Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-41-კ-01 17 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ბ. კობერიძე

დავის საგანი – ქუთაისის მერიის 26.08.97 წ. ¹480 ბრძანების 9.12 და 9.13 პუნქტების, «განათლების საქალაქო საბჭოს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების მართვის ცენტრის” დებულების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ-იანმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ. ქუთაისის მერიის, ქუთაისის განათლების და საფინანსო სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა ,,პროგრამა «განათლება-96» შესრულებისა და 1997-1998 სასწავლო წელს გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ» ქ. ქუთაისის მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანების 9.12 და 9.13 პუნქტების, აგრეთვე ამ ბრძანებით დამტკიცებული «განათლების საქალაქო საბჭოს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების მართვის ცენტრის» დებულების გაუქმება. საქმის განხილვის შედეგად დადგენილად იქნა ცნობილი, რომ მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანებით ბავშვთა და მოზარდთა სპორტული და სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მართვის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით განათლების საქალაქო საბჭომ 01.12.97 წ. ¹ 43 ბრძანებით დაამტკიცა სპორტული სკოლების მართვის ცენტრის სტრუქტურა, სპორტულ სკოლებში, სხვა თანამდებობებთან ერთად, გაუქმდა სპორტსკოლის ბუღალტრის თანამდებობა, რის საფუძველზე ნ. გ-იანი გათავისუფლდა სამსახურიდან. მერიის განათლების განყოფილების 18.06.99 წ. ¹ 27 ბრძანებით განათლების საბჭოს 01.12.97 წ. ¹ 43 ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, კერძოდ, სპორტსკოლებს დაუბრუნდათ გერბიანი ბეჭედი და შტამპი, განყოფილების გამგის და მენეჯერის საშტატო ერთეულების ნაცვლად შემოღებულ იქნა დირექტორის და სასწავლო მუშაობის დარგში დირექტორის მოადგილის შტატები. ¹ 27 ბრძანების საფუძველზე ბავშვთა და მოზარდა სპორტული და სამხედრო პატრიოტული აღზრდის მართვის ცენტრის დირექტორის 21.06.99 წ. ¹ 195 ბრძანებით, სპორტულ სკოლებში აღდგენილ იქნა დირექტორის და სასწავლო-აღმზრდელობით დარგში დირექტორის მოადგილის შტატი.

ნ. გ-იანი სასარჩელო განცხადებაში უთითებს, რომ «განათლების შესახებ» კანონის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და სასპორტო სკოლების დებულების მოთხოვნათა დარღვევით სკოლების დირექტორების მოთხოვნა დანარჩენი შტატების აღდგენის შესახებ და საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სამართლებრივი აქტი წარმოიშვა 26.06.2000 წ., როდესაც საფინანსო სამმართველოს მიერ სკოლის დირექტორებს უარი ეთქვათ მათ მოთხოვნებზე. მოსარჩელის აზრით, სადავო აქტის საფუძველზე დაფუძნებული მართვის ცენტრის დებულება იურიდიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევითაა შედგენილი, იგი არ არის რეგისტრირებული არც სასამართლოში და არც იუსტიციის სამინისტროში. მოსარჩელემ მოითხოვა მერიის ¹ 480 ბრძანების 9.12 და 9.13 პუნქტების, აგრეთვე ცენტრის დებულების გაუქმება, რაც სკოლის დირექტორს მისცემს შესაძლებლობას დააბრუნოს იგი სამსახურში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 28.12.2000 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მის მიმართ სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს უფროსის მიერ სპორტული სკოლების დირექტორებისადმი გაცემული 26.06.2000 წ. წერილიდან, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ბუღალტრის საშტატო ერთეულის დამაგრებაზე. კოლეგიამ მიუთითა, რომ საფინანსო სამმართველოს უფროსის პასუხი სპორტსკოლის დირექტორისადმი არ წარმოადგენს არც ინდივიდუალურ და არც ნორმატიულ აქტს, საფინანსო სამმართველოს უფროსს სპორტსკოლის დირექტორებისათვის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ბუღალტრის საშტატო ერთეულზე უარი არ განუცხადებია, მან დააფიქსირა გამოცემული აქტებით შექმნილი მდგომარეობა და განუმარტა მათი მოთხოვნის უსაფუძვლობა. ნ. გ-იანის სარჩელი ქ. ქუთაისის მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანების 9.12 და 9.13 პუნქტების და ცენტრის დებულების გაუქმების მოთხოვნით, ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ წარმოებაში იქნა მიღებული 06.11.2000 წ., რის გამოც გაშვებულად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული სარჩელის სასამართლოში წარდგენის ვადა.

კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო აქტები ეწინააღმდეგება «განათლების შესახებ» კანონის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების მთხოვნებს და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს 25.09.97 წ. ¹ 467 ბრძანებით მოწონებულ იქნა მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანება. ამასთანავე, «განათლების შესახებ» კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სასპორტო სკოლების დამფუძნებელია ადგილობრივი მმართველობის ორგანო. ცენტრის დებულება შექმნილია განათლების სამინისტროს 09.06.94 წ. ბრძანებით დამტკიცებული «ბავშვთა-მოზარდთა სასპორტო სკოლისა და ბავშვთა-მოზარდთა და ახალგაზრდობის ოლიმპიური რეზერვის სპეციალიზებული სასპორტო სკოლის ტიპიური დებულების» შესაბამისად, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად, სასპორტო სკოლა შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს დამფუძნებლის ანუ მოცემულ შემთხვევაში ქ. ქუთაისის მერიის მიერ. სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ მართვის ცენტრი არ წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რის გამო უმართებულოა მოსარჩელის მითითება «მეწარმეთა შესახებ» კანონის დარღვევით ცენტრის ჩამოყალიბებაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 28.12.2000 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. გ-იანის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ დავის საგანს წარმოადგენს სკოლის უფლებების აღდგენა «განათლების შესახებ» კანონის 15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და სასპორტო სკოლის ტიპიური დებულების მიხედვით, რის თაობაზეც სამართლებრივი აქტი წარმოიშვა 26.06.2000 წ., საფინანსო განყოფილების მიერ დირექტორების მოთხოვნაზე უარის თქმის მომენტიდან. ა.ს.კ. 22-ე მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ფინანსთა სამმართველოს 26.06.2000 წ. აქტის და არა 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანების მიხედვით. 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანების და მართვის ცენტრის დებულების გაუქმების მოთხოვნის დასმა სარჩელში განპირობებული იყო იმით, რომ ამ აქტების გაუქმებას უშუალო კავშირი აქვს «განათლების შესახებ» კანონის მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სკოლის უფლებების აღდგენასთან. კასატორი თვლის, რომ მერიის 26.08.97 წ. ¹ 467 ბრძანების 9.12 და 9.13 პუნქტებით და დაფუძნებული მართვის ცენტრის დებულებით დაირღვა «განათლების შესახებ» კანონის მე-15 მუხლის მე-4-5 პუნქტები, ამასთანავე მერიის აღნიშნული ბრძანება და მის მიერ დამტკიცებული დებულება არ არის რეგისტრირებული, ხოლო განათლების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სასპორტო სკოლის ტიპიური დებულება რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში, მისი შესრულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. სპორტსკოლების რეორგანიზაცია უნდა განხორციელებულიყო არა ცენტრის დებულების, არამედ სპორტული სკოლის დებულების მიხედვით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს ქ. ქუთაისის მერიის ¹ 480 ბრძანების 9.12 და 9.13 პუნქტების და მართვის ცენტრის დებულების გაუქმებას.

ქ. ქუთაისის მერიის, მერიის განათლების განყოფილების და საფინანსო სამმართველოს წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სტრუქტურულ ცვლილებებს, კადრების მიღებას, კომპლექტაციას და განთავისუფლებას ახდენს განათლების განყოფილება და არა საფინანსო სამმართველო, ამასთანავე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლის თანახმად, ნ. გ-იანის სარჩელს გაცდენილი აქვს ხანდაზმულობის ვადა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მის მიმართ სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს უფროსის მიერ სპორტული სკოლების დირექტორებისადმი 26.06.2000 წ. გაცემული წერილობითი პასუხით, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ბუღალტრის საშტატო ერთეულის დამტკიცებაზე. ნ. გ-იანს არ მოუთხოვია მერიის საფინანსო სამმართველოს უფროსის წერილობითი პასუხის გაუქმება, სასარჩელო განცხადებით და საკასაციო საჩივრით იგი ითხოვდა ქ. ქუთაისის მერიის 26.02.97 წ. ¹ 480 ბრძანების 9.12 და 9.13 პუნქტების, მართვის ცენტრის დებულების გაუქმებას. სპორტსკოლებში ბუღალტრისა და საქმეთა მმართველის საშტატო ერთეულების დაშვება სცილდება მერიის საფინანსო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილების ფარგლებს, სამმართველო არ არის ცენტრის დამფუძნებელი, მისი ბრძანებით არ შემცირებულა სპორტსკოლების საშტატო ერთეულები, ცენტრის დებულების თანახმად ცენტრი განიხილავს საშტატო განრიგს და წარუდგენს დასამტკიცებლად განათლების საქალაქო საბჭოს. ამდენად, საფინანსო სამმართველოს უფროსის 26.06.2000 წ. წერილს არ მიუყენებია ნ. გ-იანისათვის რაიმე ზიანი, წერილი საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, მასში ახსნილია გამოცემული აქტებით შექმნილი ვითარება და მითითებულია, რომ განათლების განყოფილების ¹ 27 ბრძანებას, რომლითაც სპორტულ სკოლებს დაუბრუნდა გერბიანი ბეჭედი და შტამპი, ხოლო განყოფილების გამგის და მენეჯერის თანამდებობას დაერქვა დირექტორი და დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში, ცენტრის სტრუქტურაში საშტატო ერთეულების გაზრდის მიზნით ფინანსური ცვლილებები არ გამოუწვევია. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტში 02.03.01 წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად, ადმინისტრაციულ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყლფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. ვინაიდან სპორტსკოლებში ბუღალტრისა და საქმეთა მმართველის საშტატო ერთეულების დაშვება არ შეადგენს მერიის საფინანსო სამმართველოს უფროსის უფლებამოსილებას, შესაბამისად მის პასუხს არ შეეძლო ზიანი მიეყენებინა ნ. გ-იანისათვის, ამდენად, 26.06.2000 წ. წერილობითი პასუხი ვერ იქნება მიჩნეული ადმინისტრაციულ აქტად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სასამართლოში შეტანის ვადის ათვლა 2000 წლის 26 ივნისიდან უნდა დაიწყოს.

ქ. ქუთაისის მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანების საფუძველზე მიღებული განათლების საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის 01.12.97 წ. ¹ 43 ბრძანების თანახმად სპორტსკოლებში გაუქმდა ბუღალტრის თანამდებობა, დირექტორის 01.12.97 წ. ¹ 35 ბრძანებით ნ. გ-იანი გათავისუფლდა შტატების შემცირების გამო, შესაბამისად ამ პერიოდიდან მას უნდა სცოდნოდა მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანებისა და «ქ. ქუთაისის განათლების საქალაქო საბჭოს ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური აღზრდის, სპორტისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების მართვის ცენტრის დებულების» შესახებ. სწორედ ამ პერიოდში აღნიშნულმა აქტებმა იქონიეს უშუალო ზეგავლენა მის უფლებებზე. მიუხედავად ამისა, სასარჩელო განცხადება ქ. ქუთაისის მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანების და მართვის ცენტრის დებულების გაუქმების შესახებ ნ. გ-იანმა ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოში 30.10.2000 წ. შეიტანა, რის გამო გაცდენილია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა. რაც შეეხება განათლების საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის 01.12.97 წ. ¹ 43 ბრძანებას, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 08.08.2000 წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-იანს უარი ეთქვა 01.12.97 წ. ¹ 43 ბრძანების გაუქმებაზე ხანდაზმულობის ვადის გაცდენის გამო. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 14.09.99 წ. გადაწყვეტილებით ანალოგიური საფუძვლით არ დაკმაყოფილდა ნ. გ-იანის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ კასატორი გასაჩივრებულ აქტებს _ მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანების და მართვის ცენტრის დებულებას, ნორმატიულ აქტებად მიიჩნევს (სწორედ ამით არის განპირობებული განცხადების საოლქო სასამართლოში შეტანა, ამასთანავე, საოლქო სასამართლოს განსჯადობის შემოწმების მოთხოვნა არ დასმულა) კასატორი ითხოვს საფინანსო სამმართველოს მიერ პასუხის გაცემიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლას, მაშინ როდესაც აღნიშნული მუხლის მიხედვით ექვსთვიანი ვადა გამოიყენება ადმინისტრაციული აქტების ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიმართ, ხოლო ნორმატუილ აქტებთან მიმართებაში სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი და არა ექვსი თვის ვადაში. ამდენად სასამართლოში სარჩელის წარდგენის ვადა მერიის 26.08.97 წ. ¹ 480 ბრძანების 9.12 და 9.13 პუნქტების, აგრეთვე ცენტრის დებულების მიმართ, გაცდენილია მერიის საფინანსო სამმართველოს 26.06.2000 წ. წერილობითი პასუხიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლის შემთხვევაშიც, ვინაიდან ნ. გ-იანმა სარჩელი საოლქო სასამართლოში 30.10.2000 წ. შეიტანა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ვადები არ წარმოადგენენ აღმკვეთი ხასიათის ვადებს, ამასთანავე კასატორი ვერ ასახელებს ვადის გაცდენის რაიმე საპატიო მიზეზს. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ არსებობს კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის აღდგენის საფუძველი. სარჩელის წარდგენის ვადის გაცდენა წარმოადგენს სარჩელზე უარის თქმის საკმაო და აუცილებელ საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა არ თვლის საჭიროდ არსებითად სასარჩელო მოთხოვნაზე მსჯელობას.

ნ. გ-იანს საკასაციო საჩივარი შეტანილი ჰქონდა ბაჟის გადახდის გარეშე, რაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ წარმოადგენს საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დამაბრკოლებელ გარემოებას. ვინაიდან ნ. გ-იანმა გაასაჩივრა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სარჩელი, მისი აზრით, უშუალოდ არ ეხებოდა სამსახურში აღდგენას, შრომის სამართლებრივ ურთიერთობებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. გ-იანს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადახდეს სახელმწიფო ბაჟი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის – ნ. გ-იანის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ძალაში დარჩეს ქ.ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 28.12.2000 წ. გადაწყვეტილება.

2. ნ. გ-იანს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 20 ლარის ოდენობით.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.