Facebook Twitter

3გ/ად-59-კ-01 11 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ფ. ძ-ძის ამორიცხვა, კომლის უფლებებში აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

ფ. ძ-ძე ხულოს რაიონის სოფ. ... ცხოვრობდა შვილთან, რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად. 1989 წელს მისმა შვილმა ვ. ძ-ძემ განცხადებით მიმართა ხულოს რაიონის ... სასოფლო საბჭოს აღმასკომს, რათა მიეღო ნებართვა მის ოჯახთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად გადასულიყო ასპინძის რაიონში. ს/საბჭოს აღმასკომის 02.10.89წ. ¹216 გადაწყვეტილებით ვ. ძ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა, რაისაბჭოს აღმასკომს ეთხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების დამტკიცება. ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ... სასოფლო საბჭოს 02.10.89წ. გადაწყვეტილება, ... ს/საბჭოს აღმასკომს და რაიონის შს განყოფილებას დაევალა ვ. ძ-ძის ოჯახის მთლიანი შემადგენლობის, მათ შორის ფ. ძ-ძის ამოწერა საკომლო და საბინაო წიგნებიდან.

ფ. ძ-ძემ 15.05.98წ. სარჩელით მიმართა ხულოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან მისი გვარის ამორიცხვა იმის გამო, რომ ... ს/საბჭოს აღმასკომის 02.10.89წ. დადგენილებაში ის არ ყოფილა შეყვანილი, ასპინძის რაიონში ჩასახლებას ითხოვდა მისი ვაჟიშვილი და არა მოსარჩელე.

14.12.98წ. საქმე დაექვემდებარა შუახევის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 28.12.98წ. გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 15.02.2000წ. განჩინებით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის პროტესტის საფუძველზე გააუქმა შუახევის რაიონის სასამართლოს 28.12.98წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

შუახევის რაიონულმა სასამართლომ 02.05.2000წ. განჩინებით დააკმაყოფილა რ.შ-ძის განცხადება, მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის – ხულოს რაიონის გამგეობის მხარეზე ჩააბა რ.შ-ძე, ვინაიდან ფ.ძ-ძის კომლის უფლებებში აღდგენით რ.შ-ძე დაკარგავდა საკარმიდამოს ნაწილს. შუახევის რაიონული სასამართლოს 30.11.2000წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე და 79-ე მუხლებით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის გამო.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 22.02.01წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ფ.ძ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა შუახევის რაიონული სასამართლოს 30.11.2000წ. გადაწყვეტილება, ფ.ძ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებულ იქნა ფ.ძ-ძეზე მითითება, იგი აღდგენილ იქნა კომლის უფლებებში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დავა კომლის უფლებებში აღდგენაზე თავისთავად წარმოშობს უფლებას კომლის ყოფილ მიწაზე და ნარგავებზე, ე.ი. უძრავ ნივთებზე, რის გამო უნდა იქნეს გამოყენებული ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილი და კოდექსით გათვალისწინებული ახალი ხანდაზმულობის ვადები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფ.ძ-ძეს არა აქვს აგრეთვე გაცდენილი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის სასამართლოში წარდგენის 6 თვიანი ვადა, ვინაიდან ფ.ძ-ძის განცხადებით სარჩელი წარდგენილ იქნა აქტის გაცნობისთანავე, ხოლო მოპასუხეს არ წარმოუდგენია რაიმე საპირისპირო მტკიცება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა აგრეთვე, რომ სადავო აქტის მიღების დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, ხულოს რაისაბჭოს აღმასკომს არ ჰქონდა უფლება იძულებით გადაესახლა ფ.ძ-ძე ასპინძის რაიონში. ამასთანავე, არსად არაა ფიქსირებული მისი განცხადება საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის თაობაზე, მოსარჩელე მისი სურვილით დარჩა სოფ. ... უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული რ.შ-ძის დაინტერესება მოცემული საქმით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს და რ.შ-ძეს შორის შემდგარი შეთანხმების თანახმად რ.შ-ძეს სახლ-კარის შესყიდვისათვის უნდა გადაეხადა ფ.ძ-ძისათვის 13000 მანეთი, რ.შ-ძემ თანხის ნახევარი, 6500 მანეთი გადაიხადა, თანხის დანარჩენი ნაწილი რ.შ-ძემ შეგნებულად არ გადაიხადა, რადგან ფ.ძ-ძე სახლს არ ცლიდა. თავის მხრივ მოსარჩელემ სახლი ვერ დაცალა, რადგან ვერ მიიღო ფული და ვერ შეიძინა სხვა სახლ-კარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნულ გარიგებაზე დავა უსაფუძვლოა, რადგან სახლის ყიდვა-გაყიდვისათვის საჭირო იყო სასოფლო საბჭოს აღმასკომის ნებართვა, ყიდვა-გაყიდვა არ შედგა რ. შ-ძის მიერ მთლიანი საფასურის გადაუხდელობის გამო, ამასთანავე, მხარეებს შორის არ დადებულა რაიმე წერილობითი გარიგება ან სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება სახლის ან სხვა ქონების ყიდვა-გაყიდვაზე. მხარეებს შორის ქონებრივი დავის არსებობის შემთხვევაში ის სამოქალაქო დავის წესით უნდა გადაწყდეს. რ.შ-ძის პრეტენზია უსაფუძვლოა, რადგან კომლი არ გაუქმებულა დადგენილი წესის მიხედვით. ვინაიდან ფ.ძ-ძის განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მიწის თვითნებური მითვისების შესახებ, სოფ. ... საკრებულოს არ ჰქონდა სადავო ნაკვეთის იჯარით გაცემის ან საკარმიდამოდ გამოყოფის უფლება. სასამართლომ მიიჩნია აგრეთვე, რომ სადავო აქტში ცვლილებების შეტანით არ ილახება მოპასუხის ინტერესები.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.02.01წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ხულოს რაიონის გამგეობის მიერ. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებას, ვინაიდან სადავო აქტის მიღების დროისათვის მიწა შეადგენდა სახელმწიფო და არა კომლის საკუთრებას. კასატორის აზრით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სარჩელი შეტანილ იქნა მოსარჩელის მიერ სადავო აქტის გაცნობისთანავე, ვინაიდან მოსარჩელესა და მესამე პირს შორის დავა დაიწყო 1994 წელს, ხოლო რ.შ-ძე აღნიშნული საკარმიდამო მიწით სარგებლობდა 1989 წლიდან, მოსარჩელის ასპინძის რაიონში გადასახლებისთანავე. 1964 წ. სამოქალაქო კოდექსის 80-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატა ცალმხრივად დაეყრდნო მოსარჩელის მოსაზრებებს, არ იქონია მსჯელობა გამგეობის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაც ბადებს ეჭვს მოსარჩელის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ 1990 წლიდან ხულოს რაიონის მოსახლეობა არ იხდიდა მიწისა და ელექტროენერგიის გადასახადს, სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ ის იხდიდა სადავო მიწის ნაკვეთზე გადასახადს 1996 წლამდე. პალატამ ვერ უარყო შუახევის რაიონული სასამართლოს მიერ დადასტურებულად მიჩნეული ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ ნებაყოფლობით მიატოვა კომლი და მხოლოდ 1994 წელს წამოიწყო დავა.

საკასაციო საჩივარს თან ახლავს ... თემის საკრებულოს გამგებლის მიერ დამოწმებული, სოფ. ... მაცხოვრებელთა განცხადება (ხელს აწერს 36 პირი), იმის შესახებ, რომ ფ.ძ-ძემ 1989 წელს გაყიდა სახლ-კარი, ისარგებლა სტიქიით დაზარალებულთათვის გათვალისწინებული პრივილეგიებით და გადასახლდა საცხოვრებლად ასპინძის რაიონში. კასატორის მიერ წარმოდგენილ იქნა, აგრეთვე, ხულოს რაიონის საგადასახადო ინსპექციის 16.03.01წ. ¹71 ცნობა იმის შესახებ, რომ 1995 წლის ჩათვლით რაიონის მოსახლეობა არ იხდიდა მიწის გადასახადს.

მოსარჩელის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარზე წარდგენილი შეპასუხებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მისი უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრისათვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთრების ფორმას, ... ს/საბჭოს თანამდებობის პირთა ჩვენებებისა და გაცემული ცნობების მიხედვით, 1994 წლისათვის სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ფ.ძ-ძეს, რომელიც იხდიდა მიწის გადასახადს. შეპასუხების ავტორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ხულოს რაიონიდან ამოწერის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო 1989 წლიდან, რადგანაც მიწის ნაკვეთით ამ პერიოდიდან სარგებლობდა რ.შ-ძე. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან მოსარჩელის შვილი ვ.ძ-ძე საცხოვრებლად ასპინძის რაიონში გადასახლდა 1998წ. ნოემბრიდან, შემოდგომაზე მიწის იჯარით გაცემა არ ხდებოდა, კომლი არ გაუქმებულა და მიწა არ ჩაბარებია კოლმეურნეობას, 1989-90წ.წ. რ.შ-ძე სოფ. ... არ ცხოვრობდა, 1990წ. ფ. ძ-ძემ სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი გაყიდა, ადგილზე კი დარჩა პირუტყვის სადგომი ორი საცხოვრებელი ოთახით და ქონებით. დიოკნისის სასოფლო საბჭოში ჩანაწერის უკანონობა დასტურდება პირველადი მასალების დათვალიერებით, მოწმეების თ.ჯ-ძის, რ.ა-ძის ჩვენებებით. რ.შ-ძემ ვერ შეძლო სადავო ნაკვეთზე ვერც იჯარის ხელშეკრულების და ვერც შესაბამისი საიჯარო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. მოსარჩელე არასოდეს არ ჩაწერილა ასპინძის რაიონში, იგი მხოლოდ დროებით იყო მიწერილი სოფ. ... შვილის, ვ.ძ-ძის კომლზე იმის გამო, რომ მოეძებნა თავშესაფარი და მიეღო იმ დროისათვის ტალონების საფუძველზე განაწილებული პროდუქტი. მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ფ. ძ-ძის წერილობითი თანხმობა ასპინძის რაიონში ჩასახლებაზე და კომლის გაუქმებაზე, ხოლო აღმასკომის გადაწყვეტილება მისთვის სავალდებულო არ იყო გადასახლებისათვის, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ფ. ძ-ძე აგრძელებდა სოფ. ... ცხოვრებას. შეპასუხების ავტორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ... ს/ს საკრებულოს ხელმძღვანელები არ უარყოფენ, რომ მოსარჩელე 1996 წლამდე იხდიდა მიწის გადასახადს, საგადასახადო ინსპექციიდან წარმოდგენილი ცნობა თითქოს მოსახლეობა 1995 წლის ჩათვლით არ იხდიდა მიწის გადასახადს, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყალბია აგრეთვე სოფ. ... მცხოვრებთა სახელით შედგენილი განცხადება.

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე რ. შ-ძე მხარს უჭერს საკასაციო საჩივარს და აღნიშნავს, რომ მიწა იმყოფებოდა სახელმწიფო და არა საკომლო საკუთრებაში, რის გამოც უმართებულოა ამჟამად მოქმედი სსკ-ის 1507-ე მუხ. მე-3 ნაწილის გამოყენება. ს/ს 02.10.89წ. და ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 17.10.89წ. გადაწყვეტილებებით ფ. ძ-ძე აღნიშნულია, როგორც ასპინძის რაიონში ჩასახლების მსურველი. 1989 წლის შემდეგ სოფ. ... კოლმეურნეობაში ფ. ძ-ძე რაიმე მიწის ნაკვეთით არ სარგებლობდა, მას ასპინძის რაიონში გადასახლების შემდეგ სოფ. ... არ უცხოვრია, რასაც ადასტურებს სოფლის მოსახლეობის ერთიანი განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოსადმი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

ფ. ძ-ძე სარჩელით ითხოვს ადმინისტრაციულ აქტში – ხულოს რაიონის გამგეობის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას; კომლის აღდგენის მოთხოვნა ეფუძნება ადმინისტრაციულ აქტში ცვლილებების შეტანას, შესაბამისად, უმართებულოა ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე უძრავი ქონებისადმი კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების გამოყენება. ხანდაზმულობის ვადის საკითხის გადასაწყვეტად გადამჭრელი მნივშნელობა აქვს ხანდაზმულობის ათვლის მომენტის დადგენას, იმას თუ როდის შეიტყო აქტში სადავო ჩანაწერის შესახებ მოსარჩელემ. აღნიშნულის დადგენა შეუძლებელია საქმეზე რიგი გარემოებების გამოკვლევის და მტკიცებულებათა შეფასების გარეშე. სააპელაციო პალატამ უმართებულოდ მიიჩნია ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილებაში მოსარჩელის მოხსენიება, ვინაიდან არარსებობს მისი განცხადება საცხოვრებლად სხვაგან გადასვლის შესახებ, ხოლო სადავო აქტს _ ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.92წ. გადაწყვეტილებას იმჟამად მოქმედი კანონმდებლობით, არ ჰქონდა იძულებითი, სავალდებულო ხასიათი. ამასთანავე, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა სადავო აქტის მიღებამდე ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹10/352 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად ასპინძის რაიონის სოფ. ... ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ჩაწერილ იქნა მოსარჩელე ფ. ძ-ძე, სოფ. ... კოლმეურნეობის გამგეობას რჩევა მიეცა კოლმეურნეობის წევრად მიეღო ვ. ძ-ძე ოჯახის წევრებით და გამოეყო საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არსებული წესის მიხედვით, შინაგან საქმეთა განყოფილებას და რუსთავის სასოფლო საბჭოს აღმასკომს დაევალა ცვლილებების შეტანა რუსთავის სასოფლო საბჭოს საკომლო დავთრებში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სადავო აქტის, ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2000წ. განჩინებით ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ გარემოებაზე, სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმის აღნიშვნით, რომ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა სავალდებულო ხასიათი, სასამართლოს არ გაურკვევია თუ რის გამო მოხდა აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ფ. ძ-ძის შეყვანა, უკე თუ მას არ ჰქონდა სურვილი და არც მოუთხოვია ასპინძის რაიონში ჩასახლება.

გაურკვეველი დარჩა აგრეთვე ის, თუ რა შინაარსის იყო ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.89წ. ¹1565 მიმართვა, რომელიც საფუძვლად დაედო ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. გადაწყვეტილებას. სასამართლოს არ შეუფასებია აგრეთვე ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მოხდა ხულოს და ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომების გადაწყვეტილებების მიღება. «აჭარის ასს რესპუბლიკაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს კპ ცკ და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 06.05.89წ. ¹220 დადგენილების მე-16 მუხლის მიხედვით რესპუბლიკის რაისაბჭოს აღმასკომებს დაევალათ ნება დაერთოდ სტიქიონის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის შეესყიდათ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები, აგრეთვე დადგენილი წესით გამოეყოთ საკარმიდამო მიწის ნაკვეთები. ამასთანავე, სსრკ შემნახველი ბანკის საქართველოს რესპუბლიკურ ბანკს რაისაბჭოს აღმასკომების მიერ წარმოდგენილი სიების საფუძველზე დაევალა გამოეყო ამ ოჯახებისათვის შეღავათიანი სესხი სახლების შესაძენად და რემონტისათვის. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე მიღებული ასპინძის რაისაბჭოს აღმასკომის 27.10.92წ. ¹10/352 გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით შემნახველი ბანკის მმართველს დაევალა სახლის შესაძენად გრძელვადიანი შეღავათიანი სესხის გაცემის გათვალისწინება. მიუხედავად დაყენებული შუამდგომლობისა, სასამართლოს არ გაურკვევია იყო თუ არა გათვალისწინებული შეღავათიანი კრედიტის მიმღებ პირთა შორის ფ. ძ-ძე. ზემოაღნიშნული გარემოებების გარკვევა ხელს შეუწყობდა იმის დადგენას ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს, ფ. ძ-ძეს გამოხატული ნება გადასახლებაზე.

საქმის მასალებს არ ემყარება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე მისი სურვილით დარჩა სოფ. ... აღნიშნულისათვის არაა საკმარისი სამისამართო განყოფილების ცნობის მონაცემები, სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საწინააღმდეგო მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, კერძოდ სოფ. ... საკრებულოს 03.02.98წ., 09.01.99წ. ცნობები, შუახევის რაიონული სასამართლოს 11.04.2000წ. განჩინების საფუძველზე ასპინძის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის მიერ შედგენილი ცნობა, სოფ. ... გამგეობის საკომლო წიგნის 03.02.98წ. დათვალიერების ოქმი (163), სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 25.04.99წ. დადგენილება.

უსაფუძვლოა აგრეთვე სააპელაციო პალატის მითითება იმაზე, რომ სოფ. ... საკრებულოს არ ჰქონდა უფლება იჯარით გაეცა ან ვინმესთვის საკარმიდამოდ გამოეყო სადავო ნაკვეთი, რადგანაც ხულოს შინაგან საქმეთა განყოფილებაში არსებული საქმის მასალების თანახმად, ფ. ძ-ძეს და რ. შ-ძეს შორის მიმდინარეობდა დავა მიწათმფლობელობასთან დაკავშირებით. სასამართლომ არავითარი შეფასება არ მისცა საქმეში დაცულ მიწის სარგებლობის შესახებ ¹152 აქტს, რომელიც გაცემულ იქნა 1991 წელს, ფ. ძ-ძესა და რ. შ-ძეს შორის დავის დაწყებამდე და სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე. აღნიშნული აქტის თანახმად, სოფ. ... კოლმეურნეობის საერთო კრების 15.06.91წ. დადგენილებით რ. შ-ძეზე გაცემულ საკარმიდამო ფართს შორის მითითებულია სადავო მიწის ნაკვეთიც.

სააპელაციო პალატის 22.02.01წ. გადაწყვეტილებით ხულოს რაისაბჭოს აღმასკომის 31.10.89წ. ¹281/13 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ამოღებული იქნა სიტყვები: «ფ. ძ-ძე, დაბადებული 1930 წელს», მაშინ როდესაც სადავო აქტი შეიცავს განსხვავებულ ჩანაწერს, კერძოდ «3. დედა – ძ-ძე ფ., დაბ. 1930 წელს», სწორედ აღნიშნულის ამორიცხვას ითხოვდა აპელანტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.02.01წ. გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული საქმის გარემოებანი. ვინაიდან განსახილველი საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება, ადმინისტრაციული დავის განმხილველი სასამართლო ვალდებული იყო საკუთარი ინიციატივით გაერკვია საქმის ზემოაღნიშნული გარემოებანი. საქმის მითითებულ გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად შესაძლებელი იქნება სარჩელის უფლების წარმოშობის მომენტის ზუსტი დადგენა, საქმეზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე,399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხულოს რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 22.02.01 წ. გადაწყვეტილება.

2. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.