Facebook Twitter

¹ 3გ/ად-43-კ-01 27 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, მხარეთა დაუსწრებლად განიხილა თბილისის კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის რაიონის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ... მდებარე ¹38 საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება ზ. ფ-უაზე და სადავო ბინით სარგებლობის უფლება აღუდგა ნ. გ-შვილს.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის რაიონის სააღსრულებო ბიურომ 2001 წლის 6 აგვისტოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თაობაზე თბილისის კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის რაიონის სააღსრულებო ბიუროს განცხადება დასაშვებია, რადგან გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის.

ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქრთველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისში, ... მდებარე ¹38 საცხოვრებელი ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება ზ. ფ-უაზე და სადავო ბინით სარგებლობის უფლება აღუდგა ნ. გ-შვილს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით აღდგა სადავო ბინის პრივატიზაციამდე არსებული მდგომარეობა, ე.ი. სადავო ბინის მოსარგებლეები თანასარგებლობის უფლებით არიან ზ. ფ-უა და ნ. გ-შვილი. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით უზენაეს სასამართლოს არ დაუდგენია ზ. ფ-უას სადავო ბინიდან გამოსახლება, მან სადავო ბინით სარგებლობის უფლება აღუდგინა გ-შვილს, რის საფუძველზეც იგი შესახლებულ უნდა იქნეს სადავო ბინაში ზ. ფ-უასთან ერთად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის რაიონის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს უზაენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი განიმარტოს შემდეგნაირად:

უზენაეს სასამართლოს არ დაუდგენია ზ. ფ-უას სადავო ბინიდან გამოსახლება, მან სადავო ბინით სარგებლობის უფლება აღუდგინა გ-შვილს, რის საფუძველზეც იგი შესახლებულ უნდა იქნეს სადავო ბინაში ზ. ფ-უასთან ერთად.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.