Facebook Twitter

3გ/ად-50-კ-01 26 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: «... პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 16.06.2000 წ. ¹9/1 დადგენილების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 05.01.2000 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა: ა. ვ-ურმა, ხ. ჟ-იამ, ზ. კ-ძემ. მოპასუხე მხარედ სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მოსარჩელეები ითხოვდნენ:

1) «საქართველოს ...-ის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს სარეგისტრაციო კოლეგიის 16.06.2000 წ. დადგენილების გაუქმებას; 2) მოპასუხე ორგანიზაციისათვის _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი მასალების განხილვის დავალებას მათი საქართველოს კონსტიტუციასთან, «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონთან და პარტიის წესდებასთან შესაბამისობის თვალსაზრისით.

თბილისის საოლქო სასამარლოს კოლეგიის 18.10.2000 წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ჯ. კ-შვილი, მხარეებსა და მესამე პირს დაევალათ მტკიცებულებათა სახით დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. 06.11.2000 წ. თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვეს «... პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 16.06.2000 წ. ¹9/1 დადგენილების ბათილად ცნობა.

09.11.2000 წ. თბილისის საოლქო სასამართლოს წერილობითი შუამდგომლობით მიმართა ჯ. კ-შვილმა. შუამდგომლობაში აღნიშნული იყო, რომ ... პარტიას წესდების მიხედვით წარმოადგენს ... ცკ-ის თავმჯდომარე ჯ. კ-შვილი, პარტიას არა აქვს დავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ. შუამდგომლობის ავტორი ითხოვდა სსსკ-ის 84.1 მუხლის საფუძველზე არასათანადო მოსარჩელის სათანადოთი შეცვლას, სსსკ-ის 47.2 მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის მოწვევას. საოლქო სასამართლოს კოლეგიის 20.11.2000 წ. განჩინებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

საქმის არსებითად განხილვის შედეგად სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: საქართველოს ... პარტია რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის მიერ 23.01.92 წ. ¹1/2 დადგენილებით (რეგისტრაციის ¹...), 19.06.97 წ. ¹17/1 დადგენილებით პარტიის წესდებაში შეტანილ იქნა ცვლილებები და დამატებები, ხოლო 27.02.98 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის ¹7/33 დადგენილებით საქართველოს .... პარტია გატარდა ხელახალ სავალდებულო რეგისტრაციაში (რეგისტრაციის ¹...).

29.05.2000 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით მიმართეს ... პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა ა. ვ-ურმა და ... პარტიის საპატიო თავმჯდომარემ მ. ბ-შვილმა, რომლებიც ითხოვდნენ 27.05.2000წ. ჩატარებული საქართველოს ... პარტიის X ყრილობაზე მიღებული პარტიის წესდების ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაციას. განცხადებას დანართის სახით თან ახლდა სათანადო დოკუმენტების დასტა (პარტიის X ყრილობის ოქმის ამონაწერი, პარტიის ხელმძღვანელ ორგანოში არჩეულ პირთა სია და სხვა). 31.05.2000 წ. ¹011 განცხადებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა ... ცკ-ის თავმჯდომარემ ჯ. კ-შვილმა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ პარტიაში ჩამოყალიბდა ჯგუფი ა. ვ-ურის მეთაურობით, რომელიც ცდილობს დაუპირისპირდეს სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას. 27.05.2000წ. ჩატარდა პარტიის X ყრილობა, იმავე დღეს პარტიულმა ჯგუფმა ჩაატარა ალტერნატიული, უკანონო შეკრება, რომელსაც უწოდეს პარტიის X ყრილობა და რომელზედაც არჩეულ იქნა პარტიის არალეგიტიმური ორგანოები. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ... წევრთა ჯგუფის მიერ პარტიის ყრილობის ჩატარებას, ... წესდებაში ცვლილებების შეტანასა და მისი, როგორც ... ცკ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების კანონიერებას. ჯ. კ-შვილის 31.05.2000 წ. განცხადებას თან ახლდა რიგი დოკუმენტებისა, მათ შორის: ... ცკ-ის მიერ არჩეული პოლიტიკური კოლეგიის შემადგენლობის სია, პარტიის X ყრილობაზე არჩეული ცენტრალური საკონტროლო-სარევიზიო კომისიის შემადგენლობა და სხვა.

16.02.2000 წ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიამ მიიღო ¹9/1 დადგენილება «საქართველოს ... პარტიის წესდებაში ცვლიბების რეგისტრაციის შესახებ”, რომლითაც ა. ვ-ურსა და მ. ბ-შვილს პარტიის რიგებში არსებული შიდაპარტიული დავის გამო, უარი ეთქვათ ... პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციაზე. ამასთანავე, მხარეებს ეცნობათ, რომ პარტიაში წარმოქმნილი სადავო საკითხების გადასაწყვეტად შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს ადგილმდებარეობის მიხედვით, რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებლებს შეუძლიათ ხელახლა წარადგინონ დოკუმენტები სარეგისტრაციოდ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო: 1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის, რომ სადავო აქტი მიღებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და ხელმოწერილია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ. სასამართლომ პრეიუდიციულ ფაქტად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი სარეგისტრაციო კოლეგიის შემადგენლობის უფლებამოსილების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია იუსტიციის სამინისტროში არ მოიპოვება მომხდარი ხანძრის შედეგად მათი განადგურების გამო. სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, აგრეთვე, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 26.06.2000 წ. ¹121 ბრძანებით დამტკიცდა სამინისტროს რეგისტრაციის განყოფილების დებულება, ხოლო 26.06.2000 წ. ¹127 ბრძანებით დამტკიცდა დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის შესახებ, რომელიც უშუალოდ განიხილავს პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლით ევალებოდა წარდგენილი დოკუმენტების სისწორის შემოწმება და სათანადო გადაწყვეტილების მიღება, მოკლებული იყო შესაძლებლობას შეემოწმებინა წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაცია ურთიერთგამომრიცხავი იყო. ამდენად, პარტიის რიგებში არსებული შიდაპარტიული დავის გამო, მართლზომიერია პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციაზე უარი, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის კანონიერი საფუძველი.

3. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ სადავო აქტის მიღებისას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის შეუსრულებლობა, კერძოდ, იმ ნორმის არმითითება, რომლის საფუძველზეც იყო იგი მიღებული, არ წარმოადგენს არსებით დარღვევას და არ წარმოადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით დადგენილ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს.

თბილისის საოლქო სასამართლოს 02.02.01 წ. გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორები აღნიშნავენ, რომ იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო განყოფილებას სასამართლო კოლეგიის 18.10.2000 წ. განჩინებით დაევალა სხვა დოკუმენტებთან ერთად ამავე განყოფილების დებულების წარმოდგენა. აღნიშნული დოკუმენტის წარუდგენლობით მოპასუხემ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაირღვა აგრეთვე ამავე კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა მტკიცების ტვირთვის დაკისრების შესახებ. ხანძრის შედეგად საბუთების განადგურების ფაქტი სასამართლომ მიიჩნია პრეიუდიციულ ფაქტად, მაშინ, როდესაც ამ ფაქტის ამსახველი რაიმე წერილობითი საბუთი საქმეში არ არის დაცული (ხანძართან დაკავშირებით მასალების განადგურების აქტი, მასმედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ან სხვ.)

საკასაციო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 16.01.2000 წ. ¹9/1 დადგენილებაში არაა მინიშნებული დადგენილების მიღების კანონიერი საფუძველი, რითაც დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა. კასატორები თვლიან, რომ «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის დებულების სავალდებულო მოთხოვნების საფუძველზე სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიას ევალებოდა შეემოწმებინა თუ რომელი იყო წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი დოკუმენტებიდან წესდების შესაბამისი. მსგავსი პრობლემების მოგვარება იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის და არა ადგილობრივი სასამართლოს კომპეტენციას შეადგენს. დარღვეულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი წესი. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები და გარემოებები არ იმყოფება სარჩელზე უარის თქმის საფუძველთან მიზეზობრივ კავშირში არგუმენტაციის არარსებობის გამო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საკასაციო საჩივართან წარმოდგენილ შეპასუხებაში საკასაციო საჩივარს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ სამინისტროში ერთდროულად შემოვიდა ერთი პარტიის ორი სხვადასხვა ჯგუფის ურთიერთგამომრიცხავი განცხადება და დოკუმენტები ერთდროულად ორი ყრილობის ჩატარების შესახებ. იუსტიციის სამინისტრო თავისივე კომპეტენციიდან გამომდინარე, ვერ მისცემდა უპირატესობას წარმოდგენილი დოკუმენტებიდან რომელიმეს, აღნიშნული სასამართლოს პრეროგატივას შეადგენს, რომელსაც შეუძლია ამა თუ იმ ფაქტის კანონიერების დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 02.02.01 წ. გადაწყვეტილება.

მესამე პირმა ჯ. კ-შვილმა განაცხადა, რომ კასატორებს არ აქვთ ... პარტიის სახელით გამოსვლის უფლება, აღიარა, რომ სადავო აქტი მიღებულ იქნა საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მაგრამ ვინაიდან განმცხადებლებს უარი ეთქვათ არალეგიტიმურ ყრილობაზე მიღებული ცვლილებების რეგისტრაციაზე, ის ითხოვს სადავო აქტისაAდა თბილისის საოლქო სასამართლოს 02.02.01 წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის 18.10.2000წ. განჩინების მოთხოვნის მიუხედავად სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი სარეგისტრაციო კოლეგიის დებულების წარუდგენლობა არ ადასტურებს სადავო აქტის არასათანდო ორგანოს მიერ მიღებას. «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 22-24-ე მუხლებისა და სადავო აქტის გამოცემის დროისათვის მოქმედი, საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2000 წ. ¹91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის «ლ” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის «რ” ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის «ნ” ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკური გაერთიანებების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება. საკასაციო პალატა არ იზიარებს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ პარტიის წევრთა ორ ჯგუფად დაყოფის, პარტიის X ყრილობის ჩატარების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტაციის წარდგების გამო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა «მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილება და შეემოწმებინა წარდგენილი დოკუმენტების სისწორე. აღნიშნული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოვალეობა შეამოწმოს წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორე არ გამოირიცხებოდა ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტაციის წარდგენით, სამინისტროს უნდა დაედგინა წარმოდგენილ ურთიერთგამომრიცხავ დოკუმენტებში რომელი იყო შედგენილი ... პრტიის წესდების შესაბამისად. სადავო აქტის მიღების დროს მოქმედი საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2000 წ. ¹91 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართელოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის «რ” ქვეპუნქტის და 23-ე მუხლის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს, მისი სარეგისტრაციო განყოფილების ფუნქციათა რიცხვს განეკუთვნებოდა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების სახელმწიფო რეგისტრაცია, რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის თავიანთი წესდებებთან შესაბამისობის კონტროლი (ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის 30.10.2000 წ. ¹471 ბრძანებულებით დამტკიცებული, ამჟამად მოქმედი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის «რ" ქვეპუნქტი და 21-ე მუხლი). რეგისტრირებული ორგანიზაციებისადმი სამინისტროს საკონტროლო ფუნქციები დასტურდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 26.06.2000 წ. ¹121 და ¹127 ბრძანებებით დამტკიცებული სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილებისა და სარეგისტრაციო კომისიის დებულებებით. აღნიშნული დებულებების სადავო აქტის გამოცემის (16.06.2000 წ.) შემდეგ დამტკიცების მიუხედავად, საკასაციო პალატა შესაძლებლად თვლის მათ გამოყენებას სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლების დასადგენად, ვინაიდან მანამდე მოქმედი აქტები სამინისტროს მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი, ხოლო აღნიშნული დებულებები შემუშავდა სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, «აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” 15.04.97 წ. კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 13.03.2000 წ. ბრძანებულებით დამტკიცებული სამინისტროს დებულების საფუძველზე. სამინისტროს სახელმწიფო რეგისტრაციის განყოფილების დებულების მიხედვით, განყოფილების საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სამინისტროს მიერ რეგისტრირებულ ორგანიზაციათა საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით, მათი ხელმძღვანელი ორგანოებისაგან გადაწყვეტილებათა, დადგენილებათა, ინსტრუქციული და ინფორმაციული წერილებისა და სხვა დოკუმენტების გამოთხოვის ან კონკრეტული საკითხის ადგილზე შესწავლის გზით (2.6 «ბ”); განყოფილების მუშაობის წარმმართველი უმაღლესი კოლეგიური ორგანოს _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კომისიის დებულების მიხედვით, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, წინადადებების შემუშავება, დასკვნების მომზადება, გადაწყვეტილებების მიღება; იუსტიციის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობაზე სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით განხორციელებული კონტროლის შედეგების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირების, ფონდების რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი მასალების სისწორის შემოწმება, ამ ორგანიზაციებისაგან დამატებითი დოკუმენტებისა და სხვა მასალების გამოთხოვა; სარეგისტრაციო დოკუმენტაციასთან (მასალებთან) დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მიღება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების, შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების წარმომადგებლების, სხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისაგან; სახელმწიფო ორგანოს და არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი ან სპეციალისტებისადმი შეკითხვით მიმართვა; გადაწყვეტილებების მიღება იუსტიციის სამინისტროს მრჩევლების მივლინების შესახებ იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული შესაბამისი იურიდიული პირების ხელმძღვანელი ორგანოების ადგილსამყოფელის მიხედვით საჭირო დოკუმენტაციის შესწავლისა და შესაბამისი შემოწმების ჩატარებისათვის; რეგისტრაციის განყოფილების წარმომადგენლების წარგზავნა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და ფონდების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად; ინფორმაციის მიღება პირებისაგან იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც დაკავშირებულია პარტიების საწესდებო საქმიანობასთან (დებულების მე-4 მუხლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის სადავო ადმინისტრაციული აქტით _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 16.06.2000 წ, ¹9/1 დადგენილებით ... პარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანაზე უარის თქმას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ წარდგენილ იქნა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტაცია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გარეშეც, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემული აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, იუსტიციის სამინისტრომ არსებითად უნდა განიხილოს ა. ვ-ურისა და მ. ბ-შვილის განცხადება თანდართული დოკუმენტებით ... პარტიის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების რეგისტრაციის შესახებ, ვინაიდან პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტისათვის საქმის გარემოებების გამოკვლევა წარმოადგენს მოქალაქეთა გაერთიანების კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის უზრუნველყოფას. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესის გამოყენებით ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, საერთო წესით ადმინისტრაციული აქტის ბათილად გამოცხადებისაგან განსხვავებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ ართმევს უფლებას გამოსცეს იმავე შინაარსის ადმინისტრაციული აქტი, იმ პირობით, რომ აქტის გამოცემისას იგი დაიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ წესს. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახლა გამოცემული იმავე შინაარსის ადმინისტრაციული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საერთო წესის მიხედვით.

ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე სადავო აქტის მიღების შედეგად დაირღვა აგრეთვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და «ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები, სახელდობრ, აქტში არ არის მითითებული ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზეც გამოიცა სადავო აქტი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციოო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე, 372-ე, 399-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ა. ვ-ურის, ხ. ჟ-იას, ზ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 02.02.01.წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

2. ა. ვ-ურის, ხ. ჟ-იას, ზ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო კოლეგიის 16.06.2000 წ. ¹9/1 დადგენილება «საქართველოს ... პარტიის წესდებაში ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ”.

3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.