¹ 3გ/ად-83-კ-01 26 სექტემბერი, 2001 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),
ბ. კობერიძე,
ნ. კლარჯეიშვილი
სარჩელის საგანი: ავტოსადგომის აღება, ზიანის ანაზღაურება, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 6 თებერვლის ¹5 გადაწყვეტილების გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «დ.-ის» დირექტორმა ლ. ა-შვილმა სარჩელი აღძრა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ვ. გ-შვილის მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ ლ. ა-შვილი 1995 წლიდან იყო ქ. თბილისში, ... მდებარე შპს «დ.-ის» დამფუძნებელი და დირექტორი. იმავე მისამართზე მცხოვრებმა ვ. გ-შვილმა ააშენა ავტოსადგომი, რომელიც ხელს უშლიდა შპს «დ.-ის» მაღაზიის ნორმალურ ფუნქციონერებას, ვინაიდან ავტოსადგომი განთავსებული იყო შპს «დ.-ის» მაღაზიის ტერიტორიაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის უსახსრობით, მაღაზიის რემონტის გაჭიანურებით და ისეთ ადგილზე ააშენა აღნიშნული ავტოსადგომი, რომ მაღაზია დარჩა საწყობში მისასვლელი გზის, კიბისა და ვენტილაციის გარეშე. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოპასუხის ავტოსადგომი აშენებულია არსებული პროექტისა და ქალაქის მთავარი არქიტექტორის ბრძანების უხეში დარღვევით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა, მოპასუხეს დავალებოდა უკანონოდ აშენებული ავტოსადგომის აღება და ზიანის ანაზღაურება.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით შპს «დ.-ის» დირექტორ ლ. ა-შვილის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «დ.-ის» დირექტორმა ლ. ა-შვილმა, რომელმაც სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვის მოსამზადებელ სხდომაზე გაადიდა დავის საგანი და ითხოვა ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის 1998 წლის 6 თებერვლის ¹5 გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით შპს «დ.-ის» დირექტორ ლ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს «დ.-ის» დირექტორ ლ. ა-შვილის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.
შპს «დ.-ის» დირექტორმა ლ. ა-შვილმა საკასაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა.
კასატორმა ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების გამოტანით სარჩელის დაკმაყოფილება.
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა განმარტებებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კანონიერ ძალაშია ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვ. გ-შვილს გააჩნდა ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია სადავო ადგილზე ავტოსადგომის მშენებლობის წარმოებისათვის. მან ავტოსადგომის მშენებლობა დაიწყო ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის მიერ დამტკიცებული პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულ ადგილას და იგი არ გამოიწვევდა შპს «დ.-ის» მაღაზიის ნორმალური ფუნქციონერების შეწყვეტას.
აღნიშნული გადაწყვეტილებით ვ. გ-შვილს ნება დაერთო სადავო ადგილზე ავტოსადგომის აშენებაზე. საქმის მასალებიდან, აგრეთვე, ირკვევა, რომ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1999 წლის 6 ოქტომბრის ¹579 ბრძანებით მშენებლობის დროს ქუჩის სავალ ნაწილზე გადმოსვლის და შეთანხმებული პროექტის დარღვევის, ნორმატიული გაბარიტების ავტოსადგომის მისაღებ ადგილზე განთავსების მოთხოვნის გამო, ძალადაკარგულად ჩაითვალა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 1998 წლის 13 აპრილის ¹146 ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისში, ... მცხოვრებ ვ. გ-შვილისათვის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოწყობის პროექტი. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და მისი გაუქმება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, არავის მოუთხოვია.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა შპს «დ.-ის» დირექტორ ლ. ა-შვილის განმარტება, რომ ვ. გ-შვილმა ავტოსადგომი ააშენა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთზე ისე, რომ მესაკუთრის ნებართვა არ ჰქონია. ლ. ა-შვილს სასამართლოსათვის არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო მიწის ნაკვეთის მოსარჩელისადმი საკუთრებას. რაც შეეხება საკუთრების დამადასტურებელ ¹23\47-პ მოწმობას, აღნიშნული დოკუმენტიდან დგინდება, რომ შპს «დ.-ი» წარმოადგენს მხოლოდ ქ. თბილისში, ... მდებარე ყოფილი სურსათის მაღაზიის და არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის განმარტებას, რომ ვ. გ-შვილმა ავტოსადგომი ააშენა უკანონოდ, სათანადო პროექტისა და ნებართვის გარეშე, არასათანადო ადგილზე, რადგანაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 1999 წლის 6 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ... მდებარე ავტოსადგომი ვ. გ-შვილმა ააშენა მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებულ პროექტში მითითებულ ადგილზე. ამავე დროს ავტოსადგომის სიგრძე გაიზარდა 60 სმ-ით, ხოლო სიგანე შემცირდა 15 სმ-ით. აგრეთვე, პროექტის შესაბამისად, ავტოსადგომის მიმდებარედ აშენდა ღობეში დატოვებული ღიობი.
ამდენად, თუ ავტოსადგომის ზომების დარღვევის გამო, ვ. გ-შვილმა შელახა მოსარჩელის უფლება, შპს «დ.-ის» დირექტორ ლ. ა-შვილს უფლება ჰქონდა, სარჩელში მოეთხოვა ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის ბრძანებაში მითითებული ავტოსადგომის ზომებთან შესაბამისობაში მოყვანა და არა მისი მთლიანად აღება იმ ადგილიდან, სადაც აშენდა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მიერ არ არის დასაბუთებული და დამტკიცებული, თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა შპს «დ.-ს» ვ. გ-შვილის მიერ ავტოსადგომის აშენებით. ამდენად, სადავო ავტოსადგომის აღებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს «დ.-ის» დირექტორ ლ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.