გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-72-კ-01 20 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. სხირტლაძე
სარჩელის საგანი: ბინიდან რეალური წილის გამოყოფა, ალიმენტის დაკისრება, ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წლის 30 ივლისს მ. ჩ-შვილმა სარჩელი აღძრა ქ. თბილისის გლდანის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გ. ჩ-შვილის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ გლდანის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა 1995 წლის 11 მარტს რეგისტრირებული ქორწინება. მეუღლეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი თ. ჩ-შვილი.
მოსარჩელის განმარტებით, იგი ჩაწერილი იყო მეუღლის ბინაში, რომელიც მდებარეობდა ქ. თბილისში, ... კორპუსში. განქორწინებამდე მ. ჩ-შვილი არ მუშაობდა. იგი დაკავებული იყო საოჯახო საქმიანობითა და ოჯახის მოვლით.
მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა აღნიშნული ბინიდან რეალური წილის გამოყოფა, მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება და პირადი ნივთების დაბრუნება.
1999 წლის მარტში მ. ჩ-შვილმა მოპასუხე გ. ჩ-შვილის მიმართ გლდანის რაიონის სასამართლოში აღძრა დამატებითი სარჩელი და მოითხოვა ზემოთ აღნიშნული ბინის პრივატიზაციის 1997 წლის 6 დეკემბრის ხელშეკრულების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა მასთან შეთანხების გარეშე და ბინა ისე აღირიცხა საკუთრების უფლებით მოსარჩელის მამამთილის, ნ. ჩ-შვილის, სახელზე, რომ მ. ჩ-შვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. საქმეში მეორე მოპასუხედ ჩაება ნ. ჩ-შვილი.
აღნიშნული საქმე რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელეს დაუბრუნდა სააღსრულებო ფურცელში ჩამოთვლილი პირადი ნივთები. მოპასუხეებს 1999 წლის ნოემბრიდან ყოველთვიურად დაეკისრათ ალიმენტის _ 50 ლარის გადახდა თ. ჩ-შვილის სასარგებლოდ. მოსარჩელეს უარი ეთქვა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებასა და ბინაში შესახლებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ჩ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და ითხოვა სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება, აგრეთვე, მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება განქორწინების დღიდან _ 1998 წლის 18 ივნისიდან.
სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ნოტარიუსი მ. მ-შვილი და ქ. თბილისის ... ტერიტორიული სამსახური, ხოლო მესამე მოპასუხედ რ. ჩ-შვილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჩ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება შეიცვალა ალიმენტის დაკისრების ვადის ნაწილში და მოპასუხეებს 1998 წლის 30 ივლისიდან ყოველთვიურად დაეკისრათ ალიმენტის გადახდა 50 ლარის ოდენობით თ. ჩ-შვილის სასარგებლოდ. მ. ჩ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაამყარა შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹ 520 დადგენილების მე-4 პუნქტით ძალადაკარგულად ჩაითვალა «საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების მე-2 პუნქტის მესამე აბზაცი, რომლის თანახმადაც ბინა, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული ჰქონდა რამდენიმე დამქირავებელს, მათ საკუთრებაში გადაეცემოდათ ყველა დამქირავებლის თანხმობით.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ მ. ჩ-შვილი არ იყო ჩაწერილი სადავო ბინაში და რომც ყოფილიყო, ზემოთ აღნიშნული დადგენილების თანახმად, მისი თანხმობა აღნიშნული ბინის პრივატიზაციის დროს სავალდებულო არ იყო.
გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეებს ალიმენტი დააკისრა სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 1998 წლის 30 ივლისიდან.
მ. ჩ-შვილმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს, რადგანაც მოსარჩელე და მისი ქალიშვილი ჩაწერილი იყვნენ სადავო ბინაში, აგრეთვე, არასწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹ 520 დადგენილების მე-4 პუნქტი.
მ. ჩ-შვილი საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლითაც გაუქმდება სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
1996 წლის 27 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი «საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ», რომლითაც საქართველოში გაუქმდა ე.წ. «ჩაწერის» ინსტიტუტი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო ამ კანონის თანახმად პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი საცხოვრებლად ირჩევს.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის მიერ წარმოდგენილი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიიდან, რაც გამოიხატა მ. ჩ-შვილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, ირკვევა, რომ ბინის პრივატიზაციამდე იგი რეგისტრირებული იყო სადავო ბინაში.
გარდა ამისა, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მ. ჩ-შვილი სადავო ბინის პრივატიზაციის დროს რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გ. ჩ-შვილთან, ცხოვრობდა მეუღლესთან, მის მშობლებთან ერთად და ითვლებოდა ჩ-შვილების ოჯახის წევრად. მართალია, იგი დროებით წასული იყო საცხოვრებლად თავის მშობლებთან, მაგრამ მფლობელობა არ ჰქონდა შეწყვეტილი სადავო ბინაზე, რადგანაც პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროს, 1997 წლის 10 დეკემბერს, უკვე მოქმედებდა ახალი სამოქალაქო კოდექსი (1997 წლის 25 ნოემბერი), რომლის 156-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა შეწყვეტილად ითვლება, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ მ. ჩ-შვილს სადავო ბინაზე მფლობელობა არ შეუწყვეტია. აღნიშნულის მიუხედავად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მას თანხმობა არ ჰქონდა მიცემული მის გაფორმებაზე.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹ 520 დადგენილების მე-4 პუნქტი, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹ 107 დადგენილების მე-2 პუნქტის მე-3 აბზაცი: «მოქალაქეს მის მიერ დაკავებული სახლი (ბინა) საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრის თანხმობით. საცხოვრებელი სახლი (ბინა) მათი სურვილისამებრ შეიძლება გადაეცეს მათ საერთო საკუთრებაში».
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის თხოვნა სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, ვინაიდან საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹520 დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, სადავო ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროს სავალდებულო არ იყო მ. ჩ-შვილის თანხმობა.
თუმცა პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 აგვისტოს ¹ 520 დადგენილებამ გააუქმა ბინების პრივატიზაციისათვის ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანხმობის აუცილებლობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულების გაფორმების დროს.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მ. ჩ-შვილს რჩება უფლება, აღძრას ცალკე სარჩელი და მოითხოვოს სადავო პრივატიზებული ბინიდან შესაბამისი წილის გამოყოფა მის საკუთრებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჩ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.