Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-54-კ 24 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ბ. კობერიძე

განიხილა ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 31 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 3 აგვისტოს ნ. ნ-ძემ სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ ის და მისი მეუღლე ე. ნ-ძე წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ქ. ფოთში, ხოლო მისი დედამთილი ნა. ნ-ძე ცხოვრობდა აბაშის რაიონის სოფ. ... მოსარჩელის განმარტებით, მისმა მულმა მ. კ-ძემ სოფლის ადრინდელი ხელმძღვანელობის დახმარებით შეძლო თავისი შვილიშვილი გ. კ-ძე ნა. ნ-ძის კომლში ჩაეწერა, მაგრამ ძმის ე. ნ-ძის საჩივრების საფუძველზე გ. კ-ძე ამოწერილ იქნა დიდი ბებიის კომლიდან.

1987 წლის 18 ოქტომბერს გარდაიცვალა ნა. ნ-ძე და მისი შვილი (მოსარჩელის მეუღლე) ე. ნ-ძე დაეუფლა დედის დანაშთ ქონებას, საცხოვრებელ სახლს, 0,71 ჰა მიწის ნაკვეთს და დამხმარე სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებს, რაც სანოტარო წესით გადაიფორმა. ამ პერიოდში მ. კ-ძეს ცალკე კომლად გამოეყო ვაჟიშვილი ბ. კ-ძე (გ. კ-ძის მამა) და მოინდომა ბებიის ნა. ნ-ძის სამოსახლოდან 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის მისაკუთრება, რასაც მიაღწია კიდეც.

მოსარჩელის მითითებით, მის მეუღლეს, როგორც მე-2 კატეგორიის კომლს, ეკუთვნოდა 0,75 ჰა მიწის ნაკვეთი, რაც დედის კუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან უნდა გადაეცათ, ხოლო ბ. კ-ძისათვის ბებიის მიწის ნაკვეთიდან 0.25 ჰა მიწის ნაკვეთი უნდა ჩამოერთმიათ.

ამასთან, მოსარჩელემ აბაშის რაიონის ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და აბაშის რაიონის ... მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის კომპლექსის დირექტორის 1988 წლის 17 ნოემბრის ¹ 2-24 ბრძანების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ მისი აზრით, აღნიშნული ადმინისტრაციული აქტებით უკანონოდ მოხდა ბ. კ-ძეზე 0,25 ჰა მიწის გადაცემა ბებიის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან.

მოპასუხე ბ. კ-ძემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იგი 25 წელი იზრდებოდა ბებიასთან, ირიცხებოდა ცალკე კომლად და მას კანონიერად მიეკუთვნა 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი.

მოპასუხე აბაშის რაიონის სოფ. ... საკრებულოს გამგებელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ნა. ნ-ძე გარდაცვალებამდე ფლობდა 0,71 ჰა მიწის ნაკვეთს, ნაცვლად კანონით დადგენილი 0,50 ჰა მიწის ნაკვეთისა. მის შვილს ე. ნ-ძეს მხოლოდ 0,15 ჰა მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა, ხოლო 0,25 ჰა, მოპასუხის განმარტებით, კანონიერად გადაეცა ბ. კ-ძეს.

აბაშის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და მიიჩნია, რომ ბ. კ-ძისათვის ბებიის საკარმიდამო ნაკვეთიდან 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემა უკანონო იყო, რადგან ნა. ნ-ძის (ბებიის) კომლი არ გაუქმებულა. კომლის ქონებას დაეუფლა და პატრონობდა მისი შვილი ე. ნ-ძე. ბ. კ-ძე კომლს გამოეყო კანონის დარღვევით, ამასთან, ბ. კ-ძეს სადავო მიწის ნაკვეთი არ აუთვისებია.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ძემ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 31 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ნ-ძის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა აბაშის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ძემ, რომელმაც ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ ნ. ნ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა მტკიცებულებები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აწ გარდაცვლილი ნა. ნ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სადავო 0,25 ჰა-ს, მოყოლებული 1987 წლიდან (ნა. ნ-ძის გარდაცვალებიდან), ფლობდა და განაგებდა მისი შვილი ე. ნ-ძე, ხოლო ე. ნ-ძის გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე ნ. ნ-ძე. ამ ხნის მანძილზე ბ. კ-ძეს სადავო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთით არ უსარგებლია და არც რაიმე ნაგებობა ჩაუდგამს. დადგენილია, ასევე, ის ფაქტი, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, მიწის სხვა ფართთან ერთად შესულია ბ. კ-ძის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტში.

ნ. ნ-ძე სარჩელით მოითხოვდა მისთვის კუთვნილი 0,75 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფას, მათ შორის სადავო 0,25 ჰა ფართისას. ამასთან, იგი მოითხოვდა არა ბ. კ-ძის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებას, არამედ აბაშის რაიონის ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებისა და აბაშის რაიონის ... მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობის კომპლექსის დირექტორის 1988 წლის 17 ნომებრის ¹2-24 ბრძანების გაუქმებას, რადგან მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული აქტებით გადაწყდა ბ. კ-ძეზე ბებიის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფა, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო ბ. კ-ძის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს.

საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოსა და მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში წარმოდგენილია გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების მხოლოდ ასლები. ამასთან, კეთილარის სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1988 წლის 19 ოქტომბრის ¹ 38 გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, რომ ბ. კ-ძისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა უნდა მომხდარიყო ნა. ნ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან, საყურადღებოა ისიც, რომ საქმეშია ... მეცხოველეობის ს\მ კომპლექსის დირექტორის ბრძანების ორი ასლი, ერთი და იგივე ნომრითა და ერთი და იგივე თარიღით, რომელთაგან ერთში არ არის მითითებული, რომ ბ. კ-ძისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის გამოყოფა უნდა მომხდარიყო ბებიის ნა. ნ-ძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განიხილა და გადაწყვიტა იმ ადმინისტრაციული აქტების კანონიერების საკითხი, რომლებიც დავის საგანს არ წარმოადგენდნენ. სადავო აქტი მოცემულ საქმეში ბ. კ-ძის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტია, რომლის გაუქმების მოთხოვნაც სასამართლოს მოსარჩელის მეშვეობით უნდა დაეზუსტებინა, რადგან ნ. ნ-ძე მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული და ბ. კ-ძისათვის გადაცემული 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნებას მოითხოვდა. საქმის მასალებში კი სადავო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთის ბ. კ-ძისათვის გადაცემის მხოლოდ ერთადერთი _ ბ. კ-ძის მიწის მიღება-ჩაბარების აქტია, რომელზეც არცერთ სასამართლოს არ უმსჯელია.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს, რადგან სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტი).

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 31 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოოა გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.