გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-52-კ 3 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. სხირტლაძე
განიხილა მ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 4 იანვარს ა. ბ-ავამ სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში და აბაშის რაიონის სოფ. ... მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული სადავო 0,15ჰა მიწის ნაკვეთის მიკუთვნება და აბაშის მიწის მართვის სამმართველოს მიერ გაცემული იმ მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მისი მეზობელს მ. ბ-ავას ა. ბ-ავას მიმდებარე 0,15ჰა სადავო მიწის ნაკვეთი გადაეცა.
სარჩელის საფუძვლად ა. ბ-ავამ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ა. და მ. ბ-ავების მიმდებარე 0,3ჰა მიწის ნაკვეთი სოფლის საძოვარს წარმოადგენდა, აქედან, 0,15 ჰა მ. ბ-ავას საკარმიდამო ნაკვეთს ესაზღვრებოდა, ხოლო 0,15 ჰა ა. ბ-ავას საკარმიდამო ნაკვეთს. 1992 წლიდან მ. ბ-ავამ დავა დაიწყო ა. ბ-ავას მიმდებარე 0,15ჰა მიწის ნაკვეთზე და 1998 წელს აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ აღნიშნული ნაკვეთი მ. ბ-ავას მიუზომა. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით, აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ უკანონოდ შელახა მისი, როგორც პირველი კატეგორიის მეურნის უფლებები და მათ მიმდებარედ მთელი 0,3 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის სადავო 0,15 ჰა მიწის ნაკვეთიც მ. ბ-ავას მიაკუთვნა. მოსარჩელემ, ასევე სადავო გახადა მ. ბ-ავასათვის მიკუთვნებული მიწის მიმღებთა პირველი კატეგორია და მიუთითა, რომ მ. ბ-ავა მთელი ცხოვრება ცხოვრობდა და ჩაწერილი იყო ქ. აბაშაში, მხოლოდ 1992 წელს დაბრუნდა სოფ. ... იგი მიწის მიმღებთა პირველ კატეგორიას არ განეკუთვნებოდა, რის გამოც მიწის ფართობით პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილებულიყო მოსარჩელე ა. ბ-ავა და მას ზღვრულ ნორმამდე მიმდებარე ტერიტორიიდან უნდა შევსებოდა მიწის ნაკვეთი, ხოლო ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო მ. ბ-ავას მიწის ფართით დაკმაყოფილება.
ამდენად, ა. ბ-ავამ სასარჩელო მოთხოვნა საბოლოოდ შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:
ბათილად იქნეს ცნობილი მ. ბ-ავას მიმართ გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ¹ 58 (1998 წლის 10 ნოემბრის), რამდენადაც მას არათუ სადავო მიწის ნაკვეთი, საერთოდ კუთვნილი მიწა გამოყოფილი აქვს პირველი კატეგორიის მეურნის შესაბამისად, მაშინ როცა უნდა მიეცეს მე-2 კატეგორიის კანონით გათვალისწინებული ნორმა.
ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ა. ბ-ავას მიწის მიღების აქტი ¹ 29 (1999 წლის 15 იანვრის), რამდენადაც მასზე მიკუთვნებულია მასივში მიწა, მაშინ როცა, როგორც პირველი კატეგორიის მეურნეს, მას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწა უნდა მიკუთვნებოდა.
აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენლის განმარტებით, აღმოჩნდა, რომ მ. ბ-ავა მიეკუთვნება მიწის მიმღებთა მე-2 კატეგორიას, რის გამოც მის სახელზე გამოწერილი მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, ასევე, ბათილად უნდა გამოცხადდეს მიწის მიღება-ჩაბარების აქტი ა. ბ-ავას მიმართ მისი მოთხოვნის ფარგლებში.
აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. ბ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ავამ. მისი განმარტებით მიწის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემულია თავის დროზე კანონის სრული დაცვით. მოპასუხეს არასოდეს კავშირი არ გაუწყვეტია სოფლის მეურნეობასთან. მან სადავო მიწის ნაკვეთი მიიღო სოფლის საერთო კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. იგი თვლის, რომ მიეკუთვნება მიწის მიმღებთა პირველ კატეგორიას და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეილახა მისი კანონიერი უფლებები. ამდენად, მ. ბ-ავამ აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 31 იანვრის განჩინებით მ. ბ-ავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ამასთან, აბაშის რაიონის სოფ. ... გამგეობასა და აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს დაევალა მ. და ა. ბ-ავებზე მიწის მიღება-ჩაბარების ახალი აქტების გაცემა კანონით დადგენილი წესით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ 1998 წლის 10 ნოემბრის ¹ 58 მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მ. ბ-ავას გამოეყო 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი.
აბაშის რაიონის ... თემის საკრებულოს 2000 წლის 01 მარტის ¹ 176 ცნობის მიხედვით, მ. ბ-ავა კომლიდან ამოეწერა 1984 წელს და კვლავ ჩაეწერა ... თემში მხოლოდ 1992 წლის 2 ივლისს. ამ პერიოდის განმავლობაში კომლი ითვლებოდა კავშირგაწყვეტილ მეურნეობად. 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მ. ბ-ავა ჩაწერილი იყო ქ. აბაშაში და მუშაობდა აბაშის რაიონის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოში საწყობის გამგის თანამდებობაზე.
1999 წლის 15 იანვრის ¹29 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით ა. ბ-ავას გამოყოფილი აქვს 1,25 ჰა მიწის ნაკვეთი.
მ. ბ-ავამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განჩინება საკასაციო წესით იგივე საფუძვლებით გაასაჩივრა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ მ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 31 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹ 48 დადგენილების მე-8 პუნქტი და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის ¹ 128 დადგენილების მე-2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც მიწის ნაკვეთების გადაცემა უნდა განხორციელებულიყო სოფლად მცხოვრები მეურნეებისადმი 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მ. ბ-ავა არ მიეკუთვნებოდა პირველი კატეგორიის კომლს, რადგან 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით იგი ჩაწერილი იყო ქ. აბაშაში და არა სოფ. ..., მაშასადამე, მ. ბ-ავა არ წარმოადგენდა 1992 წლის 1 იანვრისათვის სოფლად მუდმივად მცხოვრებ და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მოქალაქეს. იგი ჩაწერილი იყო რა ქ. აბაშაში, მუშაობდა აბაშის რაიონის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოს საწყობის გამგედ. ამდენად, მ. ბ-ავა სოფლად მუდმივად მცხოვრებ სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეთა კატეგორიას განეკუთვნებოდა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და აბაშის რაიონის გამგეობის, აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და აბაშის რაიონის სოფ. ... გამგეობის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 16 იანვრის ¹ 39 დადგენილების მე-4 პუნქტის მე-5 აბზაცის მიხედვით, ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში მცხოვრებ პირებს, რომლებსაც სურვილი აქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად მიიღონ მიწის ნაკვეთები, იმ შემთხვევაში, თუ ამოეწერებიან ქალაქიდან და მუდმივ საცხოვრებლად გადავლენ რაიონში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი დაუწესდათ «საქართველოს რესპუბლიკაში მიწის რეფორმის პირველი ეტაპის განხორციელების ღონისძიებებისა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18 იანვრის ¹ 48 და 6 თებერვლის ¹ 128 დადგენილებებში ნაწილობრივ ცვლილებათა და დამატებათა შეტანის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹ 290 დადგენილების მეექვსე პუნქტის მესამე და მეოთხე აბზაცით. კერძოდ, სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამსახურეებისათვის ბარისა და ზეგანის რაიონებში დაწესდა – 0,75 ჰექტრამდე, ხოლო მთის რაიონებში – 5 ჰექტრამდე, მათ შორის დამუშავებაში არსებული მიწები – 0,75 ჰექტრამდე.
ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და თვლის, რომ აბაშის რაიონის სოფ. ... გამგეობისა და აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ მ. და ა. ბ-ავების სახელზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტები გაცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, აღნიშნულმა ადმინიტრაციულმა ორგანოებმა მ. და ა. ბ-ავებზე უნდა გასცენ მიწის მიღება-ჩაბარების ახალი აქტები კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსრ ადმნისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელდ დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 31 იანვრის განჩინება.
3. მ. ბ-ავა შეჭირვებული ქონებრივი მდგომარეობის გამო განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.