¹ 3გ/ად-77-კ-01 14 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ორდერის გაუქმება და ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: რ., ნ., დ. და შ. მ-ძეების მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეს სამართალმემკვიდრეობით გადაეცა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის 2016-ე სამხედრო ნაწილის სახელზე რიცხული სამსახურებრივი ბინები, მათ შორის ქ. ბათუმში, ... მდებარე 27 კვ.მ. ფართის ბინა.
მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბინა სამსახურებრივი სარგებლობისათვის გაცემული იყო რ. მ-ძეზე, რომელიც 1987 წლიდან მსახურობდა რუსეთის ფედერაციის ფედერალურ სასაზღვრო სამსახურში, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურ სამმართველოში სამსახური აღარ გაუგრძელებია მას შემდეგ, რაც 1999 წელს რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა სასაზღვრო ჯარებმა დატოვეს აჭარის ა/რ ტერიტორია.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხეებს არანაირი სამსახურებრივი ურთიერთობა აღარ აკავშირებდათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან და ამდენად, უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული ზემოაღნიშნული ბინა.
მოსარჩელემ ითხოვა ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997 წ. 15 დეკემბერს გაცემული ¹00040 ორდერის გაუქმება და მოპასუხეების გამოსახლება სადავო ბინიდან.
მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ სადავო ბინა რ. მ-ძეს ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 1996 წლის 7 აგვისტოს ¹12 ოქმის, 1996 წ. 25 დეკემბრის ¹53 ოქმის, ქ. ბათუმის მერიის 1997 წ. 2 დეკემბრის ¹496 გადაწყვეტილებისა და ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997 წლის 15 დეკემბერს გაცემული ¹00040 ორდერის საფუძველზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. და ნ. მ-ძეებმა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წ. 24 იანვრის გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი იმ საფუძვლით, რომ არც ქ. ბათუმის მერიის 1997 წ. 2 დეკემბრის ¹496 გადაწყვეტილებაში და არც ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997 წ. 15 დეკემბერს გაცემულ ¹... ორდერში არ არის მითითებული, რომ რ. მ-ძეს მიეცა სამსახურებრივი ბინა. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ რ. მ-ძემ მიიღო საუწყებო ბინა იმ უწყებიდან, რომელშიც იგი მუშაობდა და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-18 პუნქტის თანახმად, როგორც ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, უფლება ჰქონდა პრივატიზაცია გაეკეთებინა სადავო ბინისათვის.
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალურმა სამმართველომ საკასაციო საჩივარში ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.
კასატორმა საკასაციო საჩივარს საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილების მე-14 პუნქტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებით სარგებლობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით.
ამდენად, კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება გამოიტანა სამართლის ნორმების დარღვევით და იგი უნდა დაექვემდებაროს გაუქმებას.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები და იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების გამოტანისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რითაც დაარღვია სამართლის ნორმები. კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წ. 6 აგვისტოს ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დროებითი დებულების «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» მე-14 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფი და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებები თავიანთ საუწყებო საბინაო ფონდში სამხედრო მოსამსახურეებს ბინებს აძლევენ დროებით სარგებლობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე, მათი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით, ხოლო სამხედრო მოსამსახურეების სიას, რომლებსაც ეძლევათ ბინები, წარუდგენენ ორდერის გამოსაწერად შესაბამის საქალაქო და რაიონული მმართველობის ადგილობრივ ორგანოებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის ფედერალურმა სასაზღვრო სამსახურმა რ. მ-ძეს ბინა მისცა დროებითი სარგებლობისათვის საქართველოში მისი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. ამავე სამხედრო უწყებამ რ. მ-ძე წარუდგინა ბათუმის მერიას ორდერის გასაცემად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, ორდერში არ არის მითითებული, რომ რ. მ-ძეს გადაეცა სამსახურებრივი ბინა დროებით სარგებლობისათვის, მაგრამ ზემოთ აღნიშნული დებულების მე-14 პუნქტის თანახმად, სადავო ბინა იყო მხოლოდ სამსახურებრივი და იგი რ. მ-ძეს მიეცა მხოლოდ დროებით სარგებლობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ფედერალურ სასაზღვრო ჯარებში მისი სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდის ვადით. რადგანაც რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარების საქართველოდან გასვლის შემდეგ რ. მ-ძეს სამსახური აღარ გაუგრძელებია საქართველოს სასაზღვრო ჯარებში, ამდენად, მოპასუხეების ცხოვრებას სადავო ბინაში კანონიერი საფუძველი აღარ გააჩნია.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა კანონის დარღვევით და იგი უნდა გაუქმდეს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის გარემოებები დადგენილია საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, საჭირო აღარ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და შესაძლებელია გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
დაკმაყოფილდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს სარჩელი.
გაუქმდეს აჭარის ა/რ ქ. ბათუმის მერიის საბინაო სამმართველოს მიერ 1997 წლის 15 დეკემბერს რ. მ-ძის სახელზე გაცემული ¹... ორდერი.
რ. მ-ძე, ნ. მ-ძე შვილებთან: შ. და დ. მ-ძეებთან ერთად გამოსახლდნენ ქ. ბათუმში ... მდებარე ბინიდან.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.