Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ/ად-75-კ-01 31 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

ნ. სხირტლაძე

სარჩელის საგანი: ხანდაზმულობის ვადის აღდგენა, პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ გაუქმება, სადავო ქონების მოსარჩელისათვის დაბრუნება, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

1996 წლის 5 ივნისს ფ. ც-ძემ სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის სასამართლოში მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ და ითხოვა მისი ბაბუის, აწ გარდაცვლილი ხ. ქ-ძის კუთვნილი სახლთმფლობელობის დაბრუნება, იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ხ. ქ-ძე იყო მისი ბაბუა დედის მხრიდან, აგრეთვე, მოსარჩელემ ითხოვა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენა და ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის 1\4 ნაწილის დაბრუნება.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმში, ... მდებარე სადავო სახლთმფლობელობის 1\4 ნაწილი ორი ოთახი და სარდაფი 1931 წლის 8 ივლისს მისმა ბაბუამ ხ. ქ-ძემ შეიძინა უ. ფ-ავასაგან. აღნიშნული სახლთმფლობელობა 1932 წლის 28 აგვისტოს ხ. ქ-ძეს ჩამოერთვა ქ. ბათუმის საქალაქო საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით, ხოლო 1940 წელს ჩაირიცხა კომუნალურ ფონდში. იმ პერიოდში არსებული რეპრესიების გამო, ხ. ქ-ძემ ვერ შეძლო ჩამორთმეულ სახლთმფლობელობაზე დავა, რადგანაც მანამდე, 1937 წელს, სასჯელის უმაღლესი ზომით დასაჯეს მოსარჩელის მამა რ. ც-ძე.

ხ. ქ-ძე და მისი ქალიშვილი, მოსარჩელის დედა ს. ც-ძე ისე გარდაიცვალნენ, რომ სადავო სახლთმფლობელობის დაბრუნება ვერ მოახერხეს.

მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ მან გადმოცემით იცოდა აღნიშნული ფართის შესახებ, მაგრამ მტკიცებულებები არ გააჩნდა.

მხოლოდ 1996 წელს აღმოაჩინა მოსარჩელემ აჭარის ა\რ-ის ცენტრალურ არქივში სადავო სახლთმფლობელობასთან დაკავშირებული საბუთები და ამის შემდეგ აღძრა სარჩელი სასამართლოში.

ქ. ბათუმის სასამართლოში საქმის განხილვისათვის მომზადების პერიოდში, აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ მოახდინა სადავო ფართის პრივატიზაცია ნ. ბ-ძეზე.

ფ. ც-ძემ დამატებითი სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ა/რH სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, ნ. ბ-ძისა და ნოტარიუს ქ. ბ-შვილის მიმართ და ითხოვა ქ. ბათუმის სანოტარო ბიუროს ნოტარიუსის ქ. ბ-შვილის მიერ 1996 წლის 9 ივლისს შესრულებული სანოტარო მოქმედებაში, რომელიც შეეხებოდა ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის პრივატიზაციის შესახებ აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ნ. ბ-ძეს შორის დადებული ხელშეკრულების დამოწმებას, შეტანილიყო ცვლილება იმ მიმართებით, რომ ნ. ბ-ძის მიერ პრივატიზებულ სახლთმფლობელობიდან ამორიცხულიყო 1\4 ნაწილი, როგორც მოსარჩელის ბაბუის ხ. ქ-ძისათვის 1932 წელს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება და იგი დაბრუნებოდა მოსარჩელე ფ. ც-ძეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მხოლოდ იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ ხ. ქ-ძე იყო მოსარჩელე ფ. ც-ძის ბაბუა დედის მხრიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 1999 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში გასაჩივრდა სააპელაციო წესით და რამდენჯერმე იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.

ბოლოს, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 1999 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენის, ქ. ბათუმში, ... მდებარე სადავო ქონების დაბრუნებისა და ამ ქონების აუქციონის წესით შესყიდვის შესახებ ქ. ბათუმის ნოტარიუსის ქ. ბ-შვილის 1996 წლის 9 ივლისს შესრულებული სანოტარო მოქმედებაში ცვლილების შეტანის ნაწილებში. აღნიშნული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

მოსარჩელე ფ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ნაწილში, ხოლო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენაზე, სადავო ქონების დაბრუნებასა და სანოტარო მოქმედებაში ცვლილების შეტანაზე, პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან აღნიშნული ქონების ამორიცხვის შესახებ _ ფ. ც-ძის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

ფ. ც-ძე საკასაციო საჩივარში ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ საპატიო მიზეზით გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და იგი ექვემდებარება აღდგენას, რაც არასწორად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ფ. ც-ძის ბებიას შენახული ჰქონდა საბუთები, რომლებიც შეეხებოდა ბათუმის ქალაქის საბჭოს პრეზიდიუმის 1932 წლის დადგენილებით მოსარჩელის ბაბუის ხ. ქ-ძისათვის ქ. ბათუმში, ... მდებარე სახლთმფლობელობის ორი ოთახისა და სარდაფის ჩამორთმევას.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ იმ პერიოდში მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1923 წ.) ითვალისწინებდა მოუვლელობის გამო, «ქალაქ-ადგილას» შენობათა უსასყიდლო მუნიციპალიზაციის წესს. მართალია, 1938 წლის 8 თებერვალს გამოვიდა ცაკ-ის ცირკულარული წერილი, რომელიც კრძალავდა ყოველგვარი საჩივრის მიღებას 1933 წლის ჩათვლით ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაზე და ამიტომ მოსარჩელე და მისი წინაპრები ვერ მიმართავდნენ სასამართლოს სარჩელით 1932 წელს ჩამორთმეული ქონების დაბრუნების თაობაზე, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ როდესაც საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1923 წ.) შეიცვალა ახალი სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1964 წ.), მოსარჩელე ფ. ც-ძეს, და მის დედას ს. ც-ძეს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 146-ე მუხლის შესაბამისად, მიეცათ თავისი ქონების უკანონო მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ, მართალია, ც-ძეებს მიეცათ ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის უფლება, მაგრამ იმავე სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის უფლების სარჩელით დაცვის საერთო ვადა (სასარჩელო ხანდაზმულობა) განისაზღვრა სამი წლით, რომელიც გაუშვეს ფ. და ს. ც-ძეებმა, რადგანაც საქმეში არ მოიპოვება არავითარი მტკიცებულება, რომ 1964 წლიდან 1996 წლის 5 ივნისამდე მოსარჩელეს, მის დედას ან სხვა უფლებამოსილ პირს სარჩელით მიემართა სასამართლოსათვის თავისი ქონების გამოთხოვის თაობაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია მოსარჩელის მიერ არასაპატიოდ გაშვებულად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რომლის აღდგენის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში სწორად განუმარტა მოსარჩელე ფ. ც-ძეს, რომ თუკი მას გააჩნია პრეტენზია აჭარის ა/რ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ, აუქციონის შედეგად სადავო ქონების მოპასუხე ნ. ბ-ძეზე მიყიდვის თაობაზე, მას შეუძლია ახალი სარჩელი აღძრას სასამართლოში აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, რადგანაც აღნიშნული მოთხოვნა მოსარჩელეს არ დაუყენებია ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება გამოიტანა და მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ფ. ც-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რH უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.