3გ/ად-52ა-კ.ს-01 30 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
კერძო საჩივრის თხოვნა: განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სს «...-ის» თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 17 სექტემბერს სს «...-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება სს «...-ის» სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების თანხის გამცემი ბანკის მომსახურების შესყიდვის მიზნით ღია ტენდერზე პრეტენდენტად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელის ტენდერში მონაწილეობის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.
სს «...-მ» 2001 წლის 15 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი, რომლითაც სასამართლოს ეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება. იმავე დღეს, 2001 წლის 15 აგვისტოს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს აეკრძალა ყველა პრეტენდენტთან ცალ-ცალკე განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, სატენდერო წინადადებების განხილვა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია კანონის მოთხოვნები, უგულებელყო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინება და პრეტენდენტებთან დადო განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებები. 2001 წლის 14 სეტემბერს ჩატარდა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზედაც გაიხსნა პრეტენდენტთა სატენდერო დოკუმენტაცია, დადგინდა მათი წინადადებების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხემ დაარღვია «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, რის გამოც მოსარჩელემ ითხოვა პრეტენდენტთა წინადადებების გახსნისა და განხილვის შესახებ სატენდერო კომისიის 2001 წლის 14 სექტემბრის ოქმისა და პრეტენდენტებთან დადებული განზარხვათა შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 1 მლნ. ლარისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება.
ამასთან, მოსარჩელემ ითხოვა სარჩელის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე მუხლებისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» პუნქტის თანახმად სარჩელის სასამართლოში შეტანისთანავე მოპასუხეს აკრძალვოდა აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა შემდგომი მოქმედების ჩატარება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სს «...-ის» თხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს აეკრძალა ყველა შემდგომი მოქმედების ჩატარება სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების თანხის გამცემი ბანკის მომსახურების შესყიდვის მიზნით ღია ტენდერის ჩასატარებლად.
2001 წლის 21 სექტემბერს სს «...-მ» გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას იმავე მოპასუხის მიმართ.
ახალ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2001 წლის 19 სექტემბერს სატენდერო კომისიამ გამოაქვეყნა 2001 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება იმ დროისათვის ტენდერში ერთადერთი დარჩენილი პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ. იმავე თარიღით, 2001 წლის 17 სექტემბრით, აღმოჩნდა გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ სს «ი.-სთან».
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია სატენდერო კომისიის სხდომის ჩატარებისა და გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადების წესები, «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» კანონის მე-15 და მე-16 მუხლების მოთხოვნები.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა წინადადებების გახსნისა და განხილვის, აგრეთვე, პრეტენდენტის გამარჯვებულად გამოცხადების 14 და 17 სექტემბრის ოქმების, პრეტენდენტთან დადებული განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე, მოპასუხისათვის უკანონო ქმედებით მიყენებული ზიანისა და მორალური ზიანის სახით 4 852 000 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.
გარდა ამისა, მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე მუხლებისა და 198-ე მუხლის «ზ» პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის 2001 წლის 17 სექტემბრის ოქმის _ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება, აგრეთვე, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხესა და სს «ი.-ს» შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება. გარდა ამისა, მოსარჩელემ ითხოვა მხარეებისათვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების აკრძალვა, მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ამ ღონისძიების მიუღებლობა გამოიწვევდა პენსიებისა და დახმარებების გაცემის ინფრასტრუქტურის მოშლას, ხოლო სარჩელის შემდგომში დაკმაყოფილების შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა მისი დაუყოვნებლივ ამოქმედება და სათანადო ორგანიზაცია.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სს «...-ის» მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. შეჩერდა 2001 წლის 17 სექტემბრით დათარიღეუბლი სატენდერო კომისიის ოქმის _ «გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოცხადების შესახებ» _ მოქმედება, აგრეთვე, შეჩერდა 2001 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხესა და სს «ი.-ის» შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულების მოქმედება და მხარეებს აეკრძალათ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედების განხორციელება.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.
კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიის მიერ განჩინებაში მოყვანილი გარემოებები არ განეკუთვნებიან იმ გარემოებათა კატეგორიას, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძელებელს გახდიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინრე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სატენდერო კომისიის 2001 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება გამარჯვებული პრეტენდენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგი გამოიხატება როგორც გადაწყვეტილების, ისე ხელშეკრულების შეწყვეტაში. თავის მხრივ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოქმედებათა შეწყვეტა, ხელშეკრულების საგნიდან გამომდინარე, გამოიწვევს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ სს «ი.-ის» საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების თანხის პენსიონერებზე და დახმარების მიმღებ პირებზე გაცემის შეწყვეტას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მხოლოდ ამ პროცედურას ითვალისწინებს.
კერძო საჩივარში მითითებულია, რომ განჩინებაში მოყვანილი გრემოებები: «პენსიებისა და დახმარებების გაცემის უფლებამოსილების გადასვლა ტენდერში გამარჯვებულთან» და «ათასობით პენსიონერის პენსიების გადატან-გადმოტანა მომსახურე ბანკის ფილიალებში», ვერ გააძნელებს გადაწყვეტილების აღსრულებას, რადგანაც აღნიშნული გარემოებებით არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი მექანიზმები, რომლებიც შეაჩერებენ, გააძნელებენ ან შეუძლებელს გახდიან მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედებების, კერძოდ, პენსიებისა და დახმარების თანხების გაცემის შეწყვეტას.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სატენდერო კომისიის 2001 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ ილახება სს «...-ის» უფლებები და ინტერესები, რადგანაც მას და ფონდს შორის დადებული და ამჟამად მოქმედი ხელშეკრულება საპენსიო თანხების გაცემის მომსახურების შესახებ იწურება 2001 წლის 31 დეკემბერს და ამ ვადის გასვლის შემდეგ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს არავითარი ვალდებულება სს «...-ის» მიმართ აღარ ექნება. ტენდერში გამარჯვებულ ბანკთან დადებული ხელშეკრულება ძალაში შედის 2002 წლის 1 იანვრიდან და იგი არ იწვევს სს «...-სთან» ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არანაირი ზიანი ფონდის მხრიდან არ მიადგება.
კერძო საჩივრის ავტორებმა ითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო კოლეგიის 2001 წლის 24 სექტემბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებას, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო კოლეგიის მიერ განჩინებაში მოყვანილი გარემოებები არ განეკუთვნებიან იმ გარემოებათა კატეგორიას, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. კერძოდ, სს «...-ის» სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სატენდერო კომისიის 2001 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება გამარჯვებული პრეტენდენტის დამტკიცების შესახებ და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. გადაწყვეტილებისა და ხელშეკრულების ბათილად ცნობის შედეგად კი, სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს, როგორც გადაწყვეტილების, ისე ხელშეკრულების შეწყვეტაში. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმეორებითი ტენდერის ჩატარების ხარჯები არ შეეხება მოსარჩელე _ სს «...-ს» და მისი გაღება მთლიანად მოუწევს მოპასუხე _ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს. ამდენად, ზიანი, რომელიც განმეორებითი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შეიძლება მიადგეს სს «...-ს», არც სარჩელში და არც სასამართლო კოლეგიის გასაჩივრებულ განჩინებაში დასაბუთებული არ არის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სატენდერო კომისიის 2001 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების შეუჩერებლობით არ ილახება მოსარჩელე სს «...-ის» უფლებები და ინტერესები, რადგანაც ფონდსა და ბანკს შორის ამჟამად მოქმედი ხელშეკრულება საპენსიო თანხების გაცემის მომსახურების შესახებ იწურება 2001 წლის 31 დეკემბერს და ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის წინაშე აღარავითარი ვალდებულება აღარ რჩება. ტენდერში გამარჯვებულ ბანკთან დადებული ხელშეკრულება ძალაში შედის 2002 წლის 1 იანვრიდან და იგი არ იწვევს სს «...-სთან» ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ტენდერის შედეგების შეჩერება ზიანს მიაყენებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, რადგანაც ფონდსა და ბანკს შორის ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2001 წლის 1 იანვარს, სს «...-ი» ვერანაირად ვერ შეძლებს ავტომატურად გააგრძელოს ფონდთან დადებული ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. აღნიშნულს არ ითვალისწინებს საქართველოს კანონი «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ». საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ტენდერის შედეგების შეჩერების შემთხვევაში აღარ რჩება მომსახურე ბანკი, რომელიც განახორციელებს ქვეყანაში პენსიებისა და დახმარებების მოსახლეობაზე გაცემას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 24 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ და 2001 წლის 1 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სს «...-ს» უარი ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.