გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-40კ-01 29 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: ბინის პრივატიზების გაუქმება; ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლის სადავო ბინა ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹ 2016 სამხედრო ნაწილს. ბინის დამქირავებლები იყვნენ სამხედრო პირები ცოლ-ქმარი ს. ს-ევა და ა. ა-იანი, რომლებთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა ა. ა-იანის ძმა ე. ა-იანი, აჭარიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების გასვლასთან დაკავშირებით ცოლ-ქმარმა ს-ევა–ა-იანმა საქართველო დატოვა. გამგზავრებამდე ს. ს-ევამ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობისგან ნებართვა ითხოვა ბინის პრივატიზებაზე, რაც დაკმაყოფილდა და რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹ 2016 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობისაგან 1998 წლის 31 მარტს გაცემული ¹ 6/47 ცნობით ნება დაერთო სადავო ბინის პრივატიზებაზე. სამხედრო ნაწილიდან ნებართვის მიღების შემდეგ, 1998 წლის 26 აპრილს ს. ს-ევამ ბინის პრივატიზების უფლება დაუთმო მათთან მცხოვრებ მაზლს ე. ა-იანს, რომელმაც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების თანახმად, იმავე წლის 29 აპრილს ბათუმის ¹ 6 მიკრორაიონის გამგეობის წარმომადგენელთან გააფორმა ხელშეკრულება ბათუმში, ... მდებარე სადავო ბინის პრივატიზებაზე. ძმისა და რძლის ა. ა-იანისა და ს. ს-ევას საქართველოდან წასვლის შემდეგ პრივატიზებულ ბინაში ცხოვრობს ე. ა-იანი მეუღლესთან ა. ს-ინასთან ერთად.
1999 წლის 10 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹ 2016 სამხედრო ნაწილმა კასატორს – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს საბინაო ფონდში გადასცა სადავო, ე. ა-იანის მიერ პრივატიზებული ბინა. 2000 წლის 20 აპრილს კასატორმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე. ა-იანის მიმართ სადავო ბინის პრივატიზების გაუქმებისა და ბინიდან მოპასუხის გამოსახლების თაობაზე იმ მოტივით, რომ სამსახურებრივი სარგებლობის ბინის პრივატიზება ე. ა-იანის მიერ განხორციელდა უკანონოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ¹ 603 დადგენილების დარღვევით – ე. ა-იანი არ განეკუთვნებოდა ოფიცერთა შემადგენლობას და არც 10 წელი უმსახურია სამხედრო ნაწილში. 2000 წლის 19 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და სადავო ბინის პრივატიზების ბათილობა მოითხოვა იმ საფუძვლითაც, რომ პრივატიზება ეწინააღმდეგებოდა საქართელოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილებას, რომლის მიხედვითაც პრივატიზაციას არ ექვემდებარებოდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინები. ამასთან, მოსარჩელე – აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სადავოდ გახადა ს. ს-ევაზე ¹ 2016 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობის მიერ 1998 წლის 31 მარტს გაცემული ბინის პრივატიზების ნებართვის ნამდვილობა.
დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეებმა – ე. ა-იანმა და ბათუმის ¹ 6 მიკრორაიონის გამგეობამ არ ცნეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე – საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹ 603 დადგენილების მოთხოვნათა დარღვევისათვის გაუქმდა სადავო ბინის პრივატიზაცია და მოპასუხეები ე. ა-იანი და ა. ს-ინა გამოსახლდნენ ბინიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები შეიტანეს მოპასუხეებმა ე. ა-იანმა, ა. ს-ინამ და ბათუმის ¹ 6 მიკრორაიონის გამგეობამ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ა-იანის, ა. ს-ინასა და ბათუმის ¹ 6 მიკრორაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტრამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი მოტივით:
1. სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ სადავო ბინა ნამდვილად ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹ 2016 სამხედრო ნაწილს და ამჟამად მემკვიდრეობით გადაეცა მოსარჩელეს საქართველოს საზღვრის დაცვის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს, მაგრამ ბინა რომ სამსახურებრივია, ამის უტყუარად დამადასტურებული მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა.
2. პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინის დამქირავებლები ს. ს-ევა და ა. ა-იანი იყვნენ სამხედრო პირები, ხოლო ე. ა-იანი მათთან ერთად ცხოვრობდა დადგენილი წესით და ეწეოდა საერთო მეურნეობას.
3. ¹ 2016 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობიდან ს. ს-ევასათვის ბინის პრივატიზებაზე თანხმობის წერილობით გაცემის შემდეგ, ე. ა-იანის მიერ სადავო ბინის პრივატიზება სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიჩნია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹ 603 დადგენილების მე-18 პუნქტიდან და მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹ 107 დადგენილებიდან გამომდინარე.
4. სააპელაციო პალატამ სათანადო მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაციის ¹ 2016 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობის მიერ 1998 წლის 31 მარტს ს. ს-ევასათვის სადავო ბინის პრივატიზებაზე თანხმობის მიცემა არ შეეფერებოდა სინამდვილეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველო, ითხოვს მის გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას შემდეგი საფუძვლით:
1. სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება და დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხე ე. ა-იანის ზეპირ განცხადებებს;
2. პალატამ სათანადო დასაბუთებისა და წერილობითი მტკიცებულებების გარეშე დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინაში მცხოვრები ს. ს-ევა და მისი მეუღლე ა. ა-იანი წარმოადგენდნენ ¹ 2016 სამხედრო ნაწილის მოსამსახურეებს, რაც უსწოროა. დამატებით მოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ა. ა-იანი 1998 წლიდან 2000 წლის 12 აგვისტომდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა არა ს. ს-ევასთან, არამედ გ. ღ-ძესთან და ე. ა-იანი და ს. ს-ევა ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ყოფილან;
3. სადავო ბინა არ ეკუთვნოდა ს. ს-ევას, საცხოვრებელი ფართი სამხედრო ნაწილმა კანონიერად გასცა ს. ს-ევას მეუღლეზე კაპიტან ი. ს-ევზე, რომელიც 1997 წლიდან ტერიტორიულად სხვა ადგილზე იქნა გადაყვანილი, ხოლო ა. ა-იანი რუსეთის ფედერაციის ¹ 2016 სამხედრო ნაწილის მოსამსახურე არასდროს ყოფილა, ამდენად სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან;
4. პალატა, მართალია, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზედმიწევნით შეისწავლა სადავო ბინის პრივატიზებისათვის ს. ს-ევაზე ¹ 2016 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობის ნებართვის გაცემის საკითხი, მაგრამ კასატორი მიუთითებს, რომ პალატამ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში მე-20 ფურცელზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა ბათუმის მერს ატყობინებს კანონის დარღვევით სამხედრო საუწყებო ბინების გასხვისების გახშირებულ შემთხვევებზე და ითხოვს სათანადო რეაგირებას კანონდარღვევებზე.
¹ 2016 სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობის მიერ 1998 წლის 31 მარტს ს. ს-ევასათვის გაცემული ნებართვის ნამდვილობასთან დაკავშირებით კასატორმა წარმოადგინა დამატებითი მტკიცებულება _ ამავე სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1999 წლის 24 მარტის ოქმი ¹ 4, რომლითაც სადავო ნებართვა ჩაითვალა უკანონოდ, ვინაიდან ¹ 2016 სამხედრო ნაწილის მიერ არ გაცემულა და დოკუმენტის გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით სამსახურებრივი მოკვლევისათვის შეიქმნა კომისია. ამასთან სიყალბის შესახებ უნდა ეცნობებინათ ბათუმის მერიისათვის, რათა არ მომხდარიყო სამხედრო ნაწილის კუთვნილი სამსახურებრივი ბინის უკანონო გასხვისება.
საკასაციო საჩივარს არ ცნობენ და იდენტური შესაგებლები წარმოადგინეს მოპასუხეებმა ე. ა-იანმა და ბათუმის ¹ 6 მიკრორაიონის გამგებელმა გ. გ-ძემ, რომლებიც ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას და უსაფუძვლობის გამო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას იმ მოტივით, რომ კასატორი ძირითადად სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წარმოადგენს სრულიად ახალ მტკიცებულებებს, რომელიც არცერთ ინსტანციის სასამართლოში არ წარმოუდგენია და შესაბამისად, არც განხილულა, თუმცა ამ მტკიცებულებათა ადრე წარდგენის შესაძლებლობა კასატორს ჰქონდა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის I ნაწილის მიხედვით, თავად მხარეებმა უნდა განსაზღვრონ და წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ და ასაბუთებენ მათ მოთხოვნებს. ამდენად, კასატორის მითითება, საკასაციო პალატის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანაზე უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი, გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 383-ე და 393-ე მუხლების მე-3 ნაწილის, საპროცესო ნორმების დარღვევით მტკიცებულებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წარმოდგენილი არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ სსკ-ის 407-ე მულის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ემყარება მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობენ საქმის მასალებიდან, კერძოდ.
1. სააპელაციო პალატას უდავოდ დადგენილად მიაჩნია სამხედრო პირების, ცოლ-ქმარ ს. ს-ევასა და ა. ა-იანთან ერთად სადავო ბინაში ე. ა-იანის ცხოვრების ფაქტი, რომელიც ძმასთან და რძალთან ერთად ცხოვრობდა დადგენილი წესით და ეწეოდა საერთო მეურნეობას, მაგრამ საქმეში ს.სმოტრიაევასა და ა. ა-იანის ქორწინების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და არც ა. ა-იანის (ქმრის) სამხედრო პირობის დამამტკიცებელი დოკუმენტი დევს, რაც შეეხება ე. ა-იანის ძმასთან და რძალთან დადგენილი წესით თანაცხოვრებისა და მათთან საერთო მეურნეობის გაძღოლის ფაქტს, საყურადღებოა 44-ე ფურცელზე წარმოდგენილი პირადი ბარათი, რომლის მიხედვითაც ... მდებარე სადავო ბინაში 1996 წლის 12 აგვისტოდან ცხოვრობდა ი. ს-ევას ოჯახი, მეუღლე ს. ს-ევა და სამი ქალიშვილი, სულ 5 სული. ბინის დამქირავებელი იყო ი. ს-ევი (სამხედრო მოსამსახურე), რომელიც 1997 წლის 17 მარტიდან ტერიტორიულად სხვაგან იქნა გადაყვანილი. ე. ა-იანმა, როგორც ნათესავმა, სადავო ბინაში რეგისტრაცია გაიარა 1998 წლის 24 აპრილს, ხოლო ბინის სადავო პრივატიზება მოახდინა 5 დღის შემდეგ, 1998 წლის 29 აპრილს. ამდენად, ს. ს-ევასთან და ა. ა-იანთან მოწინააღმდეგე მხარის (მაზლის) ე. ა-იანის დადგენილი წესით თანაცხოვრებისა და საერთო მეურნეობის გაწევის ფაქტი სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ჯეროვანი შესწავლის გარეშე და საჭიროა მათი ხელახალი გამოკვლევა, დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით.
2. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება რუსეთის ფედერაციის ¹ 2016 ნაწილის ხელმძღვანელობის მიერ სადავო ბინის პრივატიზებაზე 1998 წლის 31 მარტს გაცემული ნებართვის (ცნობის) ფიქტიურობის შესახებ დაუსაბუთებლობის მოტივით და მიუთითა, რომ აღნიშნული სინამდვილეს არ შეეფერება, რამდენადაც გარდა კასატორის სიტყვიერი განცხადებისა, ცნობის სიყალბის დამადასტურებელი გარემოებანი და დოკუმენტები საქმეში არ მოიპოვება. ს. ს-ევისათვის ბინის პრივატიზებაზე სამხედრო ნაწილის ნებართვის გაცემის ნამდვილობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქმეში მე-9-10 ფურცლებზე წარმოდგენილი მტკიცებულება – რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის ¹ 2016 სამხედრო ნაწილის მიერ კასატორისათვის – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართვლოსათვის 1999 წლის 10 სექტემბერს გადაცემული საბინაო ფონდის ინვენტარიზაციის სია, რომელშიც 81 ნომრით გამოყოფილია ... მდებარე სადავო ბინა, როგორც უკანონოდ გაყიდული. საინტერესოა საქმეში 20-23 ფურცლებზე წარმოდგენილი ¹ 2016 სამხედრო ნაწილის მეთაურის 1996 წლის 11 აგვისტოს ოფიციალური მიმართვა ¹ 6/356 ბათუმის მერიასადმი, მერიის საბინაო სამმართველოს ხელმძღვანელისადმი, რომლითაც სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა ატყობინებს მათ კანონის დარღვევით სამხედრო საუწყებო ბინების გასხვისების გახშირებულ შემთხვევებს და სათანადო რეაგირებას ითხოვს კანონდარღვევებზე.
მართალია, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რაც საკასაციო პალატის აზრით, ს. ს-ევასათვის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობიდან გაცემული ნებართვის ნამდვილობის დადგენის დროს დარღვეულია, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებათა სათანადო გამოკვლევისა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება, ამიტომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით ნებართვის ნამდვილობის ნაწილშიც ხელახლა გამოსაკვლევად საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო პალატას.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძველია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» ¹ 603 დადგენილების მე-18 პუნქტი, რომლითაც სამხედრო უწყებათა სამსახურის ნებართვით ბინის პრივატიზების უფლება ეძლეოდათ მხოლოდ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მე-20 პუნქტია სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს უნარჩუნდებოდათ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე დამქირავებლად ცხოვრების უფლება, ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, დავის კანონიერად გადაწყვეტისათვის უმთავრესია ს. ს-ევას სამხედრო მოსამსახურეობის, სამხედრო პირად ყოფნის საკითხი, რაც სააპელაციო პალატას არ შეუსწავლია.
სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია ბინა საუწყებო ფონდს განეკუთვნებოდა თუ სამსახურებრივს, რაც აგრეთვე არსებითია დავის სწორად გადაწყვეტისათვის, რადგან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹ 107 დადგენილების მე-3 პუნქტი იმპერატიულად კრძალავს სამსახურებრივი დანიშნულების ბინის პრივატიზებას, ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, საქმე ზემოაღნიშნული მითითებით არსებითად განსახილველად და დამატებით გამოსაკვლევად უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით, 407-ე მუხლის მე-2 და 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება და ხელახლა არსებითად განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
4. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.