Facebook Twitter

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

¹ 3გ/ად-63-კ 3 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. სხირტლაძე

განიხილა რ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 27 იანვარს რ. ა-ოვამ სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ 1996 წლის 10 დეკემბერს ბოლნისის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს მ. ა-ოვსა და ბოლნისის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა ქონების გამცემ კომისიას შორის ათი წლის ვადით 5 ჰა მიწის ნაკვეთზე გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება, შედგა ბიზნეს გეგმა და მის მეუღლეს სარგებლობის უფლებით გადაეცა სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ ნაკვეთს ამუშავებდნენ 2 წლის განმავლობაში. 1999 წლის 5 მაისს მ. ა-ოვი გარდაიცვალა. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხემ – ბოლნისის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა ქონების გამცემმა კომისიამ დაარღვია საქართველოს კანონი «სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ» და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 590-ე მუხლი და ისე, რომ არ გაუუქმებია აღნიშნული ხელშეკრულება, სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა შპს-ს «ს.-....», რაც მისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

რ. ა-ოვამ სარჩელით მოპასუხისაგან, მის აწ გარდაცვლილ მეუღლეზე მ. ა-ოვზე საიჯარო ხელშეკრულებით გადაცემული 5ჰა მიწის ნაკვეთის მისთვის დაბრუნება და ამ ნაკვეთით სარგებლობაზე გარდაცვლილი მეუღლის მემკვიდრედ ცნობა მოითხოვა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეში მესამე პირად ჩააბა ს. გ-ოვა, რომელიც შპს-ის «სავანეთი-97» აწ გარდაცვლილი დირექტორის სა. გ-ოვის მეუღლეს წარმოადგენდა.

ს. გ-ოვამ 2000 წლის 28 თებერვალს შეგებებული სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ბოლნისის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა ქონების გამცემი კომისიის მიმართ და მიუთითა, რომ 1997 წლის აპრილის თვეში მისმა მეუღლემ სა. გ-ოვმა შექმნა შპს-ს «ს.-....», რომელიც რეგისტრაციაში გაატარა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში. 1997 წლის 31 ივლისს ბოლნისის რაიონის გამგეობის დადგენილებით შპს-ს «სავანეთი-97» იჯარით გამოეყო 9 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთი. 1999 წლის 4 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა ქონების გამცემმა კომისიამ ს. გ-ოვას 9 ჰა მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულება გადაუფორმა.

ს. გ-ოვამ შეგებებული სარჩელით 9 ჰა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში დატოვება მოითხოვა.

მოპასუხე – ბოლნისის რაიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა ქონების გამცემი კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთი ისე გადაეცა შპს-ს «ს.-....» (დირექტორი სა. გ-ოვი), რომ აწ გარდაცვლილ მ. ა-ოვთან საიჯარო ხელშეკრულება არ გაუქმებულა. მ. ა-ოვი და მისი ნახევარძმა სა. გ-ოვი წლების განმავლობაში ერთად ამუშავებდნენ სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთს, იჯარის ქირასაც ერთად იხდიდნენ და დავა არ ჰქონიათ. კომისიის წარმომადგენლის აზრით, მიწის რეფორმის პირველ წლებში კომისია მოუწესრიგებლად მუშაობდა და ამის გამო დაშვებული იქნა შეცდომები. ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, თუ მხარეები მორიგდებიან.

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთზე მ. ა-ოვთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება დადებული იქნა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მეიჯარეს იგი არ გაუუქმებია. უფრო მეტიც, მეიჯარეს არასოდეს არ გამოუთქვამს პრეტენზია საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო და არც მოიჯარე გაუფრთხილებია. სასამართლომ დადგენილად ცნო, ასევე, ის ფაქტი, რომ ნახევარძმები ერთად ამუშავებდნენ სადავო მიწის ნაკვეთს, ერთად იხდიდნენ გადასახადს და ინაწილებდნენ მოსავალს. რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 590-ე მუხლისა და «იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე 2000 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით რ. ა-ოვას სარჩელი დააკმაყოფილა, ხოლო ს. გ-ოვას უარი უთხრა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. გ-ოვამ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მიერ საქმეში ჩაბმული იქნა ბოლნისის რაიონის გამგეობა და 2001 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ს. გ-ოვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. რ. ა-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ს. გ-ოვას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა და მას მფლობელობაში დარჩა 9 ჰა მიწის ნაკვეთი, მათ შორის სადავო 5 ჰა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობასა და მ. ა-ოვს შორის 1996 წლის 10 დეკემბერს 5 ჰა მიწის ნაკვეთზე დადებული მიწის საიჯარო ხელშეკრულება ფაქტიურად გაუქმებულია, რადგან მეიჯარემ – ბოლნისის რაიონის გამგეობამ სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთი იჯარით შპს-ს «ს.-....» გადასცა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს აზრით, რ. ა-ოვა ბოლნისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «ს.-....» შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობას არ ითხოვდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ა-ოვამ. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელიც განმარტავს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლო. ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, მოწმეების: ა-ოვის, კ-ძის, ბოლნისის რაიონის გამგეობის დადგენილების საფუძველზე დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობასა და მოიჯარე მ. ა-ოვს შორის 1996 წლის 10 დეკემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა კანონის სრული დაცვით და იგი სასამართლოში სარჩელის აღძვრის დროისათვის გაუქმებული არ ყოფილა. სააპელაციო პალატამ კი ისე, რომ არ შეუგროვებია ახალი მტკიცებულებები, დადასტურებულად ჩათვალა, რომ განცხადება მ. ა-ოვის სახელით შეიტანა მისმა ძმამ სა. გ-ოვმა.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ასევე მოწმე შ. ლ-შვილის განმარტება, რომ სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთზე არ არსებობს დავალიანება, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი ორმაგად იბეგრებოდა. სააპელაციო სასამართლომ, ამასთან, არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 557-ე და 558-ე მუხლები, ისე ჩათვალა მ. ა-ოვთან დადებული საიჯარო ხელშეკრულება ფაქტიურად გაუქმებულად.

კასატორი თვლის, რომ რ. ა-ოვას შეეძლო სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთზე აწ გარდაცვლილი ქმრის მ. ა-ოვის მიწის სარგებლობის უფლების მასზე გადაცემა მოეთხოვა.

კასატორმა რ. ა-ოვამ თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ რ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

დადგენილია და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ 1996 წლის 24 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა ქონების იჯარით გამცემმა კომისიამ განიხილა სოფ. ... მცხოვრები მ. ა-ოვის განცხადება, რომელიც ითხოვდა 17 ჰა სახნავ ფართს და გააჩნდა ყველა სათანადო საბუთი. კომისიამ გადაწყვიტა, რომ მ. ა-ოვს გამოყოფოდა მხოლოდ 5 ჰა სახნავი ფართი და გაფორმებოდა საიჯარო ხელშეკრულება. დადგენილია, ასევე, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობის 1996 წლის 22 ოქტომბრის ¹ 150 დადგენილებით დამტკიცდა აღნიშნული კომისიის სხდომის ოქმი მ. ა-ოვისათვის 5 ჰა სახნავი მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ და 1996 წლის 10 დეკემბერს ბოლნისის რაიონის გამგეობასა და მ. ა-ოვს შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომელსაც ერთი მხრივ ხელს აწერს ბოლნისის რაიონის გამგეობის წარმომადგენელი, ხოლო მეორე მხრივ მ. ა-ოვი.

ამდენად, საკასაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ მ. ა-ოვთან 1996 წლის 10 დეკემბერს ბოლნისის რაიონის გამგეობის მიერ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება დადებული იყო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და აკმაყოფილებდა იმ დროს მოქმედი «სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და «იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნებს.

ამასთან, ხელშეკრულებაში გამოვლენილი იყო ორივე მხარის ნება და იგი ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს კანონით გათვალისწინებული წესით დღემდე არ გაუუქმებიათ («სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ» საქართველოს კანონის მე-11 მუხლი).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს იმ მოსაზრებას, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობასა და მ. ა-ოვს შორის სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთზე 1996 წლის 10 დეკემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულება გაუქმებულია მხოლოდ იმიტომ, რომ იმავე მიწის ნაკვეთზე 1997 წლის 5 აგვისტოს ბოლნისის რაიონის გამგეობამ ახალი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა შპს-თან «ს.-....». «სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ» კანონის მე-11.4 მუხლის შესაბამისად «მეიჯარე, რომელსაც სურს საიჯარო მიწა და იჯარის სხვა ობიექტები იჯარის ვადის გასვლამდე გადასცეს სხვა პირს, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მოიჯარეს ერთი წლით ადრე ან ხელშეკრულების მხარეებს შორის შეთანხმებულ ვადაში.»

ამასთან, ამ პუნქტში აღნიშნული ცვლილებები «შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, თუ მოიჯარე თანახმაა და მხარეები მოახდენენ საბოლოო ანგარიშსწორებას ერთმანეთთან».

საკასაციო პალატა თვლის, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი საიჯარო ხელშეკრულება დაედო შპს-თან «ს.-.....» მიწის ნაკვეთზე, რომელიც უფლებრივად იყო დატვირთული და გადაცემული ჰქონდა სარგებლობისათვის მ. ა-ოვს. მითუმეტეს, რომ ხელშეკრულების მოშლისა და ახალი ხელშეკრულების დადების თაობაზე მას მხარისათვის არ უცნობებია. უფრო მეტიც, მას ხელშეკრულების გაუქმებაზე არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.

საკასაციო პალატა, ასევე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ რ. ა-ოვა სადავოდ არ ხდიდა ბოლნისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «ს.-....» შორის გაფორმებულ მიწის საიჯარო ხელშეკრულებას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ა-ოვა აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულების უკანონოდ ცნობას, მისი კანონიერი უფლებების აღდგენასა და სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთის სარგებლობის უფლებით გადაცემას მოითხოვდა. მოსარჩელის მოთხოვნა თავისთავად მოიცავდა სადავო გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნასაც, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მისი კანონიერი უფლებები ვერ აღდგებოდა. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვისას შეეძლო დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობასა და მ. ა-ოვს შორის სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთზე 1996 წლის 10 დეკემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულება კანონიერია და სასამართლოს მიერ მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორ რ. ა-ოვას, რომ სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელების საკითხი პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს ბოლნისის რაიონის გამგეობამ, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მხარემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 590-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «ს.-....» შორის სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ნაწილში 1997 წლის 5 აგვისტოს დადებული საიჯარო ხელშეკრულება უკანონოა და ბათილად უნდა ჩაითვალოს. ასევე, უკანონოა და ბათილად უნდა ჩაითვალოს ბოლნისის რაიონის გამგეობის 1999 წლის 9 ნოემბრის ¹ 91 დადგენილება ს. გ-ოვასათვის სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთის გადაფორმების ნაწილში, როგორც ბათილი ხელშეკრულების თანმდევი შედეგი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. რ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. რ. ა-ოვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს. ბოლნისის რაიონის გამგეობასა და მ. ა-ოვს შორის 1996 წლის 10 დეკემბერს დადებული სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთის საიჯარო ხელშეკრულება ჩაითვლოს მოქმედად, ხოლო ბოლნისის რაიონის გამგეობასა და შპს-ს «ს.-....» შორის 1997 წლის 5 აგვისტოს დადებული საიჯარო ხელშეკრულება ბათილად იქნეს ცნობილი სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის ნაწილში.

4. ბათილად იქნეს ცნობილი ბოლნისის რაიონის გამგეობის 1999 წლის 9 ნოემბრის ¹ 91 დადგენილება ს. გ-ოვასათვის სადავო 5 ჰა მიწის ნაკვეთის გადაფორმების ნაწილში.

5. ბოლნისის რაიონის გამგეობამ გადაწყვიტოს ბოლნისის რაიონის გამგეობასა და მ. ა-ოვს შორის 1996 წლის 10 დეკემბერს დადებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მემკვიდრეებთან გაგრძელების საკითხი.

6. ს. გ-ოვას დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა სადავო 5 ჰა მიწის მის მფლობელობაში დატოვების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

7. ს. გ-ოვას სახ.ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახ.ბაჟი 40 ლარის ოდენობით.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.