Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3\ად-48-კ 30 მაისი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ი. ტაბუცაძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

განიხილა გამომცემლობა «საქართველოს» მთავარი რედაქტორის ვ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო პალატამ, მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაია ვაჩაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1999 წლის 4 ივნისს გამომცემლობა «ს-ს» მთავარმა რედაქტორმა ვ. ჯ-ძემ სარჩელით მიმართა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს და გამომცემლობა «ს-ს» დირექტორს ჯ. ღ-იასა და სს «.. ..ის» დირექტორს ვ. მ-შვილს შორის 1998 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოპასუხეებად საქმეში ჩაბმული იქნენ სს «.. ..ი», საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო და გამომცემლობა «ს-ს» დირექტორი ჯ. ღ-ილია.

ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1998 წლის 28 ოქტომბერს გამომცემლობა «ს-ს» დირექტორმა ჯ. ღ-იამ შრომით კოლექტივთან შეუთანხმებლად ხელშეკრულება გააფორმა სს «.. ..ის» დირექტორ ვ. მ-შვილთან იმის თობაზე, რომ პრივატიზაციის შემდეგ გამომცემლობა «ს.» მესამე სართულზე მდებარე მის კუთვნილ ათ ოთახს სს «.. ..-ს» გაუცვლიდა მეორე სართულზე მოთავსებულ კლუბში. აღნიშნული ხელშეკრულება აისახა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 14 იანვრის ¹ 1-3\13 ბრძანებაში «გამომცემლობა «ს-ს» შრომითი კოლექტივისათვის ქ. თბილისში, ... მდებარე 1248 კვ.მ. ფართობის პირდაპირი წესით მიყიდვის შესახებ», რომელშიც ქონების მართვის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს დაევალა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით გაეფორმებინა გამომცემლობა «ს-სთან» ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

გამომცემლობა «ს-ს» შრომითი კოლექტივის წევრებმა აღნიშნულის შესახებ შეიტყვეს 1999 წლის 29 იანვარს და მოითხოვეს სადაო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ცვლილებების შეტანა ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 14 იანვრის ¹ 1-3\13 ბრძანებაში იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების დადების დროს გამომცემლობა «ს-ს» სახელზე რიცხული ფართი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, რისი განკარგვის უფლებაც დირექტორს არ გააჩნდა; ხელშეკრულებით გამომცემლობის დირექტორმა ჯ. ღ-იამ იკისრა ვალდებულება, რომ გამომცემლობის პრივატიზაციის შემდეგ სს «.. ..ს» გაუცვლიდა იმ ფართს, რომელიც პრივატიზაციის შემდეგ არც სახელმწიფოს და არც გამომცემლობის ქონება აღარ იქნებოდა; ამასთან, ხელშეკრულება შეეხო მომავალ ქონებას, რაც ბათილობის საფუძველია.

მოპასუხე სს «.. ..მა» სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ხელშეკრულება კანონიერია, რადგან იგი დადებულია მომავალ ქონებაზე, რომელიც პრივატიზაციის შემდეგ აღარ იქნებოდა სახელმწიფოს საკუთრება; ხელშეკრულება დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე და ამდენად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად; ქ. თბილისში, ... მდებარე მთელი შენობა ეკუთვნის სს «.. ..ს», რასაც ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

მოპასუხე _ გამომცემლობა «ს-ს» დირექტორმა ჯ. ღ-იამ ცნო სარჩელი და სადაო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მესამე პირმა, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ არ ცნო სარჩელი და მის მიერ 1999 წლის 14 იავნარს მიღებული ბრძანების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა გამომცემლობა «ს-ს» სასარჩელო მოთხოვნა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 14 იანვრის ¹ 1-3\13 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ გამოიყენა «საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» საქართველოს 1997 წლის კანონის მესამე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 320-ე მუხლები.

სს «.. ..მა» სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე შენობა საპრივატიზაციო დოკუმენტებითა და საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს სს «.. ..ის» საკუთრებას, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია; ამასთან, აპელანტის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 54.4, 54.6, 55.9 და 57.2 მუხლები და არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 320-ე მუხლი; სს «.. ..ი» თავად წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორივე ფართის მესაკუთრეს და ამდენად, სადავო ხელშეკრულება, როგორც არარა გარიგება ბათილია ამ საფუძვლით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სრულად გაიზიარა სს «.. ..ის» სააპელაციო საჩივარი და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის ერთადერთ მესაკუთრეს წარმოადგენს სს «.. .. «, ხოლო საკუთარ ქონებაზე მის მიერ დადებული სადავო ხელშეკრულება არის არარა გარიგება, რომელიც ბათილია დადების მომენტიდანვე. ამასთან, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით თბილისის საოლქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა: ბათილად ცნო გამომცემლობა «ს-სა» და სააქციო საზოგადოება «.. ..ს» შორის 1998 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულება ფართის გაცვლის თაობაზე და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დაავალა 1999 წლის 14 იანვრის ¹ 1-3\13 ბრძანებიდან მე-3 პუნქტის ამორიცხვა.

გამომცემლობა «ს-ს» მთავარმა რედაქტორმა ვ. ჯ-ძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ საოლქო სასამართლომ ფაქტიურად დააკმაყოფილა სს «.. ..ის» სააპელაციო საჩივარი და არა მათი სარჩელი; ამასთან, სასამართლომ არასწორად გამოიყენა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონი და არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 320-ე მუხლი.

თავის მხრივ, საკასაციო საჩივარზე პასუხი წარმოადგინა სს «.. ..ის» დირექტორმა ვ. მ-შვილმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა შეიცვალოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1994 წელს, საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტრომ, «სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოთა გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის ¹ 288-ე დადგენილების შესაბამისად, განახორციელა საქართველოს რესპუბლიკის პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის კორპორაციის ქ. თბილისის «.. ..ის» აქციონირება და არა პრივატიზება. ამ დადგენილებით დამტკიცებული «სახელმწიფო საწარმოთა სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის შესახებ» დებულების, სააქციო საზოგადოების ტიპობრივი წესდებისა და «სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლიანობის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 25 ივლისის კანონის საფუძველზე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹ 3\5 განკარგულებით რეგისტრაციაში გატარდა სს «.. ..ი». ამ დროისათვის სააქციო საზოგადოების ერთადერთ დამფუძნებელსა და აქციათა პაკეტის 100% მფლობელს წარმოადგენდა სახელმწიფო.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 24 თებერვლის ¹ 106 დადგენილებით გამომცემლობა «ს-ს», როგორც ქონების ნამდვილ მფლობელს, სააქციო საზოგადოება «.. ..ის» ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ის ფართობი, რომელიც მას ეკავა ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის მე-2 და მე-3 სართულზე _ სულ 1248 კვ. მეტრი.

მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 1995 წლის 1 მაისის დადგენილებით სს «.. ..ის» ბალანსიდან საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის გარეშე ამოიღო 1248 კვ. მეტრი ფართი და გადასცა გამომცემლობა «ს-ს». ამასთან, ამავე დადგენილებით, სს «.. ..ს» მიეცა 41 600 ცალი აქციისაგან შემდგარი აქციათა პაკეტის (საწესდებო კაპიტალის 50,89%) პირდაპირი შესყიდვის უფლება.

«საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 9 აგვისტოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, მხოლოდ პრივატიზების შემდეგ კარგავს სახელმწიფო პრივატიზებული ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებებს, ხოლო მაშინ მოქმედი სააქციო საზოგადოების ტიპობრივი წესდების 6.3 და 6.4 მუხლების საფუძველზე აქციონერთა კრებას, ჩვეულებრივი აქციების 50%-ზე მეტის მფლობელის თანხმობით, უფლება აქვს გაყიდოს, გაცვალოს ან სხვაგვარად განკარგოს საზოგადოების ქონება.

ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვერც მოწინააღმდეგე მხარის _ სს «.. ..ისა» და ვერც თბილისის საოლქო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქონების მართვის სამინისტროს, როგორც სს «.. ..ის» ერთადერთ აქციონერს, სრული უფლება ჰქონდა განეკარგა საზოგადოების ქონება და მხოლოდ ამის შემდეგ დაეწყო აქციათა პირდაპირი მიყიდვის (პრივატიზაციის) პროცესი. ამ ურთიერთობების მიმართ «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის გამოყენებას საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან აღნიშნული კანონი, ჯერ ერთი, ძალაში შევიდა 1995 წლის 1 მარტს, მეორეც, სს «.. ..ი» კანონის შესაბამისად თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ ხელახალ რეგისტრაციაში გატარდა მხოლოდ 1996 წლის 30 აგვისტოს. საყურადღებოა ისიც, რომ რეგისტრაციის მომენტისათვის სს «.. ..ის» საწესდებო კაპიტალში სადაო 1248 კვ. მეტრი ფართი არ შედიოდა, რადგან 1995 წლის 15 მარტის მიღება-ჩაბარების აქტისა და საზოგადოების გენერალური დირექტორის ი. ა-ძის 1995 წლის 16 მარტის ბრძანების საფუძველზე აღსრულდა ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 1 მაისის დადგენილება და შესაბამისი დოკუმენტები გაეგზავნა ქ. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს.

საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსაზრებას, რომ სს «.. ..ი» არის ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის, მათ შორის სადაო 1248 ვ. მეტრი ფართის მესაკუთრე და ამდენად, 1998 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულება, გამომცემლობა «ს-სა» და სს «.. ..ს» შორის ფართის გაცვლის თაობაზე, არარა გარიგებაა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 ნოემბრის ¹ 678 განკარგულებით «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, გამომცემლობა «ს-ს» შრომით კოლექტივს სათანადო საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით კანონიერად მიენიჭა ქ. თბილისში, ... მდებარე 1248 კვ. მეტრი ფართობის პირდაპირი წესით პრივატიზების უფლება. შესაბამისად, მიღებულ იქნა სამინისტროს 1999 წლის 14 იანვრის ¹ 1-3\13 ბრძანება.

გამომცემლობა «ს-ს» შრომითმა კოლექტივმა კანონით დადგენილი წესისა და ვადის დაცვით გადაიხადა სადავო ფართის საპრივატიზაციო საფასური და წარადგინა სათანადო საბუთები ქონების მართვის სამინისტროში საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის მისაღებად.

ფაქტი იმის შესახებ, რომ დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ... მდებარე შენობა ირიცხება სს «.. ..ის» სახელზე, არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლოს არ შეუძლია დაამტკიცოს რეესტრის უზუსტობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად მანამ, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

საკასაციო პალატის აზრით, ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის 1248 კვ. მეტრი სადაო ფართის მესაკუთრეა გამომცემლობა «ს.», რომელიც ამ უფლების სრულად განახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ მისთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, რაც შესაბამისად აისახება საჯარო რეესტრში.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას გამომცემლობა «ს-სა» და სს «.. ..ს» შორის 1998 წლის 28 ოქტომბერს ფართის გაცვლის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ გამომცემლობა «ს-ს» დირექტორს ჯ. ღ-იას არ ჰქონდა სახელმწიფო ქონების განკარგვის უფლება, ვინაიდან «სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ» საქართველოს 1997 წლის 30 მაისის კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ფლობს, განკარგავს და მართავს სახელმწიფო ქონებას, ხოლო სამთავრობო დაწესებულებას, ამ შემთხვევაში ქონების მართვის სამინისტროს, უფლება არა აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებას უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თანახმად «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა. შესაბამისად, საკასაციო პალატის აზრით, ცვლილებები უნდა შევიდეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 14 იანვრის ¹ 1-3\13 ბრძანებაში და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ამ ბრძანების მე-3 პუნქტი.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მოსამართლის თ. კილანავას მონაწილეობა მოცემული საქმის განხილვაში ვერ ჩაითველბა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე და 32-ე მუხლების დარღვევად, ვინაიდან გამომცემლობა «ს-სათვის», როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ცნობილი იყო საქართველოს უზენაესი საარბიტრაჟო სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ და მას სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე თ. კილანავასათვის აცილება არ განუცხადებია, ამასთან, ამ მუხლებით გათვალისწინებული მოსამრთლის აცილების საფუძვლები საქმის მასალებით დადგენილი არ არის.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გამომცემლობა «ს-ს» საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა შეიცვალოს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლებით, საკასაციო პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. დაკმაყოფილდეს გამომცემლობა «ს-ს» საკასაციო საჩივარი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. დაკმაყოფილდეს გამომცემლობა «ს-ს» სასარჩელო მოთხოვნა.

ბათილად იქნეს ცნობილი გამომცემლობა «ს-სა» და სს «.. ..ს» შორის 1998 წლის 28 ოქტომბერს დადებული ფართის გაცვლის ხელშეკრულება.

დაევალოს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ცვლილებები შეიტანოს 1999 წლის 14 იანვრის ¹ 1-3\13 ბრძანებაში და ბათილად იქნეს ცნობილი ამ ბრძანების მე-3 პუნქტი.

3. სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით დაეკისროთ სს «.. ..ს».

4. საქართველოს უზენაესი საამართლოს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გაეგზავნოს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სააღსრულებო ბიუროს, თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროსა და საქართველოს სახელმწიფო მიწის მართვის დეპარტამენტს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.