Facebook Twitter

3გ/ად-53-კ-01 16 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: თბომავალ «...-ის» დაღუპვით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1996 წელს ზ. ბ-ძემ დააფუძნა და ბელიზის სახელმწიფოში რეგისტრაციაში გაატარა ფირმა «შ.-ი», რომლის მფლობელობაში იმყოფებოდა თბომავალი «...», ყოფილი «კ.-ი». ზ. ბ-ძემ თბომავალი შეიძინა მასსა და შპს «კ.-ს» შორის დადებული ხელშეკრულებით. გემი 14.02.98 წ. ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომელთა უპასუხისმგებლობით ჩაიძირა. გემის დაღუპვის გამო სსკ-ის 86-ე მუხლით მსჯავრი დაედოთ ქ. ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის საზღვაო ზედამხედველობის ინსპექციის ცვლის კაპიტანს გ. ქ-ძეს, ინსპექციის ცვლის უფროსს მ. ქ-იას, სსკ-ის 188-ე მუხლით ფოთის ნავსადგურის კაპიტანს პ. ა-იას.

გემთმფლობელის სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ ქუთაისის საოლქო სასამართლოს წარედგინა განსახილველად სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. კოლეგიამ სარჩელი განუხილველად დატოვა, დაზარალებულს კი შეუნარჩუნდა უფლება ზიანის ანაზღაურებაზე ედავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

სანაოსნო კომპანიის «შ.-ის» დირექტორი, გემთმფლობელი ზ. ბ-ძე სარჩელით ითხოვდა გემის დაღუპვით მიყენებული მატერიალური ზიანის 866500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის და 1000 000 ლარის არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებას.

მოსარჩელე დ. ს-ელი (თბომავალ «...-ის» ჩაძირვით დაღუპული ეკიპაჟის წევრის რ. ს-ელის მეუღლე) სარჩელით მოპასუხეებისაგან მოითხოვდა დაღუპული მეუღლის ხელფასის 500 აშშ დოლარის გათვალისწინებით მისი და მისი შვილის მარჩენალის დაკარგვის გამო ერთდროულად 9960 აშშ დოლარის ანაზღაურებას, რაც გარდაცვლილის ხელფასის ნაწილი იქნებოდა 1998 წლის 14 თებერვლიდან 2000 წლის 14 სექტემბრამდე, ხოლო შემდეგ ყოველთვიურად სარჩოს მარჩენალის დაკარგვის გამო მისი და მისი შვილისათვის ყოველთვიურად 166-166 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სამაშველო და საძიებო სამუშაოებისათვის ხარჯების – 500 აშშ დოლარის, სამგლოვიარო ცერემონიისათვის 100 აშშ დოლარის, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურეობის 25 აშშ დოლარის, სულ 625 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ მოპასუხეებისაგან სოლიდარულად მოითხოვა აგრეთვე მორალური ზიანის 250 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოსარჩელე გ. მ-ძე (თბომავალ «...-ის» ჩაძირვისას დაღუპული ეკიპაჟის წევრის მ. ვ-ძის მეუღლე) სარჩელით მოპასუხეებისაგან მოითხოვდა დაღუპული მეუღლის ხელფასის 400 აშშ დოლარის გათვალისწინებით მისთვის და მისი სამი შვილსიათვის მარჩენალის დაკარგვის გამო ერთდროულად 9900 აშშ დოლარს, რაც გარდაცვილის ხელფასის ნაწილი იქნებოდა 1998 წლის 14 თებერვლიდან 2000 წლის 14 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ პერიოდში მარჩენალის დაკარგვის გამო მისი და მისი სამივე შვილისათვის ყოველთვიურ სარჩოს თითოეულზე 66 აშშ დოლარის ოდენოით. მოსარჩელემ მოითხოვა სამაშველო და საძიებო სამუშაოებისათვის გადახდილი 500 აშშ დოლარის, პანაშვიდებისა და სამგლოვიარო სამოსელისათვის 150 აშშ დოლარის, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურების 25 აშშ დოლარის, სულ მითითებული ხარჯების 675 აშშ დოლარის ანაზღაურება, მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე სოლიდარულად მორალური ზიანის 250 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოსარჩელე მ. ქ-შვილი (თბომავალ «...-ის» ჩაძირვისას დაღუპული ეკიპაჟის წევრის ნ. ქ-შვილის მეუღლე) მოპასუხეებისაგან ითხოვდა დაღუპული მეუღლის ხელფასიდან, 550 აშშ დოლარის გათვალისწინებით, მისთვის და მისი ორი შვილისათვის მარჩენალის დაკარგვის გამო ერთდროულად 12 330 აშშ დოლარის ანაზღაურებას, რაც გარდაცვლილის ხელფასის ნაწილი იქნებოდა 1998 წლის 14 თებერვლიდან 2000 წლის 14 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ ყოველთვიურ სარჩოს თითოეულ სულზე 137 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე მოითხოვდა აგრეთვე სამაშველო და საძიებო სამუშაოებისათვის 500 აშშ დოლარის, მეუღლის ცხედრის დასაფლავების და საფლავის მოწყობისათვის გაწეული ხარჯების 1200 აშშ დოლარის, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურებისათვის 25 აშშ დოლარის ანაზღაურებას. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მოპასუხეებისაგან სოლიდარულად მორალური ზიანის 250 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

მოსარჩელე ე. ხ-ია (თბომავალ «...-ის» ჩაძირვისას დაღუპული ეკიპაჟის წევრის ვ. ხ-იას მეუღლე) მოპასუხეებისაგან მოითხოვდა დაღუპული მეუღლის ხელფასის 400 აშშ დოლარის გათვალისწინებით, მარჩენალის დაკარგვის გამო ერთდროულად 6000 აშშ დოლარის ანაზღაურებას, რაც გარდაცვლილის ხელფასის ნაწილი იქნებოდა 1998 წლის 14 თებერვლიდან 2000 წლის 14 სექტემბრამდე, ხოლო შემდგომ მარჩენალის დაკარგვის გამო ყოველთვიურად 200 აშშ დოლარს, სამაშველო და საძიებო სამუშაოებისათვის 500 აშშ დოლარს, სამგლოვიარო ცერემონიისათვის 100 აშშ დოლარს, სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურებისათვის 25 აშშ დოლარს, სულ 625 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯების ანაზღაურებას. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე მოპასუხეებისათვის მორალური ზიანის სოლიდარულად დაკისრება 250000 აშშ დოლარის ოდენობით.

მოსარჩელემ სანაოსნო კომპანია «შ.-ის» დირექტორმა ზ. ბ-ძემ საოლქო სასამართლოს კოლეგიას წარმოუდგინა მშრალმზიდ თბომავალ «...-ის» საბაზრო ღირებულების საექსპერტო ანგარიში (დასკვნა), რომლის თანახმადაც თბომავლის საბაზრო ღირებულება 758500 აშშ დოლარით განისაზღვრა. ანგარიში შედგენილია ქ. ოდესაში, კერძო საწარმო «ა.-ის» მიერ. მოპასუხის – საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ საქმეზე წარდგენილ იქნა საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ ლიცენზირებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის, შპს «პ.-ის» დასკვნა გემის შეფასების შესახებ, რომლის თანახმადაც გემის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 236 102 აშშ დოლარით. სასამართლომ 17.01.01წ. გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ წარმოდგენელი ორი დასკვნიდან გაზიარებული უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, ვინაიდან უკანასკნელი, სასამართლოს აზრით, გაანგარიშების უფრო სრულყოფილ მეთოდს იყენებს, კერძოდ გემის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისათვის ექსპერტი მიმართავს სამ მეთოდს – გაწეული ხარჯების, გაყიდვის ანალოგიის და ობიექტის მომგებიანობის მეთოდებს, მაშინ როდესაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ემყარება მხოლოდ ერთს _ გაყიდვის ანალოგიის მეთოდს. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში გაყიდვის ანალოგიის მეთოდით შეფასება მოიცავს: 1) მონაცემების ანალიზს, 2) ყველაზე ახლო ანალოგიის არჩევას, 3) ანალოგების კორექტირებას, 4) მნიშვნელობის შეთანხმებას. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მოიცავს მხოლოდ: 1) მონაცემთა ანალიზს, 2) ყველაზე ახლო ანალოგის შერჩევის მეთოდს.

სასამართლომ აღნიშნა აგრეთვე, რომ მიუხედავად შეფასების მეთოდიკის სხვადასხვაობისა, დასკვნებში არსებული ფასთასხვაობა განპირობებულია გემის ტიპის სხვადასხვა განსაზღვრებით. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მშრალმზიდი გემი «...-ი» მიჩნეულია ცურვის შემოუფარგლავი რაიონის მქონედ, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში გემი მიჩნეულია მდინარე-ზღვის ტიპის ცურვის შეზღუდული რაიონის მქონედ, გემის ტიპებს შორის სხვაობა იძლევა მისი ფასის 30-40%-ით სხვაობას. სასამართლო ეყრდნობა სანაოსნოს რუსეთის საზღვაო რეგისტრის რეგიონალური სამმართველოს ცნობას, რომლის მიხედვით თბომავალი «...-ი» არის PKჩM-Л 31 კლასის, რაც გემის ცურვის შეუზღუდავი რაიონისადმი კუთვნილებას ადასტურებს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ნაჩვენები საშუალო ფასი – 484 000 აშშ დოლარი წარმოადგენს ცურვის შეზღუდული რაიონის მქონე გემის ფასს, რომელსაც უნდა დაემატოს არაუმეტეს ღირებულების 30%, ე.ი. 145 200 აშშ დოლარი, რის გამო, 1966 წელს გამოშვებული მშრალმზიდი გემის ფასი, რომელსაც ცურვის შეუზღუდავი რაიონი გააჩნია, შეადგენდა 629200 აშშ დოლარს და არა 484000 აშშ დოლარს. ვინაიდან გემს ჩაუტარდა რენოვაცია, სასამართლომ მიუთითა, რომ მოპაუხის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ექსპერტს უნდა შეერჩია მშრალმზიდი «...-ის» პირდაპირი ანალოგი 1996წ. აშენებული გემის მიხედვით. სასამართლო ეხება რა ორივე დასკვნაში ერთი დიდვეიტის ფასის განსაზღვრის წესს, აღნიშნავს, რომ ორივე დასკვნაში დიდვეიტის ფასის განსაზღვრა თითქმის ერთი და იმავე წესით _ გემის ღირებულების გემის საერთო დიდვეიტზე გაყოფით ხდება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ გემის ტიპის სხვაობა ზემოქმედებას ახდენს დიდვეიტის ფასის განსაზღვრაზე. საბოლოოდ, სასამართლო იზიარებს რა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტის დასკვნას, მიიჩნევს, რომ გემის საბაზრო ღირებულება დაღუპვის მომენტისათვის შეადგენდა 758500 აშშ დოლარს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელესა და სააგენტო ფირმა «ა.-ს» შორის 05.07.97წ. ქ. ...-ში დაიდო ხელშეკრულება სააგენტო მომსახურების შესახებ. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე 28.01.98წ. დაიდო უნივერსალური ტაიმ-ჩარტერი 6 თვეს პლუს სამი თვე, რომლის თანახმადაც ერთი დღის იჯარა შეადგენდა 850 აშშ დოლარს, შესაბამისად 6 თვის განმავლობაში გემის იჯარის ღირებულება 153 000 აშშ დოლარს შეადგენდა. გემის და ეკიპაჟის შენახვის ხარჯების 51 000 აშშ დოლარის გამოკლებით, სასამართლო ასკვნის, რომ გემთმფლობელს მოგების სახით უნდა მიეღო 102 000 აშშ დოლარი. აღნიშნულს ემატება ფირმა «ა.-ისათვის» მომსახურების გადაუხდელი 6000 აშშ დოლარი, რომელიც მოსარჩელეს უნდა გადაეხადა სააგენტო ფირმა «ა.-ისათვის» 05.06.97წ. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამთავრების შემდეგ.

გემის კაპიტანის მიერ გაცემული ცნობის, მოწმეების ჩვენებების, გემთმფლობელის და ოჯახის წევრების განმარტებების მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დაღუპული თბომავალი «...-ის» ეკიპაჟის წევრები: ნ. ქ-შვილი ნამდვილად მუშაობდა გემის კაპიტნის მეორე თანაშემწედ შესაბამისი ხელფასით 550 აშშ დოლარი, რ. ს-ელი ნამდვილად მუშაობდა გემზე მეორე მექანიკოსად, ხელფასით 500 აშშ დოლარი, მ. ვ-ძე ბოცმანად, ხელფასით 400 აშშ დოლარი, ვ. ხ-ია მატროსად, ხელფასით – 400 აშშ დოლარი.

სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს მატერიალური ზიანი მიადგათ ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხ. «გ» ქვეპუნქტის თანახმად, მტკიცებას არ საჭიროებს. ვინაიდან მოსარჩელეებს მატერიალური ზიანი მიადგათ სახელმწიფოს მოსამსახურეთა როგორც განზრახი, ისე უხეში გაუფრთხილებლობითი მოქმედებით, სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 992, 1006, 1005 მუხლების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეებზე მიყენებული მატერიალური ზიანისათვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ სახელმწიფოს წარმომადგენელს – საქართველოს ტრანსპორტის და კომუნიკაციების სამინისტროს, სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციას, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს, რომლებთანაც სოლიდარულად პასუხი უნდა აგონ აგრეთვე კაპიტნის სამსახურის თანამშრომლებმა – მ. ქ-იამ, გ. ქ-ძემ, პ. ა-იამ. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ კომპანია «შ.-ის» სასარგებლოდ თბომავალ «...-ის» საბაზრო ღირებულება 758 500 აშშ დოლარი შესაბამის ლარის კურსით. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის I ნაწილზე მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა უნდა აანაზღაურონ მიუღებელი მოგება 102 000 აშშ დოლარი, რომელსაც კომპანია მიიღებდა «შ.-სა» და ფირმა «ა.-ს» შორის 28.01.98წ. დადებული უნივერსალური ტაიმ-ჩარტერის შესრულებით, და სააგენტო ფირმის მომსახურების თანხა 6000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ გემის ეკიპაჟის დაღუპულ წევრებს კმაყოფაზე ყავდათ ოჯახის წევრები, კერძოდ რ. ს-ელს მეუღლე, მეორე ჯგუფის ინვალიდი დ. ს-ელი, ქალიშვილი ქ. ს-ელი, დაბ. 1988 წ; მ. ვ-ძეს მეუღლე გ. მ-ძე, მეორე ჯგუფის ინვალიდი, შვილები მ. ვ-ძე, დაბ. 1978 წ., ი. ვ-ძე, დაბ. 1980 წ., ს. ვ-ძე, დ აბ. 1984 წ. და ს. ვ-ძე, დაბ. 1988წ.; ნ. ქ-შვილს მეუღლე მ. ქ-შვილი, შვილები დ. ქ-შვილი, დაბ. 1994წ., გ. ქ-შვილი, დაბ. 1997წ.; ვ. ხ-იას კმაყოფაზე ჰყავდა მეუღლე ე. ხ-ია, მეორე ჯგუფის ინვალიდი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ დაღუპული ეკიპაჟის წევრების ოჯახებს მიყენებული მატერიალური ზიანი უნდა აუნაზღაურდეთ, საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. ¹48 ბრძანებულების 35-ე პუნქტის თანახმად, ყოველთვიური სარჩოს დაწესებით, აღნიშნული ვალდებულება უნდა გაგრძელდეს მანამდე, ვიდრე დაზარალებულები ვალდებული იქნებოდნენ ეხადათ სარჩო. მოპასუხეებს დაევალათ აგრეთვე გარდაცვლილთა ოჯახების მიერ გაწეული სამაშველო-საძიებო სამუშაოებთან, სამგლოვიარო ცერემონიალთან და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

საოლქო სასამართლოს კოლეგიამ სამოქალაქო კოდექსის 413-ე და მე-18 მუხლებზე მითითებით მიიჩნია აგრეთვე, რომ მოსარჩელეებს _ სანაოსნო კომპანია «შ.-ს» და მისი სახით გემთმფლობელ ზ. ბ-ძეს, ასევე დაღუპული ეკიპაჟის წევრთა მეუღლეებს უფლება აქვთ მოითხოვონ არაქონებრივი (მატერიალური) ზიანის ანაზღაურება. კოლეგიამ აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმის განხილვით და დამდგარი განაჩენით გაზეთ «...-ს» (28.11.99წ.) და გაზეთ «...-ის» (4-10.03.98წ.) პუბლიკაციების საპირისპიროდ დადასტურდა, რომ არც ეკიპაჟის გარდაცვლილ წევრებს, არც გემთმფლობელს მომხდარ კატასტროფაში წვლილი არ მიუძღვით. გამოქვეყნებული ინფორმაციები აშკარად ლახავდა სანაოსნო კომპანია «შ.-ის» საქმიან რეპუტაციას, რადგან პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო არა მხოლოდ სახელმწიფოს შიგნით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს კომპანია «შ.-ის» სარჩელი არაქონებრივი ზიანის, ე.ი. საქმიანი რეპუტაციის შელახვის ნაწილში და მოპასუხეებს – ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, საზღვაო ადმინისტრაციას, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს დაეკისრა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 200 000 ლარის ოდენობით.

უდავოდ იქნა მიჩნეული აგრეთვე, რომ ეკიპაჟის დაღუპული 4 წევრის მეუღლეებმა მიიღეს მორალური ზიანი, რაც უახლოესი პიროვნების გარდაცვალებით იყო გამოწვეული. ამ მიმართებით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ დაღუპულთაგან სამი ცხედარი საერთოდ ვერ მოინახა, ხოლო ერთ-ერთის დასახიჩრებული ცხედარი რამდენიმე თვის შემდეგ ზღვამ გამორიყა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების – დ. ს-ელის, გ. მ-ძის, მ. ქ-შვილის, ე. ხ-იას მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილფდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს სოლიდარულად, თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 20000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.01.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: სანაოსნო კომპანია «შ.-ის» დირექტორის, გემთმფლობელის ზ. ბ-ძის, თბომავალ «...-ის» ეკიპაჟის 4 დაღუპული წევრის მეუღლეების სასარჩელო განცხადებები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ. ზ. ბ-ძის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეებს: საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციას, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს, მსჯავრდებულებს პ. ა-იას, გ. ქ-ძეს და მ. ქ-იას სოლიდარულად დაეკისრათ მატერიალური ზიანის 866 500 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის კურსით გადახდა. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციას და ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ არაქონებრივი ზიანი 200 000 ლარის ოდენობით.

დ. ს-ელის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება მარჩენალის გარდაცვალების გამო დ. ს-ელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის სახით 166 აშშ დოლარი, შესაბამისი ლარის კურსით, ქ. ს-ელისათვის ყოველთვიური სარჩოს გადახდის სახით 166 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის კურსით, 30 თვის სარჩოს 9960 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის კურსით ერთდროულად გადახდით. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ დ. ს-ელის მიერ გაწეული ხარჯები 625 აშშ დოლარი შესაბამისი ლარის კურსით. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ დ. ს-ელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აგრეთვე გ. მ-ძის სარჩელი, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება მარჩენალის გარდაცვალების გამო გ. მ-ძის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს გადახდის სახით 66 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი, ი. ვ-ძეს ყოველთვიური სარჩოს სახით 66 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი, ს. ვ-ძეს ყოველთვიური სარჩოს გადახდის სახით 66 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი, ს. ვ-ძეს ყოველთვიური სარჩოს სახით 66 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი, 30 თვის სარჩოს გადახდა 7999 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის ერთდროულად გადახდით. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ გ. მ-ძის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯები 675 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი და მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

მ. ქ-შვილის სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება მარჩენალის გარდაცვალების გამო მ. ქ-შვილისათვის ყოველთვიური სარჩოს სახით 137 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი, დ. ქ-შვილს ყოველთვიური სარჩოს სახით 137 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი, გ. ქ-შვილს ყოველთვიური სარჩოს სახით 137 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი, 30 თვის სარჩოს 12330 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარის ერთდროული გადახდით. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მ. ქ-შვილის მიერ გაწეული ხარჯები 2125 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარი და მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით.

ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აგრეთვე ე. ხ-იას სარჩელი, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება ყოველთვიურად 200 აშშ დოლარის შესაბამისი კურსის ლარის გადახდა, 30 თვის სარჩოს 6000 აშშ დოლარის შესაბამისი კურსის ლარის ერთდროულად გადახდით. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ ე. ხ-იას მიერ გაწეული ხარჯების 625 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის კურსით გადახდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ აგრეთვე ე. ხ-იასათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით. სასამართლომ დაადგინა,M რომ ყოველთვიური სარჩოს გადახდის ათვლა 1998 წლის 15 თებერვლიდან უნდა დაიწყოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.01.01 წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხეების საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, პ. ა-იას, გ. ქ-ძის, მ. ქ-იას მიერ. კასატორები ითხოვენ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 17.01.01 წ. გადაწყვეტილების გაუქმებას, საქმის თბილისის საოლქო სასამართლოსათვის ხელახალი განხილვისათვის გადაცემას, ვ. მ-შვილის ბრალეულობის საბოლოო გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერებას შემდეგ გარემოებათა გამო:

1. კასატორები აღნიშნავენ, რომ 23.01.01 წ. განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 22.06.2000 წ. დადგენილება და ფოთის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურატურის გამომძიებლის 08.06.2000 წ. დადგენილება გემის კაპიტნის ვ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, საქმე წინასწარი გამოძიების განსაახლებლად გადაეგზავნა პროკურატურას. კასატორების აზრით, გემის კაპიტნის ვ. მ-შვილის ბრალეულობის საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება სარჩელთან დაკავშირებით, ვინაიდან გაუქმებულია სარჩელის ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი – პროკურატურის 08.06.2000 წ. დადგენილება, აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტი.

2. საზღვაო ადმინისტრაცია და კაპიტნის სამსახური არ არიან იურიდიული პირები და წარმოადგენენ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. სსსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. რადგანაც სასამართლოს არ მიუთითებია კანონი, რომელიც ითვალისწინებს არაიურიდიული პირი ორგანიზაციების მხარედ ჩართვას, საქმე სსსკ-ის მე-15 მუხლის I ნაწილის თანახმად უნდა განეხილა თბილისის საოლქო სასამართლოს.

3. მიუხედავად იმისა, რომ კანონი, კერძოდ სსსკ-ის 46-ე მუხლი არ ითვალისწინებს სასამართლო ხარჯებისაგან გათავისუფლებას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაციის გავრცელების გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლომ უარი თქვა მოპასუხეების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე სარჩელის უმოძრაოდ დატოვების შესახებ და მიღებული გადაწყვეტილებით დააკისრა მოპასუხეებს სოლიდარულად სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 000 ლარის ოდენობით.

4. მიუხედავად იმისა, რომ საქმე იხილებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, აცილების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ არ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით.

5. სამინისტროს წარმომადგენლის დ. ც-ძის ავადმყოფობის მიუხედავად სასამართლო სხდომა გაგრძელდა, შედგა პაექრობა და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.

6. სასამართლომ დაარღვია საქართველოს პრეზიდენტის 30.10.2000 წ. ¹471 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის «უ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად იუსტიციის სამინისტრო უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას სასამართლოში იმ დავებზე, რომელთა სარჩელის ფასი 1 მილიონ ლარს აღემატება.

7. სასამართლომ უკრიტიკოდ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რეალური მტკიცება, კერძოდ კი საბუღალტრო დოკუმენტები იმის შესახებ, რომ საზღვაო კომპანია «შ.-ის» დირექტორს ზ. ბ-ძეს რეალურად გადახდილი აქვს გემის რემონტის თანხები. სასამართლო შეცდომით უთითებს, რომ შპს «პ.-ს» თბომავალი «...-ი» შეფასებული აქვს 484 000 აშშ დოლარად. ამ ფასად შეფასდა 1966 წლის გამოშვების 2600 დიდვეიტის მქონე გემის ღირებულება, საიდანაც დაანგარიშებული იყო ერთი დიდვეიტის ღირებულება (484 000 : 2600 = 1862), რის შედეგადაც განისაზღვრა 1958 წ. გამოშვებული 1268 დიდვეიტის მქონე თბომავალ «...-ის» ღირებულებად (1268 X 186.2 = 236102) 236102 აშშ დოლარი.

უსწოროა აგრეთვე სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ გემი განეკუთვნება ცურვის შემოუფარგავი რაიონის მქონე გემის ტიპს, ვინაიდან ქუთაისის საოლქო სასამართლოს 02.09.99წ. განჩინებით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.11.99წ. განჩინებით დადგენილია, რომ თბომავალ «...-ს» სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით გააჩნია ¹1 შეზღუდვა.

სასამართლოზე წარმოდგენილი ორი განსხვავებული სასაქონლო ექსპერტიზის არსებობისას, თბომავალ «...-ის» რეალური ფასის დასადგენად სსსკ-ის 173-ე მუხლის თანახმად, აუცილებელი იყო განმეორებითი სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნა.

8. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 18.6 მუხლი, რომლის მიხედვით პირს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების უფლება ეძლევა მხოლოდ ბრალეული ხელყოფის დროს. საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცება იმისა, რომ მოპასუხე ორგანიზაციების თანამშრომლები ბრალეულად ცდილობდნენ შეელახათ «შ.-ის» საქმიანი რეპუტაცია. სსკ-ის 18 მუხლში საუბარია ცნობების (ე.ი. ფაქტების) გავრცელებაზე და არა ფაქტების შეფასებაზე. მიცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საკითხის ირგვლივ გარკვეული აზრის გამოთქმას, რომლის საფუძვლიანობა დასტურდება გემის კაპიტნის და ეკიპაჟის წევრების სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული ახსნა-განმარტებებით, ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზებით, ლ. ზ.-ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით.

9. საქმეში არ მოიპოვება გადაწყვეტილებაში აღნიშნული ხელფასების რეალობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცება, არ არის მტკიცება იმისა, რომ გარდაცვლილი პირები ხანგრძლივი დროით შეინარჩუნებდნენ სამუშაოს და ხელფასებს. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, რომ ამინდის ცნობის მიუწოდებლობის შემთხვევაში რამდენად შეეძლო სათანადო მოწყობილობებით აღჭურვილ გემის ეკიპაჟს გადაერჩინა გემი.

მოწინააღმდეგე მხარემ – სანაოსნო კომპანია «შ.-ის» დირექტორმა ზ. ბ-ძემ, ეკიპაჟის 4 დაღუპული წევრის ქვრივებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ საოლქო სასამართლოს არ დაურღვევია სსსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნები, კოლეგიამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო 17.01.01 წ., ამ დროისათვის ვ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილი იყო, განჩინება მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილების გაუქმების შესახებ 23.01.01 წ. იქნა მიღებული. ვ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება ხელს არ უშლის ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას, კასატორებს აქვთ უკუმოთხოვნის უფლება, კასატორი ვერ ასაბუთებს თუ რატომ უნდა შეჩერებულიყო საქმის წარმოება. სასამართლოს არ დაურღვევია აგრეთვე სსსკ-ის მე-15 მუხლი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე იმყოფება ფოთის პორტის კაპიტნის სამსახური, რომლის მოსამსახურეთა ბრალით მოსარჩელეებს მიადგათ ზიანი. ვინაიდან საქმის წარმოება მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, არ არსებობდა აგრეთვე ბაჟის გადაუხდელობის მოტივით სსსკ-ის 185-ე მუხლის მიხედვით სარჩელის უმოძრაოდ დატოვების საფუძველი. განცხადება სასამართლო შემადგენლობის აცილების შესახებ გამოწვეული იყო ზემოთმითითებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობით და მაშასადამე იყო დაუსაბუთებელი, რის გამოც სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა იგი. საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას არ დარღვეულა აგრეთვე შეჯიბრებითობის პრინციპი, სამინისტროს წარმომადგენლის ავადმყოფობის დასადასტურებლად წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცლის შინაარსით დასტურდება, რომ დ. ც-ძეს 17.01.2000 წ. ბიულეტენი დაეხურა და მას შეეძლო სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება, მხარე შეგნებულად აჭიანურებდა საქმის განხილვას, არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა პროცესზე, რის გამო 261-ე მუხლის საფუძველზე საქმე მისი მონაწილეობის გარეშე იქნა განხილული. საქმეზე არ დარღვეულა აგრეთვე მხარის წარმომადგენლობა, საქმე განხილვის პროცესში იმყოფებოდა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ¹471 ბრძანებულებით დამტკიცდა საქართველოს იუსტიციის სამინისიტროს დებულება, ამასთანავე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად სათანადო ცვლილებები არ შესულა საპროცესო კოდექსში. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ აგრეთვე იმას, რომ ეკიპაჟის დაღუპულ წევრთა ანაზღაურების ოდენობის დადგენა საქმის ფაქტობრივ გარემოებათა რიგს განეკუთვნება, რომლის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება კასატორების მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. პირველადი საბუთები ეკიპაჟის წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ ინახებოდა გემთმფლობელის კაიუტაში და გემთან ერთად დაიღუპა. დაღუპულთა გემზე მუშაობის და ანაზღაურების ფაქტი დასტურდება მოწმეების ჩვენებებით, შპს «ა.-ის» მიერ გაცემული ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ ნავსადგურის კაპიტნის სამსახური პასუხს აგებს საგარეო რეიდზე დგომის უსაფრთხოებაზე, ამ მიზნით ატარებს გემის ინსპექტირებას, ყოველგვარი გადაადგილება გემიდან სანაპიროზე და პირიქით ხდება კაპიტნის სამსახურის მეშვეობით, შესაბამისად გემის დაღუპვაში კაპიტნის სამსახური მით უფრო დამნაშავეა, თუ კი რეიდზე დგომისას არ იყო უზრუნველყოფილი ნაოსნობის უსაფრთხოება. საკასაციო საჩივარი არ ეხება ეკიპაჟის გარდაცვლილი წევრების მეუღლეებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომლის მიყენება უდავოა და სსსკ-ის 404-ე მუხლის მიხედვით არ არსებობს ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. გემთმფლობელი დამატებით აღნიშნავს აგრეთვე, რომ სასამართლომ კანონიერად გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან კერძო საწარმო «ა.-ის» მიერ გაცემული დასკვნა ემყარება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულ შეფასების მეთოდებს. შპს «პ.-ის» მიერ აუდიტორულ დასკვნაში გამოყენებულ შეფასების მეთოდს მოიცავდა კ.ს. «ა.-ის» დასკვნა, სასამართლო ვერ გამოიყენებდა სსსკ-ის 173-ე მუხლს, ვინაიდან წარმოდგენილი დასკვნა არის სრულყოფილი და ემყარება საქმეში დაცულ მასალებს, გემთმფლობელი ხაზს უსვამს აგრეთვე იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენების მიუხედავად, კასატორები ავრცელებდნენ ცნობებს გემის ეკიპაჟის ბრალით დაღუპვის შესახებ, ამდენად, მართლზომიერია კომპანიის საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შეფასების საფუძველზე, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.11.01. წ. გადაწყვეტილება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 279-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე. საოლქო სასამართლოს მიერ 17.01.01 წ. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამრთლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციის კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, ვ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 22.06.2000წ. დადგენილების და ფოთის რეგიონული ტრანსპორტის პროკურატურის გამომძიებლის 08.06.2000წ. დადგენილების გაუქმება, ვ. მ-შვილის მიმართ წინასწარი გამოძიების განახლება არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, ვინაიდან კოლეგიამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო 17.01.01 წ., ხოლო ვ. მ-შვილის მიმართ ს.ს. საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაუქმების შესახებ განჩინება 23.01.01 წ. იქნა მიღებული. ამასთანავე, ვ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება, მისი ბრალეულობა არ გამორიცხავს მოპასუხეთა ბრალეულობას ზიანის მიყენებაში, რაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არის დადგენილი. ვ. მ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება ხელს არ უშლის თბომავალი «...-ის» ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას, რამდენადაც მომავალში ვ. მ-შვილის ბრალის დადასტურების შემთხვევაში მოპასუხეებს, როგორც სოლიდარული ვალდებულების შემსრულებლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლის მიხედვით, რჩებათ უკუმოთხვნის უფლება. ამასთანავე, «შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99 წ. ¹48 ბრძანებულების 37-ე პუნქტის თანახმად, შერეული პასუხისმგებლობა არ გამოიყენება მარჩენალის დაკარგვის გამო ზიანის ასანაზღაურებელი ოდენობის განსაზღვრის დროს. პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ 14.02.98 წ. თბომავალ «...-ის» მეზღვაურთა გარდაცვალებით მათმა ოჯახებმა დაკარგეს მარჩენალი, ფოთის რეგიონული სატრანსპორტო პროკურატურის 15.10.01 წ. ¹5-პ-98 მომართვის თანახმად, 24.05.2000წ. გამოცხადდა გემის კაპიტნის ვ. მ-შვილის ძებნა, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეჩერდა ბრალდებულ ვ. მ-შვილის ადგილსამყოფელის დადგენამდე და მის მოძებნამდე. სისხლის სამართლის საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს განაჩენით დადგენილია, რომ თბომავალი «...-ი» და მისი ეკიპაჟის 4 წევრი 14.02.98წ. დაიღუპა ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომელთა უპასუხისმგებლობით, განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული კაპიტნის სამსახურის საზღვაო ზედამხედველობის ინსპექციის ცვლის უფროსის მ. ქ-იას და ამავე სამსახურის ცვლის კაპიტნის გ. ქ-ძის მიმართ, რომლებსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლით. ფოთის საქალაქო სასამართლოს 16.08.2000 წ. განაჩენით საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლით მსჯავრდებულ იქნა კაპიტნის სამსახურის უფროსი პ. ა-ია. ამდენად, მოსარჩელეებს დ. ს-ელს, გ. მ-ძეს, მ. ქ-შვილს, ე. ხ-იას მატერიალური ზიანი მიადგა ფოთის საზღვაო სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობით. სსსკ-ის 106-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დადგენილი ფაქტებს იმის შესახებ ჰქონდა თუ არა მოქმედებას ადგილი და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ საქმის განხილვისას, პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ და მტკიცებას არ საჭიროებენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, «თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს». ამდენად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება იმ ორგანოს, რომელშიც მოსამსახურეები მუშაობდნენ _ საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს, რომელიც საქართველოს საზღვაო კოდექსის 71-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, თავის მხრივ, ექვემდებარება საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციას, უკანასკნელი, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.2000 წ. ¹279 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მიხედვით, წარმოადგენს სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ამავე სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაციას, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურს, მათთან ერთად სოლიდარულად, სსკ-ის 1005-ე მუხლის I ნაწილის ძალით, პასუხისმგებლობა ეკისრებათ კაპიტნის სამსახურის თანამშრომლებს პ. ა-იას, მ. ქ-იას, გ. ქ-ძეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის მიხედვით, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზრალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო. პალატა შესაძლებლად თვლის დაზარალებულთა ოჯახების სასარგებლოდ სარჩოს დაკისრებას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იქნა წარმოდგენილი მეზღვაურებთან დადებული კონტრაქტები, ხელფასების მიღების უწყისები, რომლებიც გემის დაღუპვის შედეგად განადგურდა. საოლქო სასამართლოს მიერ თბომავალი «...-ის» ეკიპაჟის წევრების ხელფასების დადგენილი ოდენობა დასტურდება გემის კაპიტნის, გემის აგენტის მიერ გაცემული ცნობებით, მოწმეების ჩვენებებით, გემთმფლობელის და ოჯახის წევრების განმარტებებით. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის. პალატა თვლის, რომ მეზღვაურთა გემზე სამსახური თავისთავად ადასტურებს გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას, რომლის ოდენობა, თვით კასატორთა წარმომადგენლების აზრით, საერთაშორისო დონის ანაზღაურების განაკვეთის მინიმალურ ზღვარს არ აღწევდა. ამასთანავე, საოლქო სასამართლოს 17.01.01 წ. გადაწყვეტილებით მარჩენალის გარდაცვალების გამო განსაზღვრული ყოველთვიური სარჩოს გადახდა მოპასუხეებს ეკისრებათ მანამდე, ვიდრე დაზარალებული კანონმდებლობის თანახმად ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვით დაირღვა საერთო განსჯადობის პრინციპი, რომ სსსკ-ის მე-15 მუხლის I ნაწილის თანახმად, საქმე უნდა განეხილა თბილისის საოლქო სასამართლოს, რამდენადაც საზღვაო ადმინისტრაცია და კაპიტნის სამსახური არ არიან იურიდიული პირები და წარმოადგენენ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს. პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-15 მუხლის I ნაწილი ითვალისწინებს იურიდიული პირის მიმართ სარჩელის წარდგენას იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიხედვით. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის სამსახური, საზღვაო ადმინისტრაცია, როგორც ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმხორციელებელი ორგანოები, ახორციელებენ სახელმწიფოს უფლებამოსილებებს და სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უფლებამოსილი არიან გამოვიდნენ მხარედ სასამართლოში. სსსკ-ის 79-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებად შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან იურიდიული პირები. ამასთანავე, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-16 მუხ.), სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს (სსსკ-ის მე-20 მუხ). ამდენად, საქმის ქუთაისის საოლქო სასამართლოში განხილვით არ დარღვეულა განსჯადობის წესები, მით უფრო, რომ მოგვიანებით მოპასუხეებად საქმეში ჩართულ იქნენ ფიზიკური პირები პ. ა-ია, მ. ქ-ია, გ. ქ-ძე, რაც ადასტურებდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს განსჯადობას.

3. თავდაპირველი სარჩელები ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოში აღძრული იქნა ფიზიკური პირების მიერ (ზ. ბ-ძის სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სათანადო მოპასუხედ საქმეში ჩაება სანაოსნო კამპანია) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლის შემდეგ. აღნიშნული კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა არ აბრკოლებს საქმის განხილვას და გადაწყვეტას. სსსკ-ის 46-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები მარჩენალის სიკვდილით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სარჩელებზე. გარდა ამისა, მოსარჩელეები სისხლის სამართლის საქმეში ცნობილ იყვნენ დაზარალებულად, რაც «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. ამდენად, არ არსებობდა სსსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სარჩელის უმოძრაოდ დატოვების საფუძველი. ამასთანავე, სსსკ-ის 47-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 53-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ერთი მხარის გათავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

4. პალატა არ ეთანხმება კასატორების მოსაზრებას ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ აცილების საკითხის გადაწყვეტისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შესახებ. შუამდგომლობა აცილების შესახებ დასმულ იქნა 07.11.2000წ. სასამართლო სხდომაზე, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით გათვალისწინებული აცილების შესახებ განცხადების განხილვის წესი გაუქმდა კოდექსში 24.02.2000წ. კანონით შეტანილი ცვლილება-დამატებებით, რომელიც ძალაში შევიდა 09.03.2000წ. (ოფიციალურ გამოცემაში _ «საკანონმდებლო მაცნეში» კანონი გამოქვეყნდა 08.03.2000წ.). ვინაიდან საოლქო სასამართლოს მიერ აცილების შესახებ განცხადების გადაწყვეტისას კოდექსის მე-8 მუხლი არ მოქმედებდა, შესაბამისად სასამართლო ვერ იხელმძღვნელებდა კოდექსის ძალადაკარგული მუხლის წესებით.

5. კასატორი აღნიშნავს, რომ 17.01.01წ., მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს წარმომადგენელი დ. ც-ძე ავადმყოფობის გამო არ ესწრებოდა სხდომას, რის შესახებაც წარმოდგენილი იქნა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტი, სასამართლო სხდომა გაგრძელდა, რითაც, კასატორის აზრით, დაირღვა საქმის განხილვის შეჯიბრებითობის პრინციპი. დ. ც-ძეზე გაცემული შრომისუუნარობის ფურცელი დაიხურა 17.01.01 წ. 1000 საათზე, რაც დასტურდება თვით დ. ც-ძის ხელმოწერით. ამდენად, მას ჰქონდა 17.01.01წ. შემდგარ სასამართლო სხდომაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, სასამართლო უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა სხდომა, მით უფრო, რომ წინამორბედი სასამართლო სხდომები (11.01.2000წ., 15.01.2000წ.) გადაიდო ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლის სხდომაზე არ დასწრების გამო, გამოუცხადებლობის მიზეზი, სასამართლო სხდომის ოქმის მიხედვით, სასამართლოსათვის უცნობი იყო, დ. ც-ძის ავადმყოფობის შემთხვევაში სამინისტროს შეეძლო სასამართლო პროცესზე წარედგინა სხვა წარმომადგენელი. ამასთანავე, სასამართლოს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის მიხედვით, გამოტანილი ჰქონდა განჩინება საქმის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.

6. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 30.10.2000 წ. ¹471 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-2 მუხლის «უ» ქვეპუნქტის და მე-14 მუხლის მოთხოვნები არ დარღვეულა გემზე დაღუპულ მეზღვაურთა ქვრივების სარჩელთან დაკავშირებით, ვინაიდან თითოეულის სარჩელის ფასი არ აღემატებოდა 1 მილიონ ლარს. რაც შეეხება სანაოსნო კომპანია «შ.-ის» სარჩელს, რომლის სარჩელის ფასი აღემატებოდა 1 მილიონ ლარს, სასამართლო კოლეგიას მხედველობაში უნდა მიეღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესახებ დებულების მე-2 მუხლის «უ» ქვეპუნქტის და მე-14 მუხლის მოთხოვნები, რომელთა თანახმად აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში იმ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ დავებზე, რომელთა სარჩელის ფასი 1 მილიონ ლარს აღემატება, ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. შესაბამისად, სანაოსნო კამპანიის სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგიას საქმეში წარმომადგენლად უნდა ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რის გამო, ამ ნაწილში სახეზეა არასრულყოფილი წარმომადგენლობა.

7. საკასაციო პალატა უმართებულოდ თვლის თბომავალ «ბ.-ის» საბაზრო ღირებულების შეფასებას კერძო საწარმო «ა.-ის» საექსპერტო შეფასების ანგარიშის საფუძველზე. ანგარიში იწყება ძირითადი ცნებების განმარტებით, მაშინ როდესაც ცნებების აბსოლუტური უმრავლესობა თვით დასკვნაში არ არის გამოყენებული. ანგარიშის შემსრულებლების გ. კ-კოს და მ. პ-იხის საქმეში დაცული სერტიფიკატები ადასტურებენ მათ უფლებას განახორციელონ შეფასებები უკრაინის ტერიტორიაზე, დასკვნას ხელს აწერს დასკვნის მხოლოდ ერთი შემსრულებელი, მაშინ, როდესაც დასკვნის 9.1, 9.2.9 პუნქტების თანახმად, დასკვნას ხელს უნდა აწერდნენ დასკვნის მომზადებაში მონაწილე პირები. გარდა ამისა, «აუდიტორული საქმიანობის შესახებ» კანონის მე-4, მე-9 მუხლის «ვ» ქვეპუნქტის თანახმად, უცხო სახელმწიფოს აუდიტორის აუდიტორული დასკვნა დასაშვებია, უკეთუ აუდიტორულ საქმიანობაზე სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტები საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალიზებულია ან უცხო სახელმწიფოს აუდიტორები (უცხოელი ფირმები) ლიცენზირებულია საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ. ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ გემის ფასის განსაზღვრისათვის საჭიროა სასამართლო-სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის, ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის კაპიტნის სამსახურის, პ. ა-იას, გ. ქ-ძის, მ. ქ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.01.01წ. გადაწყვეტილება მოსარჩელის – სანაოსნო კომპანიის «შ.-ის» დირექტორის, იგივე გემთმფლობელის ზ. ბ-ძის სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილების ნაწილში. საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 17.01.01 წ. გადაწყვეტილება მოსარჩელეების დ. ს-ელის, გ. მ-ძის, მ. ქ-შვილის, ე. ხ-იას სარჩელების ნაწილობრივი დაკმაყოფილების ნაწილში.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.