3გ/ად-42-კ-01 5 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 10 მაისს მოწინააღმდეგე მხარემ, ... უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა კასატორ მ. შ-შვილის მიმართ და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულებისა და თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილების საფუძველზე მოითხოვა ბაგა-ბაღის შენობაში უკანონოდ შეჭრილი მოპასუხის გამოსახლება.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 26 დეკემბრის ¹1-3/925 ბრძანებით დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის (უნივერსიტეტის) თხოვნა და მას ოპერატიული მართვის უფლებით გადაეცა ქ. ახალციხეში მდებარე ...-ის კომბინატის (ამჟამად ს/ს «ლ.-ი») ბალანსზე რიცხული ბაგა-ბაღის შენობა. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 18 მარტის ¹1-3/184 ბრძანებით ცვლილება შევიდა ამავე სამინისტროს ზემოაღნიშნული ¹1-3/925 ბრძანებაში და ბაგა-ბაღის სადავო შენობა უსასყიდლო უზუფრუქტის ¹1 ხელშეკრულებით 10 წლის ვადით, 2008 წლის 18 მარტამდე გადაეცა უნივერსიტეტს, ახალციხის ფილიალის ...-ის ფაკულტეტის განსათავსებლად.
ამავე პერიოდში, 1996 წლის 21 მაისს ს.ს. «ლ.-სა» და კასატორს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც ს.ს. «ლ.-ი» (მოიჯარე) სადავო ბაგა-ბაღის შენობას _ 1108 კვ.მ. ფართით იჯარით გასცემდა კასატორზე 2000 წლის 20 მაისამდე ვადით. ადიგენის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ბაგა-ბაღის შენობის იჯარით გადაცემის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, გაუქმებულად ჩაითვალა იმ მოტივით, რომ ...-ის კომბინატის სააქციო საზოგადოება «ლ.-დ» გარდაქმნისას ბაგა-ბაღის შენობა არ შესულა მის საწესდებო კაპიტალში, იგი დარჩა სახელმწიფო საკუთრებად და ამდენად, სახელმწიფო საკუთრების შენობაზე იჯარის ხელშეკრულება დაიდო არაუფლებამოსილი პირის ს.ს. «ლ.-ის» მიერ. ადიგენის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა კასატორმა მ. შ-შვილმა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით აპელანტს (ამჟამად კასატორი) უარი ეთქვა სს «ლ.-თან» დადებული ხელშეკრულებით სადავო ბაგა-ბაღის ფართის სარგებლობაში გადაცემაზე, რაც საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, შევიდა კანონიერ ძალაში და შესაბამისად, 1999 წლის 30 სექტემბერს თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი მ. შ-შვილისათვის ბაგა-ბაღის შენობის სარგებლობაში გადაცემაზე უარის თქმის შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან 1998 წლის 19 მარტს დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარემ სარჩელი აღძრა კასატორის მიმართ უზუფრუქტით გადაცემული შენობიდან მისი გამოსახლების თაობაზე, რასაც დაეთანხმა მესამე პირი, ხოლო კასატორმა სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ იგი სადავო ბაგა-ბაღის შენობაში შეჭრილი არ არის, არამედ წლების მანძილზე და ამჟამადაც არის ამ ბაგა-ბაღის გამგე, ბაღი ფუნქციონირებს, ს.ს. «ლ.-თან” დადებული აქვს კანონიერი ხელშეკრულება და არ არსებობს მისი გამოსახლების საფუძველი. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის სარჩელი დაკმაყოფილდა და ქ. ახალციხეში მდებარე ...-ის კომბინატის ბაგა-ბაღის ყოფილი გამგე მ. შ-შვილი გამოსახლებული იქნა ... უნივერსიტეტისათვის უზუფრუქტით გადაცემული შენობიდან, რაც კასატორის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, რომლითაც ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას, ბაგა-ბაღის სანაცვლო ფართის გამოყოფას და მის დასაქმებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგი მოტივით:
1. ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლომ უდავოდ დადგენილად ცნო მ. შ-შვილის მიერ შენობის არამართლზომიერად, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავების ფაქტი, ამასთან ისიც მიუთითა, რომ ს.ს. «ლ.-თან» დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა უკვე ამოწურული იყო;
2. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის დაუსაბუთებელი მტკიცება ბაგა-ბაღის ამჟამადაც ფუნქციონირების შესახებ, ვინაიდან «მეწარმეთა შესახებ კანონის» შესაბამისად მას არ ჰქონდა გავლილი სახელმწიფო რეგისტრაცია;
3. სასამართლომ დაუსაბუთებულობის გამო, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა უზუფრუქტის ხელშეკრულების დადებისას სამოქალაქო კოდექსის 245-ე მუხლის I ნაწილის დარღვევის შესახებ, რადგან უზუფრუქტის დაწყებამდე მხარეებს შეუძლიათ აღწერონ უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტის მდგომარეობა, მაგრამ ამ ნორმის დაცვის სავალდებულობის შესახებ იმპერატიული მითითება კოდექსში არ არის;
4. კოლეგიამ მიიჩნია, რომ რაიონული სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც უზუფრუქტურას (მოწინაღმდეგე მხრეს) უფლება აქვს გადაცემული შენობა გამოიყენოს, როგორც მესაკუთრემ და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ მისით უკანონო სარგებლობა;
სააპელაციო სასამართლოს განჩინებას კასატორი მ. შ-შვილი ასაჩივრებს საკასაციო წესით, ითხოვს მის გაუქმებას უკანონობის მოტივით და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. მოწინააღმდეგე მხარე _ ... უნივერსიტეტი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, უსაფუძვლობის გამო ითხოვს მის დაკმაყოფლებაზე უარის თქმას და საოლქო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვებას.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარე _ ... უნივერსიტეტი, ხოლო კასატორი მ. შ-შვილი და მესამე პირი _ სახელმწიფო ქონების მართვის ახლციხის რაიონის სამმართველოს წარმომადგენელი, მიუხედავად საპროცესო ნორმებით დადგენილი წესით გაფრთხილებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განხილულ იქნა მათი დასწრების გარეშე.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარს უსაფუძვლობის მოტივით უარი უნდა ეთქვას და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 20 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პალატის მიერ უტყუარად დადგენილია და საქმეში წარმოდგენილი მასალითაც დასტურდება, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 1999 წლის 28 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. შ-შვილს უარი ეთქვა მასსა და სს «ლ.-ს” შორის 1996 წლის 21 მაისს დადებული ¹17 ხელშეკრულების საფუძველზე ახალციხის ... ფაბრიკის (...-ის კომბინატის) საბავშვო ბაღის შენობის ფართის, 1108 კვ.მ. სარგებლობაში გადაცემაზე, რაზეც შესაბამისად გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლისა და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტები (გადაწყვეტილება _ განჩინებები) სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირთათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და საკასაციო პალატაც იზიარებს მის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ... უნივერსიტეტისათვის გადაცემული ბაგა-ბაღის სადავო შენობის დაკავების რაიმე სამართლებრივი საფუძველი კასატორ მ. შ-შვილს არ გააჩნია, მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
2. სააპელაციო პალატის მიერ უტყუარად დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 18 მარტის ¹1-3/184 ბრძანებითა და 15 მარტის უსასყიდლო უზუფრუქტის ¹1 ხელშეკრულებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მოწინააღმდეგე მხარეს _ ... უნივერსიტეტს 10 წლის ვადით, 2008 წლის 18 მარტამდე, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცა ბაგა-ბაღის სადავო შენობა, ამიტომ ... უნივერსიტეტი სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, სადავო შენობის მართლზომიერი მფლობელია და ამავე კოდექსის 242-ე მუხლის მიხედვით, ... უნივერსიტეტის, როგორც კეთილსინდისიერი მფლობელის, უზუფრუქტუარის უფლებები დაცულია. სახელდობრ, იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ფართი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში მ. შ-შვილის მიერ, ამ ქონების სარგებლობა;
3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და არ იზიარებს კასატორის მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით უზუფრუქტის ხელშეკრულების დადების თაობაზე, რადგან ამ ნორმის თანახმად, უზუფრუქტის დაწყების წინ მხარეებს შეუძლიათ, მაგრამ ვალდებულნი არ არიან, აღწერონ უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტების მდგომარეობა. ვინაიდან კანონი არ ავალდებულებს მხარეებს უზუფრუქტის დაწყებამდე გადასაცემი ობიექტის მდგომარეობის აღწერას და ეს მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, ამიტომ უზუფრუქტის დაწყება გადასაცემი ობიექტების მდგომარეობის აღუწერლად, საკასაციო პალატის აზრით, არ წარმოადგენს კანონის დარღვევას და ვერ გახდება ხელშეკრულების მოშლის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორ მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 დეკემბრის განჩინება, რადგან მას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. შ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 20 დეკემბრის განჩინება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.