გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3გ/ად-76-კ-01 24 ივლისი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. სხირტლაძე
სარჩელის საგანი: ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹ 47.21.85 გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
1996 წლის 17 დეკემბერს მოსარჩელეებმა: ჯ. ბ-შვილმა, ლ. ც-ძემ, ვ. კ-შვილმა, ნ. ა-ძემ, ზ. მ-შვილმა, გ. ც-ძემ სარჩელი აღძრეს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოში მოპასუხეების: გ. მ-იანის, ნ. ც-ძის, მ. ჯ-იას, ი. ქ-ძის, გ. გ-ძისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე 25-ე და 26-ე კორპუსებს შორის განთავსებულ ეზოში 1977-78 წლებში აშენდა ავტოფარეხები, ხოლო 1996 წლის ივლისში 26-ე კორპუსის მობინადრეთა ხუთმა ოჯახმა დაიწყო ხუთი ავტოფარეხის მშენებლობა უკვე არსებული ავტოფარეხების თავზე. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ თანხმობა აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით არ განუცხადებიათ. ავტოფარეხები ეზოში ექვსი მეტრით იყო შეჭრილი, რაც გამოიწვევდა მანქანების გამუდმებულ მოძრაობას, გაუარესდებოდა მოსარჩელეთა საბინაო პირობები და შეილახებოდა მათი უფლებები.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ არსებობდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹ 47.21.85 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის 1996 წლის 28 ივნისის ¹ 189 ნებართვის, აგრეთვე, სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის 1995 წლის 14 დეკემბრის ტექნიკური დასკვნის საფუძველზე, ქ. თბილისის ... ქუჩის 26-ე კორპუსის მობინადრეებს: ი. ქ-ძეს, გ. მ-იანს, მ. ჯ-იას, გ. გ-ძეს, ნ. ც-ძეს ნება დაერთოთ, დოლიძის ქუჩის ... და ... კორპუსებს შორის მდებარე ეზოში არსებული ავტოსადგომების თავზე, 26-ე კორპუსის გასწვრივ, ავტოსადგომები აეშენებინათ.
მოსარჩელებმა სარჩელში ითხოვეს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹ 47.21.85 გადაწყვეტილების გაუქმება.
მოპასუხეებმა: მ. ჯ-იამ, მ. მ-იანმა, ნ. ც-ძემ, გ. გ-ძემ, ი. ქ-ძემ შეგებებული სარჩელი აღძრეს სასამართლოში და მოითხოვეს თავდაპირველი მოსარჩელეებისაგან 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება, რაც მათ დახარჯეს ეზოს აღდგენით სამუშაოებში.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ზ. მ-შვილის, ვ. კ-შვილის, ლ. ც-ძის და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹ 47.21.85 გადაწყვეტილება და ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის ნებართვა ქ. თბილისში, ... კორპუსთან არსებული ავტოსადგომების თავზე ხუთი ავტოსადგომის დაშენების შესახებ. მოპასუხეთა შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას თავდაპირველი მოსარჩელეებისათვის 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების შესახებ, როგორც დაუსაბუთებელს, უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჯ-იამ, ი. ქ-ძემ, ნ. ც-ძემ, გ. გ-ძემ და გ. მ-იანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება. ზ. მ-შვილის, ვ. კ-შვილის, ლ. ც-ძის და სხვათა სარჩელი ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹ 47.21.85 გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, მასზე მხარემ უარი თქვა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას.
სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:
ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2001 წლის 23 თებერვლის ¹ რ-275-2001 ცნობა, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ... და ... კორპუსებს შორის არსებული ტერიტორია არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში;
ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის 2001 წლის 26 თებერვლის ¹ 24247 ცნობა, რომლის თანახმად, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს არ გააჩნია მონაცემები, თუ ვისი საკუთრებაა ქ. თბილისში, ... და ... კორპუსებს შორის მდებარე ეზო;
ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახურის 2001 წლის 12 მარტის ¹ 383 ცნობა, რომლის მიხედვით, ქ. თბილისის ... და ... კორპუსების მიერ დაკავებული და მიმდებარე ტერიტორია იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოტივაცია, რომ სადავო ურთიერთობის გადაწყვეტისას გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე და 224-ე მუხლები, რადგანაც საბურთალოს რაიონის გამგეობამ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოსცა ახალი სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე.
სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო, აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის ექსპერტთა 1997 წლის 16 ოქტომბრისა და 1998 წლის 30 დეკემბრის დასკვნებს, რომელთა თანახმად, აღნიშნული ავტოფარეხების აშენება უკვე არსებული ავტოფარეხების თავზე შესაძლებელია, თუ სამუშაოების წარმოებისას დაცული იქნება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები.
საკასაციო საჩივარში ზ. მ-შვილმა, ვ. კ-შვილმა, გ. ც-ძემ და ვ. ც-ძემ ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება მათი სასარჩელო მოთხოვნა.
კასატორებმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდეს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, «არქიტექტურული საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა სამართლის ნორმების დარღვევით.
კასატორებს მიაჩნიათ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹ 47.21.85 გადაწყვეტილებით ი. ქ-ძეს, გ. მ-იანს, მ. ჯ-იას, გ. გ-ძეს და ნ. ც-ძეს ნება დაერთოთ, ქ. თბილისის ... და ... კორპუსებს შორის მდებარე ეზოში არსებული მიწისქვეშა ავტოსადგომების თავზე აეშენებინათ ხუთი ავტოსადგომი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე საბურთალოს რაიონის გამგეობის წარმომადგენლის განმარტებას, რომ სადავო ავტოფარეხები უნდა აშენებულიყო მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას.
საკასაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მიწისქვეშა ავტოფარეხები, რომლებიც აშენდა ქ. თბილისში, ... ქ. 25-ე და 26-ე კორპუსებს შორის 1977-78 წლებში, წარმოადგენდა ავტოფარეხების სამშენებლო კოოპერატივის საკუთრებას. მხარეთა განმარტებით, არც ერთი ავტოფარეხი დღემდე არ არის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ავტოფარეხების მფლობელთა ინდივიდუალურ საკუთრებად. ამდენად, პალატა თვლის, რომ ვინაიდან მიწისქვეშა ავტოფარეხები წარმოადგენდნენ ავტოფარეხთა სამშენებლო კოოპერატივის საკუთრებას, შესაბამისად, ისინი წარმოადგენდნენ აღნიშნული კოოპერატივის წევრთა საერთო წილად საკუთრებას, ხოლო იმ დროს მოქმედი საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 113-ე მუხლის თანახმად, საერთო წილადი საკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდებოდა ყველა მონაწილის თანხმობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილება ¹ 47.21.85 ავტოსადგომების მოწყობის შესახებ კანონის დარღვევით არის მიღებული, რადგანაც საკასაციო პალატაში საქმის ზეპირი განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ამასთან დაკავშირებით, ავტოფარეხთა სამშენებლო კოოპერატივის გამგეობის საერთო კრება არ ჩატარებულა და კოოპერატივის წევრთა თანხმობა, სადავო ხუთი ავტოფარეხის აშენების თაობაზე, არ ყოფილა, ხოლო ავტოფარეხთა სამშენებლო კოოპერატივის წევრთა საერთო წილად საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების თავზე სადავო ხუთი ავტოფარეხის აშენება კოოპერატივის წევრთა _ საერთო მესაკუთრეთა _ თანხმობის გარეშე, დაუშვებელი იყო.
საკასაციო სასამართლო მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით, რადგანაც არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 113-ე მუხლი.
საქმის მასალებიდან და მხარეთა განმარტებებიდან ირკვევა, რომ სადავო ეზო არის ... ქუჩის ... კორპუსის, რადაგანაც ... კორპუსს თავისი ეზო აქვს საწინააღმდეგო მხარეს. საკასაციო პალატა თვლის, რომ თუ აშენდებოდა სადავო ავტოფარეხები, მათ მფლობელთა ავტომანქანებს უნდა გაევლოთ ... კორპუსის წინ ეზოში, რაც დისკომფორტს შეუქმნიდა ამ კორპუსის მობინადრეებს. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ავტოფარეხების აშენების თაობაზე, საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹ 47.21.85 გადაწყვეტილების გამოსატანად, აუცილებელი იყო ... ქუჩის ... კორპუსის მობინადრეთა თანხმობა. საქმის მასალებიდან კი ირკვევა, რომ ამ კორპუსის 94 მობინადრე წინააღმდეგი იყო სადავო ავტოფარეხების მშენებლობის. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებულ საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის «აკადემიკოსი-279» ... ქუჩის ... კორპუსი) გამგეობის 1995 წლის 27 ივლისის საერთო კრების ოქმს, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული ოქმით არ დასტურდება საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹47.21.85. გადაწყვეტილებით დადგენილ სადავო ავტოფარეხების მშენებლობაზე, ზემოთ აღნიშნული კოოპერატივის წევრთა მიერ თანხმობის მიცემა.
პალატა თვლის, რომ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე და საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც მოცემულ საქმეზე საკასაციო პალატას შეუძლია თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
დაკმაყოფილდეს მოსარჩელეების: მ-შვილის, კ-შვილის, ც-ძის და სხვათა სარჩელი.
ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1996 წლის 17 აპრილის ¹ 47.21.85 გადაწყვეტილება ავტოსადგომების მოწყობის შესახებ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.