Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-60-კ 26 ივნისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

ზეპირი მოსმენით განიხილა ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ხ. ბ-ოვმა 2000 წლის 9 მარტს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹ 214 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹ 65 გადაწყვეტილებით ხ. ბ-ოვს ქ. ბათუმში, ... საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გამოეყო 343,3 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელიც ადრე მისი ბაბუის საკუთრებას წარმოადგენდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელემ ხსენებული ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით გააფორმა, 1999 წლის 13 სექტემბერს მიიღო უძრავი ქონების (მიწის) სააღრიცხვო ბარათი, გადაიხადა გადასახადი და გახდა სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე დღით ადრე ხ. ბ-ოვმა შემთხვევით შეიტყო, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს, მოქალაქეების: ზ. ყ-იანის, ი. ნ-ძისა და ჯ. მ-ისის განცხადების საფუძველზე, 1999 წლის 25 ნოემბრის ¹ 214 გადაწყვეტილებით, გაუუქმებია თავისი 1999 წლის 19 აგვისტოს ¹65 გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ.

ხ. ბ-ოვის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს არ გააჩნდა უფლებამოსილება ჩამოერთვა მისთვის კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული საკუთრების უფლება, რის გამოც მან ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹ 214 გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

ქ. ბათუმის მერიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1999 წლის 19 აგვისტოს ¹ 65 გადაწყვეტილება შეცდომით იქნა მიღებული ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის მიერ, ვინაიდან იმ დროისათვის მოქმედებდა საქართველოს 1998 წლის კანონი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ», რომლის თანახმადაც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების თავისუფალი მიწის გასხვისება შესაძლებელი იყო მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით.

მოპასუხის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს თავისი გადაწყვეტილების შეცვლის კანონიერ საფუძველს აძლევდა «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლი, რომლის თანახმადაც «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებანი შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებათა მიმღებმა ორგანომ ან თანამდებობის პირმა». ამდენად, ქ. ბათუმის მერიამ სადავო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 18 დეკემბრის გადწყვეტილებით ხ. ბ-ოვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹ 214 გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელე ხ. ბ-ოვმა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ხ. ბ-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 25 ნოემბრის ¹ 214 გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹ 65 გადაწყვეტილების გაუქმებით ქ. ბათუმის მერიამ შელახა ხ. ბ-ოვის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება და უსაფუძვლოდ უთხრა უარი მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ხ. ბ-ოვმა სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3, მე-6, მე-7 და მე-17 მუხლების მოთხოვნათა დაცვით განახორციელა, მიიღო სადავო მიწის ნაკვეთის სააღრიცხვო ბარათი, რითაც დადგენილ იქნა მისი, როგორც მესაკუთრის უფლება აღნიშნულ ნაკვეთზე.

3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, რადგანაც ხ. ბ-ოვმა მიწის ნაკვეთი მიიღო მერიის კაბინეტის გადაწყვეტილების საფუძველზე საკუთრების უფლებით, მასზე ამ უფლების ჩამორთმევა უნდა მომხდარიყო «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო მიწის განკარგვასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება სასამართლოს მეშვეობით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს აზრით, ქ. ბათუმის მერიას ხ. ბ-ოვის მიმართ საკუთრების უფლებით მიწის გამოყოფაზე პრეტენზიის არსებობისას სასამართლოსათვის უნდა მიემართა.

ქ. ბათუმის მერია არ დაეთანხმა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა იგი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც ერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ქ. ბათუმში, ... მდებარე 343,3 კვ.მ სადავო მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹ 65 გადაწყვეტილებით ხ. ბ-ოვს საკუთრების უფლებით გადაეცა საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. სააპელაციო სასამართლოს მიერ, ასევე, დადგენილია, რომ ხ. ბ-ოვმა კანონით დადგენილი წესით, «მიწის რეგისტრაციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3, მე-6, მე-7 და მე-17 მუხლების შესაბამისად განახორციელა სადავო მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია და მიიღო სააღრიცხვო (სარეგისტრაციო) ბარათი, რომლის თანახმადაც იგი სადავო ნაკვეთის მესაკუთრეა. აღნიშნული ბარათი ამ კანონის მე-7 მუხლის I-ლი პუნქტის თანახმად «ამ ქონებასთან დაკავშირებით სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის იურიდიული საფუძველია».

ამდენად, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის მიერ 1999 წლის 25 ნოემბერს სადავო ¹ 214 გადაწყვეტილების მიღებისას, რომლითაც გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹ 65 გადაწყვეტილება, ხ. ბ-ოვი სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა.

საკასაციო პალატა მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» საქართველოს კანონის თანახმად ქ. ბათუმის მერიას არ გააჩნდა უფლებამოსილება ამ წესით განეკარგა სადავო მიწის ნაკვეთი და მისი გასხვისება უნდა მომხდარიყო კონკურსის ან აუქციონის წესით, საკასაციო პალატა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად თვლის, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს, ასევე, არ ჰქონდა უფლებამოსილება თავისი გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება ჩამოერთმია ხ. ბ-ოვისათვის. ქ. ბათუმის მერიას ხ. ბ-ოვის მიმართ საკუთრების უფლებით მიწის გამოყოფაზე პრეტენზიის ან საფუძვლიანი გარემოების არსებობისას კანონით დადგენილ ვადაში უნდა მიემართა სასამართლოსათვის.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ქ. ბათუმის მერიის კაბინეტს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის I-ლი პუნქტის შესაბამისად შეეძლო გაეუქმებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მიიჩნევს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციური უფლებაა და მისი ჩამორთმევა მხოლოდ სასამართლოს მიერაა შესაძლებელი, ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად «არ შეიძლება ამ კოდექსის ამოქმედებამდე (2000 წლის 1 იანვრამდე) გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ პირმა განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის რაიმე ქმედება ამ აქტის საფუძველზე».

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაიცო პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.