¹ 3გ/ად-43-კ.ს.-01 30 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: პრეზიდენტის აქტების ბათილად ცნობა; ანაბრებზე რიცხული თანხების დაბრუნების მოთხოვნა.
აღწერილობითი ნაწილი:
ფიზიკურმა პირებმა ჯ. ს-ავამ, ს. კ-ავამ, ს. ს-ავამ 2001 წლის 8 ივნისს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მოპასუხეების საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სს «გ.-ისა» და საპაიო კომერციული ბანკი «ა.-ის» მიმართ, მათ ანაბრებზე რიცხული თანხების დაბრუნებისა და საქართველოს პრეზიდენტის 02.07.2001წ. ¹258, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 02.06.1992წ. ¹181 და საქართველოს პრეზიდენტის 08.12.1997წ. ბრძანებულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
13.08.01წ. სასამართლო კოლეგიამ გამოიტანა განჩინება სარჩელში ხარვეზის შევსების შესახებ. 20.08.01წ. მოსარჩელეებმა შეასწორეს ხარვეზი და დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა. 22.08.01წ. სასამართლო კოლეგიამ მოსარჩელეებს უარი უთხრა სარჩელის მიღებაზე იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ მიღებული აქტების ბათილად ცნობას. ამავე განჩინებით მოსარჩელე ფიზიკური პირების ანაბრებზე რიცხული თანხის დაბრუნების ნაწილში სარჩელი გადაეგზავნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს განსჯადობით განსახილველად.
ზემოთმითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს საოლქო სასამართლოს 2001 წლის 22 აგვისტოს განჩინების გაუქმება, სამართალწარმოების საკონსტიტუციო სახით გადაწყვეტილებამდე დროებით შეჩერება და დააყენეს შუამდგომლობა, რათა სასამართლოს მიემართა წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოსარჩელეთა მოთხოვნები სარჩელის მეორე ნაწილს – მათ კუთვნილ ანაბარზე რიცხული თანხის დაბრუნებასაც შეეხო: კერძოდ, დასაბრუნებელი თანხის ზუსტი ოდენობის დასადგენად მოითხოვეს კომისიური ექსპერტიზის დანიშვნა. ამასთანავე, საჩივრის ავტორებმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და მათთვის ადვოკატის სახელმწიფო ხარჯზე დანიშვნა მოითხოვეს.
საქართველოს საოლქო სასამართლოს ადმნისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 5 სექტემბრის განჩინებით წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად და დაუშვებლად მიიჩნია.
სასამართლოს განჩინებაში მიუთითა, რომ ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი საჩივრის ფორმა არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, რადგან მხარეს კერძო საჩივრის მაგივრად საკასაციო საჩივარი ჰქონდა შემოტანილი. ამასთან, მოსარჩელეების მიერ არ ყოფილა დაცული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე და 415-ე მუხლების მოთხოვნები.
სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ფიზიკურ პირებს მართებულად ეთქვათ უარი სარჩელის მიღების თაობაზე იმ ნაწილში, რომელიც პრეზიდენტის (შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო მეთაურის) აქტების ბათილობას შეეხებოდა, რადგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში მოსარჩელეებს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უნდა მიემართათ.
სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, კანონიერი იყო 22.08.01წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტიც, რომლითაც საქმე პირველი ინსტანციის წესით განსახილველად დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს გადაეგზავნა, რადგან სარჩელის ძირითადი მოთხოვნები თანხის დაკისრების თაობაზე მიმართული იყო მოპასუხის _ სს «გ.-ის» მიმართ, ამ უკანასკნელის იურიდიული მისამართი კი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონს ეკუთვნოდა. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებლად მიიჩნია და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით მართებულად ეთქვათ უარი მოსარჩელე ფიზიკურ პირებს სარჩელის მიღებაზე იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის (შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის) მიერ გამოცემული აქტების საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შესაბამისობის მოთხოვნას მოიცავდა. მოსარჩელეებს გასაჩივრებული განჩინებით განემარტათ, რომ «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს» შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, იგი წარმოადგენს საქართველოში საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნას, ამ ნორმის თანახმად, თუ სასამართლო საქმის განხილვისას მიიჩნევს, რომ კანონი, რომელიც ამ საქმისათვის უნდა იქნეს გამოყენებული, არ შეესაბამება ან ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, სასამართლო შეაჩერებს საქმის განხილვას ამ საკიტხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, რის შემდეგაც საქმის განხილვა განახლდება. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის აქტების კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობა სარჩელის საგანია, იგი წარმოადგენს დავის საგანს და არ აქვს ადგილი ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნას. აქვე, აღსანისნავია, რომ მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვა ხორციელდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და არა მხარეთა შუამდგომლობით; ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსსარჩელეებს სადავო აქტების არაკონსტიტუციურად და ბათილად ცნობის საკითხში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მართებულად ეთქვათ უარი და მათ განჩინებითვე განემარტათ, რომ აქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსათვის უნდა მიემართათ.
საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ საოლქო სასამართლომ სწორად გადააგზავნა საქმე ძირითადი მოპასუხის სს «გ.-ის» ადგილმდებარეობის მიხედვით, რადგან დავის ძირითად საგანს წარმოადგენდა მოსარჩელეთა ანაბრებზე რიცხული თანხების დაბრუნება, აღნიშნული მოთხოვნა კი მიმართული იყო სს «გ.-ის» მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოში განსჯადობით განსახილველად კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა გადაგზავნილი.
საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოში ფიზიკური პირების მიერ წარდგენილი საჩივარი მართებულად იქნა მიჩნეული სასამართლო კოლეგიის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე და 415-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით წარმოდგენილად, რადგან მოსარჩელეებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 22 აგვისტოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრის ნაცვლად კერძო საჩივარი უნდა შემოატანა, უნდა ყოფილიყო კერძო საჩივრისათვის დადგენილი მოთხოვნები დაცული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 5 სექტემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ს-ავას, ს. კ-ავასა და ს. ს-ავას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 22 აგვისტოს და 5 სექტემბრის განჩინებები.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.