3გ/ად-44-კ-01 27 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
1993 წელს გამოცხადდა ზესტაფონის მრავალდარგოვან საწარმო «ტ.-ის» პრივატიზება და საკონკურსო წესით იგი შეიძინა ნ. ნ-ძე-წ-ელმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა თბილისის დიდუბის რაიონის პროკურორის სარჩელი სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, აგრეთვე ბ. მ-ძისა და ზესტაფონის მრავალდარგოვან საწარმო «ტ.-ის» შრომითი კოლექტივის სარჩელი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონული განყოფილების მიმართ, ბათილად იქნა ცნობილი «ტ.-ის» კონკურსით გაყიდვის თაობაზე გარიგება და გაუქმდა ნ. ნ-ძე-წ-ელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹21/108-კ. 1999 წლის 10 მაისს ნ. ნ-ძე-წ-ელმა სარჩელით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა 1997 წლის 24 მარტს შეტანილ სასარჩელო განცხადებაზე საქმის წარმოების განახლება, რომელიც ეხებოდა კონკურსის ბათილობით გამოწვეული ზიანის მოპასუხე-სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სასამართლოსათვის სრული მოცულობით დაკისრებას, რისი ოდენობაც მოსარჩელემ შეამცირა სასამართლოს მთავარ სხდომაზე და მოითხოვა 78 093 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ძე-წ-ელის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს დაეკისრა 78093 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს მიერ. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 17 ივლისის განჩინებით «სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესახებ», სააპელაციო საჩივარი არ იქნა წარმოებაში მიღებული და აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის 3742, 79 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.
აპელანტმა-საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველომ წერილობით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და განუმარტა, რომ განსახილველი დავა სახელმწიფო საწარმო «ტ.-ის» პრივატიზებიდან გამომდინარე დავაა, რომლითაც მოსარჩელე ნ. ნ-ძე-წ-ელი ითხოვდა პრივატიზების შედეგების ბათილად ცნობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის «ს» პუნქტითა და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის ¹87 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების მე-3 თავის მე-10 პუნქტით, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და ტერიტორიული სამმართველოები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან დაკავშირებულ დავებზე. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 აგვისტოს განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ნ-ძე-წ-ელმა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
1. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება გამოტანილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული 10-დღიანი ვადის დარღვევით, სააპელაციო საჩივრის საოლქო სასამართლოში შესვლიდან 34 დღის შემდეგ;
2. განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის დარღვევით, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს «სააპელაციო საჩივრის» შინაარსს;
3. სააპელაციო საჩივარი სასამართლომ მიიღო სამოქალაქო საპროცესო ნორმების დარღვევით, რადგან აპელანტს _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს არ გამოუსწორებია სასამართლოს მიერ 2001 წლის 17 ივლისს მითითებული ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟი 3742, 79 ლარი დღემდე გადაუხდელია;
4. განსახილველი დავა არ გამომდინარეობს სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან, არამედ სარჩელი ეხებოდა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობიდან გამომდინარე ზიანს, ამიტომ «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის შეღავათი აპელანტზე _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოზე არ ვრცელდება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, ნ. ნ-ძე-წ-ელის კერძო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 414-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, ნ. ნ-ძე-წ-ელის კერძო საჩივრის შესწავლისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინებების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 და 31 აგვისტოს განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
ნ. ნ-ძე-წ-ელი კერძო საჩივრით ასაჩივრებს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 აგვისტოს განჩინებას სააპელაციო საჩივრის მიღებისა და მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ. სააპელაციო პალატამ, საკასაციო პალატის აზრით, მართებულად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის განხილვის განსხვავებულ რაიმე წესს არ ითვალისწინებს, სააპელაციო პალატამ კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას, ასევე სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 აგვისტოს გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დასაშვებად ცნო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი და განსახილველად მიიღო წარმოებაში, რაც ამავე ნორმის თანახმად, კერძო საჩივრით არ საჩივრდება. აღნიშნული ნორმა კერძო საჩივრის შეტანას ითვალისწინებს მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ვინაიდან 2001 წლის 14 აგვისტოს გასაჩივრებული განიჩნებით სააპელაციო პალატამ წარმოებაში განსახილველად მიიღო სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, რომელზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი კერძო საჩივრის შეტანას არ ითვალისწინებს, სააპელაციო პალატამ 2001 წლის 31 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 414-ე მუხლების პირველი ნაწილის საფუძველზე დაუშვებლად მიიჩნია ნ. ნ-ძე-წ-ელის კერძო საჩივარი, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 და 31 აგვისტოს განჩინებები, ვინაიდან სააპელაციო პალატამ აღნიშნული განჩინებები გამოიტანა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სწორად გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და მართებულადაც განმარტა იგი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ნ-ძე-წ-ელის კერძო საჩივარი დაუშვებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 და 31 აგვისტოს განჩინებები.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის – 1171 ლარის ნ. ნ-ძე-წ-ელზე დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. უზენაესი სასამართლოს განჩინება დადგენილი წესით დაეგზავნოს მხარეებს, საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს.
5. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.