Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-65-კ 19 მაისი, 2000 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ი. ტაბუცაძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ბ. მეტრეველი

განიხილა მ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

საკასაციო პალატამ, მოისმინა რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაია ვაჩაძის მოხსენება,

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1996 წლის 25 დეკემბერს მრავალდარგოვან აგროფირმა „მ-სა“ და ი. ბ-შვილს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება სოფ. მ-ს ტერიტორიაზე, მდინარე ივრის გაღმა-გამოღმა 38,8 ჰა მიწის ნაკვეთზე გაშენებულ აგროფირმის კუთვნილ ვენახზე.

1997 წლის 6 იანვარს, აგროფირმა „მ-ს“ 1996 წლის 20 დეკემბრის ¹ 5 შუამდგომლობის საფუძველზე, სიღნაღის რაიონის გამგობასა და ი. ბ-შვილს შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება ¹ 237. აღნიშნული ხელშეკრულებით, მეიჯარე _ სიღნაღის რაიონის გამგეობამ, მოიჯარე – ი. ბ-შვილს იჯარით გადასცა ზემოთ აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო მიწა მასზე გაშენებული ვენახით, რომლის საერთო ფართობი შეადგენდა 38,8 ჰა-ს და მდებარეობდა სოფ. მ-ს ტერიტორიაზე, მდინარე ივრის გაღმა-გამოღმა. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 237 ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით და კანონით დადგენილი წესით რეგისტრაცია გაიარა სიღნაღის რაიონის მიწის კადასტრის სამსახურში.

1997 წლის 10 თებერვალს სიღნაღის რაიონის გამგეობამ მიიღო ¹ 24 დადგენილება სოფ. ...ას აღორძინების შესახებ. დადგენილებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემ კომისიასა და მიწის მართვის სამმართველოს დაევალათ 10 დღის ვადაში ახლად ჩასახლებული კომლებისათვის საჭირო რაოდენობის სახნავი, საძოვარი, სათიბი, საბოსტნე ნაკვეთებისა და მრავალწლიანი ნარგავების გამოყოფა.

სოფ. ...აში გამგეობის რწმუნებულად დაინიშნა მ. ჭ-შვილი. 1997 წლის 12 მარტს სიღნაღის რაიონის გამგეობამ სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 339 ხელშეკრულება გააფორმა კოოპერატივ „ლ-თან” (წარმომადგენელი მ. ჭ-შვილი), რომელმაც სოფ. ...ას აღორძინება ითავა, და მას იჯარით გადასცა 187 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. აღნიშნულმა მიწის ფართობმა მოიცვა ი. ბ-შვილისათვის იჯარით გადაცემული 34 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და მასზე გაშენებული ვენახი მდინარე ივრის გაღმა ტერიტორიაზე.

1997 წლის 23 მარტს შედგა მრავალდარგოვანი აგროფირმა „მ-ს“ რწმუნებულთა კრება, რომელიც არ დაეთანხმა სიღნაღის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებას და დაადგინა, რომ აგროფირმის კუთვნილი ივრის გაღმა მდებარე სადავო 34 ჰა ვენახი დარჩენილიყო ი. ბ-შვილის სარგებლობაში, 10 წლის ვადით, მასთან 1996 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

სიღნაღის რაიონის გამგეობის 1998 წლის 25 თებერვლის ¹ 31 დადგენილებით არადამაკმაყოფილებლად ჩაითვალა სოფ. ...ას აღორძინებისათვის გაწეული საქმიანობა და კოოპერატივ „ლ-ზე“ იჯარით გაცემული 187 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, მათ შორის 34 ჰა ვენახი გადაეცა ივრის სატყეო-სამონადირეო მეურნეობას, თუმცა სადავო ვენახი დარჩა მ. ჭ-შვილის მფლობელობაში.

სიღნაღის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, სიღნაღის საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის სარჩელის საფუძველზე, აგროფირმა „მ-ს“ დაეკისრა 37 106 ლარის გადახდა. სასამართლოს აღმასრულებლის მიერ აგროფირმა „მ-ს“ ქონების გაყიდვის მიზნით დაინიშნა საჯარო ვაჭრობა, სადაც ი. ბ-შვილმა 13600 ლარად შეიძინა სადავო ვენახი და სანოტარო წესით გააფორმა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.

1999 წლის 2 აპრილს ი. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა სიღნაღის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა სიღნაღის რაიონის გამგეობასა და კოოპერატივ „ლ-ს“ (წარმომადგენელი მ. ჭ-შვილი) შორის 1997 წლის 12 მარტს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 339 ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე მოითხოვა მ. ჭ-შვილის მფლობელობიდან სადავო ვენახის გამოთხოვა.

მოპასუხე კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელმა მ. ჭ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და ი. ბ-შვილსა და სიღნაღის რაიონის გამგეობას შორის 1997 წლის 6 იანვარს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 237 ხელშეკრულებისა და 1999 წლის 10 მარტის სადავო ვენახის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელს მ. ჭ-შვილს უარი ეთქვა შეგებებულ სარჩელზე უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 18 აგვისტოს განჩინებით სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დააკმაყოფილა კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენლის მ. ჭ-შვილის საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 18 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა თბილისის საოლქო სასამართლოს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენლის მ. ჭ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა ი. ბ-შვილის თავდაპირველი სარჩელი: გაუქმდა სიღნაღის რაიონის გამგეობასა და კოოპერატივ „ლ-ს“ შორის 1997 წლის 12 მარტს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 339 ხელშეკრულება, მ. ჭ-შვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სიღნაღის რაიონის სოფ. მ-ს ტერიტორიაზე, მდინარე ივრის გაღმა მდებარე 34 ჰა მიწის ფართობი, მასზე გაშენებული ვენახით და ¹ 237 საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის უფლებით გადაეცა ი. ბ-შვილს; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენლის მ. ჭ-შვილის შეგებებული სარჩელი: გაუქმდა 1999 წლის 10 მარტს სასამართლოს აღმასრულებელ ვ. ლ-შვილსა და ი. ბ-შვილს შორის დადებული სადავო ვენახის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და სარგებელი დაუბრუნდათ მხარეებს.

გადაწყვეტილების გამოტანისას თბილისის საოლქო სასამართლომ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:

1. სადავო ვენახის გაყიდვა მოხდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევით, რომლის თანახმადაც, მცენარეულობა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელ ნაწილად იქცევა დარგვის მომენტიდან. არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა დაკავშირებული ნივთთან და იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. შეუძლებელია შემადგენელი ნაწილის დამოუკიდებლად განკარგვა. ეს უნდა მოხდეს მიწასთან ერთად. ვენახი მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილია და იგი ცალკე ყიდვა-გაყიდვის ობიექტი არ შეიძლება იყოს.

2. ი. ბ-შვილსა და სიღნაღის რაიონის გამგეობას შორის 1997 წლის 6 იანვარს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 237 ხელშეკრულება გაფორმებულია მაშინ მოქმედი „სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონის შესაბამისად და ამ კანონით დადგენილი წესით წერილობითი ფორმით არ შეწყვეტილა.

3. ამავე კანონის მე-11 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ საიჯარო ნაკვეთი არსებული წესის შესაბამისად ამოღებული და გადაცემულია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. სიღნაღის რაიონის გამგეობის 1997 წლის 10 თებერვლის ¹ 24 დადგენილებაში, სოფ. ...ას აღორძინების შესახებ, არ არის მითითებული, რომ ი. ბ-შვილსა და სიღნაღის რაიონის გამგეობას შორის 1997 წლის 6 იანვარს დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 237 ხელშეკრულება შეწყდეს სადავო 34 ჰა მიწის ფართობის და მასზე გაშენებული ვენახის სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ამოღებასთან დაკავშირებით.

4. სიღნაღის რაიონის გამგეობას უფლება არ ჰქონდა 1997 წლის 12 მარტს კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელ მ. ჭ-შვილთან დაედო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება იმ მიწაზე, რომელიც უკვე იჯარით ჰქონდა აღებული ი. ბ-შვილს, რადგან კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, მოიჯარის უფლებებს იჯარით აღებულ ობიექტზე იცავს კანონი.

კასატორმა კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელმა მ. ჭ-შვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება, მასსა და სიღნაღის რაიონის გამგეობას შორის დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 339 ხელშეკრულების გაუქმებისა და მოსარჩელე ი. ბ-შვილსა და სიღნაღის რაიონის გამგეობას შორის დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 237 ხელშეკრულების ძალაში დატოვების ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:

1. თბილისის საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა მაშინ მოქმედი 1996 წლის 28 ივნისის საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ“. კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ი. ბ-შვილს არ მიუმართავს მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიისათვის. ამავე კანონის თანახმად ხელშეკრულება სანოტარო წესით არ არის დამოწმებული.

2. საოლქო სასამართლომ, ასევე, არასწორად განმარტა ამ კანონის მე-11 მუხლი, რადგან უტყუარად დადგენილია, რომ სადავო ვენახი სიღნაღის რაიონის გამგეობის 1997 წლის 10 თებერვლის ¹ 24 დადგენილებით ამოღებულია სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ამასთან, კანონის თანახმად, მოიჯარე ვალდებულია მოუაროს იჯარით აღებულ ობიექტს და გადაიხადოს საიჯარო ქირა, სადავო ვენახს კი 3 წელი უვლის მ. ჭ-შვილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საქმის მასალებით დადგენილია და არც ერთ მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ სიღნაღის რაიონის სოფ. მ-ს ტერიტორიაზე, მდინარე ივრის გაღმა 34 ჰა მიწაზე გაშენებული სადავო ვენახი მრავალდარგოვანი აგროფირმა „მ-ს“ კუთვნილი ობიექტია, ხოლო თავად 34 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – სახელმწიფოსი.

აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობისა და მასზე გაშენებული ვენახის საიჯარო ურთიერთობებს აწესრიგებდა იმ დროს მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 24 მაისის კანონი „იჯარის შესახებ“, საქართველოს 1996 წლის 28 ივნისის კანონი „სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ“ და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1996 წლის 6 აგვისტოს ¹ 2-202 ბრძანება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების ღონისძიებათა თაობაზე“, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ნებისმიერი ობიექტი (მრავალწლიანი ნარგავები, შენობა-ნაგებობები და სხვ.), რომლის მესაკუთრე არ არის სახელმწიფო, იჯარით გაიცემა ამ ქონების მესაკუთრის მიერ. ამდენად, მდინარე ივრის გაღმა მდებარე სადავო ვენახის მესაკუთრეს მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენდა აგროფირმა „მ.“, რომელმაც იგი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა ი. ბ-შვილს და აღნიშნული ხელშეკრულება დღეის მდგომარეობით არც ერთი მხარის მიერ არ არის გაუქმებული. ამასთან, აღნიშნულ ვენახზე საიჯარო ხელშეკრულება აგროფირმა „მ-სა“ და კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელ მ. ჭ-შვილს შორის არასოდეს არ გაფორმებულა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ი. ბ-შვილსა და სიღნაღის რაიონის გამგეობას შორის 1997 წლის 6 იანვარს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹ 237 ხელშეკრულება შეესაბამება „სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ“ 1996 წლის 28 ივნისის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნებს, ვინაიდან სადავო მიწის ფართობის იჯარით გაცემის თაობაზე სიღნაღის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემ მუდმივმოქმედ კომისიას კანონის შესაბამისად მიმართა აგროფირმა „მ-ს“ დირექტორმა, როგორც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან უძრავად დაკავშირებული ქონების (ვენახის) მესაკუთრემ და არა ი. ბ-შვილმა, ხოლო რაც შეეხება ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმების სავალდებულობას, საკასაციო პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507 მუხლის მესამე ნაწილისა და 593-ე მუხლის შესაბამისად, იგი ი. ბ-შვილთან დადებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად ვერ ჩაითვლება, მითუმეტეს, რომ რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს ¹ 2-202 ბრძანების მე-5 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან უძრავად დაკავშირებული ქონების ნებისმიერი ობიექტი (მრავალწლიანი ნარგავები, შენობა-ნაგებობები და სხვ.), რომლის მესაკუთრე არ არის სახელმწიფო, სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად იჯარით გაიცემა ქონების ამ ობიექტის მესაკუთრესა და მოიჯარეს შორის შეთანხმებულ პირობებში და სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის სახელშეკრულებო ვადით. ამასთან, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად იჯარით გაცემული კერძო (ფიზიკური ან იურიდიული) პირის ქონების იჯარის ქირა ირიცხება მისი მესაკუთრის ანგარიშზე, ან მისივე თანხმობით მიწის მეიჯარის ანგარიშზე, რომელიც ვალდებულია გაუსწოროს ანგარიში იჯარით გაცემული ქონების მესაკუთრეს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ვინაიდან იგი 3 წლის მანძილზე ფაქტიურად ფლობდა სადავო მიწის ნაკვეთს და მასზე გაშენებულ ვენახს, ამიტომ სიღნაღის რაიონის გამგეობის მიერ მასთან გაფორმებული მიწის საიჯარო ხელშეკრულება კანონიერია და როგორც მიწა, ასევე ვენახი სარგებლობის უფლებით მას ეკუთვნის. საქმე იმაშია, რომ 1997 წლიდან დღემდე კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელს მ. ჭ-შვილს სიღნაღის რაიონის გამგეობისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ქირა არ გადაუხდია, რაც ისედაც ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია, ხოლო, რაც შეეხება აგროფირმა „მ-ს“, მასთან კასატორს ვენახის იჯარის თაობაზე ხელშეკრულება არც ჰქონია გაფორმებული და თავისთავად, იჯარის ქირასაც არ იხდიდა, რითაც აგროფირმა „მ-მ“ კუთვნილი ვენახის 3 წლის საიჯარო ქირა ვერ მიიღო.

საკასაციო პალატა სიღნაღის რაიონის გამგეობის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მას 1997 წლის 10 თებერვლის ¹ 24 დადგენილებით უფლება არ ჰქნოდა განეკარგა აგროფირმა „მ-ს“ კუთვნილი ვენახი და დაერღვია ი. ბ-შვილთან გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საიჯარო ხელშეკრულება, ვინაიდან მოიჯარის უფლებებს იჯარით აღებულ ობიექტზე იცავს კანონი. ამასთან, ზემოაღნიშნული ბრძანების მე-5 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო მიწასთან ერთად კერძო (ფიზიკური ან იურიდიული) პირის საკუთრების უძრავი ობიექტის იჯარით გაცემის შემთხვევაში მიწის მეიჯარე ვალდებულია შეწყვიტოს ან გააუქმოს იჯარის ხელშეკრულება, თუ უძრავი ქონების ან ობიექტის მეიჯარეს გააჩნია იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის ან გაუქმების კანონით ან იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძველი და ის ამას მოითხოვს პატივსადები ინტერესების გამო.

ამდენად, საკასაციო პალატის აზრით, სიღნაღის რაიონის გამგეობის მიერ კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელ მ. ჭ-შვილთან გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება სადავო 34 ჰა მიწასა და მასზე გაშენებული ვენახის ნაწილში დადებისთანავე უკანონო იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უარი ეთქვას კასატორს, კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელ მ. ჭ-შვილს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

2. ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. სახელმწიფო ბაჟი 37 ლარის და 60 თეთრის ოდენობით გადახდეს კოოპერატივ „ლ-ის“ წარმომადგენელს მ. ჭ-შვილს და აღსასრულებლად მიექცეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2000 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებასთან ერთად.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.