Facebook Twitter

3გ/ად-52-კ.ს-01 30 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

კერძო საჩივრის თხოვნა: განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სს «...-ის» თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001 წლის 17 სექტემბერს სს «...-მ» სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება სს «...-ის» სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების თანხის გამცემი ბანკის მომსახურების შესყიდვის მიზნით ღია ტენდერზე პრეტენდენტად დაშვებაზე უარის თქმის შესახებ, რითაც ზიანი მიადგა მოსარჩელის ტენდერში მონაწილეობის კანონიერ უფლებასა და ინტერესს.

სს «...-მ» 2001 წლის 15 აგვისტოს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში აღძრა სარჩელი, რომლითაც სასამართლოს ეთხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიღება. იმავე დღეს, 2001 წლის 15 აგვისტოს, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც მოპასუხე, საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს აეკრძალა ყველა პრეტენდენტთან ცალ-ცალკე განზრახვათა შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, სატენდერო წინადადებების განხილვა და ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია კანონის მოთხოვნები, უგულებელყო სასამართლოს ზემოთ აღნიშნული განჩინება და პრეტენდენტებთან დადო განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებები. 2001 წლის 14 სეტემბერს ჩატარდა სატენდერო კომისიის სხდომა, რომელზედაც გაიხსნა პრეტენდენტთა სატენდერო დოკუმენტაცია, დადგინდა მათი წინადადებების განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხემ დაარღვია «სახელმწიფო შესყიდვების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი, რის გამოც მოსარჩელემ ითხოვა პრეტენდენტთა წინადადებების გახსნისა და განხილვის შესახებ სატენდერო კომისიის 2001 წლის 14 სექტემბრის ოქმისა და პრეტენდენტებთან დადებული განზარხვათა შესახებ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მორალური ზიანის სახით 1 მლნ. ლარისა და სასამართლო ხარჯების დაკისრება.

ამასთან, მოსარჩელემ ითხოვა სარჩელის უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე მუხლებისა და 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ზ» პუნქტის თანახმად სარჩელის სასამართლოში შეტანისთანავე მოპასუხეს აკრძალვოდა აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა შემდგომი მოქმედების ჩატარება.

მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებდა და შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან ტენდერის შემდგომი ეტაპის ჩატარების შემთხვევაში გასაჩივრებული ოქმის, ხელშეკრულებების ბათილად ცნობა დაკარგავდა აზრს და მოსარჩელეს მოესპობოდა სატენდერო პროცედურის ეტაპზე თავისი უფლებების სათანადოდ დაცვის საშუალება. გარდა ამისა, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობის შემთხვევაში მოპასუხე გააფორმებდა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ ბანკთან, რომელიც განახორციელებდა საპენსიო თანხებისა და დახმარებების დარიგებას, რაც დაკავშირებული იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი თანხების გაღებასთან და მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებასთან, რაც ასევე გააძნელებდა გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სს «...-ის» თხოვნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდს აეკრძალა ყველა შემდგომი მოქმედების ჩატარება სახელმწიფო პენსიებისა და დახმარებების თანხის გამცემი ბანკის მომსახურების შესყიდვის მიზნით ღია ტენდერის ჩასატარებლად.

სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გააძნელებდა მის აღსრულებას, ვინაიდან მოპასუხეს უკვე გაფორმებული ექნებოდა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ბანკთან და განმეორებით ტენდერის ჩატარება დაკავშირებული იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი თანხების გაღებასა და მოსარჩელისათვის ზიანის მიყენებასთან.

აღნიშნული განჩინება საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით, რომელშიც მიუთითა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სასამართლომ მოპასუხეს აუკრძალა ყველა იმ მოქმედების შესრულება, რომელიც დაკავშირებული იყო ფონდის სატენდერო კომისიის მიერ ტენდერის ჩატარებასთან, თუმცა 2001 წლის 17 სექტემბრისათვის კომისიას უკვე გამოტანილი ჰქონდა გადაწყვეტილება ყველა თავისი სამართლებრივი შედეგით.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო კოლეგიას დასაბუთებულად და არგუმენტულად ვერ მოჰყავს ის გარემოებები, რომლებიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობის შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებისას გააძნელებდნენ ან შეუძლებელს გახდიდნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ტენდერში სხვა ბანკის გამარჯვების შემთხვევაში, მასთან ხელშეკრულების გაფორმება არ განეკუთვნებოდა იმ გარემოებათა კატეგორიას, რომლებიც გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების შემდგომში აღსრულებას.

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გაუქმდებოდა ყველა თავისი სამართლებრივი შედეგით და თუ ახლად ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვებდა მოსარჩელე, მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება არანაირ სირთულესთან არ იქნებოდა დაკავშირებული. რაც შეეხება განმეორებითი ტენდერის ჩატარების ხარჯებს, ის მოსარჩელის ფინანსურ მხარესთან არ იყო დაკავშირებული.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებმა ითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინების _ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ _ გაუქმება.

სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას.

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძველი და თვლის, რომ სასამართლო კოლეგიამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაასაბუთა ის გარემოებები, რომლებიც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობის შემთხვევაში გააძნელებდნენ ან შეუძლებელს გახდიდნენ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას სარჩელის დაკმაყოფილებისას.

აგრეთვე, არც სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინებაში და არც სარჩელში არ არის დასაბუთებული, თუ რა ზიანი შეიძლებოდა მიდგომოდა მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობის შემთხვევაში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 სექტემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და 2001 წლის 28 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სს «...-ს» უარი ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.