Facebook Twitter

3/ად-51-კ-01 21 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ბ. კობერიძე

დავის საგანი:

1. ზესტაფონის ...-ის მუშა-მოსამსახურეთა 1996 წლის 5 მაისისა და 12 ივნისის ¹1 ოქმების ბათილობა;

2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997 წლის 21 ოქტომბრის ¹2-360 ბრძანების ბათილობა;

3. ზესტაფონის ...-ის მუშა-მოსამსახურეთა 1996 წლის 18 ივნისის სადამფუძნებლო ხელშეკრულების გაუქმება;

4. შპს «გ.-ის» რეგისტრაციის გაუქმება;

5. ზესტაფონის ...-ის ნასყიდობის 1997 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულების, 1997 წლის 27 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტისა და სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს მიერ 1997 წლის 28 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილობა.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონულმა განყოფილებამ 1996 წ. 18 ივნისის ¹36 ბრძანებით ნება დართო ზესტაფონის ...-ის შრომითი კოლექტივის მიერ შექმნილ დროებით ამხანაგობას ათი წლით, იჯარა-გამოსყიდვის უფლებით მოეხდინა კომბინატის პრივატიზება, რის შესაბამისადაც 1996 წ. 27 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (მეიჯარე) და ზესტაფონის ...-ის შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის ნდობით აღჭურვილ პირს ა. დ-ძეს (მოიჯარე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება ...-ის ბალანსზე რიცხული 453682,52 აშშ დოლარის ღირებულების ქონების ათი წლით, 2006 წლის 27 ივნისამდე იჯარით გაცემის შესახებ, გამოსყიდვის უფლებით, რის შემდეგაც ა. დ-ძემ განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ...-ის შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობის შპს «გ.-ად» გარდაქმნის შესახებ და მოითხოვა საწარმოს რეგისტრაცია. ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 17 ოქტომბრის დადგენილებით დარეგისტრირდა შპს «გ.-ი», რეგისტრაციის ¹..., საწესდებო კაპიტალით 10 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, დამფუძნებელი პარტნიორია 5 ფიზიკური პირი ა. დ-ძე (შპს «გ.-ს» დირექტორი) 80% წილი; გ. დ-ძე 5%, მ. კ-ძე, 5%, ნ. თ-ძე 5% და მ. ბ-ძე – 5%.

შპს «გ.-მ» მძიმე ფინანსურ-ეკონომიური მდგომარეობის გამო ვერ უზრუნველყო 1996წ. 27 ივნისის იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება (საიჯარო ქირის გადახდა) და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა. ვინაიდან მოიჯარეს შპს «გ.-ს» განცხადებით მიმართვის მომენტისათვის, 1997წ. 2 ოქტომბრისათვის უკვე ერიცხებოდა საიჯარო ქირის დავალიანება 13816 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1997წ. 21 ოქტომბრის ¹2-360 ბრძანებით დაკმაყოფილდა მოიჯარის თხოვნა და 1997 წ. 1 ოქტომბრიდან გაუქმებულად ჩაითვალა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 31 ოქტომბრის ¹1-3/656 ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, ბათილად იქნა ცნობილი 1996წ. 27 ივნისის იჯარა-გამოსყიდვის ხელშეუკრულება, ხოლო მე-3 პუნქტით სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დაევალა:

ა) ყოფილი ზესტაფონის ...-ის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე 100% სახელმწიფო წილით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დაფუძნება და დირექტორის მოვალეობა დაეკისრა ა. დ-ძეს;

ბ) გამოსყიდული ქონების შესაბამისად, შპს «გ.-ისათვის» წილზე საკუთრების უფლების დადასტურებისა და სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ქონების პრივატიზების თაობაზე წინადადების შემუშავება.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 31 ოქტომბრის ¹1-3/656 ბრძანების საფუძველზე, ზესტაფონის ...-ის ქარხნის ბაზაზე შეიქმნა შპს «გ...-2», დამფუძნებელი – სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველო, 453680 აშშ დოლარის ექვივალენტი საწესდებო კაპიტალით, დირექტორი ა. დ-ძე, შპს «გ...-2» დარეგისტრირდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 1997 წლის 14 ნოემბერს, რეგისტრაციის ¹....

ზემოაღნიშნული ¹1-3/656 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის სამმართველოს საკონკურსო კომისიის 1997წ. 24 ნოემბრის სხდომის გადაწყვეტილებით (ოქმი ¹5), შპს-ის «გ...-2» საწესდებო კაპიტალში ...-ის შრომითი კოლექტივის ბაზაზე შექმნილ დროებით ამხანაგობას გამოსყიდულად ჩაეთვალა წილის 51,1% _ 231676 აშშ დოლარი და დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შესახებ, ხოლო სახელმწიფოს წილი შპს-ში «გ...-2» განისაზღვრა 48.5%. 1997წ. 28 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ზესტაფონის რაიონულმა სამმართველომ ზესტაფონის ...-ის დროებითი ამხანაგობის ნდობით აღჭურვილი პირის ა. დ-ძის სახელზე გასცა ...-ის ქონების 51.1% წილის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...-პ, შესაბამისად ამხანაგობის ნდობით აღჭურვილ პირთან ა. დ-ძესთან 1997წ. 27 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი ¹6.

მოსარჩელეებმა (მოწინააღმდეგე მხარე) ნ. ნ-ძემ, ლ. შ-ძემ, ნ. ც-ძემ, ც. კ-ძემ და თ. რ-ძემ 1997 წლის ოქტომბერში თბილისის მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრეს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროების, ქონების მართვის ზესტაფონის რაიონული სამმართველოსა და მესამე პირის – შპს «გ.-ის» დირექტორის ა. დ-ძის მიმართ, მოითხოვეს «სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» კანონის უხეში უგულველყოფით ჩატარებული ...-ის პრივატიზების გაუქმება და მთელი რიგი აქტების ბათილობა შემდეგი საფუძვლით:

1. ზესტაფონის ...-ის პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოუქვეყნებლობის მოტივით;

2. საწარმოს პრივატიზებისათვის წარდგენილ იქნა შრომითი კოლექტივის სადამფუძნებლო კრების ორი ყალბი ოქმი, რადგან ფაქტობრივად არცერთი კრება არ მოწვეულა. საქმეშია 1996წ. 5 მაისის კრების ოქმი ¹1, რომელსაც 187 თანამშრომლიდან თითქოს 150 ესწრებოდა, კრებას თავმჯდომარეობდა ა. დ-ძე, მაგრამ ოქმს ხელს აწერს ნ. თ-ძე, რაც კანონით დაუშვებელია და ოქმის სიყალბეს ადასტურებს. წარმოდგენილია, აგრეთვე, ...-ის შრომითი კოლექტივის თანამშრომელთა 1996წ. 12 ივნისის საერთო კრების ოქმი ¹1, კრებას 108 მუშაკიდან ესწრებოდა 98 და რომელზეც თითქოს, ასევე, განიხილეს ა. დ-ძის მოხსენება ...-ის შრომითი კოლექტივის მიერ კომბინატის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით აღების შესახებ, 12 ივნისის კრების ოქმის სიყალბეს ადასტურებს ის გარემოება, რომ ოქმში სიტყვაში გამომსვლელად მითითებული ლ. შ-ძისა, ვ. ზ-ძისა და ნ. ფ-ძის განმარტებით, კრებას ისინი არ დასწრებიან, რადგან არც ჩატარებულა და ამიტომ ვერც მოსაზრებას გამოთქვამდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები სიყალბის მოტივით ითხოვდნენ 1996წ. 5 მაისისა და 12 ივნისის ¹1 ოქმების ბათილობას, მიღებულ გადაწყვეტილებებთან ერთად. კერძოდ, მოითხოვდნენ კომბინატის მუშა-მოსამსახურეთა 1996წ. 18 ივნისის სადამფუძნებლო ხელშეკრულების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, თითქოს ...-ის მხოლოდ 55 თანამშრომელი შეთანხმდა ...-ის ქონების 10 წლის ვადით იჯარა-გამოსყიდვაზე და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების უფლებამოსილება მიანიჭეს ა. დ-ძეს. ამასთან ...-ის 187 თანამშრომლიდან 55-წევრიან სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში შეყვანილია კომბინატში არამომუშავე პირი – ვ. გ-შვილი, ხოლო კომბინატის თანამშრომლები, რომლებმაც საპრივატიზაციო ბარათებიც ჩადეს საწარმოს გამოსასყიდად და ფულიც, 55 წევრიან სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში გაწევრიანებული არ არიან. საპრივატიზებო მასალების მიხედვით შრომითი კოლექტივის შენატანის სახით დაფიქსირებულია 490 ცალი ვაუჩერი – 16700 აშშ დოლარის ღირებულების, ხოლო ა. დ-ძეზე 5674 ვაუჩერი – 170220 აშშ დოლარი და მოსარჩელეთა აზრით, დირექტორს ა. დ-ძეს მითვისებული აქვს ...-ის გამოსასყიდად შრომითი კოლექტივის შენატანი ­_ 3,50 %, რის გამოც ითხოვენ ¹...-პ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობას.

3. ვინაიდან უკანონოდ ჩამოყალიბდა ზესტაფონის ...-ის შრომითი კოლექტივის დროებითი ამხანაგობა, ასევე, უკანონოა ამხანაგობის სამართლებრივი სტატუსის შეცვლა და შპს «გ.-დ» მისი რეგისტრაცია, რაც უნდა გაუქმდეს.

მოსარჩელეთა ლ. შ-ძის, თ. რ-ძის, ც. კ-ძისა და ნ. ც-ძის სარჩელი არაერთგზის იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მიერ. ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გარდა ერთი მოთხოვნისა, დაკმაყოფილდა სარჩელი «სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ» და «იჯარის შესახებ» კანონებისა და სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის დებულების» დარღვევის გამო, სახელდობრ:

1. ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის ...-ის მუშა-მოსამსახურეთა 1995 წლის 5 მაისის საერთო კრების ¹ 1 ოქმი სიყალბის მოტივით, რადგან ოქმი თავმჯდომარის ნაცვლად ხელმოწერილი იყო სხვა პირის მიერ, ამასთან მოწმეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურდა კრების ჩაუტარებლობის ფაქტი, ხოლო 1996 წლის 12 ივნისის ოქმიც ბათილად ცნო სასამართლომ, რადგან მოწმე ლ. შ-ძის განმარტებით, იგი კრებას საერთოდ არ დასწრებია, ამასთან 187 მუშაკის რაოდენობის 79 თანამშრომლით შემცირება, სასამართლომ უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია;

2. 1996 წლის 18 ივნისს 55 მუშაკის სახელით შედგენილი და სანოტარო წესით დამოწმებული სადამფუძნებლო ხელშეკრულება კოლეგიამ ბათილად ცნო, რადგან წარმოდგენილი არ იყო მისი საფუძველი _ კრების ოქმი, ხოლო ნოტარიუსის განმარტებით კრების შესახებ მისთვის უცნობი იყო და იგი მხოლოდ რამდენიმე დღის მანძილზე ახდენდა თავის კაბინეტში სადავო სადამფუძნებლო ხელშეკრულების დამოწმებას;

3. სასამართლომ 55-წევრიან სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში ...-ში არამომუშავე უცხო პირის, ვ. გ-შვილის შეყვანა შრომითი კოლექტივის თანხმობის გარეშე უკანონოდ მიიჩნია, კოლეგიამ მიუთითა, რომ 108 თანამშრომლის შემთხვევაშიც სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში კანონიერად შეყვანილი 54 მუშა-მოსამსახურე კოლექტივის ნახევარზე მეტს მაინც არ წარმოადგენს, ამიტომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად უნდა ჩატარებულიყო კონკურსი, სადაც შრომით ამხანაგობას ჩვეულებრივად უნდა მიეღო მონაწილეობა და მხოლოდ თანაბარ პირობებში გაიმარჯვებდა;

4. კოლეგიამ უკანონოდ ცნო კომბინატის ბაზაზე შექმნილი შპს «გ.-ის» რეგისტრაცია, ვინაიდან სადამფუძნებლო ხელშეკრულება ხელმოწერილია 55 პარტნიორის მიერ, ხოლო სასამართლოში პარტნიორებად რეგისტრირებულია მხოლოდ 5, აქედან ორი – გ. დ-ძე და მ. ბ-ძე არ წარმოადგენდნენ ...-ის თანამშრომლებს და არც სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში იყვნენ შეყვანილი. ამასთან, «მეწარმეთა შესახებ» კანონის 2.4. პუნქტის თანახმად, საწარმო ნაცვლად შპს უნდა ჩამოყალიბებულიყო სააქციო საზოგადოებად, რადგან სადამფუძნებლო ხელშეკრულებით 55 პარტნიორი ჰყავდა, ამიტომ კანონის 5.8 მუხლის შესაბამისად შპს «გ.-ის» დამფუძნებლებს მიეცა 3 თვის ვადა საწარმოს რეგისტრაციისას დაშვებული ხარვეზის გამოსასწორებლად;

5. 1996 წლის 27 ივნისის საიჯარო ხელშეკრულების ბათილობაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვა დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან სადავო ხელშეკრულება ბათილად უკვე იყო ცნობილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 31 ოქტომბრის ¹1-3/656 ბრძანებით, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 1997 წლის 21 ოქტომბრის ბრძანების ბათილობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა;

6. კოლეგიამ ბათილად ცნო 1997 წლის 28 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹...-პ, ...-ის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ნოტარიალურად დამოწმებული 1997 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულება და 27 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტი, რადგან, კოლეგიის აზრით, ზესტაფონის ...-ის პრივატიზაციასთან დაკავშირებული სადამფუძნებლო დოკუმენტების ბათილობა თავისთავად იწვევს პრივატიზაციის აქტების ბათილობასაც;

7. «იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლებიდან გამომდინარე, კოლეგიამ განუმარტა მოსარჩელეებს, რომ ...-ის საიჯარო ქონების გაძარცვა-განადგურებისათვის შეუძლიათ ცალკე დააყენონ სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მესამე პირმა – ა. დ-ძემ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას უსაფუძვლობით მოტივით. კერძოდ, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სადამფუძნებლო კრების ჩატარების ფაქტს, ...-ის მუშაკთა საერთო რაოდენობას) და მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ეს გარემოებები, გადაწყვეტილება არ წარმოადგენს საქმეში არსებული მასალების ობიექტური ანალიზის შედეგს და სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კასატორი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის დარღვევით, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა «პრივატიზების შესახებ» 1991 წლის 9 აგვისტოს კანონი, რომელიც გადაწყვეტილებაში მითითებული მოტივით პრივატიზების გაუქმებას არ ითვალისწინებს.

ა. დ-ძის საკასაციო საჩივარს არ ცნობენ მოწინააღმდეგე ფიზიკური პირები: ლ. შ-ძე, თ. რ-ძე, ც. კ-ძე, ნ. ც-ძე და ნ. ნ-ძე, რომლებიც დაუსაბუთებლობის გამო ითხოვენ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების მართვის ზესტაფონის სამმართველოს წარმომადგენელმა გაიზიარა საკასაციო საჩივრის მოტივები და მხარი დაუჭირა კასატორის მოთხოვნას ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

კასატორი და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენელი, მიუხედავად საპროცესო ნორმებით დადგენილი წესით არაერთგზის გაფრთხილებისა, საკასაციო სასამართლოში არ გამოცხადდა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი განიხილა მათი დასწრების გარეშე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ძის საკასაციო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით გადაწყვეტილების გამოტანის გამო, სახელდობრ:

საქმეში არსებული სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმის მიხედვით, აღნიშნულ დავას სასამართლო კოლეგია იხილავდა რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე სხდომაზე. 2000 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგია საქმის განხილვას შეუდგა შემდეგი შემადგენლობით: თავმჯდომარე გ. გ.-ე, მოსამართლე რ. ს.-ე, გ. ი.-ი სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა შეწყდა ა. დ-ძის შუამდგომლობის გამო, ნოტარიუს გ-ძის მოწმის სახით გამოძახებასთან დაკავშირებით და სხდომა გადაიდო 2000წ. 29 ნოემბერს, რომელზეც შეიცვალა სასამართლოს შემადგენლობა და მოსამართლე გ. ი.-ის ნაცვლად საქმეში ჩაერთო მოსამართლე ფ. ბ.-ა. 2000წ. 29 ნოემბერს, სამუშაო საათების დასრულების გამო, ასევე, შეწყდა საქმის განხილვა და სხდომა გაგრძელდა 2000წ. 12 დეკემბერს, სადაც კვლავ შეიცვალა სასამართლოს შემადგენლობა და მოსამართლე ფ. ბ.-ს ნაცვლად საქმეში ჩაერთო მოსამართლე ლ. თ.-ე.

სხდომის ოქმების მიხედვით, სასამართლოს თავმჯდომარემ აცნობა მხარეებს სასამართლო შემადგენლობაში ცვლილების შესახებ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლის შესაბამისად განუმარტა მათ სასამართლო შემადგენლობის აცილების უფლება, რის შემდეგაც 2000წ. 29 ნოემბერს და 12 დეკემბერს სასამართლომ გააგრძელა მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენა ისე, რომ საქმის განხილვა თავიდან არ დაუწყია, რაც საკასაციო პალატის აზრით საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევაა, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ უმნიშვნელო პროცესუალურ დარღვევად, ვინაიდან ფაქტობრივად საქმის განხილვაში პერიოდულად მონაწილეობდა სხვადასხვა მოსამართლე, რომელიც ნაწილ-ნაწილ, ეტაპობრივად უსმენდა საქმეს, საბოლოო გადაწყვეტილება კი გამოტანილია მოსამართლე ლ. თ.-ის მონაწილეობით, რომელიც საქმის განხილვაში ჩაერთო საქმის განხილვის ბოლო სტადიაზე, მოწმეთა ნაწილისთვის ჩვენებების ჩამორთმევისა და მხარეთა პაექრობისას, ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოში საქმის განხილვა ფაქტობრივად არ მომხდარა კანონით გათვალისწინებული სამი მოსამართლის მიერ, მესამე მოსამართლე სხდომებზე იცვლებოდა და რეალურად საქმე სრულყოფილად მოისმინა მხოლოდ ორმა მოსამართლემ გ. გ.-ემ და რ. ს.-ემ, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით მკაცრად რეგლამენტირებული წესი საოლქო სასამართლოს კოლეგიების მიერ საქმის კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით განხილვის შესახებ.

საკასაციო პალატას მიიჩნია, რომ კოლეგიური სასამართლოს მიერ ფაქტობრივად ორი მოსამართლის შემადგენლობით საქმის განხილვა წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა» პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, ვინაიდან საქმე განხილულია სასამართლოს არაკანონიერი შემადგენლობის, ნაცვლად სამი მოსამართლისა, ორი მოსამართლის მიერ.

საკასაციო პალატის აზრით, მოსამართლე ლ. თ.-ის მონაწილეობით გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, რადგან გარდა ზემოაღნიშნული დარღვევებისა გადაწყვეტილება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის უგულებელყოფით, რომლის თანახმადაც სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებებს არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ამიტომ იგი აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში საოლქო სასამართლო კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ 105-ე მუხლის მოთხოვნებს და მათ მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და გამოკვლეული მტკიცებულებები არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად, რადგან მოსამართლე ლ. თ.-ე სრულად არ მონაწილეობდა სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვაში, არ მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, ყველა მოწმის ჩვენება და საკასაციო პალატის აზრით, რეალურად არც მომხდარა საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა. ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე, 105-ე, 383-ე და 394-ე მუხლების «ა» პუნქტის დარღვევით გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე არსებითად განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იგივე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 394-ე მუხლის «ა» პუნქტით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. დ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იგივე სასამართლოს.

3. მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.