Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹3გ/ად-73-კ 13 ივლისი 2000 წელი, ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,

ბ. მეტრეველი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ა-ის წარმომადგენლის ე. უ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.03.2000 წ. განჩინებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ქ. დუშეთის რაიონული სასამართლოს 09.11.99 წ. გადაწყვეტილება.

სასამართლომ გამოარკვია:

19.10.99 წ. ე. უ-მა დუშეთის რაიონულ სასა-მართლოში აღძრა სარჩელი, რომლითაც მოითხოვა დუშეთის საკრებულოს გამგეობის 17.05.95 წ. ¹597 გადაწყვეტილების, პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და მისთვის ბინის დაკანონება. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებდა შემდეგ გარემოებებზე: მოსარჩელე ცხოვრობს ქ. დუშეთში, ..... ქ. ¹104-ში მდებარე 3 ოთახიან საცხოვრებელ ბინაში, ყავს ოთხი შვილი, ვაჟი ცოლშვილიანია. სამ ოთახიან ბინაში ფაქტიურად შვიდი სულისაგან შემდგარი ოჯახი ცხოვრობს. მათი საცხოვრებელი ბინის ბაქანზე ერთოთახიანი ბინა დროებით სარგებლობაში ჰქონდა გამოყოფილი ზ. კ-ეს. უკანასკნელთან შეთანხმებით 1989-90 იან წლებში აღნიშნულ ბინაში შესახლდა მისი შვილის _ ე. უ-ის ოჯახი, რომელიც იყო სტიქიით დაზარალებული და ცხოვრობდა მშობლების ბი-ნაში. დუშეთის რაიონის პრეფექტის 02.04.91. წ. ¹26 განკარგულებით სადავო ბინა დროებით სარგებლობაში გადაეცა ხანძრის შედეგად უბინაოდ დარჩენილ, დუშეთის რაიონის სოფელ ......-ში მცხოვრებ კ. მ-ს, რომლის მეუღლე მ. ზ-ე ჩაწერილი იყო ქ. დუშეთში, ..... ქ. ¹3-ში მშობლებთან ერთად და თხოულობდა საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე აყვანას. ქ. დუშეთის საკრებულოს 17.05.95 ¹597 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ. მ-ის თხოვნა და კ. მ-ი ჩაითვალა ..... ქ. ¹104-ში მდებარე ერთოთახიანი ბინის კანონიერ დამქირავებლად. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ შეიტყო 1999 წლის სექტემბრის თვეში.

დუშეთის რაიონული სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, საქმის შეუწყვეტლად, სათანადო მოსარჩელედ საქმეში ჩაბმულ იქნა ე. უ-ის შვილი _ ე. ა-ი, რომელმაც მხარი დაუჭირა სარჩელს.

დუშეთის რაიონულმა სასამართლომ 09.11.99 წ. გადაწყვეტილებით უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით ე. ა-ის მიერ შეტანილ იქნა სააპელაციო საჩივარი. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.03.2000 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, უცვლელად იქნა დატოვებული ქ. დუშეთის რაიონული სასამართლოს 09.11.99 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი: აპელანტი ე. ა-ი ბინის აღრიცხვაზე არ იმყოფებოდა. მისი მეუღლის ოჯახს სოფელ .....-ში გამოეყო სამოსახლო და მიწის ნაკვეთი. მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა მეზობლების მიერ ხელმოწერილი და სანოტარო წესით დამოწმებული ცნობა, მასზედ, რომ ე. ა-ს არასოდეს უცხოვრია სადავო ბინაში. 26.03.91 წ. მ. ზ-ეს ოჯახს დაეწვა სახლი. მისი თხოვნით, დუშეთის რაიონის პრეფექტის განკარგულების საფუძველზე, მის ოჯახს გამოუყვეს დროებითი სარგებლობაში სადავო ბინა. დუშეთის რაიონის პრეფექტის 02.04.99 წ. ¹26 განკარგულებით დასტურდება, რომ მ. ზ-ე ჩაწერილი იყო ქ. დუშეთში, მშობლებთან და ითხოვდა ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანას. განკარგულების საფუძველზე, 02.04.91 წ. მ. ზ-ეზე გაცემულ იქნა დროებითი ორდერი, რომლითაც მ. ზ-ის 4 სულისაგან შემდგარ ოჯახს, უფლება მიეცა დაეკავებინა სადავო ბინა. 1991 წლიდან მ. ზ-ე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს, 1995 წ. დუშეთის საკრებულოს გადაწყვეტილებით ბინის კანონიერი დამქირავებელია, პრივატიზაციის ხელშეკრულებით კი მესაკუთრე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო შემდეგი: საბინაო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის, მინისტრთა საბჭოს და პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1985 წლის 2 სექტემბრის ¹577 დადგენილების 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით საცხოვრებელი სადგომი რიგგარეშე ეძლევათ მოქალაქეებს, რომელთა ბინა საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა სტიქიური უბედურების შედეგად. პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებულ იქნა მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის დადგენილების შესაბამისად. სააპელციო პალატის აზრით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, სარჩელი შეტანილ უნდა ყოფილიყო ერთი თვის ვადაში, მას შემდეგ, როდესაც მხარისათვის ცნობილი იქნებოდა სარჩელის აღძვრის უფლება, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა და განკარგოს იგი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.03.2000 წ. განჩინებაზე ე. უ-ის მიერ, რომლის სახელზეც აპელანტის, ე. ა-ის მიერ 21.03.2000 წ. გაცემულ იქნა რწმუნებულება (21.03.2000 წ., ¹2-102) საქმის წარმოებაზე, შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ოჯახი საჭიროებს საბინაო პირობების გაუმჯობესებას. სადავო ბინა მისთვის უნდა გადაეცათ, ვინაიდან საბინაო პირობების გასაუმჯობესებელ პირთა რიგში პირველი იდგა. კ. მ-ი სოფელში მაცხოვრებელი კომლის წევრად იყო აღრიცხული და ქალაქად ბინის მიღების უფლება არა აქვს, იგი არ იმყოფებოდა ბინის პირობებ გასაუმჯობესებელ პირთა აღრიცხვაზე, დუშეთის რაიონის პრეფექტის ¹26 განკარგულების თანახმად, მას სადავო ბინა გამოეყო დროებით. კ. მ-ის ოჯახს სახლის ასაშენებლად სახელმწიფომ გამოუყო ფულადი დახმარება. სახლის აშენების შემდეგ კ. მ-ს სადავო ბინა არ ჩაუბარებია სათანადო ორგანოებისათვის. კასატორი ითხოვს საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ პირთა აღრიცხვიანობის შემოწმებას, სადავო ბინის პრივატიზაციის და დუშეთის საკრებულოს გამგეობის 17.05.95 წ., ¹597 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას.

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საცხოვრებელი სადგომი მ. ზ-ეს და კ. მ-ს გამოეყოთ რიგგარეშე, საბინაო კოდექსის 47-ე მუხლის, მინისტრთა საბჭოს და პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 02.09.85 წ. ¹577 დადგენილების 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სტიქიური უბედურების შედეგად ბინის საცხოვრებლად გამოუსადეგრობის გამო. ასეთ შემთხვევაში საცხოვრებელი სადგომი გაიცემოდა დაუყოვნებლივ, მიუხედავად იმისა, თუ საბინაო ფონდის რომელ სახეობას განეკუთვნე-ბოდა სტიქიური უბედურების შედეგად ბინადრობისათვის გამოუსადეგრად ქცეული საცხოვრებელი სახლი. მ. ზ-ეზე ორდერის გაცემის დროისათვის ე. ა-ი არ იმყოფებოდა საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს არ მიუღია აქტი ფართის ე. ა-ისათვის გამოყოფის შესახებ, მასზე არ გაცემულა ორდერი და არ დადებულა საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულება.

სადავო საცხოვრებელი ფართი მ. ზ-ეს, რომელიც ჩაწერილი იყო ქ. დუშეთში მდებარე მშობლების ბინაში, რიგგარეშე გამოეყო, რაც ითვალისწინებს საცხოვრებელი სადგომის მიცემას საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ პირთა აღრიცხვაზე აყვანის გარეშე. აღნიშნული წესით ბინის საცხოვრებელი ფართის გამოყოფისას მნიშვნელობა არ ჰქონდა ე. უ-ის საბინაო პირობებგასაუმჯობესებელ აღრიცხვაზე აყვანის რიგითობას და ხანგრძლივობას, ვინაიდან პირები, რომლებზედაც რიგგარეშე გაიცემა საცხოვრებელი სადგომი სარგებლობენ უპირატესობით აღრიცხვაზე მყოფ პირთა წინაშე. ე. უ-ს არ წარმოუდგენია ბინის პირობებგასაუმჯობესებელ მოქალაქეთა აღრიცხვაზე ყოფნის რაიმე დამადასტურებელი საბუთი და ეყრდნობა მხოლოდ ბინის ყოფილ მფლობელთან სიტყვიერ შეთანხმებას. ამასთანავე, ე. ა-ის, მისი მეუღლის _ შ. ა-ის და შვილების, იმ დროისათვის ბინის დამქირავებლის სტატუსის მქონე, ე. უ-ის ოჯახის წევრად ცნობისათვის არ იყო საკმარისი ნათესაური კავშირის არსებობა, დამატებით საჭირო იყო დამქირავებელთან მუდმივი ცხოვრება და მასთან ერთად საერთო მეურნეობის წარმოება, რაც არ დასტურდება. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სოფ. .....-ში მცხოვრებ შ. ა-ის კომლს 1988 წელს, როგორც სტიქიით დაზარალებულებს, სახელმწიფომ გამოუყო მიწის ნაკვეთი სოფ. .....-ში, რომელიც გასხვისებულ იქნა, სახლის მშენებლობა არ განხორციელებულა. ამჟამად ე. ა-ის ოჯახი კვლავინდებურად ცხოვრობს სოფ. ......-ში, დაზიანებულ ბინაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, აგრეთვე, რომ მ. ზ-ე არის ორდერის კეთილსინდისიერი მფლობელი, მას არ წარუდგენია რაიმე ყალბი დოკუმენტაცია ორდერის მისაღებად, რის გამო, საბინაო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელი იყო დამქირავებლის გამოსახლება საცხოვრებელი სადგომის მიუცემლად. ამდენად, დუშეთის საკრებულოს გამგეობის 17.05.95 წ. ¹597 გადაწყვეტილება მართლზომიერია.

საბინაო კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომები სახელმწიფო და საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში ეძლეოდათ უვადო სარგებლობისათვის. ორდერი საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენდა, მოქალაქეებზე გაიცემოდა კანონმდებლობით დადგენილი (მინისტრთა საბჭოს და პროფკავშირების რესპუბლიკური საბჭოს 02.09.85 წ. ¹577 დადგენილების მე-10 დანართი) ერთიანი ფორმის ორდერი, მისი ბათილად ცნობის სასამართლო წესი დაიშვებოდა ორდერის გაცემის მომენტიდან, ბათილად ცნობისა და საცხოვრებელი სახლის ქირავნობის ხელშეკრულების მოშლის მოთხოვნაზე ვრცელდებოდა სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ე. ა-ს და ე. უ-ს საბინაო კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, შე-საძლებლობა ჰქონდათ მიემართად სასამართლოსათვის საცხოვრებელ სადგომზე ორდერის ბათილად ცნობისათვის. მათ არ მიუღიათ ზომები თავიანთი უფლებების დასაცავად და დაკმაყოფილდნენ იმჟამინდელი ხელმძღვანელობის და ბინის ყოფილი მფლობელის ზეპირი დაპირებით. მათი მხრიდან რაიმე ზომების მიღების შემთხვევაში მათთვის უდავოდ ცნობილი იქნებოდა ქ. დუშეთის საკრებულოს გამგეობის 17.05.95 წ. ¹597 გადაწყვეტილების და მოქ. მ. ზ-ესთან 12.07.95 წ. დადებული ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების შესახებ. მ. ზ-ეზე ორდერის გაცემის შემდეგ ე. უ-მა განახორციელა მის მიერ დაკავებული 3 ოთახიანი ბინის პრივატიზაცია, რის შედეგადაც მოახდინა საცხოვრებელი ფართის სხვა სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, საბინაო სამართალურთიერთობის ნაცვლად საკუთრებითი ურთიერთობების წარმოქმნა, ამდენად ე. ა-ზე და ე. უ-ზე ვერ გავრცელდებოდა საბინაო კოდექსის 56-ე მუხლით დამქირავებლისათვის გათვალისწინებული საცხოვრებელ სადგომში უპირატესი შესახლების უფლება. მათ არც სადავო ბინის უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ, ასეთი უფლებით, სამოქალაქო კოდექსის 209-ე მუხლის თანახმად სარგებლობს ბინის დამქირავებელი.

წარმოადგენდა რა სადაო ბინის დამქირავებელს, მ. ზ-ეს შეეძლო ფართის ქირავნობის თანმდევი უფლებით, ბინის პირივატიზაციის უფლებით სარგებლობა. მინისტრთა კაბინეტის 01.02.92 წ. ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ბინის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ადგილობრივი მმართვლეობის ორგანო, დადგენილების მე-4 პუნქტის თანახმად, უფლებამოსილი იყო უსასყიდლოდ გადაეცა მის ბალანსზე რიცხული ბინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, ძალაში დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 24.03.2000 წ. განჩინება.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3. განჩინება დადგენილი წესით დაეგზავნოს მხარეებს.