Facebook Twitter

3გ/ად-58-კ.ს.-01 25 ოქტომბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი, ბ. კობერიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა კასატორების (მოსარჩელეთა) ლ. ქ.-ის, ლ. თ-ძის, ო. ფ-ძის, თ. ქ-ძის, რ. ს-ძის, ზ. ბ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობა, რომლითაც კერძო საჩივრის ავტორები ასაჩივრებენ საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინებას.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა\რ მეთაურობის კანდიდატმა ლ. ქ-ძემ და საინიციატივო ჯგუფის წევრებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვდნენ აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და აჭარის ა\რ ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის აჭარის ა\რ მეთაურობის კანდიდატად ლ. ქ-ძის რეგისტრაციაში გატარების დავალდებულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე და 398-ე მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, ვინაიდან საკასაციო საჩივარი შემოტანილი იყო საპროცესო კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული სასამართლო აქტების გასაჩივრების წესისა და პროცედურის დარღვევით.

კასატორებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე შემოიტანეს კერძო საჩივარი და ითხოვენ მის გაუქმებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო რა კერძო საჩივარს, მიაჩნია, რომ იგი დაუშვებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაშიც გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. ვინადიან კერძო საჩივრის დასაშვებობისა და განხილვის განსხვავაებულ წესს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს, შესაბამისად სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილი ნორმებით. სახელდობრ, კოდექსის 414-ე მუხლის I ნაწილი იმპერატიულად მიუთითებს: «კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში». ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით გაუთვალისწინებელ შემთხვევაში კერძო საჩივრის შეტანა დაუშვებელია.

ამავე კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია: «საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე» და ამრიგად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება, რის თაობაზეც საგანგებოდ არის მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 16 ოქტომბრის გასაჩივრებულ განჩინებაში. ხოლო საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირთათვის, მათ შორის მოქალაქეთათვის, სასამართლო აქტების სავალდებულობა გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 414-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ლ. ქ-ძისა და მისი საინიციატივო ჯგუფის წერვების კერძო საჩივარი პროცესუალურად დაუშვებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 414-ე მუხლის I ნაწილით, 417-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ქ-ძის, ლ. თ-ძის, ო. ფ-ძის, თ. ქ-ძის, რ. ს-ძის, ზ. ბ-ძის კერძო საჩივარს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვას დაუშვებლობის მოტივით;

2. განჩინების ასლი დაეგზავნოს მხარეებს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.