გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-71-კ-01 13 ივლისი, 2001 წ.. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)
ბ. კობერიძე,
მ. ვაჩაძე
სარჩელის საგანი: მოპასუხის მიერ ამოღებული დოკუმენტაციის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2001 წლის 2 თებერვალს შპს «ა.» დირექტორმა ნ. ს-ძემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის იმერეთის რეგიონალური განყოფილების მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის უფროსის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹58 დავალების საფუძველზე 2001 წლის 3 იანვარს შპს «ა.» შემოწმების მიზნით შევიდნენ საგანგებო ლეგიონის ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიერ საწარმოში ჩატარებული დათვალიერებისა და შემოწმების შემდეგ, 2001 წლის 18 იანვარს, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, საგანგებო ლეგიონის უფროსისა და იმერეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე საწარმოს ბუღალტერიიდან ამოღებულ იქნა შპს «ა.» დოკუმენტაცია, რაც კანონიერად ცნო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2001 წლის 19 იანვრის დადგენილებით ამოღების ჩატარების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, საგანგებო ლეგიონის თანამშრომლებმა გადაამეტეს უფლებამოსილებას და თვითნებურად ამოიღეს არა მარტო ის დოკუმენტები, რომლებიც მითითებული იყო ამოღების ოქმში, არამედ შპს «ა.» ბოლო 2 წლის მთელი საბუღალტრო დოკუმენტაცია, რითაც პრობლემები შეუქმნეს საწარმოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა საწარმოდან ამოღებული დოკუმენტაციის დაბრუნება.
მოპასუხე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შპს «ა.» კანონის დაცვით ამოღებული საბუღალტრო დოკუმენტაცია (102 წიგნი), მოცულობის გამო, შესანახად ჩაბარდა საწარმოს დირექტორს და დაილუქა შპს «ა.» ოფისში არსებულ დამცავ კარადაში, ხოლო 2001 წლის 2 თებერვალს აღნიშნული დოკუმენტაცია გადატანილ იქნა საგანგებო ლეგიონის ოფისის სათანადოდ გამოყოფილ სათავსში.
მოპასუხის განმარტებით, თუკი რომელიმე დოკუმენტი დაჭირდებოდა მოსარჩელეს, პირველივე მოთხოვნისთანავე აიხსნებოდა ლუქი და გადაეცემოდა მას აღნიშნული საბუთი, რის გამოც შპს «ა.» არ შეეშლებოდა ხელი ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს «ა.» აღნიშნული საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება, დალუქვა და გადატანა მოხდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და 2001 წლის 8 თებერვალს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც შპს «ა.» სარჩელი მოპასუხე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მიმართ, ამოღებული დოკუმენტების დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
შპს «ა.» სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების შემდეგ საწარმოს არ მიუღია არავითარი შეტყობინება მოკვლევის შედეგების შესახებ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. აპელანტის განმარტებით, საგანგებო ლეგიონის, როგორც მოკვლევის ორგანოს მიერ, დარღვეული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი მოკვლევისათვის განსაზღვრული ოცდღიანი ვადა.
აპელანტმა შპს «ა.» ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით შპს «ა.» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდა შპს «ა.» სარჩელი და შემოწმების ვადის გასვლის გამო, საგანგებო ლეგიონის მიერ უსაფუძვლოდ შენახული საბუღალტრო დოკუმენტები დაუბრუნდა შპს «ა.».
სააპელაციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დაამყარა იმ გარემოებას, რომ საგანგებო ლეგიონის ქუთაისის რეგიონალურმა განყოფილებამ შემოწმების დაწყებიდან 20 დღის ვადაში არ მიიღო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. 2001 წლის 3 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც შპს «ა.» შესამოწმებლად შევიდა მოპასუხე უწყება, სააპელაციო საჩივრის განხილვამდე გასული იყო სამი თვე და ამ ხნის განმავლობაშიც კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ ყოფილა. ფაქტობრივად კი, შპს «ა.» ამოღებული დოკუმენტები 2001 წლის 23 იანვრის შემდეგ საგანგებო ლეგიონის ოფისში ინახებოდა უკანონოდ და მოსარჩელეს ჰქონდა კანონიერი უფლება, მოპასუხისათვის მოეთხოვა მათი უკან დაბრუნება.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლოს ერთი მოსამართლე დარჩა განსხვავებულ აზრზე.
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო საჩივრით, რომელშიც მიუთითა, რომ საქმის განხილვისას სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლის წარმოების დარღვევა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საქმე იყო ადმინისტრაციული წესით განსახილველი, რადგანაც სისხლის სამართლაწარმოების ორგანოს უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანით დაკავშირებულ დავებს აწესრიგებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 150-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 221-ე, 224-ე, 225-ე და 227-ე მუხლები.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლი განსაზღვრავს ამ კოდექსის მოქმედების სფეროს. აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია, დანაშაულის ჩადენის გამო, პირის სისხლის სამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი 2001 წლის 15 მარტს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მოკვლევის სამმართველოს უფროსის მიერ აღძრულ იქნა სისხლის სამართლის საქმე ¹ 9001027.
კასატორმა საკასაციო საჩივარში ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს «აიას» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და ვერ გაიზიარებს კასატორის _ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის განმარტებას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შპს «ა.» სწორად აღძრა სარჩელი სასამართლოში ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედების განხორციელების მოთხოვნით, რადგან შპს «ა.» ადმინისტრაციული ორგანოს _ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მიერ ამოღებული დოკუმენტების დაუბრუნებლობა პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა საწარმოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
პალატამ სწორად განმარტა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების იმ ორგანოთა საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია, დანაშაულის ჩადენის გამო, პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონს სისხლის სამართლის საქმე არ აღუძრავს შპს «ა.» ამოღებული დოკუმენტაციის საფუძველზე. რადგანაც აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის წარმოება არ დაწყებულა, პალატა თვლის, რომ აღნიშნული საქმე სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა განხილული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ დაუყოვნებლივ განიხილება, ხოლო ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე შეიძლებოდა მომხდარიყო მიღებული ცნობების შემოწმება, რაც 20 დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელებულიყო.
ამავე კოდექსის 266-ე მუხლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობების შემოწმების საფუძველზე მიღებულ უნდა იქნეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება: ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ; ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ; გ) საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მასალების გადაგზავნის შესახებ.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სწორად მიუთითა ზემოთ აღნიშნულ ნორმაზე და განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, კონკრეტულ შემთხვევაში, შპს «ა.» შემოწმების დაწყებიდან 20 დღის შემდეგ, მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება სისხლის სამართლის აღძვრის, სისხლის სამართლის აღძვრაზე უარის თქმის ან საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მასალების გადაგზავნის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით იწყება და მთავრდება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
კასატორმა საკასაციო საჩივარს თან დაურთო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის მოკვლევის სამმართველოს უფროსის 2001 წლის 15 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, თუმცა კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის ზეპირი განხილვის დროს განმარტა, რომ აღნიშნული დადგენილება არ დამტკიცებულა პროკურატურის მიერ.
პალატა თვლის, რომ 2001 წლის 3 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის უფროსის 2000 წლის 27 დეკემბრის ¹58 დავალების საფუძველზე, საგანგებო ლეგიონის თანამშრომლები, როგორც მომკვლევი ორგანოს წარმომადგენლები, შესამოწმებლად შევიდნენ შპს «ა.», დღემდე არ შეუტყობინებიათ საწარმოსათვის შემოწმების შედეგები და არ მიღებულა გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. ამდენად, რადგანაც სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი არ არსებობს, საწარმოდან ამოღებული დოკუმენტები საგანგებო ლეგიონის ოფისში ინახება უკანონოდ და იგი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე საწარმოს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება იურიდიულად სრულყოფილად არის დასაბუთებული და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
არ დაკმაყოფილდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის საკასაციო საჩივარი.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.