გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3გ/ად-79-კ-01 7 აგვისტო, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. სხირტლაძე
სარჩელის საგანი: ადმინისტრაციული აქტის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 30 აგვისტოს გი. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა ვანის რაიონულ სასამართლოში ვანის რაიონის გამგეობის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 1990 წლის იანვარში იგი ცალკე კომლად გამოეყო მამის გე. ბ-შვილის კომლს, რაზეც არსებობს ვანის რაიონის სოფ. ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.
მოსარჩელის განმარტებით, ვანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 26 დეკემბრის ¹ 317 გადაწყვეტილებით გაუქმდა ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება მამის კომლიდან გი. ბ-შვილის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, როგორც უკანონო.
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ ვანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული თუ რომელი კანონით იხელმძღვანელა გადაწყვეტილების გამოტანის დროს, ან რომელი კანონის დარღვევით მიიღო ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომმა 1990 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გი. ბ-შვილმა სარჩელში ითხოვა ვანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 26 დეკემბრის ¹ 317 გადაწყვეტილების გაუქმება და ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 26 იანვრის ¹ 4 გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სარჩელს მხარი დაუჭირა საქმეში მესამე პირად ჩაბმულმა გი. ბ-შვილის მამამ გე. ბ-შვილმა.
ვანის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გი. ბ-შვილის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 8 მარტს განიხილა გი. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი იმ მოტივით, რომ მოსარჩელის მიერ არასაპატიო მიზეზით გაშვებულიყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რომლის აღდგენის კანონიერი საფუძველი არ არსებობდა.
საკასაციო საჩივარში გი. ბ-შვილი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობი იყო ვანის რაიონის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 26 დეკემბრის ¹ 317 გადაწყვეტილება, რადგანაც მოსარჩელე იმყოფებოდა ვადიან სამხედრო სამსახურში, ხოლო დემობილიზაციის შემდეგ მისთვის არავის უცნობებია, რომ მისი კომლი გაუქმებული იყო.
კასატორის განმარტებით, ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებისა და მისი კომლის გაუქმების შესახებ, მან შეიტყო ვანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს 2000 წლის 14 აგვისტოს წერილიდან.
ამდენად, კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ არ ყოფილა გაშვებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგანაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი უნდაM წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების გამოტანით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ვანის რაიონის სოფ. ... სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1991 წლის 13 მარტის ¹ 11 წერილით მოსარჩელის მამა გე. ბ-შვილს, ხოლო ... საკრებულოს 1992 წლის 2 ივნისის ¹ 36 წერილით მოსარჩელე გი. ბ-შვილს ეცნობათ, რომ ვანის სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1990 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ვანის რაიონის სოფ. ... სახალხო დეპუტატთა სასოფლო საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება გე. ბ-შვილის კომლიდან შვილის გი. ბ-შვილის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე. გარდა ამისა, გი. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარში ჩანს, რომ მის მიერ გაშვებული იყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 75-ე მუხლი, რომლითაც ფიზიკური პირის უფლების დაცვის სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადად განსაზღვრული იყო სამი წელი. აგრეთვე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის თანახმად, სააპელაციო პალატას განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სამართლის ნორმები, რადგანაც გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, განჩინება იურიდიულად სრულყოფილად დაასაბუთა და სწორად ჩათვალა, რომ მოსარჩელემ არასაპატიო მიზეზით გაუშვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 მარტის განჩინება.
3. გი. ბ-შვილს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.