3გ/ად-65-კ-01 30 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. სხირტლაძე,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთის განაღდება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე, ფიზიკურმა პირმა ვ. თ-იამ 11.10.96წ. სარჩელი აღძრა ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში და მოითხოვა 20.06.91 წ. გათამაშებულ ფულად-სანივთო ლატარეაში მოგებული ავტომანქანა «ჟიგული-2109» ღირებულების ფულადი კომპენსაციის დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ რესპუბლიკაში მანქანების შემოყვანის შეწყვეტის გამო ავტომაღაზია «ა.-მ» უარი განუცხადა ავტომანაქნის გაცემაზე, რის გამო იგი იძულებული შეიქმნა მიემართა სასამართლოსათვის მოგებული ავტომანქანის სანაცვლოდ მისი ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით. ვაკის რაიონის სასამართლომ საქმეში მესამე პირად ჩააბა მაღაზია «ა.-ის» სამართალმემკვიდრე – ს.ს. «ს.-ა». იმავე სასამართლოს 23.01.97წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ფინანსთა სამინისტროს ვ. თ-იას სასარგებლოდ დაეკისრა 9675 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს მიერ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 01.04.97წ. განჩინებით ვაკის რაიონის სასამართლოს 23.011.97წ. გადაწყვეტილება გაუქმდა იმ მოტივით, რომ სასამართლომ არ იქონია მსჯელობა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ვაკის რაიონის სასამართლოს მიერ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო. ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 19.07.97წ. გადაწყვეტილებით ვ. თ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა, მას აღუდგა სასამართლოსათვის მიმართვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვ. თ-იას სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 9675 ლარის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 29.07.97წ. განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, გაუქმდა ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 19.07.97წ. გადაწყვეტილება, საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას. ვაკის რაიონის სასამართლომ 03.09.97წ. საოქმო განჩინებით მხარეთა გამოუცხადებლობის გამო საქმე დატოვა განუხილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 15.04.99წ. დადგენილებით დაკმაყოფილდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პროტესტის მოთხოვნა, გაუქმდა 03.09.97წ. სხდომის საოქმო განჩინება.
ფინანსთა სამინისტროს საჩივრის საფუძველზე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 04.10.99წ. განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილებული იყო ვ. თ-იას სასარჩელო მოთხოვნა. საქმის არსებითი განხილვის შედეგად ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.12.99წ. გადაწყვეტილებით ვ. თ-იას აღუდგა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადასახდელად დაეკისრა 9700 ლარის გადახდა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.12.99წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახდო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.02.01წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ვ. თ-იამ 20.06.91წ. გამართულ ლატარიის მოგებათა ტირაჟით მოიგო ავტომანქანა «ვაზ-2109», რომლის მიღებაც მან ვერ მოახერხა, რაც დასტურდება ს.ს. «ს.-ს» გენერალური დირექტორის მიერ 21.01.97წ. და 20.05.97წ. გაცემული ცნობებით. ავტოცენტრ «ვ.-ის» 18.07.91წ. ზედდებულით მოგებული ავტომანქანის ფასი 9000 მანეთს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველოს მიერ გაცემული 01.11.96წ. რუსული რუბლის ლარზე გადაანგარიშებით ავტომანქანის ღირებულებამ 9700 ლარამდე შეადგინა. საქმეში დაცული «გ.-ის» 13.01.97წ. წერილის საფუძველზე დადგინდა, რომ მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთების განაღდება ხდებოდა შემდეგი წესით: მოგებახვედრილი ლატარიის ბილეთის მფლობელი ლატარიის ბილეთს წარუდგენდა შემნახველ ბანს, რომელიც «ა.-ის» სახელზე აფორმებდა შეკვეთას განრიგის სახით, რის საფუძველზეც მოქალაქის მიერ ხდებოდა ავტომანქანის «ა.-დან» გაყვანა. უკანასკნელი შემნახველი ბანკის გამგეობას წარუდგენდა ანგარიშს გაყვანილი მანქანების საფასურის ანაზღაურების შესახებ, რომლის თანახმადაც შემნახველი ბანკი «ა.-ის» სახელზე ახდენდა თანხის ჩარიცხვას. შემნახველ ბანკს «ა.-ის» სახელზე გადარიცხულ თანხას აუნაზღაურებდა ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ვ. თ-იას მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს წარმოქმნილი დავალიანების სახელმწიფოს მიერ შიდა ვალში აღება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.02.01წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ მიიღო კანონის შეუსაბამო განჩინება და არ გამოიყენა კანონი «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ», რომლითაც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დავალიანების ანაზღაურება. კასატორი ითხოვს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.02.01წ. განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლის თანახმადაც ვ. თ-იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება შესაბამისი წლის ბიუჯეტში აღნიშნული დავალიანების გათვალისწინებისთანავე, ამ სავალო ვალდებულების დაფარვის წესის შესაბამისად. სასამარლთო სხდომაზე გამოცხადებულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ა. მ.-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო შეასრულებს ვალის გადახდის ვალდებულებას, შესაბამისი თანხების ბიუჯეტში ასახვის შემდეგ, ვ. თ-იას მოთხოვნა დაკმაყოფილდება შესაბამისი წლის ბიუჯეტში დავალიანების გათვალისწინებისთანავე, აღნიშნული სავალო ვალდებულების დაფარვის წესის შესაბამისად.
ვ. თ-ია წარმოდგენილ შეპასუხებაში საკასაციო საჩივარი არ ცნო და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით დადგენილია 20.06.91წ. გამართული ლატარიის მოგებათა ტირაჟით მის მიერ ავტომანქანის მოგება. მოგებული ავტომანქანის მიღება ვერ მოახერხა, რაც დასტურდება ს.ს. «ს.-ას» გენერალური დირექტორის მიერ 21.01.97წ. და 20.05.97წ. გაცემული ცნობებით. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში აღნიშნული თანხის გაუთვალისწინებლობა არ ნიშნავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების კანონის დარღვევით მიღებას. მითითებული კანონი ითვალისწინებს დავალიანების დაფარვის თანხებს, ხოლო ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღიარებს მის წინაშე არსებულ ვალდებულებას.
საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობათა სამინისტროს უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულმა საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა ზ. ჩ.-ემ საკასაციო საჩივარი არ ცნო და განმარტა, რომ სახელმწიფომ აღიარა ვალი, ფინანსთა სამინისტრო არ უარყოფს ვ. თ-იას უფლებას მიიღოს ლატარიაში მოგებული ავტომანქანის ღირებულება, რის გამო იგი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ უნდა იქნეს ანაზღაურებული. დავას იწვევს მხოლოდ ის, თუ როდის უნდა მოხდეს დავალიანების დაფარვა.
ს.ს. «ს.-ს» წარმომადგენელი არ გამოცხადდა სასამართლო კოლეგიის სხდომაზე. 31.01.01წ. წერილით ს.ს. «ს.-ს» გენერალურმა დირექტორმა ითხოვა საქმის მისი დასწრების გარეშე განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქმის მასალების შესწავლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ «საქართველოს ს.ს. რესპუბლიკაში 1991 წელს ფულისა და ნივთების ლატარიის ტირაჟების ჩატარების შესახებ» მინისტრთა საბჭოს 25.05.90წ. ¹254 დადგენილების შესაბამისად, 20.06.91წ. ხობში გაიმართა საქართველოს ფულისა და ნივთების 1991 წლის მესამე გამოშვების ლატარიის მოგებათა ტირაჟი. ვ. თ-იამ გათამაშებულ ტირაჟში მოიგო მსუბუქი ავტომანქანა «ჟიგული 2109» (ლატარიის ბილეთი ¹..., სერია ¹..., თანრიგი ...), რაც დასტურდება შემნახველი ბანკის ქ. თბილისის დიდუბის ფილიალის მიერ 10.07.91წ. გაცემული ფ. ¹... ქვითარით ვ.თ-იასაგან ლატარიის ბილეთის მიღებისა და მისი ექსპერტიზაზე გადაგზავნის შესახებ, საქართველოს შემნახველი ბანკის გამგეობის მიერ 18.07.91 წ. გაცემული ფ. ¹..., ¹... განრიგით, რომელიც გადაეგზავნა ავტოცენტრ «ვ.-ს» მოგების გასაცემად, 20.06.91 წ. გამართული საქართველოს ფულისა და ნივთების 1991 წლის მესამე გამოშვების ლატარიის მოგებათა ტირაჟის ოფიციალური ცხრილით («...”, 03.07.91 წ.), ს.ს. «გ.-ის» 22.11.01 წ., ¹4-1-3-2-326/2457 ცნობით. ამდენად, დადგენილია, რომ 20.06.91წ. მოგებათა ტირაჟში ვ. თ-იამ მოიგო ავტომანქანა «ჟიგული 2109» (პირველი ინსტანციის სასამართლო შეცდომით უთითებს მოგებახვედრილი ბილეთის ნომერს, რაც პალატის აზრით არ იძლეოდა გადაწყვეტილების გაუქმების საკმაო საფუძველს), კასატორ _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეს გარემობა სადავოდ არ გაუხდია. საქმის მასალებით დადგენლია აგრეთვე, რომ ვ. თ-იას არ მიუღია ავტომანქანა, აღნიშნული დასტურდება ს.ს. «ს.-ს» გენერალური დირექტორის მიერ 21.01.97წ. და 20.05.97წ. გაცემული ცნობებით, რომელთა თანახმად, 1991 წლის მეორე ნახევრიდან ავტომაღაზიას საფონდო ავტომანქანები არ მიუღია, რაც გამოწვეული იყო სსრ კავშირის დაშლასთან დაკავშირებული ცენტრალიზებული საფონდო სისტემის გაუქმებით და იმდროინდელი რუსეთ-საქართველოს შორის საბანკო ურთიერთობების შეწყვეტით. მოგებათა მიღების წესის თანახმად, ლატარიის ბილეთის მფლობელს, რომელსაც ნივთმოგება ხვდა, შეუძლია მოგებული ნივთის ღირებულება ნაღდ ფულად მიიღოს.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ «საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» კანონში მოგებული ნივთის ღირებულების ანაზღაურებისათვის თანხების გაუთვალისწინებლობა წარმოადეგნს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველს, რადგანაც აღნიშნული კანონის მე-6 მუხლი ითვალისწინებს თანხების გამოყოფას საშინაო ვალის დასაფარავად, ამავე კანონის მე-14 მუხლის I პუნქტის «ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გამოყოფილ თანხებს. საკასაციო პალატა იზიარებს აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ვალდებულების წარმოქმნის შემდეგ, «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის «ი» ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსახლეობის მიერ სახელმწიფო ლატარიაში მოგებული ნივთების გაუნაღდებლობით წარმოქმნილი დავალიანების სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარება არ გამორიცხავს საქართველოს კონსტიტუციით და პროცესუალური კანონმდებლობით უზრუნველყოფილ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. დარღვეული უფლების აღსადგენად სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას არ გამორიცხავს აგერთვე ის, რომ «სახელმწიფო ვალის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მეოთხე ნაწით გათვალისწინებული სახელმწიფო სავალო ვალდებულებების დაფარვის წესი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ არ არის შემუშავებული. ლატარიის გათამაშების შედეგად ლატარიის გათამაშების ორგანიზატორს და ლატარიის ბილეთის მესაკუთრეს შორის წარმოქმნილი სამართლებრივი კავშირი ავალებს ლატარეის ორგანიზატორს განახორციელოს ბილეთის მესაკუთრის მიმართ გარკვეული მოქმედებები (ჩაატაროს ტირაჟი, დადგენილ შემთხვევებში გასცეს მოგება), შესაბამისად, ლატარიის ბილეთის მესაკუთრეს აქვს უფლება მოთხოვოს ლატარიის ორგანიზატორს მისი მოვალეობების შესრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩვარში მითითებულ კანონის დარღვევას არა აქვს ადგილი. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას, ცალკეული ხარვეზების მიუხედავად, საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 409-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაცული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.02.01წ. განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.