გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ/ად-43-კ 22 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
ზეპირი მოსმენით განიხილა ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 6 იანვარს მოსარჩელე ნ. გ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში და ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აღნიშნულ საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლების აღდგენა და კუთვნილი ნივთების დაბრუნება მოითხოვა.
სარჩელის საფუძვლად ნ. გ-შვილმა შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: იგი 1981 წლიდან მუშაობდა ქარხანა «ე.» ამწყობ ზეინკლად. იმავე წელს ქარხნის ადმინისტრაციამ ქარხნის საერთო საცხოვრებელში, ქ. თბილისში, ... ოთახი გამოუყო საცხოვრებლად, სადაც მარტო ცხოვრობდა 12 წელიწადი. 1993 წელს ქარხნის ადმინისტრაციამ სადავო ოთახში დროებით შეასახლა იმავე საწარმოში მომუშავე ზ. ფ-უა. მათ ერთად იცხოვრეს 1996 წლამდე. ნ. გ-შვილის განმარტებით, იგი თვითონ იხდიდა ყველა გადასახადს. 1996 წლიდან, დედის ავადმყოფობის გამო, დროებით მოუხდა თბილისიდან წასვლა და იმყოფებოდა სოფ. ... აღნიშნულით ისარგებლა ზ. ფ-უამ, რომელმაც მისი არყოფნის დროს კარებს გამოუცვალა გასაღები და მისი ნივთები ქარხნის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გარეთ გამოყარა, რამაც მათი განადგურება გამოიწვია. ზ. ფ-უამ ნ. გ-შვილის ნებართვის გარეშე უკანონოდ მოახდინა სადავო ბინის პრივატიზაცია, რითაც შელახა მისი უფლებები მოცემულ ფართზე. მოსარჩელის განმარტებით, მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ადგილი, იგი ქარხნის ადმინისტრაციას არ უცვნია ფართზე უფლებადაკარგულად და არ გამოუსახლებია სადავო ბინიდან, ხოლო ზ. ფ-უას გააჩნია სხვა საცხოვრებელი ბინა და სადავო ბინაში არ ცხოვრობს.
მოპასუხე ზ. ფ-უამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 1993 წლიდან ქარხნის ადმინისტრაციის მიერ შესახლებულ იქნა სადავო ბინაში, სადაც ნ. გ-შვილთან ერთად იცხოვრა 1996 წლამდე. ნ. გ-შვილი 1993 წლის 30 დეკემბერს გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან, ხოლო თვითონ 1998 წლის 1 ოქტომბრიდან უხელფასო შვებულებაშია. 1996 წლიდან ნ. გ-შვილი იმყოფებოდა დედასთან სოფ. ... 1997 წელს სს «ელექტროავტომატის» ბალანსზე რიცხული საერთო საცხოვრებლის შენობა, მდებარე ქ. თბილისში, ..., გადაეცა ქ. თბილისის მერიას კომუნალურ ფონდში ჩასარიცხად, რამაც საშუალება მისცა მოეხდინა სადავო ბინის უსასყიდლო პრივატიზაცია. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო პრივატიზაციის შესახებ, მაგრამ მან არ ისურვა მასში მონაწილეობის მიღება. ამასთან, ქარხნის ადმინისტრაციამ ნ. გ-შვილს 1997 წელს გამოუყო საცხოვრებელი ფართი ფოიეს ამოშენების ხარჯზე, რაც, ასევე, არ ისურვა ნ. გ-შვილმა. მოსარჩელის მიერ დატოვებული ნივთები მეზობლების თანდასწრებით, აქტის საფუძველზე, გამოტანილ იქნა სადავო ბინიდან და ინახება საიმედო ადგილას.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმული იქნენ სს «ე.» და თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-შვილის სარჩელი ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობისა და სადავო საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლების აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო სარჩელი კუთვნილი ნივთების დაბრუნების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ. გ-შვილის სასარგებლოდ ზ. ფ-უას 200 ლარის ღირებულების ნივთების დაბრუნება დაეკისრა.
რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად, ნ. გ-შვილს დაკარგული ჰქონდა ბინის ფართზე სარგებლობის უფლება. სადავო ბინის პრივატიზაციაში მას მონაწილეობა არ მიუღია. ქარხნის ადმინისტრაციის მიერ 1997 წლის 25 აპრილს მას საცხოვრებელი ფართი გამოეყო ფოიეს ამოშენების ხარჯზე, ხოლო ზ. ფ-უამ ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო ბინის პრივატიზაცია მოახდინა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო კუთვნილი ნივთების დაბრუნების ნაწილში დაეყრდნო ზ. ფ-უასა და მისი მეზობლების მიერ შედგენილ აქტს და ნ. გ-შვილს დაუბრუნა მხოლოდ ამ აქტში ჩამოთვლილი 200 ლარის ღირებულების ნივთები.
ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ და 2000 წლის 25 დეკემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
ნ. გ-შვილი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს განჩინებას და საკასაციო წესით გაასაჩივრა იგი. ნ. გ-შვილის განმარტებით, მოპასუხე ზ. ფ-უამ მისი ნებართვის გარეშე, უკანონოდ მოახდინა სადავო ბინის პრივატიზაცია, რომელშიც რეგისტრირებულია დღემდე და არავის ამოუწერია, არც არავის უცვნია იმ ფართზე უფლებადაკარგულად, სადაც იმყოფებოდა მისი ნივთები. ქარხნის ადმინისტრაციას, მიუხედავად 1993 წელს სამსახურიდან განთავისუფლებისა, არ მიუმართავს სასამართლოსათვის მისი ფართზე უფლებადაკარგულად ცნობისა და ბინიდან გამოსახლების მოთხოვნით და არც ამოუწერია სადავო ბინიდან. უფრო მეტიც, ქარხნის ადმინისტრაციამ 1997 წელს გამოუყო საცხოვრებლად დამატებითი ფართი ფოიეს ამოშენების ხარჯზე.
კასატორის განმარტებით, ზ. ფ-უას მიერ სადავო ბინის პრივატიზაციისას დარღვეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹ 107 დადგენილების მეორე მუხლი, რომლის თანახმადაც, «ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემა ყველა დამქირავებლის თანხმობით». კონკრეტულ შემთხვევაში ზ. ფ-უას თანხმობა ბინის პრივატიზაციაზე საკმარისი არ იყო, საჭირო იყო მისი თანხმობაც, რადგან ბინის დამქირავებლად ისიც ითვლებოდა.
სამატივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ კასატორ ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2000 წლის 25 დეკემბრის განჩინება ზ. ფ-უას ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო საცხოვრებელ ფართზე ნ. გ-შვილის სარგებლობის უფლების აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-შვილის სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 30 აგვისტოს ¹ 574 დადგენილებით დამტკიცებული დებულება «საერთო საცხოვრებლების შესახებ» და საქართველოს საბინაო კოდექსი, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვოლის ¹ 107 დადგენილება «მოქალაქეთათვის ბინის პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ».
საქართველოს რესპუბლიკის საბინაო კოდექსის 119-ე მუხლის თანახმად, «საერთო საცხოვრებელში ფართობი ეძლევათ მუშებს, მოსამსახურეებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და სხვა მოქალაქეებს მათი მუშაობის ან სწავლის პერიოდისათვის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის, პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, საერთო საცხოვრებლებისათვის დაწესებული ნორმის შესაბამისად.»
სასამართლოს მიერ დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ნ. გ-შვილს სადავო საცხოვრებელი ფართი საერთო საცხოვრებელში გადაეცა ქარხნის ადმინისტრაციისა და შესაბამისი ორგანოების ერთობლივი გადაწყვეტილებით, კანონით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, «საწარმოთა, დაწესებულებათა, ორგანიზაციათა მუშაკები, რომლებსაც მუშაობის გამო ადგილი მიეცათ საერთო საცხოვრებელში, შეიძლება გამოსახლებულ იქნენ სხვა საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოდან დაითხოვეს არასაპატიო მიზეზით საკუთარი სურვილისამებრ, შრომის დისციპლინის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენისათვის», რაც იმას ნიშნავს, რომ მუშაკის გამოსახლება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ადმინისტრაციის უფლება იყო და არა მოვალეობა. მას შეიძლება მოეთხოვა მისი გამოსახლება და შეიძლება არა. ამასთან, ზემოთ დასახელებული დებულების მე-4 თავის 25-ე პუნქტის მე-2 აბზაცის შესაბამისად, აღნიშნული მუშაკები დაკავებული ფართიდან «შეიძლება გამოსახლდნენ მხოლოდ სასამართლო წესით».
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქარხნის ადმინისტრაციას არ მიუმართავს სასამართლოსათვის და არ მოუთხოვია ნ. გ-შვილის გამოსახლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი 1993 წელს გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა სს «ე.» დირექტორის მოადგილე თ. ბ-ძემ, რომელიც 1986-1994 წლებში დირექტორად მუშაობდა ქარხანაში, განმარტა, რომ ადმინისტრაციას არ განუცხადებია ნ. გ-შვილისათვის, რომ დაეტოვებინა სადავო ბინა (მიუხედავად მისი გათავისუფლებისა), ამასთან, არ მიუმართავს სასამართლოსათვის მისი გამოსახლების შესახებ. ნ. გ-შვილის გარდა სხვა პირებიც იყვნენ სამსახურიდან გათავისუფლებული, მაგრამ დღესაც აგრძელებენ ცხოვრებას საერთო საცხოვრებელში. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ კომუნალურ ფონდში სადავო საცხოვრებელი ბინის ჩარიცხვის მომენტისათვის ნ. გ-შვილი სასამართლო წესით არ იყო ფართზე უფლებადაკარგულად ცნობილი და გამოსახლებული სადავო ბინიდან, ჩაწერილი და რეგისტრირებული იყო სადავო ბინაში და კანონის შესაბამისად ითვლებოდა ბინის დამქირავებლად.
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების თანახმად, სადავო ბინის პრივატიზაციისათვის საჭირო იყო ორივე დამქირავებლის ნ. გ-შვილისა და ზ. ფ-უას _ თანხმობა, რაც არ ყოფილა გათვალისწინებული აღნიშნული ბინის პრივატიზაციის დროს, რითაც დაირღვა ნ. გ-შვილის კანონიერი უფლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისში, ... მდებარე ბინის პრვატიზაციის ხელშეკრულება, დადებული 1998 წლის 28 სექტემბერს, ერთი მხრივ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საბინაო გაერთიანებასა და მეორე მხრივ _ ზ. ფ-უას შორის და ნ. გ-შვილს სადავო საცხოვრებელ ფართზე უნდა აღუდგეს სარგებლობის უფლება.
საკასაციო სასამართლო, ამასთან, ვერ შეამოწმებს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებას ნ. გ-შვილისათვის მხოლოდ 200 ლარის ღირებულების ნივთების დაბრუნების ნაწილში, ვინაიდან კასატორს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ გაუსაჩივრებია, ხოლო საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინებას ამოწმებს მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამ ნაწილში კი გასაჩივრებული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 389-ე, 399-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 25 დეკემბრის განჩინება.
3. ნ. გ-შვილის სარჩელი ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელეშკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ფართზე ნ. გ-შვილის სარგებლობის უფლების აღდგენის ნაწილში დაკმაყოფილდეს.
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინის პრვატიზაციის ხელშეკურლება ზ. ფ-უაზე და აღუდგეს ნ. გ-შვილს აღნიშნულ საცხოვრებელ ფართზე სარგებლობის უფლება.
5. სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 40 ლარის ოდენობით გადახდეს ზ. ფ-უას.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის სააღსრულებო ბიუროს, ნოტარიუს ქ. ჩხიკვაძეს და თბილისის ტექ. აღრიცხვის ბიუროს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.