¹ 3გ/ად-46-კ.ს-01 20 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 6 სექტემბერს თბილისის კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ და ითხოვა მოპასუხისათვის 468795 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ეროვნული ბანკის სარჩელი სსკბ «თ.-ის» მიმართ და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება _ შენობა მიწის ნაკვეთთან ერთად _ მიექცა იძულებით აუქციონზე.
2001 წლის 19 ივნისს და 3 ივლისს გამართულ აუქციონებზე ზემოთ აღნიშნული უძრავი ქონების შეძენის სურვილი არავის გამოუთქვამს, რის გამოც «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონის 77-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2001 წლის 3 ივლისის განცხადებით თანხმობა განაცხადა აუქციონზე გატანილი უძრავი ქონება ვალში მიეღო ნატურით.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2001 წლის 6 ივლისს გაიცა განკარგულება აღნიშნული უძრავი ქონების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ნატურით გადაცემის შესახებ და მასვე მიეცა წინადადება, გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ფასსა და მოთხოვნას შორის დაეფარა სხვაობა, რაც შეადგენდა 468795 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
მოსარჩელის მიერ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნული ბანკი უარს აცხადებდა აღნიშნული სხვაობის დაფარვაზე, ამიტომ კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიურომ ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ყადაღის დადება ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე არსებულ საქართველოს ეროვნული ბანკის კუთვნილ 930000 ლარზე, საიდანაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დაიფარებოდა ზემოთ მითითებული სხვაობა _ 468795 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 6 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის თხოვნა და ყადაღა დაედო სს ბანკ «რ.-ში» ვაკე-საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე არსებულ საქართველოს ეროვნული ბანკის კუთვნილ 930000 ლარს.
მოპასუხე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კერძო საჩივრით ითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 6 სექტემბრის განჩინების გაუქმება შემდეგი ძირითადი საფუძვლებით:
სასამართლო კოლეგიას კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს სარჩელი არ უნდა მიეღო წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» პუნქტის თანახმად, რადგანაც საქართველოს ეროვნულ ბანკს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით უკვე შეტანილი ჰქონდა სარჩელი კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული, თუ მისი მიუღებლობა გააძნელებდა გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს ეროვნული ბანკი კი ყველაზე გადახდისუნარიანი სუბიექტია საქართველოში და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში არ გაუჭირდებოდა დაკისრებული თანხის გადახდა.
სასამართლო კოლეგიამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის კერძო საჩივარი, 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა იგი და საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს სარჩელის წარმოებაში მიღებისას სასამართლო კოლეგიას არ უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» პუნქტის მოთხოვნა, რადგანაც კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში განსახილველი დავა (საქართველოს ეროვნული ბანკის სარჩელი მოპასუხე კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს 2001 წლის 6 ივლისის განკარგულების ქონების ნატურით გადაცემის შესახებ, კანონიერად ცნობის, ქ. თბილისში, ...-ის ქ. ¹2\1-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ეროვნული ბანკის რეგისტრაციის კანონიერად ცნობის, საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნასა და უძრავი ქონების საბაზრო ფასს შორის არსებული სხვაობის ეროვნული ბანკის მიერ გადახდის შესახებ სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის უკანონოდ ცნობისა და კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროსათვის 2001 წლის 6 ივლისის განკარგულების გაუქმების საკითხის დაყენების აკრძალვის თაობაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს მოსარჩელე თბილისის კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროსა და მოპასუხე საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის თბილისის საოლქო სასამართლოში არსებულ იმავე დავად, რადგანაც მოსარჩელე მიუთითებს დავის სხვა საგანსა და სხვა საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნული სარჩელი კანონის სრული დაცვით მიიღო წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებულ განჩინებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად არ არის დასაბუთებული, თუ რატომ გააძნელებდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას სარჩელის დაკმაყოფილებისას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროების სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდის დამაბრკოლებელი არავითარი საფუძველი არ არსებობს და გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი არ იქნება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ეროვნული ბანკის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 6 სექტემბრისა და 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებები.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.