Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-62-კ-01 13 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. სხირტლაძე,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდზე 27.704 ლარის გადახდის დაკისრება შპს «მ. ბ.» სასარგებლოდ.

აღწერილობითი ნაწილი:

შპს «მ. ბ.» 19.04.2000 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა მის სასარგებლოდ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისათვის 27.704 ლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე უთითებდა, რომ საგარანტიო წერილისა და მინდობილობების საფუძველზე საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს 1999 წლის მე-3 კვარტალში შპს «მ. ბ.» მიღებული აქვს საგზურები. საგზურთა ღირებულების – 18 357 ლარის გადაუხდელობის გამო, შპს «მ. ბ.» ერიცხება ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანება 19 ათასი ლარი, რომელსაც 1999 წლის ოქტობმრიდან ყოველდღიურად ერიცხება 0,2% საურავი, რაც სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის შეადგენს 7415 ლარს. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ ძირითადი დავალიანების 18357 ლ., მიყენებული ზარალის 7415 ლ., სამართლებრივი მომსახურების ხარჯების 1288 ლ. და სახელმწიფო ბაჟის 644 ლ. დაკისრებას, რაც მთლიანობაში შეადგენდა 27704 ლ.

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.05.2000 წ. გადაწყვეტილებით შპს «მ. ბ.» სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის 18357 ლარის, მიყენებული ზიანის 7415 ლარის, იძულებითი აღსრულების ხარჯის 1218 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 644 ლარის, სულ 27.704 ლარის გადახდა. სასამართლოს 25.05.2000წ. გადაწყვეტილებას სსსკ-ის 131-ე მუხლის მიეხდვით საფუძვლად დაედო მოპასუხე მხარის მიერ ძირითადი დავალიანების თანხის – 18357 ლარის აღიარება. ვადაგადაცილებულ დავალიანებაზე საურავის თანხის 7415 ლარის დარიცხვა დადასტურებულად ჩაითვალა საქმეში დაცული საგადასახადო სამსახურის შეტყობინების საფუძველზე. ყოველდღიური დარიცხვით მნიშვნელოვანი ზიანის თავიდან აცილების მიზნით, სსსკ-ის 268-ე მუხლის I ნაწილის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გადაეცა დაუყოვნებლივი აღსრულებისათვის.

საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.05.2000წ. გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 30.01.01 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.05.2000 წ. გადაწყვეტილება. განჩინებას საფუძვლად დაედო შემდეგი: 24.11.99 წ. შედარების აქტის მიხედვით 1999 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ფონდის დავალიანება, რომელიც მას შპს ,,მ. ბ.” ანგარიშზე უნდა ჩაერიცხა, შეადგენდა 18.357 ლარს. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლზე დაყრდნობით არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბიუჯეტში სახსრების უქონლობის გამო ფონდი პასუხისმგებელი არ არის ვალდებულების დარღვევისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად ,,მოვალე ვალის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის, იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისათვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც». სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სახელმწიფომ, სახელმწიფო ბიუჯეტზე მყოფი სახელმწიფო დავალიანებები აიღო შიდა ვალში, რადგან «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის თანახმად ფონდის დავალიანება შპს «მთის ბროლის» მიმართ აღიარებული არ არის სახელმწიფო საშინაო ვალად.

სააპელაციო სასამართლოს 30.01.01 წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ განჩინება ეწინააღმდეგება «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის, 2000წ. და 2001წ. სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ, აგრეთვე «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონებს. კერძოდ, «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 24.4 მუხლის თანახმად, სპეციალური სახელმწიფო ფონდების ხარჯების კონკრეტული მიმართულება და მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. ვინაიდან საგზურების შესაძენად გასაწევი ხარჯი ფონდს 2000 წლის და შემდგომი წლების ბიუჯეტის კანონებით განსაზღვრული არ ჰქონდა, მას არ შეეძლო შპს «ბროლისათვის» გადაეხადა საგზურების ღირებულება, ე.ი. გაეწია არაკანონიერი ხარჯი. «2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონის 19.6 მუხლის თანახმად წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების გაცემის წესი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო «2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონში. უკანაკნელი კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებები სახელმწიფოს მიერ აღებულია შიდა ვალში და მისი გადახდის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული გრაფიკის მიხედვით.

კასატორი არ ეთანხმება აგრეთვე სასამართლოს გადაწყვეტილებას ზარალის ანაზღაურების ნაწილშიც, ვინაიდან ზარალის ანაზღაურება ფონდს შეიძლებოდა დაკისრებოდა მხოლოდ მისი ბრალით გამოწვეული ზიანისათვის, მაშინ როდესაც მოცემულ შემთხვევაში ზიანი გამოიწვია ფორს-მაჟორულმა სიტუაციამ, სახელობრ, 2000 და 2001 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონების დაცვის აუცილებლობამ, რის გამო სამოქალაქო კოდექსის 395-ე, 401-ე, 412-ე მუხლების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება ფონდისათვის 7415 ლარის ზიანის ანაზღაურების დაკისრება.

შპს «მ. ბ.» შეპასუხებაში საკასაციო საჩივარს არ ცნობს და უთითებს, რომ «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონით სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დავალიანება შპს «მთის ბროლის» მიმართ აღიარებული არ არის სახელმწიფო საშინაო ვალად, დავალიანების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს ფონდის მიერ გაცემული მინდობილობები და საგარანტიო წერილები, რომელთა მიხედვით გადარიცხვა უნდა განხორციელებულიყო 1999 წლის აგვისტოს ბოლომდე. ფონდის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო მოწინააღმდეგე მხარეს ყოველდღიურად ერიცხებოდა ბიუჯეტის ვადაგადაცილებული დავალიანება 0,2%-ის ოდენობით. ვინაიდან ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული არ იქნა საგარანტიო წერილებში მითითებულ ვადაში, მართებულია კოდექსის 404-ე მუხლით მინიჭებული ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების რეალიზაცია. კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულმა პირმა უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც არსებობდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარემ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და თბილისის საოლქო სასამართლოს 30.01.01 წ. განჩინების ძალაში დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სპეციალური სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს ფინანსური რესურსების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით. «საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ» კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სპეციალური სახელმწფო ფონდების ხარჯების კონკრეტული მიმართულება და მოცულობა ყოველწლიურად შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება. საქმეში დაცული საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მიერ შპს «მ. ბ.» დირექტორისადმი 1999 წლის ივლის-აგვისტოში გაცემული საგარანტიო წერილების მიხედვით, საგზურების ღირებულების გადმორიცხვა 1999 წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა განხორცილებულიყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმართებულოა კასატორის მითითება ,,საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» და «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონებზე. ფონდის მიერ ნაკისრი ვალდებულებები საგზურის ღირებულის 1999 წლის აგვისტოს ბოლომდე გადახდის შესახებ, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის მოცულობის და მიმართულების ფარგლებში უნდა განხორციელებულიყო. ,,საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 07.05.2000 წ. ¹ 181 ბრძანებულების მე-3 პუნქტის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი არის სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის უფლებამონაცლე. ბრძანებულების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დებულების მე-4 პუნქტის თანახმად, ფონდს უფლება აქვს თავისი სახელით მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებებები, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. ფონდი თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამდენად, უმართებულოა კასატორის მოსაზრება საბიუჯეტო სახსრების არ არსებობის გამო დავალიანების გადახდის შეუძლებლობის შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის თანახმად, მოვალე ვალის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის, ამდენად პალატა ვერ მიიჩნევს 2000 წ. და 2001 წ. სახელმწიფო ბიუჯეტების შესახებ კანონების ნორმების მოთხოვნებს, ფორს-მაჟორულ გარემოებად, მით უფრო, რომ დაფინანსების წყაროს, ფონდის დებულების VI თავის მიხედვით, არ წარმოადგენს მარტოოდენ საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიები და მიზნობრივი ტრანსფერები.

საკასაციო პალატა არ იზიარებს აგრეთვე კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონით დავალიანება სახელმწიფოს მიერ აღებულია შიდა ვალში და მისი გადახდის უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ. ,,სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონით საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის დავალიანება აღიარებული არ არის სახელმწიფო საშინაო ვალად, არ შესრულებულა სახელმწიფო საშინაო ვალის აღების კანონით რეგლამენტირებული პროცედურა, წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განისაზღვრება საშინაო ვალის საერთო თანხა, საშინაო ვალზე სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები და არა კონკრეტული დავალიანების სახელმწიფო ვალში აღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მართებულად თვლის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.05.2000 წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას დავალიანების ძირითადი თანხის 18357 ლარის და ამ თანხიდან შპს «მ. ბ.» მიერ სარჩელის შეტანისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში. ამასთანავე, სააპელაციო პალატის განჩინება დანარჩენ ნაწილში დაუსაბუთებულია და იგი უნდა გაუქმდეს. კერძოდ, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 25.05.2000 წ. გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლო ინსტანციამ, მოპასუხეს დააკისრა 27.704 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა, 25.05.2000 წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, შესდგება ძირითადი დავალიანების – 18.357 ლ., მიყენებული ზიანის 7415 ლ., იძულებითი აღსრულების ხარჯების 1218 ლ., სახელმწიფო ბაჟის 644 ლ. (ქვითრების მიხედვით მოსარჩელეს გადახდილი აქვს არა 644 ლ., არამედ 677 ლ.) თანხებისაგან, მაშინ როდესაც მათი ჯამი მოპასუხეზე მთლიანად დაკისრებულ თანხაზე – 27.704 ლარზე ნაკლებია. სასარჩელო განცხადებაში მოპასუხე ითხოვდა სამართლებრივი მომსახურების ხარჯების – 1288 ლარის ანაზღაურებას. მიუხედავათ იმისა, რომ შპს «მ. ბ.» სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა იძულებითი აღსრულების ხარჯები 1218 ლარის ოდენობით, ამასთანავე, სასამართლოს არ უმსჯელია ამ თანხის, ისევე როგორც მიყენებული ზიანის თანხის _ 7415 ლარის წარმომავლობაზე. უკანასკნელი თანხის გადახდის ფონდისათვის დაკისრების საკმაო საფუძველს არ იძლეოდა საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარამენტის საგადასახადო ინსპექციის შეტყობინება-გაფრთხილება გადახდის დარიცხული თანხის შესახებ, სასამართლოს არ გაურკვევია თუ რომელი გადასახადის საჯარიმო სანქციას შეადგენდა იგი, გადახდილ იქნა თუ არა შპს «მ. ბ.» მიერ აღნიშნული თანხა, მით უფრო, რომ საგადასახადო კოდექსის 256-ე მუხლით დადგენილ ვადაში მას ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა შუამდგომლობით საგადასახადო ორგანოსათვის დარიცხული თანხის გადასინჯვის მიზნით. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი, აღნიშნული ფაქტები საჭიროებენ დამატებით გამოკვლევას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.01.01 წ. განჩინება შპს ,,მ. ბ.” სასარგებლოდ საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიან სახელმწიფო ფონდზე დავალიანების ძირითადი თანხის _ 18 357 ლარის და სახელმწიფო ბაჟის _ 458 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად.

3. ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 30.01.01 წ. განჩინება დანარჩენ ნაწილში გაუქმდეს და დაბრუნდეს ხელახალი განხილვისათვის.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.