გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ/ად-55-კ-01 27 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ბ. კობერიძე
დავის საგანი:
1. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სათანადო მოპასუხეობა.
2. სახელმწიფო ბაჟის 420 ლარის კასატორისათვის დაკისრების კანონიერება.
აღწერილობითი ნაწილი:
გამომგონებელმა ზ. ბ-შვილმა 2000 წლის 2 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «ს.» წინააღმდეგ იურიდიული მნიშვნელობის მქონე საქართველოს პატენტებისა და საპატენტო სიგელების ფაქტების დადგენის შესახებ, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად არ იქნა მიღებული წარმოებაში ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ და მოსარჩელეს განემარტა მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით სარჩელის აღძვრის წესი, რის შემდეგაც გამომგონებელმა ზ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიმართ შემდეგი მოთხოვნით:
1. გამოგონებაზე «ს.» მიერ გაცემული ¹2 (1479047), ¹3 (749379), ¹4 (1200894), ¹116 (1556623), ¹304 (965859), ¹325 (1692306), ¹626 (1403792), ¹607 (1251848), ¹605 (688154), ¹488 (771282), ¹489 (717250), ¹606 (1237151) საპატენტო სიგელების ბათილად ცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის საფუძველზე, როგორც «გამოგონების შესახებ» დებულების მოთხოვნათა უხეში დარღვევითა და არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულისა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილების მე-3 მუხლის, ამ დადგენილებით მიღებული «გამოგონების შესახებ» დებულების მოთხოვნათა დაცვით მოსარჩელემ მოითხოვა, მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაევალოს ¹000055, ¹000056, ¹000085, ¹000093, ¹000849, ¹000851, ¹000842, ¹000863, ¹000892, ¹000928, ¹000929 და ¹000864 განაცხადებზე ახალი ადმინისტრაციული აქტების _ საქართველოს პატენტების გამოცემა.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 61-ე მუხლებისა და «გამოგონების შესახებ» დებულების შესაბამისად «აგურა ჩაის მიღების ხაზი – ზ. ბ-შვილი», ახალ გამოგონებაზე პატენტის აღწერილობისა და ახალი პატენტის შევსება-გაცემის მოპასუხისათვის დაკისრება.
3. «ჩაის სახმობ-დამხარისხებელი მანქანა – ზ. ბ-შვილი» გამოგონების განაცხადზე არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული და სახელმწიფო საპატენტო რეესტრში გაუტარებელი P2002 პატენტის გაუქმება და ¹A 1998 003093 განაცხადზე სახელმწიფოს სახელით გამოგონებაზე საპატენტო სიგელის გამოცემის მოპასუხე მხარისათვის დავალდებულება, აგრეთვე ამ გამოგონებაზე «საქართველოს საპატენტო კანონის» 76-ე მუხლის შესაბამისად შევსებული ახალ აღწერილობის გაცემა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2000 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტისა და 26-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ზ. ბ-შვილის სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.
მოპასუხე-საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ზ. ბ-შვილის სარჩელი არ ცნო, მიაჩნია, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა და მის ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩართული უნდა იქნეს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.», თანახმად «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის I პუნქტისა. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 17 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.».
2001 წლის 6 თებერვალს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე ზ. ბ-შვილმა უარი განაცხადა მის მიერ მითითებული მოპასუხის – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სათანადო მოპასუხით – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.» შეცვლაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილს უარი ეთქვა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 წინადადების შესაბამისად, კერძოდ:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹ 302 დადგენილებით «გამოგონების შესახებ» დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე» და ამ დებულების 20-21, 56-57 მუხლების, საქაროთველოს ეკონომიკის სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 23 სექტემბრის ¹ 35 ოქმის, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის ¹ 392 ბრძანებულებით «დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «ს.» დებულების» I და მე-4 თავის I მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის ¹ 272 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების» მე-9 თავის, პრეზიდენტის 2000 წლის 23 დეკემბრის განკარგულებისა და «საქართველოს საპატენტო კანონის» მე-8, მე-10 მუხლების შესაბამისად, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – «საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.» არის სათანადო მოპასუხე, ნაცვლად საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსი, ვინაიდან იგი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში სამართლებრივად უზრუნველყოფს ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებებს მაგრამ, რადგან მოსარჩელემ უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მოსარჩელეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის 420 ლარის გადახდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას საკასაციო წესით ასაჩივრებს კასატორი ზ. ბ-შვილი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე», 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე ითხოვს მის გაუქმებას შემდეგი საფუძვლით.
1. სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლთან და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს არასათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით კანონშეუსაბამოა, ვინაიდან ეწინააღმდეგება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილებით მიღებულ «გამოგონების შესახებ» დებულების I, 56-ე და მე-20 მუხლებს, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს რესპუბლიკა იცავს უფლებას გამოგონებაზე და ადასტურებს მას პატენტით, გამოგონების აღიარება კი დასტურდება საპატენტო სიგელის გაცემით და საქართველოს რესპუბლიკაში საპატენტო საქმიანობას, რადგან ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა და ტექნიკის სამინისტრო, ამ სამინისტროს უნდა გამოეცა, ხოლო მასში შემავალ «ს.» უნდა მიეცა მისთვის ადმინისტრაციული აქტები – საპატენტო სიგელი გამოგონებაზე და პატენტი, ამიტომ დღეისათვის საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო არის სათანადო მოპასუხე;
2. სარჩელში მითითებულ ყველა საპატენტო სიგელს ხელს აწერს «საქპატენტის» თავმჯდომარე დ. გაბუნია. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ან სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლების საფუძველზე კერძო პირის მოქმედებასა და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, რაც ადასტურებს სარჩელში მითითებული მოპასუხის – ეკონომიკის სამინისტროს სათანადო მოპასუხედ აღიარებას.
3. სასამართლო კოლეგიას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად არ განუხილავს საპროცესო უფლებამონაცვლეობის საკითხი და უფლებამონაცვლეობის საკითხის გასარკვევად 279-ე მუხლის თანახმად არ შეუჩერებია საქმის წარმოება, რის გამოც გადაწყვეტილებაში მითითებული საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრო ფიქტიური მოპასუხეა, ისევე როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.», ვინაიდან მათ შემხებლობა არ ჰქონიათ საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახურ «ს.» და არც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ «ს.».
4. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «საქპატენტი», საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 23 დეკემბრის ¹ 534 ბრძანებულების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირია და უფლება არა აქვს მის შექმნამდე არსებულ სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაზე გამოვიდეს სასამართლოში სათანადო მოპასუხედ.
5. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის ¹ 92 ბრძანებულებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში იყო ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.», აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვალდებული იყო კასატორისათვის გაეცა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები – პატენტები და საპატენტო სიგელები, რაც დამატებით ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო სათანადო მოპასუხეობას.
6. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა განსჯადობის წესების დარღვევით და უსწოროდ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის «ბ» პუნქტი, ვინაიდან სადავო საპატენტო სიგელი გამოგონებაზე და პატენტი არ წარმოადგენს სამთავრობო დაწესებულების მიერ გაცემულ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს და კოლეგია საპროცესო კოდექსის მე-5, 26-ე მუხლების საფუძველზე ვალდებული იყო საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, რასაც ადასტურებს ამავე სასამართლოს კოლეგიის მიერ ანალოგიურ დავაზე 2001 წლის 25 იანვარს გამოტანილი განჩინება.
7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის I-II ნაწილების საფუძველზე კასატორი საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას, ასევე, ასაჩივრებს სახელმწიფო ბაჟის 420 ლარის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან მიაჩნია, რომ დაცული აქვს სასამართლომდე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის წესი.
8. კასატორი, ასევე ითხოვს მის მიერ სასამართლოს კოლეგიის 2001 წლის 21 თებერვლის სხდომის ოქმზე წარდგენილ შენიშვნების განხილვასაც, რაც სასამართლო კოლეგიის 2001 წლის 9 მარტის განჩინებით განუხილველად დარჩა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით წარდგენის გამო.
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელი საკასაციო საჩივარს არ ცნობს, მთლიანად ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას, მის უცვლელად დატოვებას და საკასაციო საჩივარზე უარის თქმას ითხოვს.
საქმეში მესამე პირად ჩართული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.» ეთანხმება საოლქო სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებას და მის უცვლელად დატოვებას ითხოვს, ვინაიდან აღიარებს, რომ ზ. ბ-ვილის სარჩელთან დაკავშირებით იგი უნდა იყოს მოპასუხე, რადგან დაწყებული «გამოგონების შესახებ» დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის ¹302 დადგენილებისა «საპატენტო კანონის შესახებ» 1999 წლის კანონის ჩათვლით პატენტის გაცემა ევალება «საქპატენტს» და გაცემულ პატენტებთან დაკავშირებულ დავებზე შესაბამისად მოპასუხედ ჩართული უნდა იქნეს «ს.».
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით არ იზიარებს კასატორის არგუმენტს საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სათანადო მოპასუხეობის თაობაზე და ეთანხმება საოლქო სასამართლოს კოლეგიას სამინისტროს არასათანადო მოპასუხედ, ხოლო საქმეში მესამე პირად ჩართული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.» სათანადო მოპასუხეობის შესახებ, სახელდობრ:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹ 02 დადგენილებით დამტკიცებული «გამოგონების შესახებ» დებულების I მუხლით: «საქართველოს რესპუბლიკა იცავს უფლებას გამოგონებაზე და ადასტურებს მას პატენტით». დებულების მე-20, 21-ე მუხლებით განსაზღვრულია საპატენტო საქმიანობის ორგანოები და დადგენილია, რომ საქართველოში საპატენტო საქმიანობას ხელმძღვანელობდა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახური «ს.». ორივე ეს ორგანო შეიმუშავებდა და ატარებდა საპატენტო საქმიანობის ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას. გარდა 20-21-ე მუხლებში აღნიშნული ერთობლივი ფუნქციისა, დებულებით, ასევე იყო რეგლამენტირებული ამ ორგანოთა კომპენტენციაც. კერძოდ, დებულების 32-ე მუხლის მიხედვით საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტრო ხელმძღვანელობდა საპატენტო-საინფორმაციო საქმიანობას, საქართველოს რესპუბლიკის გამომგონებელთა და რაციონალიზატორთა საზოგადოებასთან ერთად მეთოდურ და სხვა სახის დახმარებას უწევდა დაინტერესებულ პირებს საპატენტო-სალიცენზიო საქმიანობაში. დებულების 22-ე მუხლით კი განსაზღვრული იყო «ს.» უფლება-მოვალეობანი: საპატენტო განაცხადის მიღება, ექსპერტიზის ჩატარება, პატენტის გაცემა, პატენტის მოქმედების შეწყვეტა, იძულებითი ლიცენზიების გაცემა, პატენტის ბათილად ცნობა და სახელმწიფო საპატენტო რეესტრის წარმოება, რაც დეტალურად არის განმარტებული დებულების მე-5 თავით «საპატენტო უფლების გაფორმება», რომლის მიხედვითაც პატენტის გაფორმებასთან დაკავშირებული მთლიანი პროცედურა პატენტის მიღებაზე განაცხადის შეტანიდან დაწყებული, გაცემული საპატენტო სიგელის სახელმწიფო საპატენტო რეესტრში რეგისტრაციითა და «საქართველოს რესპუბლიკის სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში» გამოქვეყნებით დამთავრებული, ხორციელდებოდა მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახურის («ს.») მიერ და მარტოოდენ იგი იყო კომპეტენტური საპატენტო უფლების გაფორმებაზე-პატენტის გაცემაზე. «ს.» განსაკუთრებულ უფლებამოსილებას ამ სფეროში ადასტურებს დებულების მე-11 მუხლის მე-2 აბზაცის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმადაც: პატენტმფლობელს შეეძლო გაყიდვის ან სხვა გზით პატენტის გასხვისება, ასევე გამოგონების გამოყენების ლიცენზიის დადგენილი წესით გაცემა, რისი შეთანხმებაც დადგენილი წესით რეგისტრაციაში გატარდებოდა «ს.» და ამის შემდგომ იძენდა გასხვისება იურიდიულ ძალას. ამიტომ საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ «გამოგონების შესახებ» დებულებიდან გამომდინარე ზ. ბ-შვილის სარჩელზე სათანადო მოპასუხეა საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახური «ს.».
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 23 სექტემბრის სხდომის ¹ 35 ოქმით დამტკიცდა ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება და სტრუქტურა და საქართველოს რესპუბლიკის საპატენტო სამსახური «ს.» დაექვემდებარა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
საქართველოს პარლამენტის 1998 წლისს 28 ივნისის ¹392 ბრძანებულების I პუნქტით გაუქმდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტთან არსებული საქართველოს საპატენტო სამსახური «ს.» და მის ბაზაზე ისევ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.», რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 აპრილის ¹ 210 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს» დებულების VIII მუხლის «ე» ქვეპუნქტის მიხედვით წარმოადგენდა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.» ¹392 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების I მუხლის I პუნქტის თანახმად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების სამართლებრივ უზრუნველყოფას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, ხოლო III მუხლის I პუნქტის მიხედვით მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე განაცხადების ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზა, დამცავი დოკუმენტების გაცემა და ძალაში შენარჩუნება, რეესტრის წარმოება. დებულების მე-4 მუხლის I პუნქტით მხოლოდ «ს.» კვლავ უფლებამოსილი საქართველოს სახელმწიფოს სახელით გასცეს დამცავი დოკუმენტები ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე და ამიტომ, «საქპატენტის» დებულებიდან გამომდინარე უდავოდ დასტურდება საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობა «ს.» სათანადო მოპასუხეობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივნისის ¹ 272 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დებულების» 28-ე პუნქტის თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.» იყო საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აკონტროლებდა ეს სამინისტრო. საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 23 დეკემბრის ¹ 534 ბრძანებულებით ცვლილება შევიდა «საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «ს.» შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ¹ 392 ბრძანებულებაში და საქპატენტის საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დაეკისრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრს.
«საქართველოს საპატენტო კანონის» მე-3 მუხლით დადგენილია, რომ გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე გაიცემა პატენტი, რომელიც ადასტურებს ავტორობას და ანიჭებს პატენტმფლობელს განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა ან სამრეწველო ნიმუშზე, ხოლო კანონის მე-2, მე-5 და მე-6 თავები კი ახდენენ პატენტის მისაღებად განაცხადის წარდგენის, საპატენტო ექსპერტიზისა და პატენტის გაცემის რეგლამენტაციას. ანალოგიურად ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე აქტებისა, კანონის მიხედვითაც ავტორის, სამუშაოს მიმცემის ან მათი უფლებამონაცვლის მიერ გამოგონებაზე სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე განაცხადის წარდგენა ხდება «ს.» რომელიც საპატენტო ექსპერტიზას ატარებს, აქვეყნებს მონაცემებს ოფიციალურ ბიულეტენში (32-ე, 37-ე მუხლები), ახორციელებს გამოგონების, სასარგებლო მოდელის რეგისტრაციას სამრეწველო საკუთრების რეესტრში და გასცემს პატენტს, რომლის ფორმასა და რეესტრში შესატან მონაცემებს ადგენს თავად «ს.» (41-ე მუხლი), ხოლო 56-ე მუხლის მიხედვით, პატენტი ძალას კარგავს «ს.» პატენტმფლობელის მიერ საკუთარ პატენტზე წერილობითი უარის შეტანის შემთხვევაში.
ამდენად, «საქართველოს საპატენტო კანონის» თანახმად, გამოგონებაზე პატენტის გაცემასა და მასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებაზე ერთადერთი კომპეტენტური ორგანო იყო და არის «ს.», მხოლოდ იგი იყო (არის) უფლებამოსილი პატენტის გაცემაზე და მარტოოდენ იგი უზრუნველყოფს სამართლებრივად ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში და მიუხედავად დროის სხვადასხვა მონაკვეთში უწყებრივად სხვადასხვა სამინისტროსადმი დაქვემდებარებისა, საკასაციო პალატის აზრით, «საქპატენტის» ფუნქცია და კომპეტენცია არ შეცვლილა, რაც ადასტურებს საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილების სისწორეს ზ. ბ-შვილის სარჩელთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს არასათანადო მოპასუხეობის შესახებ და საკასაციო პალატასაც მიაჩნია, რომ კონკრეტულ დავაში სათანადო მოპასუხედ უნდა ჩართულიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.», რომელსაც «საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის I პუნქტისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-80 და 81-ე მუხლების შესაბამისად აქვს საპროცესო უფლებაუნარიანობა-ქმედუნარიანობა და შეუძლია სასამართლოში განახორციელოს მხარის უფლებამოსილება.
ვინაიდან მოსარჩელე ზ. ბ-შვილმა უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «ს.» შეცვლაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, საოლქო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად კანონიერია, სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა კანონი (კანონქვემდებარე აქტები), ამიტომ კასაცია უსაფუძვლოა ამ ნაწილში და სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ უნდა დაკმაყოფილდეს. მაგრამ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 420 ლარის დაკისრების უსწორობის ნაწილში საკასაციო სასამართლო იზიარებს საკასაციო საჩივარს სსკ-ის 46-ე მუხლის მე-2 და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის «ბ» პუნქტიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელენი საავტორო, აღმოჩენის, გამოგონების, სამრეწველო ნიმუშის უფლებიდან წარმოშობილ დავებზე, ამიტომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში საფუძვლიანია, უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე ზ. ბ-შვილი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე, 386-ე, 389-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით, 46-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ზ. ბ-შვილის სარჩელი, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიმართ, არ დაკმაყოფილდეს.
4. ზ. ბ-შვილი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.