3გ-ად-48კ-ს-01 5 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი: 1. კერძო საჩივრის დასაშვებობა. 2. გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს კონტროლის პალატის 1996 წლის 2 დეკემბრის ¹626 ბრძანებით ჩატარდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება, რომლითაც დადგინდა, რომ სარევიზიო პერიოდში (1994 წლის 1 აპრილიდან 1997 წლის 1 იანვრამდე) სესხის გაცემასთან დაკავშირებით მომსახურებისათვის მოსაკრებლის სახით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცანგარიშზე შემოსულმა თანხამ შეადგინა 651283 ლარი, საიდანაც საზღვარგარეთული კრედიტის გაცემის შედეგად მიღებულია 65000 ლარი, ხოლო 550283 ლარი მოდის პრივატიზაციის ფონდის ანარიშიდან გაცემულ სესხებზე. საქართველოს კონტროლის პალატის 1999 წლის 9 ივნისის ¹249 ბრძანების საფუძველზე, ასევე შემოწმდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1997 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 1 აპრილამდე პერიოდში. ორივე შემოწმებით საქართველოს კონტროლის პალატის 2001 წლის 11 ივლისის ¹6-სხ-01-2/742 წერილით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 615331 ლარი, შესაბამისად, ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001 წლის 20 ივლისის ¹01/13 ბრძანებით, დარიცხულ თანხაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზე დაიდო ¹198, ¹199, ¹200 საინკასო დავალებები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2001 წლის 17 სექტემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა: 1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სამსახურის ¹198, ¹199, ¹200 საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე;
2. საქართველოს კონტოლის პალატის 2001 წლის 25 მაისის ¹6-სხ-01-2/615 და ¹6-სხ-01-2/613 წერილების ბათილად ცნობა;
3. ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2001 წლის 20 ივლისის ¹01/13 ბრძანებისა და საგადასახადო სამსახურის ¹198, ¹199 და ¹200 საინკასო დავალებების ბათილობა;
4. საქართველოს კონტროლის პალატის 1997 წლის 17 აპრილისშემოწმების აქტის 85-ე გვერდზე სიტყვის «დაერიცხა” შეცვლა შემდეგი სიტყვებით «უნდა დაერიცხოს”;
5. საგადასახადო სამსახურის მიერ ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშიდან საინკასო დავალებებით უკანონოდ ჩამოჭრილი თანხის იმავე ანგარიშზე დაბრუნება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო რა სარჩელი, იმავდროულად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე, 30-ე მუხლების პირველი ნაწილის შესაბამისად, დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის არსებითად განხილვამდე, საგადასახადო სამსახურის სადავო ¹198, ¹199, ¹200 საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის დაყადაღებით აღარ გაიცემოდა სამინისტროს თანამშრომლების კუთვნილი პრემია, ხელშეკრულებით აყვანილ მუშაკთა ხელფასი, ზიანი მიადგებოდა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, მით უფრო, როცა მიმდინარეობს მუშაობა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე.
ადმინისტრაციული აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს კონტროლის პალატამ და მისი გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ სპეცსახსრები არ წარმოადგენს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების ძირითად წყაროს, რადგან მისი ყველა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სპეცსახსრები სამინისტროს შემოსავლების დამატებითი წყაროა, ამიტომ მასზე არ არის დამოკიდებული სამინისტროს ფუნქციონირება და სპეცსახსრების ანგარიშის დაყადაღებამ შეუძლებელია გამოიწვიოს სამინისტროს საქმიანობის სრული პარალიზება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტარციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სრულად გაიზიარა საქართველოს კონტროლის პალატის კერძო საჩივარი და გააუქმა თავისივე 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინება ადმინისტრაციული აქტების (საინკასო დავალებების) მოქმედების შეჩერების ნაწილში. სასამართლო კოლეგიამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილში საგანგებოდ მიუთია, რომ ამ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენა აღარ დაიშვებოდა.
მიუხედავად სასამართლოს მითითებისა, საქართველოს ფინანასთა სამინისტრომ 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი და კანონის ანალოგიით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 197-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობა. სამინისტრომ, ასევე, მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის «ე” პუნქტის დარღვევით 20 სექტემბერს მიღებული დაუსაბუთებელი განჩინების გაუქმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-2, საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 სექტემბრის ¹352 ბრძანებულებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2001 წლის 20 სექტემბრის ¹217 ბრძანების საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2001 წლის 21 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლიდან გამომდინარე, დაუშვებლად ცნო კერძო საჩივარი და 417-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივარი განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლებმა კერძო საჩივარი არ ცნეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე, 414-ე მუხლების საფუძველზე ითხოვენ კერძო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 21 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვებას ან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობების არარსებობის გამო, უსაფუძვლობის მოტივით კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სადავო ადმინისტრაციული აქტების (საინკასო დავალებების) მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინების ძალაში დატოვებას.
კერძო საჩივრის ავტორებმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 197-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვეს კერძო საჩივრის დასაშვებად ცნობა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 21 სექტემბრის განჩინების გაუქმება. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ამასთანვე მოითხოვეს კერძო საჩივრის არსებითად განხილვა, მისი დასაბუთება-საფუძვლიანობის შემოწმება, კერძო საჩივრის დაკმაყოფილება და საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი და უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 21 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებაში მოითხოვა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების _ საგადასახადო სამსახურის ¹198, ¹199, ¹200 საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებით. მოსარჩელის შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-30-ე მუხლებით და სამართლებრივად წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ამოქმედებამდე გათვალისწინებული იყო და არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ვ” პუნქტით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცალკე სპეციალური ნორმის სახით გამოყოფით მისი სამართლებრივი ბუნება არ შეცვლილა და კვლავ სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რაც ნათლად დასტურდება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელთა მიხედვითაც ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა ისევე, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, სასამართლოში შეიძლება შეტანილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც. ამასთანავე ორივე შემთხვევაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა შუამდგომლობების უმოკლეს ვადაში განხილვის ვადას აწესებს: 1 დღე _ სამოქალაქო, 3 დღე _ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
ვინაიდან საქართველოს ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის მითითებული 29-ე, 30-ე მუხლი არ ითვალისწინებს გასაჩივრებული ადმინისატრციული აქტის მოქმედების შეჩერებაზე სასამართლოს განჩინების გასაჩივრების წესს, ხოლო ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კოდექსით სხვა რაიმე არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე სასამართლო განჩინების გასაჩივრება უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული წესით. კერძოდ, კოდექსის 197-ე მუხლით, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორე სახით შეცვლის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს კონტროლის პალატის კერძო საჩივარი და გაუქმდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების (¹198, ¹199, ¹200 საინკასო დავალებების) მოქმედების შეჩერების შესახებ განჩინება, ფაქტობრივად, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფა და სახეზეა სწორედ საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლით რეგლამენტირებული შემთხვევა. ამიტომ, საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე და 414-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინებაზე დასაშვებია და განხილულ უნდა იქნეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ სასამართლოს მხარის მოთხოვნით შეუძლია შეაჩეროს გასაჩივრებული აქტის მოქმედება 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც თუ მისი აღსრულება არსებით ზიანს მიაყენებს მხარეს. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარს სადავო საინკასო დავალებების მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე და უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, თითქოს სადავო საინკასო დავალებების მოქმედების შეუჩერებლობით მოხდება 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე მომუშავე ფინანსთა სამინისტროს საქმიანობის პარალიზება, რადგან ვერ გაიცემა თანამშრომელთა კუთვნილი პრემიები, ხელშეკრულებით აყვანილ მუშაკთა ხელფასები და ვერ დაიფარება სხვა მიმდინარე ხარჯები.
«საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ბიუჯეტი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ფულადი სახსრების მობილიზაციისა და გამოყენების ძირითადი ფინანსური გეგმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ ამ კანონის მე-15, 26-ე და საქართველოს კონსტიტუციის 92-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცების შემდეგ, წარმოადგენს კანონს და შესასრულებლად სავალდებულოა ყველასთვის. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი უწყებებისათვის (საჯარო იურიდიულ პირთათვის) სავალდებულოა ბიუჯეტის შემოსავლისა და ხარჯვის მოცულობების დაცვა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, კანონიერი ხარჯვა, ხოლო ე.წ. სპეცსახსრების ანგარიში კი საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 სექტემბრის ¹352 ბრძანებულების თანახმად, იქმნება ზოგიერთი სამთავრობო დაწესებულებებისათვის (საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების უფრო ეფექტურად შესრულების ხელშეწყობის მიზნით. ამიტომ საკასაციო პალატა ეთანხმება საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენლეთა არგუმენტს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე სადავო საინკასო დავალებების მოქმედების შეუჩერებლობამ არ შეიძლება გამოიწვიოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე მომუშავე სამინისტროს საქმიანობის პარალიზება, ვინაიდან სამინისტროს ძირითად დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრები, რომლის ხარჯვის მიზნობრიობა და მოცულობა 3500 კოდით განსაზღვრულია 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ¹2 დანართში. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარს საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო, მით უფრო, რომ «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი უნდა შესრულდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილი განაწესის მიხედვით და ოპერატიული კონტროლი შემოსავლების დროულ და სრულ მობილიზებაზე, აგრეთვე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე ეკისრება სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ამრიგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს სპეცსახსრების ანგარიშზე საინკასო დავალებების დადება არსებით ზიანს ვერ მიაყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამიტომ მათი მოქმედების შესაჩერებლად არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი და ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი გადაწყვეტილების გამოტანამდე სადავო საინკასო დავალებების ¹198, ¹199, ¹200 მოქმედების შეჩერების თაობაზე დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე, 390-ე, 399-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაუშვებლობის შესახებ და კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 20 სექტემბრის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება.
3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.