Facebook Twitter

¹ 3გ/ად-74-კ-01 31 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. კლარჯეიშვილი

სარჩელის საგანი: ქონების ნატურით ან მისი შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

1999 წლის 24 მაისს შპს «ც.-ის» გენერალურმა დირექტორმა გ. მ-იანმა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1992 წლის აპრილში შპს «ც.-მ» შეიძინა 652 ტონა დიზელის საწვავი, რომელიც შეთანხმების საფუძველზე, შესანახად ჩაბარდა აფხაზეთის ავტო-სატრანსპორტო საწარმოო გაერთიანების ოჩამჩირის ...-ის ბაზას.

წერილობითი ხელშეკრულების თანახმად, ...-ის ბაზამ იკისრა საწვავის შენახვა ერთი წლის განმავლობაში, სანაცვლოდ კი წლიურად მიიღებდა აღნიშნული საწვავის რაოდენობის 8%-ს ნატურის სახით. ამავე ხელშეკრულებით, ...-ის ბაზის ადმინისტრაციას შპს «ც.-ის» კუთვნილი დიზელის საწვავი შეეძლო გაეცა მხოლოდ მისი გენერალური დირექტორის გ. მ-იანის მიერ გაცემული წერილობითი განკარგულების საფუძველზე.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთში წარმოებული ბრძოლების დროს ...-ის ბაზის დირექტორმა თ. ა-იამ აღნიშნული საწვავის მთელი რაოდენობა გადასცა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოჩამჩირის რაიონში დისლოცირებულ საჯარისო დანაყოფებს, კერძოდ კი 24-ე ბრიგადას, ბატალიონ «...-სა» და სხვა სამხედრო ფორმირებებს.

მოსარჩელის განმარტებით, ...-ის ბაზას, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებზე საწვავის გაცემის შესახებ, არავითარი წერილობითი დოკუმენტი არ გააჩნდა, რადგანაც ყველა საბუთი განადგურდა ომის დროს.

შპს «ც.-ის» ადმინისტრაციამ 1999 წლის 5 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 652 ტ. დიზელის საწვავის ნატურით ან მისი ეკვივალენტური ღირებულებით ანაზღაურების თაობაზე, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ 1999 წლის 19 აპრილის წერილით უარი უთხრა შპს «ც.-ს», რადგანაც ჩათვალა, რომ მოთხოვნა უკანონო იყო.

შპს «ც.-ის» დირექტორმა სარჩელში ითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის 652 ტ. დიზელის საწვავის ან მისი ეკვივალენტური ღირებულების ანაზღაურების დაკისრება შპს «ც.-ის» სასარგებლოდ.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 18 იანვარს სასამართლო სხდომაზე საოქმო ჩანაწერით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიიჩნია არასათანადო მოპასუხედ, მის ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩააბა ოჩამჩირის ...-ის ბაზა და საქმე განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაუგზავნა ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონულ სასამართლოს.

ქ.სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს «ც.-ის» შუამდგომლობა და მოსარჩელეს აღუდგა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

სასამართლო პროცესზე მოპასუხე ოჩამჩირის ...-ის ბაზის დირექტორმა თ. ა-იამ სარჩელი ცნო, თუმცა განმარტა, რომ შპს «ც.-ისაგან» ჩაბარებული დიზელის საწვავი აფხაზეთის ომის დროს წაიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24-ე ბრიგადამ და ბატალიონმა «...-მ», 24-ე ბრიგადის მეთაურის გენერალ პ. დ-შვილის წერილობითი განკარგულების საფუძველზე იმ პირობით, რომ ომის შემდგომ თავდაცვის სამინისტრო ოჩამჩირის ...-ის ბაზას დაუბრუნებდა იმავე რაოდენობის საწვავს.

აღნიშნული ფაქტი სასამართლო პროცესზე დაადასტურეს მოწმეებმა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მომზადების სამმართველოს უფროსმა, აფხაზეთის ომის დროს ბატალიონ «...-ს» მეთაურმა ტ. წ-შვილმა, აფხაზეთის ომის დროს ქ. ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის გარნიზონის კომენდანტმა ა. მ-იანმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საწვავ-საპოხი მასალების საგარნიზონო გასამართი სადგურის უფროსმა, აფხაზეთის ომის დროს ბატალიონ «...-ს» საწვავ-საპოხი მასალების სამსახურის უფროსმა დ. ჩ-ძემ, აფხაზეთის ა/რ კომისრის მოადგილემ, აფხაზეთის ომის დროს ქ. ოჩამჩირეში დისლოცირებული მე-3 გვარდიული ბრიგადის მე-4 ბატალიონის მეთაურმა ე. თ-ძემ.

2000 წლის 25 თებერვალს სოხუმის საქალაქო და რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს «ც.-ის» სარჩელი ოჩამჩირის ...-ის ბაზის მიმართ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 249177 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ოჩამჩირის ...-ის ბაზას განემარტა, რომ უფლება ჰქონდა მიემართა სარჩელით სასამართლოსათვის, თავდაცვის სამინისტროსაგან რეგრესის წესით ზიანის ასანაზღაურებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში.

2000 წლის 31 მარტს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში აფხაზეთის ავტო-სატრანსპორტო საწარმოო გაერთიანების ოჩამჩირის ...-ის ბაზის დირექტორმა თ. ა-იამ სარჩელი აღძრა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

სარჩელში, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მან ვერ შეასრულა შპს «ც.-თან» 1992 წლის 16 მაისს დადებული ხელშეკრულება დიზელის საწვავის მიბარებისა და შენახვის თაობაზე, ვერ უზრუნველყო შპს «ც.-ის» კუთვნილი 652 ტ. დიზელის საწვავის შენახვა და მისი დაბრუნება კანონიერი მესაკუთრისათვის იმ მიზეზით, რომ ზემოთ აღნიშნული საწვავი გაიხარჯა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჭიროებისათვის აფხაზეთის ომში.

მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სადავო საწვავის მოხმარების დამადასტურებელი ყველა წერილობითი დოკუმენტი განადგურდა ომის დროს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც მოწმეებად დაიკითხნენ სოხუმის საქალაქო და რაიონულ სასამართლოში.

მოსარჩელემ სარჩელში ითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზემოთ აღნიშნული დიზელის საწვავის ღირებულების ანაზღაურება ან ნატურით დაბრუნება; აგრეთვე, მოსარჩელისათვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 28 თებერვალს განიხილა თ. ა-იას სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი, რადგანაც მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გაშვებული ჰქონდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო საჩივრით თ. ა-იამ ითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 82-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა შეჩერდება, თუ მოსარჩელე ან მოპასუხე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილებში, რომლებიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაზე. მოსარჩელე კი აფხაზეთის ომის შემდგომაც მონაწილეობდა სპეცდავალებების შესრულებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე, რაც უთანაბრდებოდა საომარ მდგომარეობაზე გადაყვანილ შეიარაღებული ძალების ნაწილებში სამსახურს.

გარდა ამისა, კასატორს მიაჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვების შემთხვევაშიც კი, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 84-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გაშვება უნდა ეცნო საპატიოდ და მოსარჩელეს უნდა აღდგენოდა დარღვეული უფლება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა გ. მ-იანის შუამდგომლობა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის შესახებ და ამის შემდგომ ამავე სასამართლოს 2000 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ოჩამჩირის რაიონის ...-ის ბაზას შპს «ც.-ის» გენერალური დირექტორი გ. მ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 249177 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ოჩამჩირის ...-ის ბაზის დირექტორს უფლება მიეცა, სარჩელი შეეტანა სასამართლოში რეგრესის წესით ზარალის ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო სამართლოს კოდექსის (1964 წ.) მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყებოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობოდა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

ახალი სამოქალაქო კოდექსის (1997 წ.) 130-ე მუხლის თანახმადაც, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თ. ა-იას სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მას შემდეგ, რაც ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 25 თებერვლის განჩინებით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღუდგინა მოსარჩელე გ. მ-იანს, ხოლო 2000 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ოჩამჩირის ...-ის ბაზას გ. მ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 249177 ლარის გადახდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გაშვებული არ არის.

საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ თ. ა-ია არის სათანადო მოსარჩელე, რომელსაც შეუძლია იდავოს დარღვეულად მიჩნეული უფლების აღდგენაზე. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოარკვია ოჩამჩირის ...-ის ბაზის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და მისი დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, არ არის გამორკვეული, არის თუ არა თ. ა-ია სათანადო მოსარჩელე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ა-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 28 თებერვლის განჩინება და საქმე არსებითად ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.