¹ 3გ/ად-82-კ-01 13 ნოემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 2 აპრილის ¹ 1-3/161 ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
კასატორმა ს.ს. “ს.-მ” 2000 წლის 19 სექტემბერს მოპასუხის საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმართ აღძრა სარჩელი, სამინისტროს 1999 წლის 2 აპრილის ¹ 1-3/161 ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე. კასატორი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 24 ოქტომბრის ¹1-3/648 ბრძანებით დაფუძნებულია სააქციო საზოგადოებად, 1997 წლის 31 ოქტომბერს 10 882 539 ლარი საწესდებო კაპიტალით რეგისტრირებულია თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში, საწესდებო კაპიტალის 100% მფლობელია სახელმწიფო. მესამე პირი სს «კ.-ა” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის ¹206 ბრძანებულებისა და საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 20 ივნისის ¹1-3/290 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელის ბალანსიდან გამოყოფილი ძირითადი ფონდების ბაზაზე დაფუძნებული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც 18 997 880 ლარის საწესდებო კაპიტალით 1997 წლის 26 ივნისიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში და საწესდებო კაპიტალის 100%, ასევე ეკუთვნის სახელმწიფოს.
სს «კ.-ის” შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის ¹206 ბრძანებულების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტით ტრანსპორტირებისათვის ახლადშექმნილ კორპორაციას ფლობის, სარგებლობის, მართვის, ექსპლუატაციის, რეკონსტრუქციისა და სხვა საჭირო უფლებით საწესდებო კაპიტალში უნდა გადასცემოდა შემდეგი სახელმწიფო ქონება: არსებული მაგისტრალური გაზსადენი (1200მმ. 700მმ. 500მმ. 300მმ. დიამეტრით) ვლადიკავკაზი – საგურამო – წითელი ხიდის განშტოებებით, საერთო სიგრძით 1939.24 კ.მ.; ყველა არსებული საკომპრესორო და გამანაწილებელი სადგური, გამწმენდი მოწყობილობა, კონდენსატის შემკვრელები, სხვა დანადგარი და მოწყობილობა, ასევე მიწა, რომლის გამოყენებაც საჭიროა მაგისტრალური გაზსადენების ფუნქციონირებისათვის.
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 2 აპრილის ¹1-3/161 ბრძანების სადავო მე-2, მე-3 პუნქტით, 4016339 ლარის ქონება (თანდართული ნუსხის მიხედვით), რომლის ღირებულებაც 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 18649715,65 ლარს შეადგენდა, ამოღებულ იქნა მოსარჩელეს საწესდებო კაპიტალიდან და მესამე პირს გადაეცა ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით მესამე პირის საწესდებო კაპიტალი განისაზღვრა 64278291.2 ლარით. აღნიშნული ბრძანება ფაქტობრივად აღსრულდა მხარეთა მიერ, თანდართული ნუსხით გათვალისწინებული ქონება გადაეცა მესამე პირს და საწესდებო კაპიტალის 3235725 ლარამდე შესაბამისი შემცირება მოსარჩელემ 1999 წლის 30 ივლისს დაარეგისტრირა სამეწარმეო რეესტრში.
2000 წლის 19 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ¹1-3/161 ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 პუნქტის ბათილად ცნობა იმ მოტივით, რომ სადავო პუნქტები ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 20 აპრილის ¹206 ბრძანებულებას, ვინაიდან მისი საწესდებო კაპიტალიდან დამატებით ამოღებული შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების კორპორაციისათვის გადაცემას ¹206 ბრძანებულება არ ითვალისწინებდა. მოპასუხემ და მესამე პირმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით სარჩელის აღძვრის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის აღდგენაზე და სარჩელი არ დაკმაყოფილდა საქართველოს სამოქალაქო და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ვადების (2000 წლის 1 იანვრამდე ერთთვიანი, ამჟამად კი ექვსთვიანი) დარღვევის გამო. ამასთან, კოლეგიამ მიუთითა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი არის აღმჭურველი აქტი, რომელიც არ იწვევს დანაშაულს, მის საფუძველზე განხორციელებულია იურიდიული მნიშვნელობის ქმედება, ამიტომ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისი გაუქმება დაუშვებელია. Aმასთან, სარჩელის შეტანისას მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით და სასამართლომ მოსარჩელეს დამატებით დააკისრა 4 970 ლარის ბაჟის გადახდა.
საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მისი გაუქმება მოითხოვა საპროცესო ნორმების უხეში დარღვევებით საქმის განხილვის გამო, რამაც გამოიწვია საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სახელდობრ:
1. კასატორი მიუთითებს საქმის განხილვის დროს სასამართლოს მიერ «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-4, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 225-226-ე მუხლების დარღვევაზე, რომ სასამართლომ ძალდატანებით 4 საათი ამუშავა მხარეები სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ, სასამართლომ ფაქტობრივად თავი აარიდა მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. ამასთან, მას არ მისცა მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების საშუალება;
2. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლოა, ვინაიდან იგი სისტემატურად მიმართავდა სამინისტროს მესამე პირისათვის ქონების გადაცემისას დაშვებული უზუსტობების გადამოწმებისა და მიღება-ჩაბარების აქტების კორექტირების მოთხოვნით, რასაც სიტყვიერი დაპირებების გარდა შედეგი არ მოჰყოლია. ბოლოს, 2000 წლის 4 აგვისტოს კვლავ მიმართეს სამინისტროს იგივე მოთხოვნით და იმავე წლის 19 სექტემბერს აღძრეს სარჩელი, ამიტომ ხანდაზმულობაზე მითითება უმართებულოა;
3. უსწოროა სახელმწიფო ბაჟის სახით 4 970 ლარის დაკისრებაც, ვინაიდან დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივია, ეხება ადმინისტრაციული აქტის ბათილობას და თავისი ბუნებით არ წარმოადგენს ქონებრივ დავას.
მოწინააღმდეგე მხარემ და მესამე პირმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს, ითხოვენ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმასა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედაგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის ვადის დარღვევაზე მითითება უმართებულოა, ვინაიდან კასატორმა წარმოადგინა 2000 წლის 4 აგვისტოს წერილი ¹01-01/607, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს თხოვდა მესამე პირისათვის ქონების გადაცემისას დაშვებული უზუსტობის გადამოწმებასა და მიღება-ჩაბარების აქტების კორექტირებას. საქმეშია კასატორისა და მესამე პირის ერთობლივი, 1999 წლის 30 აგვისტოს წერილი ¹01-01/702 აქტების კორექტირების მოთხოვნაზე და წარმოდგენილია სასამართლო დავის პერიოდის მიმართვებიც, რაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმაც დაადასტურა, მაგრამ აღნიშნულ მიმართვებს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, რის გამოც კასატორმა იმავე, 2000 წლის 19 სექტემბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში სადავო ბრძანების ბათილობაზე;
2. საკასაციო პალატის აზრით, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სადავო ¹1-3/161 ბრძანების ადმინისტრაციულ აქტად მიჩნევა, ვინაიდან სადავო ბრძანებით სამინისტრომ, როგორც დამფუძნებელმა-პარტნიორმა და აქციონერმა 100% წილით, მის მიერ დაფუძნებული საზოგადოების სს «ს.-ის” საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, «მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3. პუნქტის შესაბამისად, მოახდინა თავისი შენატანის ნაწილის, 4 016 339 ლარი ქონების საწესდებო კაპიტალიდან ამოღება (გატანა) და მის მიერვე დაფუძნებულ საზოგადოებაში – ს.ს. «კ.-ში” შეტანა. Aამიტომ სადავო ბრძანება სამართლებრივად განხილულ უნდა იქნეს როგორც აქციონერთა კრების გადაწყვეტილება და არა ადმინისტრაციული აქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია სადავო ბრძანების განხილვისას ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრებისათვის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გამოყენება და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლზე მითითება;
3. კასატორის განმარტებითა და სხდომის ოქმის მიხედვით, კასატორს სხდომაზე გადაეცა მოწინააღმდეგეთა მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებანი, რომელთა გასაცნობად მან ვადა მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა, მტკიცებულებათა გამოკვლევა შეჩერდა და სხდომა გადაიდო სხვა დროისათვის. სხდომის გაგრძელების შემდგომ, მტკიცებულებათა შესაფასებლად კასატორს საშუალება აღარ მიეცა იმის გამო, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევა დასრულებულად გამოაცხადა, რაც, პალატის აზრით, შეჯიბრებითობისა და სასამართლოს წინაშე მხარეთა თანასწორობის პრინციპის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-5 მუხლების დარღვევასთან ერთად წარმოადგენს “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას, ვინაიდან სასამართლო პროცესზე მხარეები უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებები და მტკიცებულებანი.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ვინაიდან გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით, სასამართლომ გამოიყენა კანონი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილი), რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, რაც საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველია, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე” პუნქტისა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 393-ე, 399-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთათვის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.