გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹3გ/ად-82-კ 27 ივლისი 2000 წელი, ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე ი. ტაბუცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე,
ბ. მეტრეველი
განიხილა ახმეტის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 14.04.2000 წ. განჩინებაზე.
სასამართლომ გამოარკვია:
ქ. ახმეტის გამგეობის 1996 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. ყ-ეს გამოეყო სარეფორმო მიწის ნაკვეთი, თუმცა ფაქტიურად იგი არ მიუღია. მოგვიანებით, შ. ყ-ისათვის ცნობილი გახდა, რომ ქ. ახმეტის გამგეობის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმებულ იქნა ახმეტის რაიონის გამგეობის 20.10.98 წ. ¹82 დადგენილებით. შ. ყ-ემ 02.06.99 წ. სარჩელით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახმეტის რაიონის გამგეობის მიმართ და ითხოვა ახმეტის რაიონის გამგეობის 20.10.98 წ. ¹82 დადგენილების კანონიერების შემოწმება.
ახმეტის რაიონულ სასამართლოს 29.08.99 წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა ახმეტის რაიონის გამგეობის 20.10.98 წ. ¹82 დადგენილება და მასზე თანდართული სიიდან ამოირიცხა პუნქტი, რომელშიც მითითებული იყო მოსარჩელის გვარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით ახმეტის რაიონის გამგეობას დაეკისრა ერთი თვის ვადაში შ. ყ-ისათვის სარეფორმო მიწის ნაკვეთის ზღვრული ოდენობის გამოყოფის და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა.
ახმეტის რაიონის გამგეობამ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 01.03.2000 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა აპელანტის, ახმეტის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი და გააუქმა ახმეტის რაიონული სასამართლოს 29.08.99 წ. გადაწყვეტილება, შ. ყ-ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შ. ყ-ის საჩივრის საფუძველზე საოლქო სასამართლომ 14.04.2000 წ. გააუქმა საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განაახლა საქმის წარმოება, საოლქო სასამართლოს 14.04.2000 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. ახმეტის გამგეობის 31.12.96 წ. გადაწყვეტილებით შ. ყ-ისათვის სარეფორმო მიწის ნაკვეთის გაცემა მოხდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.02.93 წ. ¹148 დადგენილების მე-13 პუნქტის მოთხოვნის დარღვევით, ვინაიდან შ. ყ-ე იმჟამად გამოყოფილი არ იყო ცალკე ოჯახად და ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ შ. ყ-ე 1997 წლის 6 აგვისტოდან თავის დასთან, ირინე ყ-ესთან ირიცხება ცალკე ოჯა-ხად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 1997 წ. 6 აგვისტოდან 1999 წ. 1 იანვრამდე პერიოდში შ. ყ-ე აკმაყოფილებდა ზემოთაღშნული ნორმატიული აქტის მოთხოვნებს, რის გამო, ახმეტის რაიონის გამგეობის 20.10.98 წ. ¹82 დადგენილებით, მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი მიწის ნაკვეთის გამოყოფაზე. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე“ 15.05.97 წ. კანონის მე-2 მუხლით და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის 23.04.98 წ. ¹2/33 ბრძანებით განსაზღვრული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის ვადის გასვლის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შ. ყ-ეს უნდა გამოეყოს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 14.04.2000 წ. განჩინებაზე ახმეტის რაიონის გამგეობის მიერ შეტანილ იქნა საკასაციო საჩივარი. კასატორი უთითებს, რომ შ. ყ-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის გაუქმება მოხდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შემოწმების საფუძველზე, რომლითაც დადგინდა, რომ 154 მოქალაქეს, მათ შორის შ. ყ-ეს, მიწის ფართი მიეკუთვნა მინისტრთა კაბინეტის 24.02.93 წ. ¹148 დადგენილების მე-13 პუნქტის დარღვევით. 22.03.98 წ. დასრულდა მიწის ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა. მიწის მართვის სახელმწიფო დე-პარტამენტის 23.04.98 წ. ¹2-30 ბრძანების საფუძველზე 1999 წლის 1 თებერვლამდე გაგრძელდა იმ მოქალაქეებისათვის მიწის საკუთრებაში გადაცემის დოკუმენტების დადგენილი წესით გაფორმება, რომელთაც 1992-97 წლებში მიწის რეფორმის შესახებ მიღებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა. სასამართლო პროცესზე ახმეტის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა დააზუსტეს საკასაციო მოთხოვნა და მოითხოვეს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 14.04.2000 წ. განჩინების გაუქმება საქმის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განხილვისათვის დაბრუნება. საქმის ზეპირი განხილვის პროცესში კასატორის წარმომადგენლებმა მოითხოვეს აგრეთვე საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ განსჯადობის წესების დაცვის შემოწმება.
საკასაციო პალატა, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის შემდეგს:
საქმის განხილვისას სასამართლომ არ იქონია მსჯელობა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების გაუქმების კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვაზე, ამ მიმართებით ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ახმეტის რაიონის გამგეობის კომპეტენციაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადაო აქტის, ახმეტის რაიონის გამგეობის 20.10.98 წ. ¹82 დადგენილების მიღების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა (კერძოდ, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95 წ. ¹362 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის მმართველობის ადგილობრივი ორგანოს შესახებ“ დებულების მე-5, მე-19, 22-ე მუხლები), ამჟამად მოქმედისაგან განსხვავებით („ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის 42-ე მუხლი), ითვალისწინებდა რაიონის გამგეობის უფლებამოსილებას გაეუქმებია სახელმწიფო მმართველობის პირველი დონის ორგანოების, რომლებსაც განეკუთვნებოდა რაიონული დაქვემდებარების ქალაქი, აქტები. ამასთანავე, საქმის მასალებში არ მოიპოვება ახმეტის რაიონის გამგეობის აქტით გაუქმებული ქ. ახმეტის გამგეობის 31.12.96 წ. გადაწყვეტილება, რომლითაც შ. ყ-ეს გამოეყო სარეფორმო მიწის ნაკვეთი. საქმეში დაცული ქ. ახმეტის გამგეობის ცნობა ქ. ახმეტის გამგეობის 31.12.96 წ. ¹71 გადაწყვეტილებით შ. ყ-ისათვის სარეფორმო მიწის შევსების ზღვრული ნორმის მიკუთვნების შესახებ არ იძლევა სადავო აქტის _ ახმეტის რაიონის გამგეობის 20.10.98 წ. ¹82 დადგენილების, შ. ყ-ისათვის ნაკვეთის გამოყოფაზე უარის თქმის მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი საქმე ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა რიგს განეკუთვნება, შესაბამისად, სასამართლოს საქმე ადმინისტრაციული პროცედურის ნორმების დაცვით უნდა განეხილა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა საქმის განხილვისას მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით ხელმძღვანელობდა, რასაც ნათლად ადასტურებს საქმეზე 01.03.2000 წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლი შეიცავს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პირდაპირ აკრძალვას. სააპელაციო პალატას არ დაუცვია აგრეთვე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლომ თავისი ინიციატივით იკვლევს საქმის გარემოებებს, რის შედეგადაც არ იქნა გარკვეული შ. ყ-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისას საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 24.02.93 წ. ¹148 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ” დებულების 1-9 პუნქტებით დადგენილი დებულებების დაცულობა, რაც მიწის ნაკვეთის გამოყოფის მართლზომიერების დადგენისათვის იურიდიულად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდა.
საკასაციო პალატას დასაშვებად მიაჩნია საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განსჯადობის შემოწმების მოთხოვნა და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-3 ნაწილი ასეთი მოთხოვნის შემოწმების პირობად სააპელაციო სასამართლოში განსჯადობის საკითხის წამოყენებას ითვალისწინებს პირველი ინსტანციის სასამართლოს და არა სააპელაციო სასამართლოს პალატის განსჯადობის შემოწმებასთან დაკავშირებით. ვინაიდან დავის საგანს ადმინისტრაციული აქტის კანონიერება წარმოადგენს, სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების (08.12.99 წ.) დროისათვის მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე თავი აღნიშნულ დავას ადმინისტრაციულ კატეგორიათა რიცხვს მიაკუთვნებდა.
ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან შეადგენს ადმინისტრაციული დავის საგანს, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მიხედვითაც. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულია საოლქო სასამართლოს კოლეგიები და პალატები, მათი შემადგენლობის ფორმირების წესი, მოსამართლის სხვა კოლეგიის ან პალატის საქმის განხილვაში მონაწილეობა. აღნიშნული წესის დარღვევით სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის მოთხოვნათა დაუცველად, არაგანსჯადი საქმის განხილვა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, იწვევს საქმის განმხილველი სასამართლოს არაკანონიერ შემადგენლობას, წარმოადგენს საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს.
საკასაციო პალატა შეუძლებლად თვლის საკასაციო ინსტანციაში მე-3 პირად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართვას და კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ განსახილველი საქმის დავის საგანს წარმოადგენს არა 18.07.98 წ. საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საბჭოსა და ახმეტის რაიონის გამგეობის ერთობლივი დადგენილება, არამედ ახმეტის რაიონის გამგეობის 20.10.98 წ. ¹82 დადგენილება. ამასთანავე, ვინაიდან ახმეტის რაიონის სადაო აქტის მიღებას საფუძვლად დაედო 18.07.98 წ. მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის საბჭოსა და ახმეტის რაიონის გამგეობის ერთობლივი დადგენილება „ახმეტის რაიონში მიწის რეფორმის სამუშაოების მიმ-დინარეობის შემოწმების შედეგების შესახებ“, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად თვლის საქმეში მესამე პირად მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართვას. საქმის არსებითად განხილვისას საჭირო იყო აგრეთვე მესამე პირის სახით ქ. ახმეტის გამგეობის მონაწილეობა, რადგანაც იგი ჩართული იყო პროცესში მესამე პირად პირველი ინსტანციის სასამართოს მიერ, ახმეტის რაიონის სადავო აქტი უშუალოდ ეხება ქ. ახმეტის გამგეობის გადაწყვეტილებას შ. ყ-ისათვის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან დაკავშირებით, ხოლო მესამე პირი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სარგებლობს მხარის ყველა უფლებით. მიუხედავად ამისა, საოლქო სასამართლომ საქმე განიხილა ქ. ახმეტის გამგეობის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია კანონით დადგენილი წესით შეტყობინება პროცესის ჩატარების შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, მე-4, 261 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 394-ე მუხლის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, 404-ე,412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს 14.04.2000 წ. განჩინება. საქმე განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.