ყადაღის დადებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 აგვისტოს განჩინებით ო. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის შესწავლისა და საოლქო სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. მ-ძის კერძო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ივლისისა და 10 აგვისტოს განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა” პუნქტის თანახმად: «სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან”. საქმეში წარმოდგენილია თბილისში, ... მდებარე ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება, დადებული 1999 წლის 6 ივლისს, რომლითაც მოპასუხემ ლ. ბ-შვილმა ბინა მიჰყიდა მესამე პირს ლ. ა-ძეს. მართალია, სადავო ბინის საკუთრების შესახებ ცნობა საქმეში წარმოდგენილი არ არის საჯარო რეესტრიდან, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს მოპასუხე ლ. ბ-შვილის მიერ სადავო ბინის ლ. ა-ძისათვის გასხვისების ფაქტს. ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული პუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით დაყადაღება შეიძლება მხოლოდ მოპასუხის კუთვნილი ქონებისა, ხოლო დასაყადაღებელი ბინა არ წარმოადგენს მოპასუხე ლ. ბ-შვილის საკუთრებას, ამიტომ ო. მ-ძის განცხადება და კერძო საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან ფაქტობრივად ყადაღა დაედება მესამე პირის ლ. ა-ძის კუთვნილ ქონებას (ბინას), რაც პროცესუალურად დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ო. მ-ძის კერძო საჩივარი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ივლისისა და 10 აგვისტოს განჩინებები, ვინაიდან სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი და განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო ნორმების სრული დაცვით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა" პუნქტით, 390-ე, 399-ე, 420-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 ივლისისა და 10 აგვისტოს განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფაზე და კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.