გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-66-კ 17 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ბ. კობერიძე
განიხილა ტ. ლ-კოსა და რ. რ-ძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 9 თებერვლის განჩინები გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ტ. ლ-კომ და ა. რ-ძემ რ. რ-ძის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ამ უკანასკნელის საკუთრებაში მყოფი 4900 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 2/3 მათ საკუთრებაში გადაცემა.
სარჩელი დასაბუთებული იყო იმით, რომ ტ. ლ-კო და ა. რ-ძე იყვნენ რა მოპასუხის ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილი), მათი ერთად ცხოვრების პერიოდში რ. რ-ძისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა მათ საერთო საკუთრებას.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 5 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ტ. ლ-კოსა და ა. რ-ძის საკუთრების უფლებით გამოეყოთ სადავო მიწის ნაკვეთის 2/3.
რ. რ-ძის საჩივრის საფუძველზე გადაისინჯა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 20–00 წლის 13 ივნისის ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთიდან მათ გამოეყოთ 2500 კვ.მ. ფართობი.
რ. რ-ძის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე საქმე წარმოებაში მიიღო ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ, მაგრამ შემდგომ მიიჩნია, რომ დავა ეხებოდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობას და სასამართლომ საქმეში თანამოპასუხეებად ჩააბა ადმინისტრაციული ორგანოები: ლანჩხუთის რაიონის საკრებულო და ლანჩხუთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. ამასთანავე, საქმე ჩაითვალა ადმინისტრაციულ დავად და იგი არსებითად განიხილა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატამ, რომლის 2001 წლის 9 თებერვლის განჩინებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 ინვისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საკასაციო საჩივრით რ. რ-ძე ითხოვს რა ქუთაისის საოლქო სასამართლოს პალატის განჩინების გაუქმებას, უთითებს შემდეგ გარემოებებზე: ტ. ლ-კოსთან მას ფაქტიური საქორწინო ურთიერთობა აკავშირებდა, მოსარჩელე მახაჩკალაში ცხოვრობდა, როგორც წევრი არ მონაწილეობდა მისი ოჯახის საქმიანობაში, გარდა ამისა მისი ოჯახი კომლს არ წარმოადგენდა, მიეკუთვნებოდა მოსამსახურის კატეგორიას, სადავო მიწის ნაკვეთი გამოეყო მამამისს გ. რ-ძეს და თვით მას დარჩა, როგორც მემკვიდრეს. შესაბამისად მოსარჩელეთათვის ნაკვეთის ნაწილის გამოყოფის საფუძველი არ არსებობდა.
საკასაციო საჩივრით ტ. ლ-კო ითხოვს საოლქო სასამართლოს პალატის განჩინებიდან ამოირიცხოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ რ. რ-ძის ოჯახი არ წარმოადგენდა კომლს და დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე უნდა დაბრუნდეს ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დავის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ხოლო მის საფუძველს მხარეთა შორის არსებული საქორწინო ურთიერთობანი. ეს დაფიქსირებულია, როგორც სასარჩელო განცხადებაში, ასევე, ოზურგეთის რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომების ოქმებში. ამდენად, დავა ეხებოდა ყოფილ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფას, რაც სამოქალაქო კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
ამისდა მიუხედავად, სააპელაციო პალატამ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში ფიქსირებული დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის თანახმადაც მოსარჩელე თვით განსაზღვრავს დავის საგანს და მიუთითა თითქოს ტ. ლ-კო და ა. რ-ძე ითხოვდნენ მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობას. ამით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლო გაცდა სასარჩელო განცხადების ფარგლებს.
ამ დარღვევამ განაპირობა ის, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმე განხილული იქნა განსჯადობის წესის დარღვევით. ადმინისტრაციულ საქმეთა და საგადასახადო პალატამ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფის თაობაზე სამოქალაქო დავა განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, არაკანონიერი შემადგენლობით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ა” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
დ ა ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ლ-კოსა და რ. რ-ძის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2001 9 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პლატას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.