Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-67-კ-01 31 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: ბინაზე უფლებამოპოვებულად ცნობა, ბინის პრივატიზების უფლების მინიჭება.

აღწერილობითი ნაწილი:

კასატორი ა. მ-ძე 1985-90 წლებში მსახურობდა სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში, კერძოდ .... სასაზღვრო ნაწილში ზემდეგად. 1992-93 წლებში სამსახური გააგრძელა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აირსაწინააღმდეგო სამხედრო ნაწილში ¹ 20350. სამხედრო სამსახურის დროს, 1993 წელს გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულების ბინა, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. ..., სამხედრო დასახლებაში. 1995 წლის 18 აგვისტოდან ა. მ-ძემ კვლავ გააგრძელა სამსახური ქ. ბათუმში დისლოცირებულ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარში, ¹ 2016 სასაზღვრო ნაწილში. აღნიშნული სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის 1999 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. მ-ძეს გამოეყო ა. ზ-ოვის მიერ გამოთავისუფლებული სამსახურებრივი ბინა, მდებარე ქ. ბათუმში, ..., სადაც იგი ცხოვრობს ოჯახის წევრებთან ერთად (მეუღლე და 2 ვაჟი). რუსეთის სასაზღვრო საჯარისო ნაწილების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლასთან დაკავშირებით, მათ მიერ დაკავებული საუწყებო საცხოვრებელი ბინები, მათ შორის ა. მ-ძის მიერ დაკავებული ბინაც გადავიდა საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს ბალანსზე. ა. მ-ძე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარში სამსახურიდან გათავისუფლდა 1999 წლის 6 ივნისს და სამსახური გააგრძელა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში ზემდეგად, საიდანაც პირადი განცხადების საფუძველზე დათხოვილ იქნა 1999 წლის ნოემბრიდან.

საქართველოს სახელმწიფო საღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ 2000 წლის 21 აპრილს სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ა. მ-ძის მიმართ და «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹ 603 დადგენილების საფუძველზე მოითხოვა ბათუმში, ... მდებარე სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული ¹ 70 ბინიდან ა. მ-ძის გამოსახლება ოჯახის წევრებთან ერთად, რადგან სამხედრო ნაწილში მას 10 წელი არ უმსახურია.

მოპასუხე ა. მ-ძემ 2000 წლის 7 ივნისს შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე, 209-ე მუხლებისა და ¹ 603 დადგენილების საფუძველზე მოითხოვა სადავო ბინის მფლობელად მისი აღიარება და მისთვის ბინის პრივატიზების უპირატესი უფლების მინიჭება.

ბათუმის საქალაქო სასამრთლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა. ა. მ-ძე ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან, ხოლო მისი შეგებებული სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ძემ.

საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სააპელაციო-საკასაციო სასამართლოში და ბოლოს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამათლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განჩინებით ა. მ-ძის სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება, შემდეგი საფუძვლით:

1. ა. მ-ძეს სადავო ბინა, მართალია, გამოეყო რუსეთის სასაზღვრო ჯარების ¹2016 სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1999 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით, მაგრამ არ გააჩნია ბინის ფლობის ორდერი ან საკუთრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინა არის სამსახურებრივი დანიშნულების და, რომ ა. მ-ძეს იგი გაცემული ჰქონდა სარგებლობის უფლებით. რადგან ა. მ-ძე პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა სამსახურიდან და სამსახურებრივი ურთიერთობა აღარ აკავშირებს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოსთან, ა. მ-ძეს კანონიერი უფლება აღარ გააჩნია სადავო სამსახურებრივ ბინაზე. პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი კანონიერია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლების თანახმად უფლება აქვს ა. მ-ძეს მოსთხოვოს უკანონო მფლობელობიდან ბინის გათავისუფლება და ამიტომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

2. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამხვილა იმ გარემოებაზე, რომ ა. მ-ძეს 1993 წელს ¹ 20350 სამხედრო ნაწილის მიერ, ასევე, გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულების ბინა ხელვაჩაურის რიონი სოფ. ..., რის შესახებაც დაუმალა ¹ 2016 სასაზღვრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიას სადავო ბინის მიღების დროს.

3. სათანადო მტკიცებულებების უქონლობის გამო სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა. მ-ძის სააპელაციო საჩივარი, რომ სადავო ბინის პრივატიზების მიზნით სათანადო დოკუმენტები წარდგენილი ჰქონდა ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოში.

4. ვინაიდან სადავო სამსახურებრივი დანიშნულების ბინა საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენის აჭარის რეგიონალურ სამმართველოს ესაჭიროება თანამშრომელთა საბინაო პირობების გასაუმჯობესებლად, ა. მ-ძეს კი ქართული სასაზღვრო ჯარში 10 წელი არ უმსახურია, ამასთან სამხედრო ნაწილიდან პირადი განცხადებით გათავისუფლდა, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის ¹ 603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების თანახმად, სააპელაციო პალატამ კანონიერად ცნო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს უარი სადავო სამსახურებრივი ბინის პრივატიზებაზე.

5. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა ა. მ-ძის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის არ დადებულა წერილობითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სამუშაოდან გათავისუფლების შემთხვევაში მას წარმოეშობოდა სამსახურებრივი ბინის გამოთავისუფლების ვალდებულება. პალატამ მიუთითა, რომ ამგვარი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ზემოაღნიშნული ¹ 603 დადგენილება არ ითვალისწინებს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის განჩინებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის «ბ» პუნქტის საფუძველზე, საკასაციო წესით ასაჩივრებს ა. მ-ძე, რომელიც განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით სადავო ბინაზე უფლებამოპოვებულად ცნობასთან ერთად პრივატიზების უფლების მინიჭებას ითხოვს შემდეგი საფუძვლით:

1. კასატორის აზრით, სადავო ბინის ფლობისა და ქირავნობის უფლებები მოპოვებული და დადასტურებული აქვს რუსეთის ფედერაციის ¹ 2016 სასაზღვრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის სხდომის 1999 წლის 6 აპრილის ოქმითა და 1999 წლის 10 სექტემბრის საბინაო ფონდში მცხოვრებთა სიით, რომლითაც მოხდა ¹ 2016 სამხედრო ნაწილიდან სამსახურებრივი ბინების მოსარჩელეზე გადაცემა, ამდენად კასატორი თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად, იგი სადავო საუწყებო ბინის კანონიერი მფლობელია და აქვს სადავო ბინაში ცხოვრების უფლება.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 209-ე, საქართველოს მინსტრთა კაბინეტის ¹ 603 დადგენილების მე-18, მე-20 და 22-ე მუხლების საფუძველზე კი კასატორი მიიჩნევს, რომ აქვს სადავო ბინის პრივატიზების უპირატესი უფლებაც მიუხედავად ამისა, რომ ამჟამად სამსახურებრივ ურთიერთობაში არ იმყოფება მოწინააღმდეგე მხარესთან.

3. კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ უსწოროდ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ სამხედრო ნაწილში წელთა ნამსახური, რადგან იგი 1985 წლიდან მსახურობდა სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში და ერთი თვის სამსახური ეთვლებოდა თვენახევარში, ამიტომ მას სულ აქვს სამხედრო ნამსახური 14 წელი, 10 თვე, 10 დღე და, ამდენად, ¹603 დადგენილებიდან გამომდინარე, მოწინააღმდეგე მხარეს არა აქვს სადავო ბინიდან მისი გამოსახლების უფლება.

მოწინააღმდეგე მხარემ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო, ითხოვს უსაფუძვლობის მოტივით მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას და სააპელაციო პალატის განჩინების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის გაცნობისა და სააპელაციო პალატის განჩინების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით, კერძოდ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ¹2016 სამხედრო ნაწილის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1999 წლის 6 თებერვლის ოქმის მიხედვით, სააპელაციო პალატამ უტყუარად დადგენილად ცნო, რომ სადავო ბინა, მდებარე ბათუმში ... არის სამსახურებრივი დანიშნულების და სამხედრო მოსამსახურე ა. ზ-ოვის მიერ მისი გამოთავისუფლების შემდეგ, კომისიამ ბინა გადასცა კასატორ ა. მ-ძეს, რომელიც, ასევე, მსახურობდა რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარში ზემდეგად. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 6 აგვისტოს ¹ 603 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებული სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» დროებითი დებულების მე-14 პუნქტის თანახმად: «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფები და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევდნენ დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით». ამდენად, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარის ზემდეგ ა. მ-ძეს სადავო ბინა ¹ 2016 სამხედრო ნაწილიდან გადაცემული ჰქონდა დროებითი სარგებლობისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით და იგი ამ დროისათვის კანონიერად ფლობდა სადავო ბინას;

რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ, ზემდეგი ა. მ-ძე აგრძელებს სამხედრო სამსახურს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის ¹ 2016 სამხედრო ნაწილიდან ბალანსზე გადაეცა ამ ნაწილის სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ა. მ-ძისათვის გაცემული სადავო ბინაც. 1999 წლის ნოემბრამდე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში მსახურობის პერიოდში ზემდეგი ა. მ-ძის მიერ სადავო სამსახურებრივი ბინის ფლობა და სარგებლობა საკასაციო პალატას, ასევე, მართებულად მიაჩნია, ვინაიდან ზემოაღნიშნული ¹ 603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის თანახმად,Lსაქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებების საბინაო ფონდიდან ბინებით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან: გენერლები, ადმირალები, ოფიცრები და ზემდეგები თავიანთი ოჯახებით, მხოლოდ გენერლებსა და ადმირალებს მიეცემათ ბინები უვადო სარგებლობაში, დამქირავებლის უფლებით, ხოლო დანარჩენ შემადგენლობას ბინები ეძლევათ სამსახურებრივი დანიშნულებით.

1999 წლის ნოემბრიდან პირადი განცხადებით სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოდან წასვლის შემდეგ, ზემოაღნიშნული დებულების თანახმად, კასატორი ა. მ-ძე არაუფლებამოსილია ფლობდეს და სარგებლობდეს აჭარის რეგიონალური სამმართველოს კუთვნილ სასამსახურო დანიშუნლების ბინას, სამართლებრივი საფუძველი ბინის ფლობაზე მას აღარ გააჩნია, ამიტომ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ა. მ-ძის უკანონო მფლობელად ცნობასა და სამსახურებრივი ბინიდან მისი გამოსახლების შესახებ და თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარის _ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი ¹ 603 დადგენილებიდან და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლებიდან გამომდინარე კანონიერია და სააპელაციო პალატის მიერ სწორად დაკმაყოფილდა.

საკასაციო პალატა, აგრეთვე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ა. მ-ძისათვის სადავო სამსახურებრივი ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის ნაწილშიც, ვინაიდან «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მესამე მუხლი იმპერატიულად კრძალავს სამსახურებრივი დანიშნულების ბინების პრივატიზებას. მაგრამ სამსახურებრივი დანიშნულების ბინების პრივატიზება ნებადართულიც რომ ყოფილიყო, კასატორი ა. მ-ძე ¹ 603 დადგენილების მე-17 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით მაინც ვერ ისარგებლებდა, რადგან აღიშნული პუნქტის მიხედვით ოფიცერთა შემადგენლობას უფლება აქვს ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინონ მათზე გაცემული ბინების პრივატიზაცია. კასატორი, მართალია, მიუთითებს, რომ 1985 წლიდან მსახურობს სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალებში, შემდეგ სამხედრო სამსახური გააგრძელა ბათუმში დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარში, ხოლო 1999 წლიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში და ვინაიდან ერთი თვის ნამსახური ეთვლებოდა თვენახევარში, საერთო ჯამში გამოსდის სამხედრო ნამსახური 14 წელი, 10 თვე და 10 დღე, ამიტომ უფლება აქვს ¹ 603 დადგენილების მე-17 პუნქტით მოითხოვოს სადავო ბინის პრივატიზება, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო. ზემოაღნიშნული მე-17 პუნქტის შენიშვნა ხაზგასმით მიუთითებს, რომ ამ პუნქტში აღნიშნული პირობები (პრივატიზების უფლება) ვრცელდება მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სამხედრო მოსამსახურეებზე. სააპელაციო პალატამ კი დადგენილად ცნო, რომ ზემდეგი ა. მ-ძე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში მსახურობდა მხოლოდ 7 თვე და ბინის პრივატიზების უფლება არ მოუპოვებია.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე სწორად იქნა გადაწყვეტილი, სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ფაქტობრივი გარემოებებიც დადგენილია საპროცესო ნორმების დაცვით და რადგან საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია, ამიტომ ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ, უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 409-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 მარტის განჩინება.

3. ა. მ-ძეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 40 ლარის გადახდა.

4. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.