3გ/ად-81-კ 25 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე)
მ. ვაჩაძე,
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მოქალაქეზე სარდაფის დაკანონების შესახებ ქ. თბილისის მთავრობის 1999 წლის 19 აგვისტოს ¹ 09.12.174 დადგენილების ბათილად ცნობა თანმდევი შედეგებით, ასევე, სადავო სარდაფიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
1999წ. 6 იანვარს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის «...» თავმჯდომარე მ. კ-ძემ ამხანაგობის სახელით სარჩელი აღძრა თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოში მოპასუხე ო. გ-ოვას მიმართ და მიუთითა, რომ 1988 წელს, ქ. თბილისში, ... მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს დამტკიცებული პროექტის საფუძველზე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ამორტიზებული ხის ლოჯიები კაპიტალურით შეიცვალა. მიშენების პროექტი თავიდან არ ითვალისწინებდა მიშენებული ნაწილის ქვეშ სარდაფების მოწყობას, მაგრამ მშენებლობის პროცესში წარმოშობილი 90 სმ. სიმაღლის თავისუფალი სივრცე იძლეოდა სარდაფის მოწყობის საშუალებას, რაც თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 1994წ. 26 ოქტომბრის ¹13/5-318 გადაწყვეტილების საფუძველზე განახორციელა იმავე საცხოვრებელ სახლში მცხოვრებმა მ.კ-ძემ, გამგეობის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სადავო სარდაფის თავზე მცხოვრები ო.გ-ოვა და განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთავრობას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1997 წლის 10 იანვრის ¹01.13.12 დადგენილებით გაუქმდა თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის 1994 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება მ.კ-ძისათვის 24 კვ.მ. ფართობის სარდაფის დამხმარე სათავსოდ გადაცემის შესახებ და თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ.კ-ძე გამოსახლებულ იქნა სადავო სარდაფიდან. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდა 1998 წლის 26 ნოემბერს.
1998 წლის 17 ნოემბერს მობინადრეთა მიერ შეიქმნა ქ. თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელშიც ო. გ-ოვას გარდა ყველა მობინადრე გაერთიანდა. ამხანაგობის კრების 1998 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით სადავო სარდაფი სამ თანაბარ წილად განაწილდა სარდაფის ზემოთ მცხოვრებ სამ მობინადრეზე: გ-ოვაზე, ა-ელზე და კ-ძეზე. ო.გ-ოვა არ დაეთანხმა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილებას, თვითნებურად გაჭრა ლოჯიიდან სარდაფში ჩასასვლელი და ამოაშენა შესასვლელი კარი.
მოსარჩელემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-232 მუხლების თანახმად ო. გ-ოვას სადავო სარდაფიდან გამოსახლება და მასში კანონისმიერი მფლობელების შესახლება მოითხოვა.
სარჩელის განხილვის პერიოდში, ქ. თბილისის მთავრობის 1999წ. 19 აგვისტოს ¹09.12.174 დადგენილებით ო.გ-ოვას დაუკანონდა სადავო სარდაფი, რის გამოც მოსარჩელემ გაზარდა დავის საგანი და ძირითად სარჩელთან ერთად, ქ. თბილისის მთავრობის აღნიშნული დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მთავრობა და საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე 2000 წლის 23 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოსარჩელე სათანადო მოსარჩელეებით: ს-ავა-ა-ელითა და ჯ-ავა-კ-ძით შეცვალა.
2000წ. 1 მარტს სათანადო მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელი წარადგინეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, რომლითაც თბილისის მთავრობის 1999წ. 19 აგვისტოს ¹09.12.174 დადგენილების ბათილად ცნობა, ო. გ-ოვას სადავო ფართიდან გამოსახლება და ამ ფართის მათთვის გადაცემა მოითხოვეს.
მოპასუხე – ქ. თბილისის მთავრობამ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე არასწორად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-232 მუხლებზე, რომლებიც მრავალბინიან სახლებში ბინის მესაკუთრეთა უფლებებს განსაზღვრავს, რადგან, მოპასუხის აზრით, გამოყენებლი უნდა იქნეს 1964 წლის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები, ვინაიდან სადავო ურთიერთობები 1994 წლიდან მომდინარეობს. მოპასუხემ, ასევე, მიუთითა, რომ ამხანაგობას, მოცემულ შემთხვევაში, არ შეეძლო გაენაწილებინა სადავო ობიექტი მობინადრეებზე, ვინაიდან აღნიშნული ფართი ამხანაგობის საკუთრებას არ წარმოადგენდა. სადავო სარდაფი, მოპასუხის განმარტებით, უნებართვო ნაგებობა იყო და თბილისის მთავრობას უფლება ჰქონდა მიეკუთვნებინა იგი ო. გ-ოვასათვის, რადგან მისი ლოჯიის ქვეშ მდებარეობდა. ამდენად, მოპასუხემ თბილისის მთავრობის სადავო დადგენილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
მოპასუხე – ო. გ-ოვამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი ლოჯიის ქვეშა წარმოქმნილი სივრცის მშენებლობა ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო მ. კ-ძემ და მათ შორის დავა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის შესაბამისად ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსით უნდა მოწესრიგდეს. მოპასუხის განმარტებით, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი და მის კომპეტენციაში არ შედის სადავო ფართის განაწილება, მითუმეტეს, რომ მოსარჩელეებს საკმარისი დამხმარე ფართობი აქვთ სარდაფ-სართულში. ამასთან, დაუშვებელია სადავო სარდაფის სამ ნაწილად გაყოფა, რადგან ირღვევა სამშენებლო ნორმები, რითაც საფრთხე ექმნება მოპასუხის საცხოვრებელ ბინას და მიშენებულ ლოჯიას.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის მთავრობის 1999წ. 19 აგვისტოს ¹09.12.174 დადგენილება. მოსარჩელეები ო. გ-ოვასთან ერთად ცნობილ იქნენ სადავო 24 კვ.მ. სარდაფის თანამესაკუთრეებად თანაბარ 1/3 წილზე და შესახლებული იქნენ სადავო სარდაფში. ამასთან, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა: ო. გ-ოვამ და თბილისის მთავრობამ. მოსარჩელეების მიერ შეტანილ იქნა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოსარჩელეები თბილისის დიდუბის რაიონის მოსახლეობის მომსახურების ¹... სერვისულ ცენტრსა და ო. გ-ოვას შორის 1999წ. 16 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ. აღნიშნული ხელშეკრულებით ო. გ-ოვას პირად საკუთრებაში გადაეცა სადავო სარდაფი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფიზიკური პირების, მ. ს-ავა-ა-ელისა და ნ. კ-ძის სასარჩელო მოთხოვნა და ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 1999წ. 19 აგვისტოს ¹09.12.174 დადგენილება თბილისში ..., მოქალაქე «ო. გ-ოვაზე მიშენებული ლოჯიის ქვეშ მოთავსებული სარდაფის დაკანონების შესახებ». ასევე, დაკმაყოფილდა მათი შეგებებული სააპელაციო საჩივარი და ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ...-ის რაიონის ¹... მოსახლეობის მომსახურების სერვისურ ცენტრსა და ო. გ-ოვას შორის 1999წ. 16 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება «ო. გ-ოვაზე სადავო სარდაფის პირად საკუთრებაში გადაცემის შესახებ». სასამართლოს გადაწყვეტილებით, მ. ს-ავა-ა-ელი და ნ. კ-ძე ო. გ-ოვასთან ერთად ცნობილ იქნენ ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო სარდაფის თანამესაკუთრეებად, თანაბარ 1/3 წილზე. სააპელაციო სასამართლომ, გადაწყვეტილების გამოტანისას, იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე და 208-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ფართი მობინადრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. გ-ოვამ და ქ. თბილისის პრემიერმა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლად ქ. თბილისის პრემიერი იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა არა ახალი სამოქალაქო კოდექსი, არამედ ძველი სამოქალაქო სამართლის კოდექსი და ამ კოდექსის 107-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა. ამასთან, კასატორის განმარტებით, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობის უფლებებს განსაზღვრავს ახალი სამოქალაქო კოდექსის 225-ე მუხლი, რომელშიც საკუთრების უფლებაზე საუბარი საერთოდ არ არის.
კასატორი ო.გ-ოვა ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სადავო სარდაფი არ წარმოადგენს შენობის განუყოფელ ნაწილს და არ შეიძლება იყოს მობინადრეთა საერთო საკუთრება. ო.გ-ოვა მიიჩნევს, რომ შეილახა მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ქ. თბილისის პრემიერის და ო. გ-ოვას საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ქ. თბილისის პრემიერისა და ო. გ-ოვას სააპელაციო საჩივრების განხილვისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი. საკასაციო პალატა იზიარებს საოლქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სადავო ურთიერთობა დაიწყო 1998 წლის ნოემბრიდან, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გამონთავისუფლებული სადავო სარდაფი ხელახლა იქნა განკარგული ქ. თბილისში, ... მცხოვრებ მობინადრეთა მიერ, რომლის საპასუხოდ ო. გ-ოვამ თვითნებურად გაჭრა ლოჯიიდან სარდაფში ჩასასვლელი კარი და ქ. თბილისის მთავრობის 1999წ. 19 აგვისტოს ¹03.12.174 დადგენილებით კიდეც დაიკანონა იგი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ახალი სამოქალაქო კოდექსი, რადგან მოცემული სადავო ურთიერთობები ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ წარმოიშვა და 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მათზე ახალი სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება.
საკსაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქ. თბილისის პრემიერის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავრობას არ გააჩნდა უფლებამოსილება განეკარგა ქონება, რომელიც მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე სადავო სარდაფი ქ. თბილისის მთავრობას კომუნალურ ფონდში არასოდეს ჩაურიცხავს და არც მის საკუთრებას წარმოადგენდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. თბილისის მთავრობის 1999წ. 18 აგვისტოს ¹09.12.174 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე სწორია და უცვლელად უნდა დარჩეს. უცვლელად უნდა დარჩეს, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის ...-ის რაიონის მოსახლეობის მომსახურების ¹3 სერვისულ ცენტრსა და ო. გ-ოვას შორის 1999წ. 16 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, როგორც ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტის თანმდევი შედეგი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ ო. გ-ოვას მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის თანახმადაც «მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა». საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო სარდაფი შენობის განუყოფელი ნაწილია და არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ერთ-ერთი მობინადრის ო. გ-ოვას ინდივიდუალურ საკუთრებად.
სააპელაციო სასამართლომ, ასევე, სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლი, რადგან სადავო სარდაფი მთლიანი შენობის არსებითი შემადგენელი ნაწილია და მოცემულ შემთხვევაში იგი არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი. იგი თანაბარწილად ეკუთვნის სამივე მობინადრეს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავრობისა და ო. გ-ოვას საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მთავრობისა და ო. გ-ოვას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2001 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.
3. ქ. თბილისის მთავრობას და ო. გ-ოვას გადახდეთ სახელმწიფო ბაჟი 40-40 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.