Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-69-კ 3 ივლისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,

მ. ვაჩაძე

განიხილა რ. ჯ-ის, მ. კ-ის, ნ. შ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 30.11.99 წ. განჩინებაზე. სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1998 წლის 14 სექტემბერს შ.პ.ს. „კ-ის“ პარტიონრმა რ. შ-ამ ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოში აღძრა სარჩელი ქ. თბილისში, ...... ქ. ¹45-ში მდებარე საერთო საცხოვრებლის მობინადრეების მიმართ, მესამე პირი ს.ს. „ქ-უ“, მოპასუხეების (სულ 21 ოჯახის) საერთო საც-ხოვრებლის შენობიდან გამოსახლების მოთხოვნით. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: 1990 წლის 19 ნოემბერს საწარმოო გაერთიანება „ქ-უს“ ანგარიშსწორების ანგარიშზე, გაერთიანების ბალანსზე რიცხული მე-2 მედსანნაწილის მიმდებარე ¹1 საერთო საცხოვრებლის შენობის შეძენის საფასურის სახით, ასოციაცია „კ-ის“ მიერ ჩარიცხულ იქნა 90889,50 მანეთი, რის შედეგადაც მოსარჩელის მიერ შეძენილ იქნა 828 კვ.მ. ფართობი, რომელიც შედ-გება 3 სართულისა და 37 ოთახისაგან. წარმოადგინა რა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ 1998 წლის 23 ივლისს მის სახელზე გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ¹647 და სხვა დოკუმენტები, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება საერთო საცხოვრებლიდან.

საქმის განხილვის მსვლელობისას 21 მოპასუხეთაგან 19-მა სასამართლოში შეიტანა შეგებებული სასარჩელო განცხადება, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და შ.პ.ს. „კ-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმება.

ისნის რაიონის სასამართლომ სადავო ნაგებობის გასხვისებისას შედგენილი დოკუმენტაციით და მხარეთა განმარტებებით დაადგინდა, რომ იმ ხუთი ოჯახის გარდა, რომლებზეც გაცემული იქნა ორდერები და რომლებიც ახალ ბინებში ვერ გადავიდნენ სამშენებლო სამუშაოების დაუმთავრებლობის და ექსპლოატაციაში ბინების გადაუცემლობის გამო, ყველა დანარჩენი ოჯახი სადავო შენობაში შესახლე-ბული იყო თვითნებურად. 30.04.99 წ. გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა მოპასუხეთაგან 19 მოქალაქის ოჯახებით გამოსახლება ..... ¹45-ში მდებარე შენობიდან და მათი ჩაწერის ადგილის მიხედვით შესახლება ..... ქ. ¹6-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში. გამოსახლებულთაგან 5 მოქალაქის მიმართ გადაწყვეტილების აღსრულება გადადებულ იქნა ორდერის საფუძველზე მიღებული საცხოვრებელი ბინების ექსპლოატაციაში გადაცემამდე. სასამართლომ უარი თქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

ძირითადი სარჩელის მიხედვით მოპასუხეებმა, ხოლო შეგებებულით მოსარჩე-ლეებმა გაასაჩივრეს საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქ-მეთა პალატამ 30.11.99 წ. განჩინებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონიერი ინტერესის დასაცავად, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მისი უფლება შე-ლახულია ან მას ემუქრება შელახვა, თუ მისი სარჩელი არ იქნება დაკმაყო-ფილებული. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტთა უფლებები საწარმოო გაერთიანება „ქ-უს“ მიერ შ.პ.ს „კ-ისათვის“ საერთო საცხოვრებელის მიყიდვით, არ შელახულა. პალატამ მიუთითა, რომ თუ გარიგების დადების ან შესრულებისას ადგილი ჰქონდა სააპელაციო საჩივარში მოყვანილ გარემოებებს (არასწორად იყო განსაზღვრული ფასი, არ იყო გადახდილი შენობის ღირებულება, არ გაფორმებულა ხელშეკრულება, არ არის სათანადოდ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტი და სხვ.) შეილახა გარიგების მონაწილეთა უფლებები და ინტერესები მაგრამ არც შ.პ.ს „კ-ი“ არც სახელმწიფოს წარმომადგენელი _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო სახელმწიფო ქონების გასხვისებას სადავოდ არ ხდიან და არ მოითხოვენ გარიგების ბათილად ცნობას ან გაუქმებას.

პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის ინტერესები ილახება არა ზემოაღნიშნული გარიგების დადებით, არამედ იმით, რომ ახალი მესაკუთრე მოითხოვს მათ გასახლებას. აპელანტს უნდა დაემტკიცებინა არა გარიგების ბათილობა, არამედ მათი საერთო საცხოვრებელში ცხოვრების კანონიერი საფუძელი, რაც გახდებოდა მათი გამოსახლების შესახებ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ, რაც შეეხება ძირითად სარჩელს, რომლითაც საერთო საცხოვრებელში მცხოვრები პირები მოპასუხეებად არიან ცნობილი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია გამოსახლების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება, რადგანაც ვერ დადასტურდა საერთო საცხოვრებელში ცხოვრების კანონიერი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარს უარი ეთქვა, ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს 30.04.99 წ. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.

აღნიშნულ განჩინებაზე შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომლითაც კასატორები ითხოვდნენ მის გაუქმებას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას საკასაციო მოთხოვნა შეიცვალა, კასატორებმა მოითხოვეს საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლო-სათვის დაბრუნება. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ გაცემული ორდერების მიხედვით კასატორები ვერ გადავიდნენ გამოყოფილ ფართში სამშენებლო სამუშაოების დაუმთავრებლობის გამო. საერთო საცხოვრებელში მცხოვრები სხვა ოჯახებზე ფაბრიკის ადმინისტრაციის მიერ გაცემულია ორდერები ..... ¹6-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში, მაგრამ ოთახების უკმარისობის გამო, 10 ოჯახი ადმინისტრაციის თანხმობით შესახლებულია ...... 45-ში მდებარე საერთო საცხოვრებელში. კასატორები აღნიშნავენ, რომ საერთო საცხოვრებლის პრივატიზაციის შესახებ შეიტყვეს 1998 წლის აგვისტოში. კასატორების აზრით, საკუთრების მოწმობის გაცემა 1998 წლის აგვისტოში არ დაიშვებოდა, ვინაიდან 01.02.92 წ. მინისტრთა კაბინეტის ¹107 დადგენილებით აკრძალული იქნა საერთო საცხოვრებლების პრივატიზაცია. ამასთანავე, საქმეში არ მოიპოვება ხელშეკ-რულება და მიღება-ჩაბარების აქტი. ასოციაცია „კ-ი“ რეგისტრირებულია 1991 წ. თებერვალში, ხოლო 1990 წელს იგი იურიდიული პირის სტატუსით არ სარგებლობდა.

შ.პ.ს. „კ-ის“ პარტნიორი რ. შ-ა შეპასუხებაში აღნიშნავს, რომ კასატორების უფლება არ დარღვეულა, მათ მიმართ გამოსახლების აღსრულება გადადებულია, პრეტენზია ფაქტობრივად აქვთ იმ პირებს, რომლებიც შენობის გასხვისების მომენტისათვის იქ არ ცხოვრობდნენ, შესაბამისად საცხოვრებლის გაყიდვით არ დარღვეულა მათი უფლება. შესაგებლის ავტორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, ორივე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებაში მართებულად არის მითითებული, რომ ¹1 საერთო საცხოვრებე-ლი გაიყიდა „საწარმოთა შესახებ“ სსრკ კანონის შესაბამისად. საქმეში დაცულია ფაბრიკის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შესაგებ-ლის ავტორი აღიარებს ნასყიდობის და მიღება-ჩაბარების აქტის არ არსებობას და აღნიშნულის საპასუხოდ უთითებს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის მოადგილის მიერ ხელმოწერილ ¹07-1143/6-8, 10.12.98 წ. წერილზე, რომლის მიხედვითაც გარიგების მომენტში ყიდვა-გაყიდვის საკითხები ინდივიდუალურად განიხილებოდა და ხშირ შემთხვევებში ასეთ გარიგებებს თან არ ერთვოდა ხელ-შეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი. შესაგებელში აღნიშნულია აგრეთვე, რომ გარიგება დადებულია იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, რის გამო მასზე არ შეიძლება გავრცელდეს მინისტრთა კაბინეტის 1992 წ. ¹107 და 1993 წ. ¹348 დადგენილებები.

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარ-ტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ, მიიჩნია რა აპელანტები არა სათანადო მოსარჩელეებად შეგებებულ სარჩელში არ დაიცვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის მოთხოვნები არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის შესახებ, სასამართლო სხდომის ოქმში არ არის ნახსენები ასეთი შეცვლის შეთავაზებაზე, თავდაპირველი მოსარჩელის და სათანადო მოსარჩელის თანხმობის ან უარის შე-სახებ. სასამართლო იხილავდა რა არსებითად საქმის გარემოებებს არ შეხებია მხარის არასათანადოობის საკითხს, ხოლო შ.პ.ს. „კ-ის“ პარტნიორის რ. შ-ას წარმომადგენლის, ადვოკატ ზ. მ-ის მიერ დაყენებული შუამდგომლობა საქმეზე მოსარჩელეთაგან სათანადო მოსარჩელეებად მხოლოდ ხუთი ოჯახის ცნობის შესახებ, სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული უსაფუძვლობის გამო, ვინაიდან ძირითად მოსარჩელეს მხარედ დასახელებული ჰყავდა ის პირები, რომლის არასათანადო მხარედ ცნობას ითხოვდნენ.

შ.პ.ს. „კ-ის“ პარტნიორის რ. შ-ას მოთხოვნა შენობიდან მო-ბინადრეთა გამოსახლების შესახებ ეხება ამ პირთა საცხოვრებელი ფართით სარ-გებლობის უფლებას, ადამიანის ერთ-ერთი საჭირბოროტო მოთხოვნილების _ საბინაო მოთხოვნილების დაკმაყოფილების ინტერესს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ შენობის მობინადრენი იმავდროულად მრავალი წლის განმავლობაში არიან შრომითი კოლექტივის წევრები, შესაბამისად აქვთ ქონების პრივატიზების კანონიერების საკითხის დასმის უფლება. კასატორებს, როგორც საერთო საცხოვრებლის მობინადრეებს და როგორც იმ საწარმოს მუშაკებს, რომ-ლის ქონება პრივატიზებულ იქნა, აქვთ საქმის შედეგისადმი მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალურ _ სამართლებრივი დაინტერესება, რაც იძლევა გარიგების დადების, შენობაზე საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის კანონიერე-ბის საკითხის დასმის უფლებას. დაინტერესებული პირების სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ სასარჩელო განცხადების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანით. სააპელაციო სასამართლოს აზრით, საერთო საცხოვრებლის მიყიდვით გარიგების მონაწილეთა უფლებები არ შელახულა, ვინაიდან არც შ.პ.ს. „კ-ი“, არც სახელმწიფოს წარმომადგენელი _ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო არ ხდიან სადაოდ საერთო საცხოვრებლის გაყიდვას და არ მოითხოვენ გარიგების ბათილად ცნობას ან გაუქმებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო სადავო გარიგების მხარეს არ წარმოადგენს. ამასთანავე, პრივატიზაციასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს სასამართლო განიხილავს არა მხოლოდ გამყიდველის და მყიდველის, არამედ სხვა უფლებამოსილი პირების, მათ შორის საწარმოს მუშაკთა სარჩელის საფუძველზე. ამდენად, საკასაციო პალატა არ ეთანხმება დასკვნას შეგებებულ სარჩელში საერთო საცხოვრებლის მობინადრეთა არასათანადო მოსარჩელეებად ცნობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უმართებულოა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აპელანტებს უნდა დაემტკიცებინათ არა გარიგების უკანონობა, არამედ მხოლოდ მათი საერთო საცხოვრებელში ცხოვრების კანონიერება, მით უფრო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 30.03.99 წ. გადაწყვეტილებით კასატორების რ. ჯ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ის, თ. ჭ-ას, მ. ბ-ის ოჯახების მიმართ გამოსახლების აღსრულების გადადებით ფაქტობ-რივად აღიარებულ იქნა სადავო შენობაში ცხოვრების მართლზომიერება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საოლქო სასამართლოს 30.11.99 წ. განჩინების ტექსტში არასრულყოფილადაა ფიქსირებული სასამართლო შემადგენლო-ბა, კერძოდ განჩინების შესავალ ნაწილში სასამართლო შემადგენლობის თავმჯდომა-რედ მითითებულია მ. ნ-ე, ხოლო სასამართლო ოქმის და განჩინების ხელ-მოწერათა მიხედვით სასამართლო კოლეგიას თავმჯდომარეობდა მოსამართლე ც. დ-ი.

საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ იქონიოს მსჯელობა საქარ-თველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 04.05.93 წ. ¹348 დადგენილებით გათვალისწინებული, საკუთრების მოწმობის ძალაში შესვლისათვის სავალდებულო რეკვიზიტებზე, სადაო ურთიერთობებზე საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.92 წ., ¹107 დადგენილების მე-3 პუნქტის, შენობის ყიდვა-გაყიდვის ფორმის მიმართ სამოქალაქო კანონმდებლობის მიერ დადგენილი წესების განვრცობის შესაძლებლობაზე, გარიგების დადების დროისათვის ასოციაცია „კომ-პლექსის“ სამართლებრივ სტატუსზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 30 ნოემბრის განჩინება.

2. საქმე არსებითად ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.

3. სახელმწიფო ბაჟის გადახდა განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.