Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3/ად-44-კ-01 29 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთზე უფლების ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

19.03.99 წ. ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიწის ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნით, სარჩელით მიმართა მ. ჭ-ია-ბ-ძემ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ოჯახთან ერთად 1955 წლიდან ცხოვრობდა ... მდებარე ნ. გ-შვილის სახელზე რიცხულ სახლში, სადაც მათ კუთვნილებაში იყო პირველ სართულზე მდებარე ერთი ოთახი დამხმარე სათავსოებით, რაშიდაც ნ. გ-შვილს გადაუხადა 16 ათასი მანეთი. 1970 წლიდან მოსარჩელის ოჯახი აყვანილ იქნა ბინის მიღების აღრიცხვაზე. 1972 წელს ... მდებარე მაცხოვრებლები, გაყვანილ იქნენ სახლიდან შენობის ავარიულობის გამო. მ. ჭ-ია-ბ-ძის ოჯახი კვლავინდებურად აგრძელებდა ავარიულ სახლში ცხოვრებას. 1989 წელს მ. ჭ-ია-ბ-ძის ოჯახი დროებით განთავსდა ... მდებარე ერთოთახიან ბინაში, ხოლო 1993 წელს მ. ჭ-ია-ბ-ძის ოჯახს, სანიტარული ნორმების დაცვით, გამოეყო ოთხოთახიანი ბინა დიდ დიღომში. მიუხედავად იმისა, რომ ... მდებარე ბინიდან იძულებით იქნა ამოწერილი, მოსარჩელეს არ შეუწყვიტავს მასთან კავშირი. მოსარჩელე თვლის, რომ აქვს მის მიერ ნაყიდი ბინის ადგილზე უფლება, რის გამო მიმართა ქ. თბილისის მერიას და ჩუღურეთის რაიონის გამგეობას ... მდებარე ადგილის მისთვის გამოსაყოფად, რაზედაც უარი მიიღო. მოსარჩელის აზრით, უკანონო გადაწყვეტილების შედეგად ნაკვეთი გამოეყო ზ. ნ-შვილს, რომელსაც ... შესყიდული ქონდა დამწვარი სახლი, სადაც არ უცხოვრია არც ერთი დღე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ... მდებარე ბინაში 44 წლის განმავლობაში ცხოვრების შედეგად იგი არ უნდა ჩაითვალოს მდგმურად.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 28.06.99წ. განჩინებით მ. ჭ-ია-ბ-ძის სარჩელი ხარვეზების შევსების მიზნით დარჩა უმოძრაოდ. განჩინებით მოსარჩელეს მიეთითა, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, რადგან სადავო ფართი გამოეყო ზ. ნ-შვილს არა ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებით, რის საფუძველზეც მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ გატარებულ იქნა საჯარო რეესტრში. 07.07.99 წ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ. ნ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა მისი საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაბმა, ხოლო მოპასუხეებად მიწის მართვის დეპარტამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ჩართვა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 26.07.99 წ. განჩინებით საქმე წარმოებით შეწყდა მ. ჭ-ია-ბ-ძის არასათანადო მოსარჩელედ მიჩნევის გამო. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 23.08.99 წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ია-ბ-ძის კერძო საჩივარი 26.07.99 წ. განჩინებაზე, კერძო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლის 21.09.99 წ. განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქმე არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.11.99 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ჭ-ია-ბ-ძის მიერ. საოლქო სასამართლოს 07.02.01 წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.11.99 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ჭ-ია-ბ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის დარღვევით, გადაწყვეტილება არ არის საკმაოდ დასაბუთებული, გადაწყვეტილებაში, ოქმისაგან განსხვავებით, არ არის მხარედ მითითებული ქ. თბილისის მერია, გადაწყვეტილების მიხედვით ზ. ნ-შვილი საქმეში არის ჩართული მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მაშინ როდესაც საქმის მასალებში არ მოიპოვება ზ. ნ-შვილის მიერ წარდგენილი სარჩელი, აღნიშნულის შესახებ არაფერია ნათქვამი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, დავის საგნად მითითებულია არა მიწის ნაკვეთის დაბრუნება, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.06.98 წ. დადგენილება. სააპელაციო სასამართლომ მ. ჭ-ია-ბ-ძე არასათანადო მოსარჩელედ მიიჩნია, საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია მიწის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 07.02.01 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ჭ-ია-ბ-ძის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ 1955 წელს მისმა ოჯახმა შეისყიდა ერთი ოთახი სათავსოებით 16 ათას მანეთად კერძო საკუთრების სახლში. 1974 წლიდან კასატორი ითვლებოდა სახლის ფაქტიურ მფლობელად, ვინაიდან სახლში მაცხოვრებელი ოჯახები გასახლებული იქნენ სახლის ავარიულობის გამო. კასატორის ადმინისტრაციული წესით გამოსახლების შესახებ რამდენიმეჯერ მიღებული აქტები ვერც ერთხელ ვერ აღსრულდა, მიუხედავად იმისა, რომ ამტვრევდნენ ბინას, ხსნიდნენ კარ-ფანჯარას კასატორი მაინც არ ტოვებდა სახლს. ვინაიდან კერძო საკუთრების ჩამორთმევა აკრძალულია კანონმდებლობით, მ. ჭ-ია-ბ-ძემ თავისი უფლების დასაცავად მიმართა სასამართლოს.

კასატორი აღნიშნავს, რომ ბინის მიღების აღრიცხვაზე იდგა 1970 წლიდან, ბინით დაკმაყოფილდა დიდი დაგვიანებით, 23 წლის შემდეგ, ბინა სპეციალურად გამოუყვეს დიდი დიღმის დასახლებაში, მიუხედავად იმისა, რომ იყო შესაძლებლობა ქალაქის ცენტრში ბინის გამოყოფისა. აღრიცხვით მიღებულ ბინას არანაირი კავშირი არა აქვს სახლის ავარიულობასთან. შესაფერისი ბინის მიღებამდე 1983 წელს გამოყოფილ ერთ ოთახში ცხოვრობდა კასატორის ვაჟიშვილი, თავად კი არსად გადასულა და აგრძელებდა ფართში ცხოვრებას. სახლის მეპატრონის მიერ წერილობით შედგენილი ვალდებულება, ითვალისწინებს ბინით დაკმაყოფილებას და არა იძულებით გასახლებას. ბინის დანგრევის მიუხედავად დარჩენილია ადგილი, სადაც ბინა იდგა, რის გამო უსწოროა მოწინააღმდეგე მხარის მტკიცება იმის შესახებ, რომ იგი ითხოვს არარსებულს. კასატორის აზრით, ბინას ჩამოქცევის საფრთხე არ ემუქრებოდა, იგი დანგრეულ იქნა ზ. ნ-შვილის მიერ, რომლის საბუთები ვადაგასულია, შესაბამისად ვადაგაცდენილია მისი ყოველი მოთხოვნა. მოთხოვნის უფლება აქვს თ. გ-შვილს, როგორც სახლის მესაკუთრის მემკვიდრეს, რომელსაც არ უთქვამს უარი მემკვიდრეობაზე, მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემის გამომცხადებელი კანონმდებლობის საფუძველზე მას უნდა აღუდგეს სახლთმფლობელობა. კასატორი ითხოვს საჭიროების შემთხვევაში სახლის ყოფილი მესაკუთრის მემკვიდრეების პროცესზე იძულებით მოყვანას, მდგმურად 46 წლის განმავლობაში ცხოვრების გამო, «ატსტუპნოით» ნაყიდი ბინის ადგილის მისთვის დაკანონებას.

მესამე პირმა – ზ. ნ-შვილმა შეპასუხებაში საკასაციო საჩივარი არ ცნო, საღ აზრს მოკლებულად მიიჩნია იგი და აღნიშნა, რომ აწ გარდაცვლილ სახლის მესაკუთრეს, რომლის სახლში მდგმურად ცხოვრობდა კასატორი, სიცოცხლეში პრეტენზია სადავო ნაკვეთზე არ გამოუთქვამს, საქმეში დაცულია მისი განცხადება სახლთმფლობელობის გაუქმების თაობაზე. კასატორს გამოეყო ოთხოთახიანი ბინა დიდ დიღომში, სადავოდ გამდხარი მიწის ნაკვეთი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის დადგენილებით დაუმაგრდა. კასატორის საჩივრების შედეგად ვადა გაუვიდა ლიცენზიას საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განსახორციელების და მშენებლობის ნებართვას, რის გამოც განიცადა მატერიალური და მორალური ზარალი. ზ. ნ-შვილი შეპასუხებაში ითხოვს უარი ეთქვას კასატორს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, კასატორზე ზარალის – 2000 ლარის დაკისრებას, რომელიც განიცადა გაჭიანურებული სასამართლო დავის გამო. ზ. ნ-შვილი ითხოვს აგრეთვე საქართველოს ურბანიზაციის და მშენებლობის სამინისტროს და ქ. თბილისის მერიის სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო კონტროლის ინსპექციის წინაშე სასამართლოს შუამდგომლობას, რათა მას აღუდგეს ვადაგაცდენილი ლიცენზია და მშენებლობის ნებართვა.

მოწინააღმდეგე მხარეებს შესაგებელი არ წარმოუდგენია. თბილისის მერიის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა წერილობით განცხადებაში საკასაციო საჩივარი არ ცნო და ითხოვა მისი დასწრების გარეშე საჩივრის განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა და მესამე პირის განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ჭ-ია-ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ტექნიკური ინვეტარიზაციის ბიუროს მიერ 29.07.99 წ. გაცემული ცნობის თანახმად, ბიუროს ჩანაწერებით ... მდებარე სახლმფლობელობა მ. ჭ-ია-ბ-ძეზე არ ირიცხება და არც ირიცხებოდა. კასატორის 4 სულიანი ოჯახი აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობდა ნ. გ-შვილის პირადი საკუთრების სახლში ერთოთახიან ბინაში მდგმურად. საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის, ე.წ. «ატსტუპნოის» ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.06.99 წ. დადგენილების მიღების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით არ ქმნიდა არც ბინაზე და არც მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოქმნის საფუძველს, მით უფრო, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მიწაზე კერძო საკუთრებას, სამოქალაქო კოდექსის და «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» კანონის ძალაში შესვლამდე რამდენიმე წლით ადრე კასატორის ოჯახი მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ბინის სანაცვლოდ დაკმაყოფილდა ოთხოთახიანი ბინით დიდ დიღომში და ამდენად, მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ ნაკვეთის განკარგვის დროისათვის კასატორს დაკარგული ჰქონდა სადავო ობიექტზე რაიმე უფლება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.06.01 წ. გადაწყვეტილებით «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» 25.06.99 წ. კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლითაც კანონმდებლობით დადგენილი ფორმის დარღვევით ხელშეკრულების დამდები, შემძენი მესაკუთრედ იყო მიჩნეული, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, გადაწყვეტილება ძალაშია შესული, იგი გამოქვეყნებულია, რის გამო არაკონსტიტუციურად ცნობილი კანონის აღნიშნული ნაწილს, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ძალა აქვს დაკარგული.

სახლის მესაკუთრე თ. გ-შვილი, სახლის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, სახლში მცხოვრები სხვა 4 ოჯახთან ერთად, გაყვანილ იქნა ახალ საცხოვრებელ ბინაში. 06.05.75 წ. ნოტარიულად დადასტურებული წერილობითი თანხმობის მიხედვით, თ. გ-შვილი კისრულობდა ვალდებულებას მისი 4 სულიანი ოჯახის და მდგმურების საბინაო პირობებით დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაენგრია მის სახელზე რიცხული ავარიული სახლი. ამდენად, უმართებულოა კასატორის მ. ჭ-ია-ბ-ძის მოთხოვნა საქმეში ნ. გ-შვილის მემკვიდრის იძულებით პროცესში მხარედ ჩართვის, სადავო ობიექტზე მათი მემკვიდრეობის უფლების აღდგენის შესახებ, ვინაიდან მათ რაიმე პრეტენზია დავის საგანზე არა აქვთ, სარჩელის უფლება დისპოზიციური უფლებათაგანია, ხოლო პროცესუალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საკასაციო ინსტანციაში ახალი მხარის ჩაბმის შესაძლებლობას.

პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ... მდებარე სახლი არ იმყოფებოდა ავარიულ მდგომარეობაში. სახლის მწვავე ავარიულ მდგომარეობაში ყოფნა, ბინაში მდგმურის სტატუსით ცხოვრების ფაქტი დასტურდება 17.09.70 წ. გ. ჭ-იას განცხადებით ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილის სახელზე, თ. გ-შვილის ნოტარიულად დამოწმებული ვალდებულების ტექსტით, ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის საბჭოს აღმასკომის 04.10.89 წ. გადაწყვეტილებით, რომლითაც კასატორის ოჯახს 4 სულზე, როგორც მწვავე ავარიულ სახლში მცხოვრებს, გამოეყო ოთხოთახიანი ბინა დიდ დიღომში, ხოლო ... მდებარე სახლთმფლობელობა გაუქმებულ იქნა, გამონთავისუფლებული მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა საერთო წესით განაწილებას. ვინაიდან ფართის სიმცირის გამო აღნიშნული მიწის ნაკვეთის ცალკე ფიზიკურ პირებზე განაწილება ვერ ხერხდებოდა (საქართველოს მიწის კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად ქალაქად ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის სანიტარული ნორმა უნდა შეადგენდეს 300 კვ.მ.-დან 600 კვ.მ.-დე), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.06.98 წ. ¹ 12.26.278 დადგენილების 1.4 პუნქტის მიხედვით იგი დაუმაგრდა ზ. ნ-შვილს, ... მასზე რიცხული სახლთმფლობელობის მიერ მიმდებარედ დაკავებული ეზოს შევსების მიზნით. «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» 28.10.98 წ. კანონის ამოქმედებამდე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის დამაგრება ყველა კატეგორიის იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე «საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქის – ქ. თბილისის მმართველობითი ორგანოების უფლებამოსილებათა შესახებ» საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 19.12.92 წ. ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების და თვით მერიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების მიხედვით ხორციელდებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის მიერ. ამასთანავე, ნაკვეთის სავალდებულო საკონკურსო წესით გაცემა გათვალისწინებულ იქნა სადავო მიწის ნაკვეთის დამაგრების შემდეგ, «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვის და განკარგვის შესახებ» 28.10.98 წ. კანონით.

პალატა აღნიშნავს, რომ ზ. ნ-შვილის შეპასუხებაში დაყენებულ მოთხოვნებს კასატორზე ზარალის – ორი ათასი ლარის დაკისრებისა და ლიცენზიებისა და მშენებლობის ნებართვის აღდგენისათვის შუამდგომლობის გაწევის შესახებ არ ჰქონდა მიცემული სასარჩელო განცხადების ფორმა, ზ. ნ-შვილს არ წარუდგენია შეგებებული სარჩელი ქვედა სასამართლო ინსტანციებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. ამდენად, მესამე პირის ზ. ნ-შვილის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის – მ. ჭ-ია-ბ-ძის საკასაციო საჩივარი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, წარმოებაში იქნა მიღებული სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მიუხედავად. ამასთანავე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, რომ მ. ჭ-ია-ბ-ძე არის ინვალიდი პენსიონერი, განიცდის მატერიალურ ხელმოკლეობას, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის «მ» ქვეპუნქტის საფუძველზე, პალატა მთლიანად ათავისუფლებს მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორის მ. ჭ-ია-ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 07.02.01 წ. გადაწყვეტილება.

3. სახელმწიფოს ხარჯზე მოწვეულ ადვოკატ თ. ფაღავას გაწეული წარმომადგენლობითი საქმიანობის ანაზღაურებისათვის სახელმწიფო სალაროდან გამოეყოს 50 ლარი.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.