გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ-ად-42-კ 23 აპრილი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი _ ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული 4 მოსარჩელისათვის 349015 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებულმა ოთხმა ფიზიკურმა პირმა: ჯ. ლ-ძემ, ნ. ლ-ძემ, ა. ჯ-ერმა და ნ. ჭ-ძემ 2000 წლის 24 თებერვალს სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მიმართ მატერიალური ზარალის ანაზღაურების თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ შემდეგი თანხები: ნ. ლ-ძის სასარგებლოდ _ 80873 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში; ჯ. ლ-ძის _ 47237 აშშ დოლარის ექვივალენტი; ნ. ჭ-ძის _ 95220 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი და ა. ჯ-ერის _ 125705 აშშ დოლარის ექვივალენტი, სულ 349015 აშშ დოლარის ექვივალენტი. სასარჩელო მოთხოვნა ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 თებერვლის ¹ 197 ბრძანებულებას, 1996 წლის 26 ივლისის ¹ 180 განკარგულებასა და 1997 წლის 1 დეკემბრის ¹ 704 ბრძანებულებას, რომელთა მიხედვითაც საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აღიარა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად თბილისელთათვის 8 მილიონი აშშ დოლარის ზიანის მიყენების ფაქტი და დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზიანის კომპენსაციის ვალდებულება. მოსარჩელეთა აზრით, 8 მილიონი აშშ დოლარის საერთო ზარალიდან მათი კუთვნილი წილი სულ შედგენს 426072 აშშ დოლარს, რაც დასტურდება 1991-92 წ. დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1996 წელს გაცემული ცნობებით. 77057 აშშ დოლარის ექვივალენტი მოსარჩელეებს უკვე აუნაზღაურდათ თბილისის მერიის მიერ და ამჟამად ითხოვდნენ ზარალის დარჩენილი ნაწილის _ 349015 აშშ დოლარის ექვივალენტის ანაზღაურებას.
პირველმა მოპასუხემ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო. იგი თვლიდა, რომ არასათანადო მოპასუხეა. არც მეორე მოპასუხემ _ ქ. თბილისის მერიამ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1991-1992 წლების მოვლენებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაზარალებული მოსახლეობის მიმართ არანაირი ვალდებულება აღარ გააჩნია, მას მხოლოდ საცხოვრებელი სახლების მშენებელობის დაფინანსება ევალებოდა, რაც უკვე შესრულებულია.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მერიას დაეკისრა შემდეგი თანხების გადახდა: ნ. ლ-ძის სასარგებლოდ _ 17984 ლარი (9129 აშშ დოლარის ექვივალენტი); ჯ. ლ-ძეს _ 21025 ლარი (10673 აშშ დოლარი); ჯ. ჭ-ძეს _ 29268 ლარი (14857 აშშ დოლარი), ხოლო ა. ჯ-ერს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ეთქვა უარი, ვინაიდან მის მიერ უკვე მიღებული და პრივატიზებით გაქვითული თანხა 42771 აშშ დოლარი აღემატებოდა განადგურებული ქონების ღირებულებას _ 42014 აშშ დოლარს. საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
1. «თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹ 180 განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების დასკვნები, რომლითაც დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებულმა მატერიალურმა ზარალმა შეადგინა 8 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა, ანუ 250934326 რუსული რუბლი. აღნიშნულ ზარალაში შედის როგორც საცხოვრებელი სახლების, ასევე საოჯახო ნივთების განადგურებით მიყენებული ზიანი.
2. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მიერ გამოყენებელი ზარალის გადაანგარიშების ის პრინციპი, რომელიც მოცემული იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რ. მითაიშვილის 1996 წლის 1 აპრილის ¹ 50-01-16/15 და 2000 წლის 28 აპრილს ¹ 5-01-03/30 წერილებში. სასამართლომ დაზარალებულთა დეკლარაციით განსაზღვრული ზარალის თანხა რუსული რუბლიდან გადაინგარიშა აშშ დოლარზე, იმჟამად მოქმედი კომერციული კურსით _ 1 აშშ დოლარი: 110 რუსული რუბლი, მიღებულ თანხას გამოაკლო მათთვის უკვე გადაცემული საოჯახო ნივთებისა და ფულადი კომპენსაციის თანხა და ნაშთის დარჩენილი თანხის ანაზღაურება დააკისრა თბილისის მერიას.
3. სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიისათვის ზარალის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრების შესახებ კოლეგიამ არ დააკმაყოფილა «თბილისში 1991-1992 წლებში დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერიალური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის ¹ 704 ბრძანებულებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც პრივატიზებით შემოსული თანხებიდან დაზარალებული მოსახლეობისათვის მატერილური ზარალის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის თბილისის ბიუჯეტში შეიქმნა მიზნობრივი ფონდი. კოლეგიამ მიიჩნია, რომ მერიის ბიუჯეტში ამ მიზნობრივი ფონდის შექმნითა და საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ზარალის ანაზღაურების ვალდებულება გადაეკისრა ქ. თბილისის მერიას, რის შესაბამისადაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტმა 1998 წლის 10 სექტემბერს მიიღო დადგენილება ¹ 17.08.377 დაზარალებული მოსახლეობისათვის ზარალის ანზღაურების წესის შემუშავების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებას, საკასაციო წესით ასაჩივრებს ქ. თბილისის პრემიერი გ. შერაძე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილითY გათვალისწინებული საფუძვლებით. კერძოდ:
1. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კოლეგიამ გადაწყვეტილება დააფუძნა 1997 წლის 1 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის ¹ 704 ბრძანებულებას და საერთოდ არ იმსჯელა პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹ 180 განკარგულებაზე, რომლის მე-2 პუნქტით თბილისის მერიას დაევალა დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაფინანსება თბილისის 1996 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული 5 მილიონი ლარის ფარგლებში, რაც უკვე შესრულებულია, ხოლო ამავე განკარგულების მე-5 პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, 1 კვირის ვადაში შეემუშავებინა წინადადებანი, 1996 წლის განმავლობაში მოსახლეობისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 5 მლნ. ლარის გამოსაყოფად დაფინანსების დამატებითი წყაროების გამოძებნაზე, ხოლო დარჩენილი თანხის ანაზღაურების საკითხი უნდა შეეტანათ 1997 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, რაც არ შესრულებულა;
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹ 704 ბრძანებულებით ქალაქის მერიამ ივალდებულა მატერიალური ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურება დაზარალებულთათვის აშენებული საცხოვრებელი ფართების პრივატიზებიდან შემოსული თანხების ფარგლებში, რაც დაზარალებულთა დასახმარებლად ქალაქის მთავრობის მხრიდან კეთილი ნების გამოხატვა იყო. 1999 წელს პრივატიზებიდან შემოსულმა თანხებმა (მიზნობრივმა ფონდმა) შეადგინა 987 000 ლარი, რაც დაზარალებულებს გაუნაწილდათ პროპორციულად, ხოლო 2000 წელს ამ თანხებმა შეადგინეს 49000 ლარი.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, 2001 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის მთავრობამ მიიღო დადგენილება ¹ 01.15.12, რომლითაც ცნობად იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹ 180 განკარგულებითა და ¹ 704 ბრძანებულებით ნაკისრი ვალდებულებები ქ. თბილისის მთავრობამ სრულად შეასრულა, ააშენა და აღადგინა 20 საცხოვრებელი სახლი 46200მ2 საერთო ფართობით, რომლის კაპიტალური დაბანდების თანხა შეადგენს 27,144 მილიონ ლარს, ხოლო დაზარალებულ მოქალაქეებს ქ. თბილისის მთავრობამ სულ აუნაზღაურა 1034622 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში (ახალ საცხოვრებელ სახლებში განთავსებული არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზების თანხა _ 560694 აშშ დოლარი; დაზარალებული მოქალაქეების მიერ აუქციონზე შესყიდული ობიექტების ღირებულება _ 350421 აშშ დოლარი, ასევე დაზარალებულებზე გაცემული დამწვარი ავტომანქანების კომპენსაცია და დამატებითი ფართები _ 123507 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში). ამიტომ თბილისის მერიამ მოითხოვა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 180 განკარგულების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას ითხოვენ, ასევე, მოსარჩელე ფიზიკური პირები _ ჯ. ლ-ძე, ნ. ლ-ძე, ნ. ჭ-ძე, ა. ჯ-ერი, შემდეგი მოტივით:
1. გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევით, სასამართლო გასცდა სარჩელის ფარგლებს და თავისი ინიციატივით სადავოდ გახადა ზარალის ოდენობა, რაც არც ერთ მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ;
2. სასამართლომ არასწორად განმარტა და შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის ¹ 180 განკარგულების მე-4 პუნქტი და 1991-92 წლების მოვლენების შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული 8 მილიონი აშშ დოლარის მატერიალურ ზარალში, მოქალაქეთა საცხოვრებელ სახლებთან ერთად განადგურებული საოჯახო ნივთებიც შეიტანა. იმჟამად პრივატიზების პროცესი ჯერ დაწყებული არ იყო, საცხოვრებელი სახლები კვლავ სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა და მოქალაქეები მხოლოდ სარგებლობდნენ ამ ფართებით, ამიტომ პრეზიდენტის განკარგულებაში მითითებული ზარალის ოდენობა მოიცავს მხოლოდ დაზარალებულთა საოჯახო ნივთებს;
3. ზარალის გადაანგარიშების ნაწილში სასამართლოს გადაწვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე” პუნქტისა. კასატორები არ იზიარებენ ზარალის ოდენობის გადაანგარიშების სასამართლოს მეთოდს, კოლეგიამ უსწოროდ მიუთითა «კომერციულ” კურსზე, ფაქტობრივად კი გამოიყენა რადიკალურად განსხავებული «საბაზრო კურსი”, რაც დაზარალებულთათვის ყველაზე არახელსაყრელია არასტაბილურობის გამო. კასატორები საკასაციო საჩივრაში ითხოვენ სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და ზარალის ანაზღაურებას სამთავრობო კომისიის გადაანგარიშებისა და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 180 განკარგულების შესაბამისად;
4. კოლეგიამ უკანონოდ არ გაითვალისწინა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობები ¹ 28; 30; 31; 34, რომელთა საფუძველზე მოსახლეობამ მიიღო საკომპენსაციო თანხები;
5. კასატორები არ იზიარებენ საქარათველოს ფინანსთა სამინისტროს არასათანადო მოპასუხედ მიჩნევას და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 180 განკარგულების შესაბამისად, მოითხოვენ პირვანდელი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და ზიანის აუნაზღაურებელი თანხის _ 349015 აშშ დოლარის მოპასუხეებზე _ საქართველოს ფინანსთა სამინისიტროსა და თბილისის მერიაზე სოლიდარულად დაკისრებას.
საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს დაზარალებულებმა შეცვალეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს ხელახლა განსახილველად საქმის საოლქო სასამართლოში დაბრუნება.
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივრებს არ ცნობს, მათ დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და თბილისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას ითხოვს, ვინაიდან, წარმომადგენლის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრომ შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 197 ბრძანებულებითა და ¹ 180 განკარგულებით დაკისრებული ვალდებულებანი და მოსახლეობის მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად გამონახა დაფინანსების დამატებითი წყაროები. კერძოდ, «სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” საქართველოს კანონში 1997 წლის 12 დეკემბერსა და 2000 წლის 13 ივლისს შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულთა ზიანის ასანაზღაურებლად ქ. თბილისის ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან 1998-2000 წლებისათვის განისაზღვრა ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივები 15%-ის ოდენობით, ხოლო 2000-2003 წლებისათვის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ანარიცხებიდან _ 60%-ის ოდენობით. ამდენად, ფინანსთა სამინისტრომ გამონახა ზიანის ანაზღაურების დამატებითი წყარო, ხოლო უშუალოდ დაზარალებულთათვის საკომპენსაციო თანხების გაცემის ვალდებულება, წარმომადგენლის განცხადებით, თბილისის მერიას უნდა დაეკისროს, რომელსაც ამ მიზნისათვის სპეციალური ფონდი ჰქონდა შექმნილი და იქედან ახდენდა საკომპენსაციო თანხების გაცემას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დაზარალებული კასატორების შუამდგომლობა საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა, არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ქ. თბილისში 1991-92 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი მოვლენების შედეგად დაზარალებული კასატორები ითხოვდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიისათვის 349015 აშშ დოლარის ექვივალენტის ზარალის სოლიდარულად დაკისრებას, აქედან ნ. ლ-ძის სასარგებლოდ 80873 აშშ დოლარის ექვივალენტის, ჯ. ლ-ძის _ 47237 აშშ დოლარის, ნ. ჭ-ძის _ 95220 აშშ დოლარისა და ა. ჯ-ერის სასარგებლოდ 125705 აშშ დოლარის ექვივალენტს. სარჩელში მითითებული მატერიალური ზიანის დასადასტურებლად, საქმეში 205; 207; 209 ფურცლებზე წარმოდგენილია დაზარალებულთა კომიტეტის თავმჯდომარისა და ქ. თბილისის მერის მიერ დამოწმებული დეკლარაციები, რომლებშიც მიყენებული მატერიალური ზიანი განსაზღვრულია მანეთებში; ნ. ჭ-ძე _ 3393960 მან; ა. ჯ-ერი _ 4621480 მან; ნ. ლ-ძე _ 3027550 მან; ჯ. ლ-ძე _ 1589200 მან, ხოლო დაზარალებულ თბილისელთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის კომისიის მიერ 1996 წელს გაცემულ ცნობებში ზიანის თანხა მითითებულია აშშ დოლარებშიც: ნ. ლ-ძე _ 100918 აშშ დოლარი, ნ. ჭ-ძე _ 113132 აშშ დოლარი, ჯ. ლ-ძე _ 52973 აშშ დოლარი, ა. ჯ-ერი _ 154049 აშშ დოლარი და კასატორებიც ზიანის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურებას ითხოვენ სწორედ აშშ დოლარებზე გადაანგარიშებით.
მართალია, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 180 განკარგულების მე-4 პუნქტით ცნობად იქნა მიღებული, რომ 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი ჯამში შეადგენდა 8 მილიონ აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, მაგრამ საკასაციო სასამართლოში დავის საგანია არა საერთოდ დაზარალებული 246 ოჯახისათვის 8 მილიონი დოლარის ზიანის ანაზღაურების საკითხი, არამედ კონკრეტული 4 დაზარალებულისათვის 349015 აშშ დოლარის ექვივალენტის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, დაზარალებული მოსარჩელენი ვალდებულნი არიან დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნების კანონიერება და საფუძვლიანობა, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, ამიტომ საოლქო სასამართლოს კოლეგია მოვალეც იყო შეემოწმებინა, ხომ არ ეწინააღმდეგებოდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ამგვარი აღიარება საქართველოს კანონმდებლობას. ამდენად, დაზარალებულთა კასაციის პირველ მოტივს, სასამართლო კოლეგიის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევისა და სარჩელის ფარგლების გაცდენის შესახებ, საკასაციო პალატა არ იზიარებს. პალატას მიაჩნია, რომ კასაციაში მითითებულ საპროცესო დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესი ნორმების დაცვით განიხილა საქმე, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატა, ასევე ვერ დაეთანხმება კასატორი დაზარალებულების პოზიციას ზარალის გადაანგარიშების ნაწილშიც. პალატას მიაჩნია, რომ კოლეგიამ მართებულად არ გაიზიარა ზარალის გადაანგარიშების ის პრინციპი, რომელიც მოცემული იყო საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რ. მითაიშვილის 1996 წლის 1 აპრილის ¹ 5-01-16/15 და 2000 წლის 28 აპრილის ¹ 5-01-03/30 წერილებში, ფაქტობრივად, მიყენებული მატერიალური ზარალის თანხებზე ყოველწლიურად 42,7%-ის დარიცხვის შესახებ, ვინაიდან პროცენტიდან პროცენტის გადახდა დაუშვებელია და ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მოვალის ასეთ პასუხისმგებლობას სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას კასატორებმა უარყვეს რ. მითაიშვილის მეთოდი და კასატორმა ა. ჯ-ერმა განაცხადა, რომ ფაქტობრივი ზიანის აშშ დოლარებზე გადაანგარიშება მოხდა «30” კოეფიციენტის გათვალისწინებით, მაგრამ დამადასტურებელი წერილებით მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა. ქ. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის ¹ 01.15.12 დადგენილების განმარტებისას მერიის წარმომადგენელმაც აღიარა ზიანის გადაანგარიშებისას «30” კოეფიციენტის გათვალისწინება, მაგრამ სამართლებრივად ვერ დაასაბუთა და მიუთითა საქართველოს სამთავრობო კომისიის გადაანგარიშებაზე. თბილისში 1991-92 წლების მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-მშენებლობისა და მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების სამთავრობო კომისის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს დაევალათ ქონებრივი ზარალის ოდენობის ეროვნულ ვალუტაში გადაანგარიშების მეთოდიკის შემუშავება, მაგრამ საქმეში არც ზარალის გადაანგარიშების მეთოდიკაა წარმოდგენილი და არც თავად გადაანგარიშება. ამიტომ, საკასაციო პალატა თვლის, რომ ასანაზღაურებელი ზარალის ოდენობა კვლავ დასადგენია, ზარალის გადაანგარიშების საკითხი გამოსაკვლევია, საჭიროა ამ ნაწილში დამატებით მტკიცებულებათა გამოთხოვა, რის გამოც ამ ეტაპზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლიდან გამომდინარე და საქმე კომპენსაციის თანხის ნაწილში ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას.
3. საკასაციო პალატის აზრით, დამატებით გამოსაკვლევია ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიის სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხიც. თბილისის მთავრობის 2001 წლის 24 იანვრის ¹ 011512 დადგენილების მიხედვით, კასატორი _ თბილისის მერია თვლის, რომ პირნათლად შეასრულა საქართველოს პრეზიდენტის ¹ 180 განკარგულებითა და ¹ 704 ბრძანებულებით ნაკისრი ვალდებულებები, აღადგინა და ააშენა 20 საცხოვრებელი სახლი 27144 მლნ. ლარის კაპიტალდაბანდებით, ხოლო დაზარალებულებს დამატებით აუნაზღაურა 1034622 აშშ დოლარის ზიანი, რაც მისი კეთილი ნების გამოვლენა იყო, ამიტომ ზიანის ანაზღაურება საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 180 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა დაეკისროს ცენტრალური ბიუჯეტიდან. საკასაციო საჩივრები უარყო და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 197 ბრძანებულებითა და ¹ 180 განკარგულებით დაკისრებულ ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროც, ვინაიდან, მისი აზრით, მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად გამონახა დაფინანსების დამატებითი წყაროები, ქ. თბილისის 1998-2003 წლების ბიუჯეტებში საბიუჯეტო ანარიცხებიდან 15% და 60% გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების დადგენით, რასაც არ ეთანხმება თბილისის მერია.
თბილისის მერიამ წარმოადგინა «საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” კანონის 2000 წლის 13 ივლისის ცვლილების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრსა და ქ. თბილისის მერიას შორის 2000 წლის 5 აგვისტოს დადებული შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებისაგან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივების ამოქმედების შედეგად თბილისის ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლით _ 10169400 ლარით _ დასაფინანსებელ ღონისძიებათა და დაწესებულებათა ჩამონათვალი, მაგრამ აღნიშნულ ნუსხაში არ არის გათვალისწინებული 1991-92 წლების თბილისის მოვლენების შედეგად დაზარალებულთა ზიანის ანაზღაურების ღონისძიება.
საქართველოს პრეზიდენტის ¹ 197 ბრძანებულებისა და ¹ 180 განკარგულების შესაბამისად, დაზარალებულთა ზიანის ასანაზღაურებლად დაფინანსების დამატებითი წყაროს გამონახვის დასადასტურებლად, საქართველოს ფინასთა სამინისტრომ, ასევე, მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის 1997 წლის 12 დეკემბრის ცვლილებაზე, რომლითაც თბილისის ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივი 1998-2000 წლებისათვის განისაზღვრა 15%-ის ოდენობით, მაგრამ რეალურად რა თანხას შეადგენდა განსაზღვრული 15%-იანი ნორმატივი და რა მიზნობრიობით, რომელ ღონისძიებათა დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა, ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ვერ ახსნეს და ვერც ის განმარტეს, ფაქტობრივად, რისთვის დაიხარჯა იგი. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის მერიის სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი დამატებით გამოსაკვლევია და დასადგენია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის ¹ 197 ბრძანებულებითა და ¹ 180 განკარგულებით დაკისრებული ვალდებულებების მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ შესრულების საკითხი, რის გამოც ამჟამად საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია და ადმინისტრაციულ ორგანოთა სოლიდარული პასუხისმგებლობის გამოსაკვლევად საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-3, მე-4 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის პრემიერის გ. შერაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ფიზიკური პირების _ ჯ. ლ-ძის, ნ. ლ-ძის, ნ. ჭ-ძისა და ა. ჯ-ერის საკაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე კოლეგიას.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.